სტაბილური ქვეყნის სტაბილურ ბანკებში მძარცველები დასეირნობენ

სტაბილური ქვეყნის სტაბილურ ბანკებში მძარცველები დასეირნობენ

საბანკო სექტორი სტაბილურობას არჩევნების შემდგომ პერიოდშიც შეინარჩუნებს, - ირწმუნებიან საქართველოს ეროვნულ ბანკში. სანამ სექტორის სტაბილურობა-არასტაბილურობის საკითხი დადგებოდეს, მანამდე ბანკებს სულ სხვა პრობლემა დაატყდა თავს - არჩევნების დასრულების შემდეგ, ერთ დღეში ერთბაშად 2 სხვადასხვა ბანკის ფილიალი გაიძარცვა.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ბანკებში უახლოეს მომავალში მოსალოდნელია საკრედიტო აქტივობების ზრდა. საბანკო სექტორში მაღალი ლიკვიდობა არსებობს, რის გამოც მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კომერციული ბანკების მიერ სესხების გაცემის ზრდა მოსალოდნელია. ეროვნული ბანკის ვარაუდით, აქტივობის ზრდა საპროცენტო განაკვეთებზე არ აისახება.

ოფიციალური სტატისტიკით, წინა საარჩევნო პერიოდში სესხების გაცემის ტემპის შენელება ფიქსირდებოდა. ბოლო ანგარიშის თანახმად, საკრედიტო პორტფელის მოცულობამ 2012 წლის აგვისტოს ბოლოს 8,446 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ივლისთან შედარებით 23 მლნ ლარითაა შემცირებული.

“არცერთი ხელისუფლების მიზნებში არ შედის  საბანკო სექტორის მდგომარეობის გაუარესება, პირიქით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური გარემო გაუმჯობესდება”, – აცხადებს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია.

მისი თქმით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ოფიციალურად მოსვლის შემდეგ საბანკო სექტორი რადიკალურ ცვლილებებს არ ელოდება და არც იმის წინაპირობა არსებობს, რომ სამომხმარებლო აქტივობა შემცირდება, ან ბანკები კრედიტების გაცემას შეამცირებენ თუნდაც გარკვეული დროის განმავლობაში.

განსხვავებული მოსაზრება აქვს “ქართუ ბანკის” პრეზიდენტს ნოდარ ჯავახიშვილს, რომელიც ქვეყნის მთავარი ბანკირის პოსტის დაკავების უმთავრესი პრეტენდენტია. მისი აზრით, ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული როგორ მდგომარეობაშია სახელმწიფოს ბიუჯეტი და ხაზინა.

“ყველაზე მთავარი  არის ის, რომ ვნახოთ რა დაგვხვდა. დღეს ამის საშუალება არ გვექნება იმიტომ, რომ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იგივე ბიუჯეტში რა ხდება, არ ვიცით. ეს ჯერ უნდა მოვითხოვოთ, მოგვცენ და ა.შ. რა ხდება ეროვნულ ბანკში, არავინ არ ვიცით. კი არის დაწერილი, რომ საერთაშორისო საფინანსო რეზერვები 3 მილიარდია, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი ასეა. ამოსავალი იქნება იმის გაგება, მოვედით ცარიელ ქვეყანაში თუ გვაქვს  რაღაც ფინანსური რესურსი”, - აცხადებს ჯავახიშვილი.

თუმცა ამ მომეტისთვის საქართველო საბანკო სექტორს სულ სხვა პრიბლემები აქვს და ეს არის უსაფრთხოება. არჩევნების შედეგების საბოლოოდ გარკვევისთანავე რატომღაც მძარცველებმა მიზანში ბანკები ამოიღეს და საქმეს შეუდგნენ. მარტო გუშინ ერთბაშად 2 სხვადასხვა ბანკის ფილიალზე მოხდა თავდასხმა. ორივე შემთხვევაში მძარცველი ერთი ადამიანი იყო და საკმაოდ მარდიც. „პროკრედიტ ბანკისა“ და “საქართველოს ბანკის” ფილიალებიდან თანხა სულ რამდენიმე წუთში წაიღეს.

პროკრედიტ ბანკის“ დიღმის ფილიალი 4 ოქტომბერს დილით გაძარცვეს. უცნობი პირი ბანკში მისი გახსნიდან რამდენიმე წუთში შეიჭრა და გარკვეული თანხა გაიტაცა. ჯერჯერობით გატაცებული თანხა არ კონკრეტდება, თუმცა როგორც მარკეტინგის სამსახური აცხადებს, ეს თანხა დიდი რაოდენობის არ იყო.

იმავე დღეს, მოსაღამოებულში მიზანში “საქართველოს ბანკიც” ამოიღეს და კალაუბნის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში არსებულ საქართველოს ბანკის სერვის ცენტრში ერთი თავდამსხმელი შეიჭრა, რომელმაც გარკვეული თანხის გატაცება მოახერხა.

“საქართველოს ბანკში” ძალიან მაღალ დონეზე არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია არსებობს ყველანაირი ვიდეოჩანაწერი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ საქმის გახსნას. რაც მთავარია, ამ შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა”, - აღნიშნა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ბალავაძემ.

თვითმხილველთა ინფორმაციით, სერვის-ცენტრზე თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული და ნიღაბი ეკეთა. თავდამსხმელმა მოლარეს თანხა იარაღის მუქარით გამოსტაცა, რის შემდეგაც ბანკის ტერიტორია დატოვა. შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და კინოლოგები რამდენიმე წუთში მივიდნენ და ძაღლმა კვალიც კი აიღო, მაგრამ მძარცველის პოვნა ეგრეც ვერ მოახერხეს.