ქართულ ავიაბაზარზე უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შემოსვლას პირველი გამოხმაურებები მოჰყვა. “ვიზ ეარის” კონკურენტები მიიჩნევენ, რომ 22 და თუნდაც 30 ევროდ კიევში გადაფრენა შეუძლებელია. სხვათა შორის, ამასვე ადასტურებს თავად “ვიზ ეარის” ვებ-გვერდიც, სადაც აღნიშნულია, რომ ქუთაისი-კიევი-ქუთაისის მიმართულებით ფრენა 340 დოლარზე მეტი ღირს. ბილეთების შედარებით გაიაფება მოსალოდნელია მხოლოდ მომავალი წლის იანვარში.
“ვიზ ეარმა” პირველი რეისი 27 სექტემბერს ქუთაისის ახალი აეროპორტიდან შეასრულა. ავიაკომპანიის პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ “ვიზ ეარი” მონოპოლიებს შლის და დაბალფასიანი ფრენების საშუალება შემოაქვს ბაზარზე. თუმცა, მისი კონკურენტი კომპანიის “პეგასუსის” ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში დღეს ნამდვილი ლოუ-ქოსთ ავიაკომპანია მოქმედებს და ეს “პეგასუს ეარლაინსია”.
ლევან ელიზბარაშვილის თქმით, “პეგასუსი” ევროპის 57 მიმართულებით დაფრინავს და მომხმარებელს დაბალ ფასებს სთავაზობს, ამიტომ “ვიზეარის” განცხადება გაკვირვებას იწვევს. მისივე თქმით, მისასალმებელია კიევის მიმართულებით 22 ევროდ ფრენა, თუმც, ასეთი ფასის ბილეთების შოვნა შეუძლებელია.
ელიზბარაშვილის განცხადებითვე, ქუთაისის აეროპორტის გახსნა და ფრენების დაწყება რევოლუციური მოვლენაა. თავად “პეგასუსი” ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს 2013 წლიდან დაიწყებს, ასევე ქუთაისიდან იფრენს ისრაელური “არკიაც”.
ელიზბარაშვილის ეჭვს ამძაფრებს “ვიზ ეარის” ვებ-ვერდზე განთავსებული ინფომარცია, სადაც აღნიშნულია, რომ ქუთაისი-კიევი-ქუთაისის მიმართულებით ფრენა 342 დოლარი ღირს, არადა პრეზიდენტის დაპირებით მოსახლეობა 22-ევროან სამგზავრო ბილეთებს ელოდა. კომპანია მგზავრებს სხვადასხვა თვეს სხვადასხვა ფასს შესთავაზებს.
საინფორმაციო პორტალის “ბიპიაი”-ს ინფორმაციით, ამ დროსათვის “ვიზ-ეარით” მგზავრობა ქუთაისი-კიევი-ქუთაისი მიმართულებით 342 აშშ დოლარი ღირს. მგზავრობის პერიოდი 30 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდს ეხება. ქუთაისი-კიევის მიმართულებით ავიაბილეთის ფასი 187 აშშ დოლარია, კიევი-ქუთაისის კი - 155 აშშ დოლარი. 1-8 ნოემბრის პერიოდში, ორმხრივი ბილეთის ფასი 198 აშშ დოლარს შეადგენს, ერთი გზა - 99 აშშ დოლარი; 1-8 დეკემბრის პერიოდში კი - 139 დოლარია, ქუთაისიდან კიევში - 56 დოლარი, კიევი ქუთაისი - 83 აშშ დოლარი; 2013 წლის 3-9 იანვრის პერიოდში კი ფასი 116 აშშ დოლარია, ქუთაისიდან - 33 დოლარი, კიევიდან - 83 დოლარი.
27 სექტემბერს “ვიზ ეარმა” ქუთაისის აეროპოტის პრეზენტაციისთვის “ეარბას ა-320”-ის ტიპის თვითმფრინავმა კიევიდან საგანგებო რეისი შეასრულა. თვითმფრინავს საზეიმოდ ჩამოჰყვა ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, 2013 წლიდან კიევი-ქუთაისის რეისი რეგულარულად შესრულდება, თუმცა რა ფასად ეს არავის დაუკონკრეტებია.