უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის პირველი რეიტინგიც გამოჩნდა და პირველი ტურის დრო ყველა გამოკითხვის უდავო ფავორიტმა ზელენსკიმ პოპულურობის რეიტინგში ახლაც გადაასწრო პოროშენკოს, თანაც თითქმის 30%ით.
პირველი ტურის შემდეგ ახალი კვლევა ერთ-ერთმა სოციოლოგიურმა ცენტრმა, „რეიტინგმა" გამოაქვეყნა.
გამოკითხულთა დაახლოებით 51% აცხადებს, რომ ისინი მზად არიან მეორე ტურში ხმა ზელენსკის მისცენ. ის პოროშენკოს უსწრებს ყველა ასაკობრივ ჯგუფში და პოპულარობით ლიდერობს აღმოსავლეთით, სამხრეთით და ქვეყნის ცენტრშიც. პოროშენკოსთვის მხარდაჭერას აპირებს ამომრჩევლის 21%. არ გადაუწყვეტია 18%-ს, ხოლო 10% არ აპირებს არჩევნებზე წასვლას.
მათ შორის, ვინც უკვე გააკეთა არჩევანი, ზელენსკის მხარდამჭერი წილი კიდევ უფრო მაღალია - 71%, ხოლო პოროშენკოს 29% აქვს.
ამავდროულად, სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ გაიზარდა საპროტესტო ხმების წილი ორივე კანდიდატის ამომრჩევლებს შორის. ზელენსკის ამომრჩეველთა შორის 57% მზად არის მხარი დაუჭიროს მას, დარჩენილი 43% კი მის მხარდაჭერას პოროშენკოს წინააღმდეგ ხმის მიცემით ხსნის. საპროტესტო ხმის მაჩვენებელი 10%-ითაა გაზრდილი.
გამოკითხულთა მთლიანი რაოდენობის 66% გამოთქვამს აზრს, რომ ზელენსკის ამომრჩევლები თავისი არჩევანით უკმაყოფილებას გამოთქვამს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობის გამო და ეს არ არის პირადად ზელენსკის მხარდაჭერა.
პოროშენკოს ამომრჩეველს შორის 22% ხმა ზელენსკის წინააღმდეგ აძლევს. ამავე ცენტრის წინა გამოკითხვაში საპროტესტო ხმა 12% იყო. ამასთან, ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს მხარს დაახლოებით 40% უჭერდა და აცხადებდნენ, რომ ამით გამოხატავენ ნეგატიურობას რუსეთის ლიდერის ვლადიმირ პუტინის მიმართ.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. რბოლის ლიდერმა ზელენსკიმ ხმების 30%-ზე მეტი მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა პოროშენკომ - 16%. ვერც ერთმა მათგანმა გამარჯვებისთვის საჭირო 50% ვერ მოაგროვა. მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება. მანამდე, რამდენიმე დღეში ზელენსკისა და პოროშენკოს შორის პირველი დებატები შედგება კიევის სტადიონ „ოლიმპიკზე". ეს არის პირველი დებატები ამ კანდიდატებს შორს და უკრაინაში პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ დებატებში ვინ უკეთესად წარმოაჩენს თავს, ამას მეორე ტურში ხმის მიცემისას დიდი მნიშვნელობა ექნება.
ახლა უკრაინაში დებატების გამართვის თარიღზე მიდის კამათი და ეს საკითხი ისევ გაურკვეველია. თავიდან საუბარი იყო იმაზე, რომ დებატები საზოგადოებრივ მაუწყებელზე 19 აპრილს უნდა გამართულიყო. თუმცა 4 აპრილს ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მოქმედ პრეზიდენტს სადებატოდ სტადიონზე იწვევდა და პოროშენკოს მოსაფიქრებლად 24 საათი მისცა. პასუხად პოროშენკომ თქვა, რომ მზად არის კვირას, 14 აპრილს 19 საათზე სტადიონზე დაელოდოს ზელენსკის და გასაშუქებლად ყველა ტელეარხი მიიწვია. შემდეგ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ დებატები მასა და პოროშენკოს შორის სტადიონზე 19 აპრილს ჩატარდება. პოროშენკომ უასუხა, რომ ის 14 აპრილს კონკურენტს სტადიონზე დაელოდება, ხოლო 19 რიცხვში - ტელეეთერში.
პარალელურად ოლიმპიური სტადიონის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათთან სტადიონის დასაჯავშნად ორი მოთხოვნაა შესული, პოროშენკოს შტაბიდან 14 აპრილზე და ზელენსკის შტაბიდან - 19 აპრილზე და ამ ეტაპზე მენეჯმენტი ორივე მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ასევე უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა ზურაბ ალასანიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 19 აპრილს დებატებისათვის სტუდია ყველა შემთხვევაში მზად იქნება, როგორც ამას საარჩევნო კანონმდებლობა მოითხოვს.