ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა საქართველოში

ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა საქართველოში

მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნები მოიგო და პრემიერობა სურს. სააკაშვილი პრეზიდენტად რჩება

მოსკოვსა და ნატოს შორის: ქვეყნის მომავალი საგარეო პოლიტიკური კურსი გაურკვეველია.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო ყველაზე დიდ პოლიტიკურ ცვლილებას განიცდის. ქვეყნის პოსტსაბჭოთა ისტორიაში პირველად, ხელისუფლება მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით შეიცვლა. პირველი ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნებში მულტიმილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 55%-ით გაიმარჯვა.

სამთავრობო პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმათა 40% მოიპოვა. თუმცა ეს წინასწარი მონაცემებია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმათა 94%-ის დათვლის შემდეგ. საპარლამენტო მანდატების საბოლოო რაოდენობა, რომელიც ორივე პარტიამ მიიღო ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც მაჟორიტარული არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე სამშაბათს აღიარა დამარცხება. სამთავრობო პარტია ახლა ოპოზიციაში მიდის, თქვა მან სატელევიზიო მიმართვაში. ეს მისი კრიტიკის მიზეზი გახდა. ამბობდნენ, რომ სააკაშვილს ძალაუფლებაში შეძლებისდაგვარად დიდხანს ყოფნა სურს. „ამ კოალიციის მოსაზრებები იყო და ჯერაც არის ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი”, ამბობს იგი. ”მაგრამ დემოკრატია ასე ფუნქციონირებს, რომ ქართველი ხალხი უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის ის, რასაც მე ბუნებრივია დიდ პატივს ვცემ“.

მოქმედი კონსტიტუციის გამო ურთიერთობა ხელისუფლებაში კიდევ ერთი წელი ძალიან რთული იქნება. ამ დროის განმავლობაში მოქმედ პრეზიდენტ სააკაშვილს უფლება აქვს თვითონ წარადგინოს პრემიერის კანდიდატურა. მხოლოდ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ცვლილებები ძალაში, რომელიც საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად აქცევს და პრემიერს მეტ ძალაუფლებას მიანიჭებს. თუმცა სააკაშვილმა თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა თვითონ დააკომპლექტებს მთავრობას. უსაფრთხოების საბჭოს ძლევამოსილი მდივანი, გიგა ბოკერია ადასტურებს, რომ პრეზიდენტი წარადგენს პრემიერმინისტრობის იმ კანდიდატს, რომელსაც მას კოალიცია „ქართული ოცნება“ დაუსახელებს.

სამაგიეროდ, აგრესიული ჩანდა გამარჯვებული ივანიშვილი. სამშაბათის პრესკონფერენციაზე მან სააკაშვილს პოლიტიკური კრიზისის ასარიდებლად გადადგომისკენ და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისაკენ მოუწოდა. გიგა ბკერიამ იმავე დღეს უპასუხა, რომ არჩევნები როგორც დაგეგმილია 2013 წელს ჩატარდება და მოუწოდა ოპოზიციას პატივი სცენ კონსტიტუციას. „ჩვენ ვხედავთ ქმედებას – მე იმედი მაქვს, რომ ეს ეიფორია გამარჯვებით არის გამოწვეული – თითქოს ეს რევოლუცია იყოს და არა დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვება“, განაცხადა მან. ოთხშაბათს ივანიშვილმა თავისი ნათქვამი წერილობით განცხადებაში განმარტა: მას არასოდეს გამოუთქვამს გადადგომის „პოლიტიკური მოთხოვნა“ და არც „ულტიმატუმი“ წამოუყენებია. „ჩვენ მზად ვართ სახელმწიფო საკითხების მოსაგვარებლად დიალოგისთვის საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წარმომადგენლებთან“. „ქართულმა ოცნებამ“ მთავრობასთან კონსულტაციებისთვის სამუშაო ჯგუფი შექმნა.

