ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთი თავის სავაჭრო პარტნიორებს ხელებს უგრეხს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლუკაშენკომ მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან თათბირზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის ნავთობსადენი უკვე ერთი წელია, რაც ავარიულ მდგომარეობაშია, მისი დროებითი დახურვა და რემონტი კი რუსული ნავთობის ექსპორტს შეაფერხებდა, რის გამოც თავის დროზე ოფიციალურმა მინსკმა ავარიულ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
„ბოლო დროს ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ბელარუსის წინააღმდეგ სულ უფრო და უფრო მეტ სანქციას აწესებს. თვითონვე სანქციების ქვეშ არიან და ამავე დროს მოკავშირეებს იგივე ხერხით ებრძვიან.
თუ ნავთობსადენების რემონტია საჭირო, შეაჩერეთ ნავთობის ტრანზიტი და დაიწყეთ რემონტი, რადგან სიკეთე, რომელსაც რუსეთისთვის ვაკეთებთ, ყოველთვის ბოროტებით გვიბრუნდება. ისინი უკვე ხელებს გვიგრეხენ. ჩვენ შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ - მარჯვენა ლოყაში გაგვაწნეს სილა, მარცხენაც მივუშვიროთ?!“ - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.