ნაციონალური ნეკროფილია

ნაციონალური ნეკროფილია

შალვა ნათელაშვილის აზრით, კაცობრიობას ორი უდიდესი თავსატეხი აქვს ამოსახსნელი: არსებობს თუ არა სიცოცხლე მარსზე და რამდენი ამომრჩეველია რეალურად საქართველოში. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ მოსაზრებას არ იზიარებს და დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველთა რიცხვი 3 613 851–ს შეადგენს. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ვერსია ოფიციოზურიგან 50 430-ით განსხვავდება. ეს არიან მოქალაქენი, რომელთა მისამართის გრაფაში უცხოეთში ყოფნაა მითითებული (22 666); აგრეთვე იძულებით გადაადგილებულთა სტატუსის არმქონე ოკუპირებულ ტერიტორიის მკვიდრნი (23 044). 4 720 პირის იდენტიფიცირება მითითებულ მისამართზე ვერ მოხერხდა.

საარჩევნო სიების დამაზუსტებლებს გარდაცვლილთა „საარჩევნო აქტიურობა“ გამოეპარათ. ტრადიციული საარჩევნო ნეკროფილიის დაძლევა ვერაფრით მოხერხდა და მოსაწვევები განსვენებულების სახელზეც მოვიდა. ამომრჩეველთა რეალური რიცხვი ჯერაც მისტიკის სფეროა და ასე ადვილად არ გაცხადდება.

საარჩევნო კურიოზები „დემოკრატიასთან ჩახუტებულ“ ქვეყანაში 

ვინმემ რომ მეჭორეობა და პროვოკატორობა არ დამწამოს, მხოლოდ იმ ფაქტებზე მოგახსენებთ, რომელთა მომსწრე საკუთარ სადარბაზოში გავხდი. საარჩევნო კომისიამ „გული არ დაწყვიტა“ და მოსაწვევები აახლა განსვენებულ ქალბატონებს – სონია ბებიას და ვალია ბებიას, რომლებიც მხოლოდ „სადარბაზოს ვეტერანებს“ თუ გვახსოვს. უკვე ოცდაათ წელი იქნება, რაც ორივე უფლის წინაშე წარსდგა.

ცნობისთვის: ამა წლის 9 სექტემბერს ვალია ბებიას სახელზე „საქართველოს ფოსტიდან“ შეტყობინება მოვიდა. მოქალაქე ვალენტინა სალამატინას აუწყეს, რომ მის სახელზე პოლისი (?!) იყო მიღებული და ფოსტაში გამოცხადება მოსთხოვეს. შეტყობინებას ხელს აწერს კურიერი გულიაშვილი. ალბათ, საიქიოში ბებიამ გულიანად იცინა; მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, გაურკვეველია როგორ უნდა მოვიქცეთ – ვიცინოთ, თუ ვიტიროთ? თქვენი მონა–მორჩილი უფრო ცრემლნარევი სიცილის მომხრეა.

ფაქტები: ჩემი კარის მეზობელი ბორის პაველჩუკი რუსეთში ჯერ კიდევ 90–იანი წლების პირველ ნახევარში გაემგზავრა. რამდენიმე წელიწადში მოქალაქეობა მიიღო და ბინაც გაყიდა. წარმოიდგინეთ, ჩემი გაოცება, როდესაც საარჩევნო სიაში ბორისის გვარი ვიხილე! მისი საარჩევნო ნომერია №1348. სხვა ქვეყნის მოქალაქეობას ვინ ჩივის, გვარის გასწვრივ საზღვარგარეთ ყოფნაც კი არ იყო აღნიშნული.

უბნის საარჩევნო სიაში № 1208–ით ფიგურირებს ჩემი ქალიშვილი, რომელიც გერმანიაშია გათხოვილი და დღე–დღეზე ამ ქვეყნის მოქალაქეობასაც მიიღებს (ადრე №1416–ით ფიგურირებდა!). ამ საკითხზე კომისიას განცხადებით სამჯერ მივმართე, მაგრამ მოსაწვევი მაინც მოვიდა. მართალია, სიაში იყო აღნიშვნა საკონსულო აღრიცხვის შესახებ, მაგრამ მოსაწვევის გამოწერის ფაქტი აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ, შესაძლოა, ბიულეტენიც არსებობს.

ვის „მისცეს ხმა“ რუსეთში მყოფმა ბორის პაველჩუკმა და არჩევნების მომენტში მეუღლესთან ერთად საფრანგეთში გამგზავრებულმა ჩემმა გოგონამ?.

