გამოკითხული უკრაინელების 51% საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვლადიმერ ზელენსკის, 21% კი მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მისცემს ხმას. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯგუფ „რეიტინგის“ მიერ 5-10 აპრილს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.
„კითხვაზე, რომელ კანდიდატს დაუჭერთ მხარს უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში?“ გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა: 51% ხმას ზელენსკის მისცემს, 21% - პოროშენკოს, 18%-ს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, 10% კი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
მათ შორის, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და გადაწყვეტილებაც უკვე მიღებული აქვს, ზელენსკის ხმას რესპონდენტთა 71%, პოროშენკო კი 29% მისცემს.
ამასთან, გამოკითხულთა 61%-ს სჯერა, რომ მეორე ტურში ვლადიმერ ზელენსკი გაიმარჯვებს. მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მეორე ვადით არჩევის რესპონდენტთა 17%-ს სჯერა, 22%-ს კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვლადიმერ ზელენსკიმ ხმათა 30,24%, პეტრო პოროშენკომ კი 15,95% მიიღო. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.