ივანიშვილმა სამშაბათს განაცხადა, რომ „პოლიტიკური დევნა“ არ იქნება და ის მზად არის იმუშაოს ძველი მთავრობის სპეციალისტებთან. თუმცა, თუ აღმოჩნდება, რომ ჩინოვნიკებმა სამსახურეობრივი დანაშაული ჩაიდინეს, ჩატარდება გამოძიება, რასაც სასამართლო პროცესები მოყვება. მან სააკაშვილის კურსს „ფასადური რეფორმები“ უწოდა და გასცა დაპირება „საქართველოში სამართლიანობის აღდგენის“ შესახებ. მილიარდერის დღის წესრიგი, რომელიც პოლიტიკურ სცენაზე ერთი წლის წინ გამოჩნდა, ჯერ კიდევ უცნობი რჩება.

ყველაზე მეტად სადავოა მისი საგარეო პოლიტიკური პროგრამა. არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება მის მიზნად და აშშ კი საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. ამასთანავე მას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სურს. ეს რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. „ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ რუსეთთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად“, თქვა მან. „მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია უაღრესად რთულია, მე მჯერა, რომ შესაძლებელია ახლო მომავალში მინიმუმ კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა“. დაახლობისგან ქართული სოფლის მეურნეობა მოიგებს, რომელმაც ქვეყნებს შორის კონფლიქტის გამო პროდუქციის გასაღების ყველაზე დიდი ბაზარი დაკარგა. როგორ უნდა გადაჭრას დილემა დასავლურ ორიენტაციასა და რუსეთთან დაახლოებას შორის, ივანიშვილმა ჯერ არ იცის. „ჩვენ უნდა შევეცადოთ დავარწმუნოთ რუსეთი, რომ ნატოში ჩვენი გაწევრიანება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის“, თქვა მან. მას სააკაშვილის საბრძოლო რიტორიკის დასრულება სურს, რომელიც რუსეთს ნატოში გაწევრიანებას „როგორც ხარს წითელ ნაჭერს ისე უფრიალებდა“.

არჩევნების შედეგებზე რუსეთს დადებითი რეაქცია ჰქონდა. “პოლიტიკური გარემო საქართველოში უფრო მრავალფეროვანი ხდება“, თქვა რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა. „მე ამას მხოლოდ მივესალმები, რადგან ამით შესაძლებელია პარლამენტში მეტად კონსტრუქციული და მეტად პასუხისმგებლიანი ძალები აღმოჩნდნენ“. არსებობს მზადყოფნა რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგისათვის. წინასაარჩევნო ბრძოლის დროს სააკაშვილი თავის მოწინააღმდეგეს მოსკოვიდან მართულს უწოდებდა, თბილისში კი ხმები დადიოდა, რომ ივანიშვილისთვის გამარჯვების მისალოცად რუსეთი საქართველოში შემოიჭრებოდა. მილიარდერმა თავისი ქონება რუსეთში დააგროვა, მიმდინარე წელს კი სრულებით ჩამოშორდა რუსულ ბიზნესს.

ივანიშვილის შიდაპოლიტიკური გეგმები ასევე ბურუსით არის მოცული. იგი ინვესტორებს „საინტერესო ბიზნესკლიმატის შექმნას“ და ამით სამუშაო ადგილების შექმნას დაპირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ქვეყანაში უმუშევრობა 16%-ს შეადგენს, რეალურად კი ეს რიცხვი ბევრად მაღალია. არჩევნებამდე „ქართულმა ოცნებამ“ საყოველთაო უფასო სამედიცინო დაზღვევის პირობა მისცა ამომრჩეველს. სამშაბათს კიდევ ერთხელ გაიმეორა ივანიშვილმა, რომ თუ ბიუჯეტში ამისათვის საკმარისი თანხა არ იქნება, ის საკუთარი სახსრებით განახორციელებს დაფინანსებას. ამომრჩევლებს ახალი მთავრობის მიმართ დიდი მოლოდინი აქვთ. ივანიშვილს საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში როგორც ქველმოქმედს იცნობდნენ, რომელიც საჯაროობას ერიდებოდა და მილიონებს ხარჯავდა ეკლესიების, თეატრებისა და ახალი საავადმყოფოებისთვის.მისი მეშვეობით ქართველები უკეთესი ცხოვრების დაწყებას გეგმავენ.
foreignpress.ge