ექსპერტი მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორობას არ დათანხმდება.
როგორც "2020NEWS“-ს არეშიძემ განუცხადა, სააკაშვილს უკრაინაში თავისუფალი ტრიბუნა და ნაკლები პასუხისმგებლობა სჭირდება.
"ზელენსკის გამარჯვების საკითხი გადაწყვეტილი არ არის. მისი შანსები 50/50-ზეა. პეტრო პოროშენკო მთელ თავის რესურს გამოიყენებს, რომ ეს არ მოხდეს. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, დაუჭერენ თუ არა მხარს ზელენსკის სხვა კანდიდატები, რომლებმაც არჩევნებში წააგეს, მაგალითად იულია ტიმოშენკო. რაც შეეხება კითხვას, მოხდება თუ არა თანამშრომლობა სააკაშვილსა და ზელენსკის შორის, მე ვვარაუდობ, რომ მოხდება. ზელენსკი არის ოლიგარქ იგორ კოლომოისკის პროდუქტი. ამ თემას კოლომოისკი რამდენიმე წელი ამზადებდა თავისი ტელეკომპანიის "1+1“-ის მეშვეობით“, - აცხადებს არეშიძე.
ექსპერტის თქმით, აშკარაა, რომ სააკაშვილსა და კოლომოისკის შორის "ძველი მეგობრობა“ დაბრუნდა.
"სააკაშვილს აქვს თვისება, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, თუ საჭიროა, მტერსაც კი დაუახლოვდეს. კოლომოისკი ერთი პერიოდი სააკაშვილის ახლობელი იყო. იგორ კოლომოისკის "პრივატ ბანკი“ საქართველოში საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა. კოლომოისკის გუნდს ეკუთვნოდა ჭიათურასა და ზესტაფონში მარგანეცის საწარმოები. შემდეგ როცა სააკაშვილი უკრაინაში მოღვაწეობდა, მათ შორის შავმა კატამ გაირბინა, მერე როგორც ჩანს, „ძველი მეგობრობა“ ისევ დაბრუნდა. არაერთხელ შეამჩნიეს კოლომოისკი და სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ, მაგალითად ბოლო დროს ჟენევაში ჰქონდათ შეხვედრა. არ არის გამორიცხული, რომ კოლომოისკი, რომელიც ასევე განაწყენებულია პოროშენკოზე, დაუახლოვდა სააკაშვილს. შესაძლებელია, მისი გადაწყვეტილებაა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში და ზელენსკის გამარჯვების შემთხვევაში, მის გუნდში მიიღონ. დანამდვილებით არ ვიცი, დგას თუ არა საკითხი, რომ მაინც და მაინც გენერალური პროკურორი უნდა იყოს. პირადად მე არ მგონია, რომ სააკაშვილი ამ თანამდებობას დათანხმდეს. მას სჭირდება სხვა ტიპის თანამდებობა, რომელიც მეტი მანევრის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა არეშიძემ.
კითხვაზე გენერალურ პროკურორობაზე უკეთესი რა თანამდებობა უნდა მოითხოვოს სააკაშვილმა, რომ კორუფციასთან და ოლიგარქებთან მებრძოლის იმიჯი რეალობად აქციოს, არეშიძე პასუხობს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შერჩევითი სამართალი აქვს და ამიტომ ამ თანამდებობაზე დიდხანს ვერ იქნება.
"აქ არის ძაღლის თავი დამარხული, სააკაშვილი სიტყვიერად არის ბრძოლის მომხრე, თორემ სინამდვილეში ოლიგარქებთან და კორუფციასთან ბრძოლა მისთვის შერჩევითია. ვიღაცას ებრძვის და ვიღაცას მფარველობს, ისევე როგორც კრიმინალის შემთხვევაში. ასე რომ, მე ეჭვი მეპარება, რომ სააკაშვილი გენერალურ პროკურორობას დათანხმდეს. თუ ასე მოხდება, ეს ნიშნავს, რომ ამ თანამდებობაზე მოკლე ვადით იქნება, მერე ისევ კონფლიქტი მოუვა. პირველ რიგში ისევ კოლომოისკისთან ხომ არ დაიწყებს ომს. იგორ კოლომოისკი, რინატ ახმეტოვი, კიდევ რამდენიმე ადამიანია უკრაინაში, რომლებიც უკრაინის ეკონომიკას აკონტროლებენ. ისინი არიან ოლიგარქები და თავის მეგობართან ხომ არ დაიწყებს ომს. გენერალური პროკურორის თანამდებობა მაღალია, მით უფრო უკრაინისთვის. სააკაშვილი უკვე რამდენჯერმე "დაიწვა“ თანამდებობიდან გამომდინარე, გუბერნატორის და იუსტიციის მინისტრის პოსტი მისთვის მძიმე ტვირთია. მე ვფიქრობ, სააკაშვილისთვის უმჯობესია, რადაში მიიღოს მაღალი თანამდებობა იქიდან გამომდინარე, რომ ხელი ჰქონდეს გაშლილი, ანუ ტრიბუნა ჰქონდეს და პასუხისმგებლობა დაბალი ჰქონდეს. თუმცა სააკაშვილის ბუნებიდან გამომდინარე, მისგან ნებისმიერი ვირაჟი მოსალოდნელია“, - აცხადებს არეშიძე.
შეგახსენებთ, უკრაინაში არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება, სადაც ერთმანეთს პეტრო პოროშენკო და ვლადიმერ ზელენსკი დაუპირისპირდებიან.