დემოკრატიულად განწყობილი 9 აქტივისტი, რომლებიც 2014 წელს მიტინგების მოწყობის გამო დააკავეს, დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათ შორისაა 3 ცნობილი აქტივისტი, რომლებსაც ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული მოძრაობის ლიდერებად განიხილავდნენ. მათ საპროტესტო აქციების მოწყობის გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ.
ბენი ტაის, ჩენ კინმენს და ჩუ იუს ბრალი შეთქმულებაში ედებათ, რომლის მიზანი არეულობის გამოწვევა იყო. სამეულმა ე.წ. ქოლგების მოძრაობა 2013 წელს დაიწყო, სახელწოდებით „დაიკავე ცენტრი სიყვარულით და მშვიდობით“. მოძრაობა ნიუ-იორკში მიმდინარე „დაიკავე უოლ-სტრიტის“ მსგავსად მიმდინარეობდა. დემონსტრანტები ჩინეთის ხელისუფლების მიერ საარჩევნო კანონში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებდნენ.
პეკინის დაპირების მიხედვით, 2017 წლამდე ჰონგ-კონგის მმართველი ღია არჩევნების წესით უნდა აერჩიათ, თუმცა 2013 წელს გადაწყდა, რომ მოსახლეობას არჩევნის გაკეთება მხოლოდ სამთავრობო კომიტეტის მიერ დამტკიცებული სიიდან შეეძლო. ძლიერი მზის და სიცხის გამო აქციის მონაწილეებს ქოლგები ეჭირათ, რაც მოგვიანებით მათი მასობრივი გამოსვლების სიმბოლოდ გადაიქცა.