ბოლო რამდენიმე წელი საქართველოში ასე ხდებოდა - მავანი მსხვილფეხა მოხელე რაიმე ქონებას თვალს დაადგამდა და მის ხელში ჩასაგდებად არაფერს ერიდებოდა. ქონება (უძრავი თუ მოძრავი) ვისიც არ უნდა ყოფილიყო - კერძო თუ სახელმწიფო - ნებისმიერი უკანონო გზით მოსურნის მფლობელობაში გადადიოდა.
ასე იყო აქამდე, მაგრამ, წესით და რიგით, ახლა სხვაგვარად უნდა იყოს. თუმცა, როგორც ჩანს, არსებული მთავრობა ჯერ კიდევ “ძველ დროში ცხოვრობს”. მოხელეები მოსწრებაზე არიან და რაღაც მაქინაციებს ხლართავენ.
კოალიცია “ქართული ოცნების” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მის ბალანსზე აღრიცხული ქონების თვითმმართველობისათვის გადაცემაზე საუბრობს. როგორც დუმბაძემ განაცხადა, ქონების გადაცემა არჩევნების შემდეგ გააქტიურდა.
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაჩქარებული წესით ახდენს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, მიწის ნაკვეთების და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემას ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. ეს გუშინ და დღეს მერისა და გამგებლის ფორსირებული წესით დანიშვნის ფონზე ფასდება ობსტრუქციად, რომლის მიზანია დესტაბილიზაცია როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე საზოგადოებაში”, - აღნიშნა მურმან დუმბაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება კორუფციულ გარიგებებთანაა დაკავშირებული.
როგორც ჩანს, აჭარაში ჩინოვნიკებს ჯერ კიდევ დარჩათ რამე “აუთვისებელი” და მოსწრებაზე არიან. მთელი ამ წლების განმავლობაში კი უზარმაზარი ქონება არის მათ მიერ მითვისებული. ეს კარგად უწყიან “ქართულ ოცნებაში” და ამიტომაც კოალიციის ლიდერმა, პირველ რიგში, სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება.
ბიძინა ივანიშვილმა საჯარო მოხელეებს მოუწოდა, მიტაცებული ქონება საკუთარი ნებით დათმონ, რადგან მას ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა სურს.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ამის მიღწევა დარჩენილ დროში, ორმხრივი მოლაპარაკების გზით, მეგობრულად, მეზობლურად მოხერხდეს და საჯარო მოხელეებმა სასამართლოს გარეშე დათმონ ძალადობით მითვისებული ქონება. ამით სასამართლო პროცედურები აღარ გაჭიანურდება.
საინტერესოა, გამოეხმაურებიან თუ არა საჯარო მოხელეები ბიძინა ივანიშვილის წინადადებას. გამორიცხული არ არის, ამ ადამიანებს ხელს აძლევდეთ კიდეც მიტაცებული ქონების დაბრუნება, რათა მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ აღიძრას.
მოხელეების რა მოგახსენოთ, მაგრამ ივანიშვილის მოწოდებას ნამდვილად გამოეხმაურნენ ნაცმოძრაობის “ხელშეწყობით” დაზარალებულები. მაგალითად, ბათუმის იოსებ ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მათ შენობას გასხვისება არ დაემუქრება.
“სამშობიარო სახლის კოლექტივისა და მეცენატების ძალისხმევით იგი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაშია და ეს მაშინ, როდესაც სამშობიარო სახლის თანამშრომლები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდნენ მიზერულ ხელფასზე, ვინაიდან მათი შემოსავლის ნაწილი ნებაყოფლობით ხმარდებოდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. დღეს, როდესაც სამშობიარო სახლი სრული დატვირთვით მუშაობს, პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, ემსახურება აჭარის მოსახლეობის 70 პროცენტს, ფოთისა და ოზურგეთის მოსახლეობას, აღმოფხვრილია დედათა სიკვდილიანობა და ამავე დროს არის ერთ-ერთი წარმატებული და რენტაბელური საქართველოში - არ აქვს დავალიანება და იღებს მოგებას, რაც აქ მომუშავე მედპერსონალის თავდაუზოგავი შრომით და ექიმთა ავტორიტეტით არის განპირობებული”, - ნათქვამია თანამშრომელთა სპეციალურ მიმართვაში.
სამშობიარო სახლის კოლექტივი ითხოვს განმარტებას, რა ბედი ელით მათ ახალი ხელისუფლების პირობებში. ასევე, მედპერსონალს აინტერესებს, ვინ მოახდინა სამშობიარო სახლის პრივატიზება და რატომ არ გაითვალისწინეს თანამშრომელთა ინტერესები. ამ კითხვებით შესაბამის ინსტანციებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. ახლა კი ახალი ხელისუფლების იმედად არიან.