მოსაწვევები აგრეთვე მოვიდა უკვე მრავალი წელია სხვაგან გადასულ ჟღენტების ოჯახზე, რომელთა ბინა ამჟამად სხვას ეკუთვნის. ეს ინფორმაცია მათ კარის მეზობელმა მომაწოდა.

ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ გლდანის ოფისში არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე აგრეთვე საინტერესო ინფორმაცია მომაწოდეს: გლდანის №10 ოლქის №45 საარჩევნო უბანში მოსაწვევი ოთხი გარდაცვლილი მოქალაქის სახელზე მოვიდა. მოგახსენებთ მათ საარჩევნო ნომრებს: №1114, №1113 №1019, №1022. იმავე ოლქის №34 უბანზე ორი მოქალაქე შემდეგი ნომრებით აღმოჩნდა მიწერილი: №306 და №307. ასეთია მხოლოდ მცირე ნაწილი რეალობისა, რომელიც საფუძვლიან გამოკვლევას საჭიროებს.

სიტყვაზე როგორ ხართ, ბატონო მამუკა?..

თვეების წინ ბატონ მამუკა კაციტაძეს ინტერვიუს ასაღებად მივაკითხე. ჩემი რესპოდენტი ძალზე საქმიანად და ენერგიულად იყო განწყობილი. მან განაცხადა, რომ ცესკომ შეიმუშავა რეგისტრატორთა მუშაობის შემოწმების პროცედურა და იგი არ დაუშვებს სიების დაზუსტებაზე გამოყოფილი თანხების ტყუილად გაფლანგვას.

ამას წინათ ბატონ მამუკას დავუკავშირდი და უშუალოდ ჩემს მიერ გამოვლენილი დარღვევებზე მოვახსენე. პრეტენზიის არსი გამოიხატებოდა შეკითხვით - სიტყვაზე როგორ ხართ, ბატონო მამუკა? პასუხი ჩვეულ ენერგიულ რეჟიმში მივიღე:

“დავიწყოთ იქიდან რომ, რომ ვადებით ვიყავით მეტისმეტად შეზღუდული. დაფინანსებაც მიზერული იყო; რაღაც ხუთ მილიონიანი ბიუჯეტით სამ მილიონზე მეტი ადამიანი უნდა შეგვემოწმებინა. გამოდის, რომ თითოეული ადამიანის შემოწმებაზე რვა ცენტზე მეტი არ დახარჯულა. უცხოელი ექსპერტების სიტყვით, ამაზე შვიდ დოლარზე ნაკლები არ უნდა იხარჯებოდეს. იმ რეგისტრატორებმა, რომელთა მუშაობითაც ასე უკმაყოფილო ხართ, სულ რაღაც 150 ლარი მიიღეს. თანაც ყოველ მისამართზე საჭიროების შემთხვევაში რამდენჯერმე მისვლას სთხოვდნენ! აი, 500–800 ლარის შემთხვევაში შეგვეძლო მათთვის მკაცრი მოთხოვნების წაყენება. ცალკე საკითხია სამართლებრივი ბაზის გაუმართაობა; ჩვენ არ გვქონდა უფლებამოსილება მოქალაქე ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე დაგვერეგისტრირებინა.

მიუხედავად ყველაფრისა, 532 ათასი შესწორების შეტანა მაინც მოვახერხეთ. მათ შორის: 305 ათასი მოქალქის საზღვარგარეთ ყოფნა დავადასტურეთ და 36 ათასი მოცვალებული სიიდან ამოვიღეთ. საერთაშორისო დამკვირვებელთა დასკვნის თანახმად, დაზუსტების შედეგად ცდომილება სიებში 25%–დან 5,3%–მდე შემცირდა. ცხადია, ეს იდეალური შედეგი არ არის, მაგრამ არსებულ პირობებში არც თუ ურიგოა”.

ბატონი მამუკას მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, აშკარაა, რომ „ამოსაღები და დასაზუსტებელი კიდევ ბევრია“. პირადად ჩემს გარშემო უამრავი ადამიანი „გაცოცხლებულ მიცვალებულებზე“ და გადახვეწილი ხალხის სახელზე მოსულ მოსაწვევებზე საუბრობს. მაინც რამდენმა გარდაცვლილმა და მიწერილმა მოქალაქემ „დააფიქსირა“ 1 ოქტომბერს თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია და რამდენად აისახა ეს მისტიკურ–დეტექტიური ფაქტი არჩევნების საბოლოო შედეგზე?

ცხადია, ეს საკითხი ზერელედ სასაუბრო არ არის და სერიოზულ შესწავლას მოითხოვს.