ფასებისა და გადასახადების შემცირებაზე “ოცნება” უკან არ დაიხევს

ფასებისა და გადასახადების შემცირებაზე “ოცნება” უკან არ დაიხევს

როგორც კი “ქართული ოცნება” რეალურად გადაიბარებს ხელისუფლებას ყველა ქართველის ოცნების ასრულება უნდა დაიწყოს.  ამჯერად საუბარია არანორმალურად გაზრდილ ფასებზე, გადასახადებსა თუ ტარიფებზე. ეს არის იმ 1,2 მილიონი ამომრჩევლის მოთხვონა, რომელმაც ხმა “ოცნებას” მიცა. სხვათა შორის, ამაზე უარს არც ის კონტიგენტი იტყვის, რომელმაც ხმა ნაცმოძრაობას უფეშქაშა.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ოფიციალურად მოსვლის შემდეგ საწვავის ფასი, საშუალოდ, 20 თეთრით შემცირდება.  კოალიციის ერთ-ერთი წევრის ლევან იზორიას თქმით, ბაზარზე საწვავის ფასი ხელოვნურადაა გაზრდილი და მონოპოლიური სიტუაცია საწვავის ღირებულების შემცირების საფუძველს არ იძლეოდა.

იზორიას განმარტებით, მათი ხელისუფლებაში ოფიციალურად მოსვლის შემდეგ ბაზარზე მონოპოლია აღარ იარსებებს და კონკურენტუნარიანი გარემო კომპანიებს იძულებულს გახდის მომხმარებელს საწვავი გაცილებით დაბალ ფასად შესთავაზონ.

“ყველა ბენზინგასამართ სადგურზე ერთსა და იმავე დროს იკლებს და მატულობს საწვავის ფასი. ყველა ხვდება, რომ ფასი ხელოვნურად იზრდება, არ შეიძლება აზერბაიჯანიდან და ევროპიდან შემოტანილი საწვავი ერთი და იგივე ფასი ღირდეს”, - აცხადებს იზორია.

საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს და მხოლოდ იმას ესვამს ხაზს, რომ არჩევნების გზით ერთი ხელისუფლების მეორეთი ჩანაცვლება ქვეყნის იმიჯზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

იზორია კი ამტკიცებს, რომ კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფასები არა მარტო საწვავზე, არამედ პირველადი მოხმარების პროდუქციასა და ელექტროენერგიაზეც შემცირდება.  ამ განცხადების საფუძვლად იგი ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას ასახელებს, რასაც, მისი თქმით, “ოცნება” უზრუნველყოფს.

ყველა ეს დაპირება, ისეთივე შთამბეჭადვია, როგორც არჩევნებამდე იყო, მაგრამ მოსახლეობას ის უფრო აინტერესებს როდის განხორციელდება ეს ყველაფერი. თავისთავად ცხდია, რომ პარლამენტის შეკრების, რეალურად ამოქმედების და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე ეს ვერაფრით მოხდება. მანამდე კი საკმაო დროა, მინიმუმ, 1 თვე. ქართველი კაცი კი ყველას მოეხსენება რაოდენ მოუთმენელია, არადა ამ ყველაფერს დროს მართლაც სჭირდება.

“მაქსიმუმ თვის ბოლომდე ჩვენ მთავრობას ჩამოვაყალიბებთ და ხელისუფლებას გადავიბარებთ”, - აცხადებს “ქართული ოცნების” ლიდერი. არ არის გამორიცხული, კოალიციის წევრებმა ახალ მთავრობაში გადაინაცვლონ, მაგრამ ვინ იქნება მთავრობაში წარმოდგენილი, იგი არ აკონკრეტებს.

ივანიშვილი აცხადებს, რომ მას აქვს პროექტი და უახლოეს დღეებში მისი განხილვა დაიწყება. “მე პროექტი გამაჩნია და არა გადაწყვეტილებები. მას აუცილებლად შევუთანხმებ გუნდის წევრებს და ერთდროულად ჩამოვყალიბდებით. ჯერ არავინ არაფერი არ იცის...” - აღნიშნა კოალიციის ლიდერმა. მან ასევე განაცხადა, რომ ბევრ ქალაქში ყოფილი ოპოზიციის გამოსვლები არ წყდება, დღეს კი კოალიცია ხელისუფლებას წარმოადგენს და მას დრო სჭირდება.

“მაქსიმუმ თვის ბოლომდე ჩვენ მთავრობას ჩამოვაყალიბებთ, ხელისუფლებას გადავიბარებთ და ჩამოვაყალიბებთ ახალ, სახალხო მთავრობას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობას ვპირდებოდი. ამ დროის განმავლობაში მე მოვითხოვ მაქსიმალურ სიმშვიდეს. კარგად გააცნობიერეთ: ჩვენ აღარ ვართ ოპოზიციაში”, - განაცხადა ივანიშვილმა.

ფასების შემცირებას და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გატარებას ექსპერტი ავთო სილაგაძე ბაზარზე მონოპოლიის არსებობით ხსნის. მისი თქმით, მოსალოდნელი საფასო ცვლილების საფუძველი იქნება კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, რასაც “ოცნება” უზრუნველყოფს.

“რეალურად გვაქვს საქმე მონოპოლისტურ და ოლიგოპოლისტურ ძალებთან, უნდა გაძლიერდეს ანტიმონოპოლიური სტრუქტურის მუშაობა და ფასები გადაიხედოს. ეს ეხება როგორც საწვავის ბიზნესს, ასევე კომუნალურ გადასახადებს და ფარმაცეფტულ ბაზარს, სადაც დანახარჯები ხელოვნურად არის გაბერილი. ამ მიმართულებით ცვლილებებს აუცილებლად უნდა ველოდოთ, რადგან რეალურად არსებობს მექანიზმი, რომელიც ფასების დაწევას შესაძლებელს გახდის”, - ამბობს ავთო სილაგაძე.