სად მიდის ირაკლი კობახიძე?

სად მიდის ირაკლი კობახიძე?

ირაკლი კობახიძის, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დასასრული ახლოვდება. საუკეთესო შემთხვევაში, მას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯდომა წელიწადნახევარი მოუწევს, ვიდრე მე-9 მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება არ ამოეწურება. შესაბამისად, კობახიძე ახალ თანამდებობას ეძებს.

როგორც "2020NEWS"-ს ინფორმირებული წყაროები ეუბნებიან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის გარემოცვიდან, პირველ პარლამენტარს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა უნდა. "2020NEWS"-ის ინფორმაციით, კობახიძე მზად არის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სანაცვლოდ, პარლამენტის თავმჯდომარეობა ვადაზე ადრე დათმოს.შესაბამისად, დეპუტატების იმ ნაწილს, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ სოლიდურია და რომელთაც მიაჩნიათ, რომ კობახიძე საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი არ უნდა იყოს, შესაძლოა მისი იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება აღარც დასჭირდეთ (კულუარებში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, იმპიჩმენტის საკითხი აქტიურად განიხილება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთანაც).

მოქმედი კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით ირჩევენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შემადგენლობიდან. იმავე კანონმდებლობის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა და მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარეობა, შეუძლია სამართლის დარგის სპეციალისტს, იმის მიუხედავად, ექნება თუ არა მას მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაბარებული ან სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება. ამდენად, ირაკლი კობახიძეს პირველ მოსამართლედ გახდომის შესაძლებლობას კანონი არ უზღუდავს. და რასაც არ უზღუდავს კანონი, შეიძლება შეუზღუდოს ნებამ, მაგალითად ბიძინა ივანიშვილის ნებამ ან პოლიტიკურმა მოცემულობამ და მიზანშეწონილობამ. ჯერჯერობით, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია კობახიძისთვის ცნობილი არ არის. ის, რომ სკანდალურ მოსამართლეებს პარლამენტში კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის საპარლამენტო გუნდი ლობირებს, ეს ბოლო დროს მმართველ პარტიაში განვითარებული მოვლენებითაც კარგად ჩანს.

სასამართლოს თემა, როგორც ჩანს იმდენად მნიშვნელოვანია კობახიძისთვის, რომ ყველაზე არაპოპულარულ ნაბიჯებს ნაბიჯებზე დგამს. რაც ლოგიკურად ამყარებს იმ ინფორმაციას და ვარაუდს, რომ კობახიძეს ეს ბრძოლა ამად უღირს - ის ამით 10-წლიან გარანტირებულ მაღალ თანამდებობას მოიპოვებს. ბიძინა ივანიშვილისთვის ბევრად სასურველი იქნებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მისი ნდობით აღჭურვილი პირი არჩეულიყო. მაგალითად, მზია თოდუა, რომელიც ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან "უხმაური ხმაურით" გადადგომის შემდეგ, სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს.

ბიძინა ივანიშვილი მზად იქნებოდა თანხმობა მიეცა მზია თოდუას კანდიდატურასთან დაკავშირებით, რადგან ის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ერთი მთავარი კრიტერიუმის გარდა - ეს არის ასაკი. მზია თოდუა ძალიან ახლოს არის საპენსიო ასაკთან. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე მოსაძებნი ჰყავთ.

რაც შეეხება მზია თოდუას, იგი ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, როგორც თავმჯდომარის პირველი მოადგილე და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე. მზია თოდუას მრავალწლიანი სამოსამართლეო გამოცდილება აქვს. იგი 1985 წლიდან 2005 წლამდე სასამართლო ხელისუფლებაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2006 წლიდან 2015 წლამდე კი, ბიძინა ივანიშვილის "ბანკი ქართუს" მთავარი იურისტი იყო. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, მზია თოდუა სასამართლოში დაბრუნდა. 2015 წლიდან იგი უზენაესი სასამართლოს მაღალი რანგის მოსამართლეა.

კონსტიტუციის მიხედვით, უზენაესი სასამართლო დაკომპლექტებული უნდა იყოს 28 მოსამართლით. ამ დროისთვის უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში 11 მოსამართლე შედის.

ივნისში 2 მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა გასდის, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტს უახლოეს მომავალში 19 ახალი მომასამართლე ჰყავს დასამტკიცებელი. ბუნებრივია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი ყველა კანდიდატი "განსაკუთრებულ ფეის-კონტროლს" გაივლის.

რაც შეეხება "საერთო სასამართლეობის შესახებ" ორგანულ კანონს, რომელშიც ირაკლი კობახიძისა და კიდევ 6 დეპუტატის ინიციატივით ცვლილებები შედის, მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები უნდა განსაზღვროს. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოს კანონპროექტის 3-ვე მოსმენით მიღებას შეძლებს და კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ახალი მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაიწყება. ძალიან დიდი ალბათობით, მოსამართლეების შერჩევის პროცესს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება.