საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა თავისი გაოპოზიციონერება გვაუწყა, რითაც მსოფლიო პოლიტიკური პრაქტიკისთვის სრულიად უცხო მოვლენა დააანონსა.
„ოპოზიციონერი პრეზიდენტი“ პოლიტიკურ-სამართლებრივი ნონსენსი და უპრეცედენტო ფენომენია!
თავისი არსით, კონსტიტუციური წესრიგის თავისებურებათა შესაბამისად, პრეზიდენტი შეიძლება იყოს ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ან ნეიტრალური არბიტრი. ამასთან, საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს არც ნეიტრალური არბიტრის მისიის შესრულების შესაძლებლობას ანიჭებს. ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონის თანახმად, პრეზიდენტი „წარმართავს და ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტს, ერთი მხრივ, ენიჭება უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, ეკისრება კონსტიტუციური ვალდებულება, შეასრულოს აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერის ფუნქცია.
აქედან გამომდინარე, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, სრულიად მართებული იყო ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომლის თანახმად პრეზიდენტის გაოპოზიციონერების დაანონსების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი გონივრული მომდევნო ნაბიჯი თანამდებობიდან გადადგომა იქნებოდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ოპოზიციონერი პრეზიდენტი“ არა მხოლოდ პოლიტიკურ-სამართლებრივი ნონსენსი, არამედ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა საწინააღმდეგო მოვლენაცაა. შესაბამისად, თავისი თავის „ოპოზიციად“ გამოცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ (და ვინ იცის, უკვე მერამდენედ) უგულებელყო და დაარღვია ქვეყნის ძირითადი კანონი.
ნონსენსურ ვითარებაში ხელისუფლება დიდხანს ვერ იფუნქციონირებს. არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი მოცემულობის გათვალისწინებით, ამ ვითარებიდან ერთადერთ ლოგიკურ გამოსავლად პრეზიდენტის გადადგომა უნდა განვიხილოთ. როგორც 2003 და 2007 წლის მოვლენებმა გვიჩვენა, ამისათვის საუკეთესო დრო ნოემბერია (ეს - ნახევრად ხუმრობით).
ასე რომ, დაველოდოთ ნოემბერს.