„ბიზნესმენები ბიძინა ივანიშვილის ნავში არ უნდა ჩაჯდნენ“

„ბიზნესმენები ბიძინა ივანიშვილის ნავში არ უნდა ჩაჯდნენ“

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს შეხვდა და მათ საყურადღებოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან ბიზნესმენებს სთხოვა, რომ ვისაც აქვს კავშირი ფასებთან და მონოპოლიებთან და ვინც მონაწილეობს კარტელურ შეთანხმებებში, ამაზე უარი თქვან. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ განცხადებაში ისაუბრა.

„ეს უნდა იყოს საფუძველი, რომ საქართველოში ბიზნესი რეალურად განვითარდეს, ასევე, ეკონომიკის აღორძინებისთვის და იმ პრობლემის წინააღმდეგ, რომელსაც უმუშევრობა ჰქვია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, მისი მთავრობა დააფუძნებს ანტიმონიპოლიურ კომიტეტს და არ დაუშვებს დღევანდელ მდგომარეობას, „როდესაც ეკონომიკა მონოპოლიებით და კარტერული შეთანხმებებით იმართება“.

ივანიშვილი ბიზნესმენებს დაპირდა, რომ ჩინოვნიკები ვეღარ ჩაერევიან ბიზნესში, ხოლო პროკურატურა და პოლიცია ხალხისა და ბიზნესის სამსახურში იქნება. ასევე სასამართლო იქნება სამართლიანი. ივანიშვილის თქმით, ახალი ხელისუფლება აღადგენს საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ გააუქმა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში 100-ზე მეტი ბიზნესმენი მონაწილეობდა, მათ შორის - „ავერსის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკის“, „რიკო კრედიტის“, „ბანკი რესპუბლიკის“, „ვისოლის“, „ბორჯომის“, „იუჯისის“, „ჯიემსი ჯგუფის“, კომპანია „ბაგრატიონი 1882“-ის, „ჯეოსელის“, „ლილო მოლის“, „გალფის“ ხელმძღვანელი პირები და სხვები. ასევე, „ქორთიარდ მარიოტში“ იმყოფებოდნენ უცხოელი ბიზნესმენებიც, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ. რამდენიმე მათგანმა, შეხვედრაზე მისულ პირთა სიმრავლის გამო, შეხვედრის ოთახში შესვლაც ვერ მოახერხა.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ მიუღებელი ურთიერთობა დაამყარა ბიზნესთან. მისი თქმით, ხელისუფლება ბიზნესთან კი არ უნდა მეგობრობდეს, არამედ უნდა უსმენდეს მას.

„რაც უფრო შორს იქნება ხელისუფლება ბიზნესისგან, მით უფრო უკეთესი იქნება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

როგორ განვითარდება მოვლენები ქართულ ბიზნესში, რას გააკეთებენ სააკაშვილის კარის ბიზნესმენები და რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ბიზნეს-სექტორის განსავითარებლად და გასათავისუფლებლად, ამასთან დაკავშირებით for.ge-ს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია ესაუბრება.

დავით ნარმანია: „პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ რა მესიჯებიც ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გაჟღერდა, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ პროგრამაშიც წერია. აქ საუბარია იმაზე, რომ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის მკაფიო ზღვარი გაივლება. ბიზნესი სახელმწიფოსთან ასოცირებული არ უნდა იყოს და სახელმწიფო ბიზნესს არ უნდა მართავდეს, ბიზნესი თავად უნდა მართავდეს საკუთარ თავს და კანონით დაწესებულ გადასახადებს იხდიდეს. კანონი კი იმდენად მკაფიოდ გაწერილი უნდა იყოს, რომ ბიზნესს მის ლაბირინთებში გარკვევა არ უჭირდეს, გადაიხადოს კუთვნილი გადასახადი და შემდეგ არ მოხდეს ისე, რომ სახელმწიფომ ნებისმიერი გადაცდომისთვის აჯარიმოს. ამ ყველაფრისთვის არა მხოლოდ პოლიტიკური ნება, არამედ საკანონმდებლო ცვლილებები არის საჭირო.

კარგია, რომ პროგრამაში ეს ყველაფერი აისახა, კარგია ისიც, რომ ბიზნესმენებთან შეხვედრაზეც იგივეზე იყო საუბარი. ბიძინა ივანიშვილი ბიზნესიდან არის წამოსული და ბიზნესის საჭიროებები ძალიან კარგად ესმის. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილი და ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები ერთ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები არიან. შესაბამისად, მათ ერთმანეთთან ურთიერთობა არ გაუჭირდებათ იმისთვის, რათა ბიზნესის ფუნქციონირებაში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები მოგვარდეს. ამასთანავე, პოლიტიკურ ნებასა და ინტერესების თანხვედრასთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებებიც არის საჭირო. ეს უნდა შეეხოს საკუთრების უფლების დაცვის საკითხს, რათა საკუთრების ხელყოფა ვერავინ გაბედოს, რაც დღეს ბიზნესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და 144 ქვეყნიდან ჩვენ საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით 131-ე ადგილზე ვართ. ასევე საჭიროა სასამართლო კანონმდებლობაში და წესებში ცვლილება იმისათვის, რომ თუ ვინმე ბიზნესის უფლებებს დაარღვევს, ბიზნესმენმა საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვა სასამართლოში შეძლოს. გარდა ამისა, ცვლილებები უნდა შევიდეს საგადასახადო კანონმდებლობაში, რომელიც ძალიან მკაფიოდ და გასაგებად დაწერილი უნდა იყოს, რათა შემდეგ ვინმეს მხრიდან მოდავების საფუძველი არ გახდეს. ცვლილებები უნდა შევიდეს გაკოტრების და ბიზნესის დახურვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო შეუსაბამობებში. ამასთანავე, ცვლილებები უნდა შეეხოს ცალკეულ პროცედურულ დებულებებს და კონკურენციის შესახებ კანონმდებლობას. მონოპოლიების და ოლიგოპოლიების კანონმდებლობით შეზღუდვა უმნიშვნელოვანესი საკითხია იმისთვის, რომ ბიზნესმა თავისუფლად იგრძნოს თავი და საქმე აკეთოს.

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მთავრობა დააფუძნებს ანტიმონოპოლიურ კომიტეტს, რომელიც არ დაუშვებს დღევანდელ მდგომაორებას, როდესაც ეკონომიკა მონოპოლიებით და კარტელური შეთანხმებებით იმართება. ასევე მან ბიზნესმენებს სთხოვა, ვისაც კავშირი აქვს ფასებთან და მონოპოლიებთან და ვინც კარტელურ შეთანხმებებში მონაწილეობთ, ამაზე უარი თქვითო. როგორ შეიძლება, რომ ბიზნესმენებმა ივანიშვილის ეს თხოვნა შეასრულონ?

- ახლო მომავალში ბევრი რაღაცეები ავტომატურად გაკეთდება. ავტომატურად გაკეთდება ნიშნავს იმას, რომ იშლება ის ჩინოვნიკური კლანი, რომელიც ბიზნესმენებს აიძულებდა ერთმანეთთან და სახელმწიფოსთან ამგვარ გარიგებებში ყოფილიყვნენ. მაგრამ ასევე საჭიროა, რომ ეს პროცედურები კანონმდებლობით დარეგულირდეს, თორემ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ვიღაცას, ანუ მომავალ საჯარო მოხელეს გაუჩნდეს იმის განცდა, რომ რომელიმე კომპანიებს გაურიგდეს და ამით რაღაც სარგებელი ნახოს. ამიტომ, ეს ყველაფერი კანონმდებლობის დონეზე უნდა დარეგულირდეს. ამასთანავე, საჯარო სამსახურებში სუფთა კადრები უნდა იყვნენ იმისათვის, რომ ისინი ბიზნესგარიგებებში არ შევიდნენ და საზოგადოების ჯიბის ხარჯზე თავად არ აკეთონ ფული.

ბატონო დავით, ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ თუ ნახავს ბიზნესი პერსპექტიულია, მის მფლობელს საკუთარის სახსრებითაც დაეხმარება. როგორ ფიქრობთ, მიზანშეწონილია, რომ ადამიანი, რომელიც ცოტა ხანში სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრი გახდება, კერძო სექტორს საკუთარი სახსრებით დაეხმაროს?

- მე არ ვიცი რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი, როდესაც განაცხადა, რომ ბიზნესის განვითარებაში თავადაც შეიტანს წვლილს, თუმცა მისი ყველაზე დიდი წვლილი არის ის, რაც მან გააკეთა და ჩემის აზრით, ამის არდანახვა შეუძლებელია. მეორე მისი დიდი წვლილი იქნება ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდეს. მე მაინცდამაინც იმის მომხრე არ ვარ, რომ მან თავისი პირადი ფული რაღაცაში ჩადოს და ბიზნესს რაღაც დამატებითი წყარო გაუჩინოს, იაფი სესხების, ან სხვა რაიმე მსგავსი გზით. ამის მომხრე არ ვარ, რადგან მან ფული საკუთარი ბიზნესით იშოვა და სხვა ბიზნესმაც თავად, თავისი სამეწარმეო უნარით უნდა იშოვოს ფული და იხადოს გადასახადები. ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის კრედიტების ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც სერიოზული პრობლემაა და თუ ამას ეკონომიკაში რისკების შემცირების გზით მოევლება, ასეთ შემთხვევაში თვითონ საბანკო სექტორიც იძულებული იქნება კრედიტები გააიაფოს. ასე ბიზნესს უფრო იაფი წყარო გაუჩნდება და ფინანსების მოზიდვის თვალსაზრისით აღარ იქნება ისეთ რთულ მდგომარეობაში, როგორც დღეს არის.

საქართველოში ყველა მსხვილი ბიზნესი მონოპოლიზებულია და ყველა მათგანი ხელისუფლებასთან რაიმე სახით იყო დაკავშირებული. ბიზნესების ნაწილი ხელისუფლების წარმომადგენლების, ან მათთან დაახლოებული ბიზნესმენების ხელშია მოქცეული. ახლა ეს ბიზნესმენები ერთი ნავიდან მეორეში უნდა გადახტნენ, თუ როგორ იქნება მათი საქმე?

- მე არ ვფიქრობ, რომ ისინი ერთი ნავიდან მეორეში უნდა გადახტნენ. ბიზნესმენები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ნავში ისხდნენ, უბრალოდ იმ ნავიდან უნდა გადმოვიდნენ და არაფრით არ უნდა ჩაჯდნენ ბიძინა ივანიშვილის ნავში. მათ ეს არ სჭირდებათ, და არ მგონია, რომ თავად ივანიშვილსაც სჭირდებოდეს ამგვარი რამ. ბიზნესმენების ბიძინა ივანიშვილის ნავში ჯდომა იქნება ის, რომ მათ კანონით გათვალისწინებული გადასახადები იხადონ და თავისი საქმე აკეთონ. მხოლოდ ამით მიიღწევა, რომ სახელმწიფო და ბიზნესი დისტანცირებულები იყვნენ და მათ შორის მკვეთრი ზღვარი გაივლოს.

ზოგიერთი ბიზნესი იძულებული იყო ხელისუფლებასთან ეთანამშრომლა. ამას მოწმობს ის, რომ მიმდინარე წლის ივლისში და აგვისტოს დასაწყისში ბიზნესმენებმა, როგორც ფიზიკურმა პირებმა 50-60 ათასი ლარები „ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირეს. არ მგონია, რომ ყველას ერთდროულად გასჩენოდა ასეთი შეწირულობის გაკეთების სურვილი. უბრალოდ ისინი ვიღაცამ დაავალდებულა. ამიტომ ამგვარი რამ გამორიცხული უნდა იყოს.

ყველა ბიზნესი ხელისუფლებასთან ასოცირებული ვერ იქნება, ეს სააკაშვილის დროსაც არ იყო ასე. მცირე და საშუალო ბიზნესს მართალია, ძალიან უჭირდა, მაგრამ ისინი ხელისუფლებასთან ასოცირებულები არ იყვნენ. ძირითადად ეს იყო მსხვილი ბიზნესი, რამდენიმე მსხვილი ტელევიზია, მსხვილი ნავთობკომპანიები, მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები და ა.შ. ამდენად, ძირითადად უფრო მსხვილი და უცხოური ინვესტიციების მონაწილეობით შექმნილი კომპანიები იყვნენ ხელისუფლებასთან ალიანსში. ხელისუფლებამ შექმნა ისეთი გარემო, რომ ბიზნესი დაქვემდებარებაში ამყოფა, რის გამოც ბიზნესს გარკვეული ხარკის გაღება უწევდა. ასეთი რამ არ უნდა დასჭირდეს ახალ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს ფინანსური გასაჭირი ნამდვილად არ აქვს და მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არსებობს საჭიროება, თითქოს მას შეიძლება საქართველოსთან მიმართებაში ფინანსური და ბიზნესინტერესები ჰქონდეს. ეს არა მხოლოდ მე, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს ამშვიდებს.

ბატონო დავით, იმისთვის, რომ ქვეყანაში ბიზნესი განვითარდეს, საკმარისია მისი ხელისუფლების მხრიდან წნეხისგან განთავისუფლება, თუ დამატებით კიდევ რამე მექანიზმების შემუშავება არის საჭირო?

- გავაკეთებ ძალიან მკაფიო ჩამონათვალს, რა გვჭირდება საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის. პირველი არის პოლიტიკური ნების არსებობა, რომ სახელმწიფო და ბიზნესი ერთმანეთისგან დისტანცირებული იქნება. მეორე, - გვჭირდება საკუთრების უფლების დაცვა, რომ სახელმწიფომ თვითონ არ ჩამოართვას ბიზნესს რაღაც ტიპის ქონება, რაშიც მას ინტერესი აქვს და პირიქით, სახელმწიფომ ბიზნესი ქონების ხელყოფისგან დაიცვას. მესამე - დავების და სასამართლოს სისტემა ისე მოაწესრიგოს, რომ ბიზნესმა საკუთარი კანონიერი ინტერესების დაცვა შეძლოს. მეოთხე - მოწესრიგდეს საგადასახადო კანონმდებლობა, რათა მასში გარკვეული ხვრელები და ორმაგი გაგების დებულებები არ იყოს. მეხუთე - პროცედურული დებულებების მოგვარება. მეექვსე - ხელისუფლებამ მონოპოლიების შეზღუდვის და კონკურენციის საკითხები მოაგვაროს. მეექვსე - უნდა მოგვარდეს კრედიტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ ამ საკითხებს აგვარებ, ჩათვალეთ, რომ ბიზნესი სამ წელიწადში ორჯერ უფრო მეტ მოგებას მიიღებს, ვიდრე 2011 წელს მიიღო და გაცილებით უფრო მეტი ინვესტიციებიც შემოვა, ვიდრე აქამდე.