საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, 1 ოქტომბრამდე მთავრობამ პარლამენტში წარადგინა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი. პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის მოცულობა 7,1 მილიარდ ლარს ოდნავ აღემატება. მისი ხარჯები ძირითადად დაგეგმილია “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო პროგრამისა და 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე არსებული რეალობის შესაბამისად. ამიტომ ვარაუდობენ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი, რომლის უმრავლესობას კოალიცია “ქართული ოცნება” ჩამოაყალიბებს, კარდინალურად შეცვლის ბიუჯეტის პროექტს.
პარლამენტში ამჟამად წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ეგრეთ წოდებული ყველა პრიორიტეტული სფეროს დაფინანსება. საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია თითქმის 30 პროცენტით და 2.3 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს თანხა განსაზღვრულია მოსახლეობის სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის, კერძოდ, საპენსიო პაკეტის 100 დოლარამდე ზრდის, 1000-ლარიანი ვაუჩერებისა და სხვა სოციალური დახმარებებისთვის. აქვე არის თანხები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის, რაც თითქმის ნახევარ მილიარდ ლარს შეადგენს.
მოქმედი მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, მთლიანად, მომზადებულია იმ პროგრამის საფუძველზე, რომლის სახელწოდებაცაა „მეტი სარგებელი ხალხს":
„კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ მთავრობამ პარლამენტს 1 ოქტომბრამდე წარუდგინოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი. ეს პროექტი, რა თქმა უნდა, ასახავს იმ პრიორიტეტებს, რომელიც დღევანდელ მთავრობას აქვს, თუმცა განხილვის პროცედურა ითვალისწინებს პროექტის რამდენჯერმე მთავრობისთვის დაბრუნებას. პროექტის განხილვისას შესაძლებელია მისი მთლიანად შეცვლა და ახალი პოლიტიკური ძალის პრიორიტეტებზე მორგება."
პოლიტიკური ძალა, რომელსაც ბიუჯეტის პროექტის გადამუშავება მოუწევს, კოალიცია “ქართული ოცნებაა”. მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კრიტიკულადაა განწყობილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დამკვიდრებული საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართ:
”მე ძალიან მაღელვებს როგორი ბიუჯეტი დაგვხვდება ჩვენ. მე რამდენჯერმე ჩემს გამოსვლებში მოვუწოდე მათ, რომ პროგრამებით კი არ უნდა დაეწყოთ სპეკულაცია, რასაც, როგორც ოპოზიციური პარტია, 9 წელიწადია ხელისუფლებაში არიან და პროგრამებით ცდილობდნენ მოეხიბლათ მოსახლეობა. მე მათ რამდენჯერმე ვთხოვე, რომ თქვენთვის საამაყო უნდა იყოს 2013 წლის ბიუჯეტი და რამდენჯერმე გამოვედი და დაჟინებით ვითხოვდი, რომ თქვენ უკვე ვალდებული ხართ და კეთილი ინებეთ და გამოაქვეყნეთ ბიუჯეტი. თუგინდ მათი ქცევიდანაც კარგად ჩანს, რომ ბიუჯეტი ვერ იქნება მოსაწონი და მოსაწონს არ დავეძებ, ნუ იქნება კატასტროფული.”
ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება აკვირვებს არა მხოლოდ მოქმედი მთავრობის წარმომადგენლებს, არამედ ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილსაც, რადგან საქართველოს ყველა ბიუჯეტი, დაწყებული 2004 წლიდან, გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე, ასევე გამოქვეყნებულია საჯარო განხილვისთვის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტიც. სწორედ ამ ვებსაიტის მეშვეობით შეისწავლის ბიუჯეტის პროექტს კოალიცია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ ხადური:
“საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტი გააკეთა საქართველოს მოქმედმა ფინანსთა მინისტრმა და ის გამოქვეყნდა საიტზე. ჩვენ ვსწავლობთ ამ ბიუჯეტს და მასზე მუშაობისას ჩვენ მას რადიკალურად შევცვლით.”
რა იგულისხმება რადიკალურ ცვლილებებში, არ კონკრეტდება, მაგრამ ცნობილია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები, რომლებიც საყოველთაო დაზღვევას და სოფლის მეურნეობის ერთმილიარდიანი ფონდის შექმნას ითვალისწინებს. ნოდარ ხადურის განცხადებით, ამ ინიციატივების დამფინანსებელი შეიძლება თავად კოალიციის ლიდერი იყოს, მაგრამ არა მთავრობაში ყოფნის დროს:
“ბატონი ბიძინაც ერთ-ერთი ინვესტორი შეიძლება გახდეს, ოღონდ იმ პირობით, რომ როდესაც იქნება მთავრობაში, ის საქართველოში ბიზნესპროექტებს არ განახორციელებს.”
ამის შესახებ უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა თავად საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა:
“მე და ჩვენი კოალიცია როდესაც ასეთ განცხადებებს და დაპირებებს ვაკეთებდით, არც მაშინ მქონია დიდი განცდა და ეიფორია იმისა, რომ ბიუჯეტი დამხვდებოდა ძალიან კარგი. მე მაქვს სათადარიგო სვლები და მქონდა მხედველობაში, ვთქვათ... არასდროს არ მიკადრია - მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ვიყავი - და არასდროს არ განმიცხადებია, რომ ამას საკუთარი კაპიტალით გავაკეთებ, თუ ბიუჯეტში ფული არ დამხვდება. დღეს შემიძლია რაღაც კითხვა დამისვათ... მაგრამ ამას მოვახერხებ კანონიერი გზით და ამას არ ექნება ის დატვირთვა, რომ ხელისუფლებაში ვარ და, ამავდროულად, ამას ექნება რაღაც ქრთამის სახე ან რაღაც ამის მსგავსი, თუმცა სასურველია, რომ ყველაფერი ეს მოხდეს ბიუჯეტიდან და ძალიან კარგი იქნება.”
როგორ, რა ფორმით, რა მოცულობით და როდის შეიძლება აღმოჩნდეს ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილში, ჯერჯერობით უცნობი რჩება.
2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, მისი შემოსავლების ძირითადი ნაწილი საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებია, რომელთა მოცულობა 6.7 მილიარდ ლარზე ოდნავ მეტია.
მოქმედი მთავრობის ინფორმაციით, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმდინარე წლის განვლილი პერიოდი და მომავალი წლისათვის არსებული პროგნოზები. განვლილი რვა თვის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7,5%, ხოლო მშპ-ს დეფლატორმა 0,3% შეადგინა, რისი გათვალისწინებითაც წლიური ზრდის პროგნოზი 7,0%-ს შეადგენს. მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით, 2013 წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ კონსერვატიულად არის დაგეგმილი და მშპ-ს ზრდის პროგნოზი 6,0%-ს შეადგენს.