ავსტრია გეგმავს, რომ უნგრეთთან და სლოვაკეთთან სასაზღვრო კონტროლი 2019 წლის ნოემბრამდე გააგრძელოს. ამის მიზეზი კი არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლაა. ამის შესახებ ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ კიკლმა განაცხადა. ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა oe24.at-ი ავრცელებს.
მინისტრის თქმით, ავსტრიაში უკანონო მიგრანტთა ნაკადები ისევ მზარდია. მინისტრმა ასევე თქვა, რომ ტერორიზმის ფარული საფრთხე კვლავ მაღალია.
მინისტრმა ევროკავშირს ასევე მოუწოდა უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს არალეგალური მიგრაციის ე.წ. ბალკანეთის მარშრუტს.
ევროგაერთიანების სასაზღვრო სააგენტოს მიერ 2019 წლის იანვრის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირში არალეგალური მიგრაცია საგრძნობლად შემცირდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს გაუთანაბრდა.
არალეგალური მიგრაციის მკვეთრი კლება ფიქსირდება ხმელთაშუა ზღვიდან შემსვლელი მიგრანტებისთვის. იტალიის მთავრობამ იძულებით გადაადგილებული პირების მიღებაზე უარი განაცხადა.
2018 წლის არალეგალური მიგრაციის ნიშნულს თუ 2015 წლისას შევადარებთ აქ 92%-იანი კლებაა.