ძალიან მალე დაინახავთ ჩემს უშუალო მონაწილეობას რეგიონალურ პროცესებში

ძალიან მალე დაინახავთ ჩემს უშუალო მონაწილეობას რეგიონალურ პროცესებში

„ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც ჩანს, პარტიული მენეჯმენტით არის დაკავებული, თუმცა ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით ის რეგიონებში ჯერჯერობით არ გამოჩენილა და ძირითადად პარტიის ცენტრალურ ოფისში თანაგუნდელებს ხვდება. „პრაიმტაიმმა“ სწორედ ცენტრალურ ოფისში მისულ ირაკლი ღარიბაშვილთან რამდენიმე კითხვის დასმა მოახერხა. ჩვენ დავინტერესდით, თუ რას ფიქრობს ის ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში სტუმრობაზე? უკავშირდება თუ არა პარტიის ლიდერის გააქტიურება ზუგდიდში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს?

- ბატონო ირაკლი, როცა პარტიის პოლიტიკურ მდივნად დაინიშნეთ აღინიშნა, რომ თქვენ კურირებას გაუწევდით რეგიონალურ საკითხებსაც. ისევ არჩევნები ახლოვდება, თქვენი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა სამეგრელოში, თქვენ კი ჯერ რეგიონებში არ ჩანხართ...

პარტიის ლიდერის სამეგრელოში ჩასვლა არ უკავშირდება არჩვენებს. რაც შეეხება ჩემს აქტიურობას, ძალიან მალე დაინახავთ ჩემს უშუალო მონაწილეობას რეგიონალურ პროცესებში, მე ბუნებრივია ჩასვლასაც ყველგან ვგეგმავ. ამ ეტაპზე იგეგმება ჩვენი გუნდის კანდიდატების წარდგენები იმ ოლქებში, სადაც შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს.

- მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ჩასვლას და იქ გარკვეული დაპირებების გაცემას ოპოზიცია მაინც არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ ივანიშვილს იმიტომ გაახსენდა სამეგრელო და ზიად გამსახურდია დღეს, რომ ზუგდიდში არჩვენები გაქვთ მოსაგები. რა კომენტარს გააკეთებთ ამაზე?

ძნელია ყველანაირ გამრუდებულ მოსაზრებას უპასუხო... ბიძინა ივანიშვილს უზარმაზარი ფინანსური რესურსი, 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე საქართველოში. მისი ქველმოქმედების შედეგია, რომ ასობით ტაძარი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რეაბილიტირდა და შეუნაჩუნდა მომავალ თაობას. მისი ქველმოქმედების შედეგია, რომ კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებს ჰქონდათ საშუალება მეტ-ნაკლებად ღირსეული ანაზღაურება მიეღოთ, რამაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ამ დარგში ნიჭიერი ადამიანების შენარჩუნებას, ახალი კადრების მოზიდვას და ღვაწლმოსილი ადამიანების შეძლებისდაგვარად დაფასებას.

ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდ სახსრებს აბანდებდა და აბანდებს, განათლებაში, ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, ინფრასტრუქტურაში,  რეგიონების განვითარებაში და  სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს სხვა სფეროებში.

- თუმცა, რატომ მაინცდამაინც ახლა, არჩევნების წინ?

გახსოვთ, მეც “ქართუ ფონდში” ვმუშაობდი და კარგად მახსოვს რა ძალისხმევა იხარჯებოდა და რა მასშტაბის იყო ეს ქველმოქმედება. შესაბამისად გადმოცემით არ ვიცი რა მასშტაბებზეა საუბარი და არავითარი აუდიტის დასკვნა მე არ მჭირდება ამ ქველმოქმედების შედეგების შესაფასებლად. როდესაც სამ მილიარდზე ვსაუბრობთ ეს იმხელა თანხაა ქველმოქმედებისთვის,   რომ  ეხება ყველა რეგიონს, ასობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ასობით ინფრასტრუქტურულ პროექტს, ტურისტულ ინფრასტრუქტურას სხვადასხვა რეგიონში და ათობით ათას ადამიანს, რომელიც პირდაპირ, თუ ირიბ სარგებელს იღებს ამ მასშტაბური ქველმოქმედებიდან.

ოპოზიციის ბრალდებების აბსურდულობაზე მარტივი ფაქტები მეტყველებს, ჯერ ერთი ქართულ ოცნებას ზუგდიდში არჩევნები ჰქონდა 2016-შიც (სხვათა შორის ნაციონალურ მოძრაობას მაშინაც იგივე კანდიდატი ჰყავდა, ვინც დღეს ჰყავთ), შემდეგ 2017 და 2018 -შიც.

რატომ არ ჰქონდა თქვნი აზრით ბიძინა ივანიშვილს იგივე აქტივობები, თუ, როგორც ოპონენტები ამბობენ, მისი ინტერესი არჩევნებია?! ან რატომ ახორციელებს კიდევ უფრო მასშტბურ პროექტებს - შავი ზღვის სანაპიროზე, აბასთუმანში, ქუთაისში, თბილისში, თუ სხვა რეგიონებში?! იქ ხომ არ არის არჩევნები?! რა თქმა უნდა, ეს სრული სისულელეა!

- ანუ, ეს იყო ზვიად გამსახურდიას პერსონისადმი პატივისცემის გამოხატულება და არა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი?

წელს 80 წელი შესრულდა, საართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან - ეს არის იმ ადამიანის საიუბილეო თარიღი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ჩვენს საერთო სამშობლოს, მის თავისუფლებას მიუძღვნ.  ყოველი ჩვენგანის, ყველა ქართველის ვალია,  დააფასოს ის ადამიანები, ვინც სიცოცხლე მიუძღვნა და შესწირა საკუთარ ქვეყანას. და ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჭეშმარიტი პატრიოტი და თავისი ქვეყნის მოყვარული ადამიანი, ამ შემთხვევაშიც მაგალითს გვაძლევს,  თუ რას ნიშნავს და საკუთარი ქვეყნის წინაშე ღვაწლმოსილი ადამიანების, ჩვენი ქვეყნის გმირების დაფასება.  

ასე ყალიბდება და მყარდება ფასეულობები, ასე იწერება ქვეყნის ისტორია და სწორედ ასეთი ღირებულებითად სწორი მიდგომები განაპირობებს ქვეყნის მომავალს.

თუმცა ამ მასშტაბის ქმედებებსაც კი, ყველა საკუთარი მორალური გადმოსახედიდან აფასებს და შესაბამისად არც არის გასაკვირი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მსგავსი აბსურდული განცხადებები, რადგან მათ ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ხალხისთვის უანგაროდ რამის კეთება. ამიტომ არიან ისინი იქ, სადაც არიან და ჩვენ კი განვაგრძობთ ხალხთან ერთად ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას.