ფლორიდის შტატში მდებარე დახურულ კლუბ მარ-ალაგოში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტისას ჩინეთის პასპორტის მქონე მოქალაქე დააკავეს, რომელიც ივარაუდება რომ უკანონოდ ცდილობდა ტერიტორიაზე შეღწევას. მოქალაქეს უპოვეს დავირუსებული პროგრამებით მეხსიერების ბარათი და ოთხი მობილური ტელეფონი. ამის შესახებ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტის მიერ სასამართლოსთვის გაგზავნილ დოკუმენტებში წერია.
ინციდენტი 30 მარტს მოხდა. როგორც CNN-ი წერს, ტრამპი ამ დღეს რეზიდენციაში იყო, თუმცა არა თავად შემთხვევის მომენტში. მარ-ალაგოში პრეზიდენტის ვიზიტის გამო უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო - ადგილზე იმყოფებოდნენ საიდუმლო სამსახურის აგენტები და ადგილობრივი შერიფის წარმომადგენლები. ტერიტორიაზე ასევე იყო განთავსებული ნიშნები იმის შესახებ, რომ იქ შესვლა ნებართვის გარეშე არ შეიძლებოდა.
ნაპოვნი საბუთების მიხედვით, დაკავებული პირი 32 წლის იუძინ ჩჟანია. დოკუმენტების თანახმად, შუადღის შემდეგ ის ერთ-ერთ აგენტთან მივიდა, რომელიც კლუბში მოხვედრის მსურველებს ამოწმებდა, და უთხრა, რომ აუზისკენ მიდიოდა. მან ორი ჩინური პასპორტი წარადგინა. მისი ვინაობის დასადასტურებლად აგენტმა ის დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურთან გააგზავნა, სადაც აღმოჩნდა, რომ სიაში ეს ქალი არ იყო, თუმცა ერთ-ერთმა მენეჯერმა შენიშნა, რომ კლუბის წევრებს შორის იყო ადამიანი გვარად ჩჟანი. ქალს ჰკითხეს იყო თუ არა ეს კაცი მამამისი, ბუნდოვანი პასუხის მიუხედავად ქალი ტერიტორიაზე მაინც შეუშვეს.
ქალი გოლფის მოედნისკენ გაემართა, მას ვიზიტის მიზნის შესახებ ჰკითხეს, რაზეც უპასუხა, რომ გაეროს ეგიდით ამერიკულ-ჩინური ასოციაციის ღონისძიებაზე დასასწრებად იყო ჩამოსული. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ღონისძიება სასტუმროში დაგეგმილი არ იყო, დაწესებულების თანამშრომელმა კლუბის ტერიტორიაზე ყოფნის უფლების მქონე პირთა სიის გადამოწმება გადაწყვიტა. როდესაც სიაში ჩჟანის გვარი ვერ იპოვა, უსაფრთხოების სამსახური გამოიძახა.
სამსახურის წარმომადგენელს ქალმა ვითომდა ღონისძიების მოსაწვევი ბარათი წარუდგინა, რომელიც ვერ წაიკითხეს რადგან ჩინურად იყო დაწერილი. საბოლოოდ ჩჟანი ტერიტორიიდან გაიყვანეს. დაკითხვაზე ქალმა თქვა, რომ მისმა ჩინელმა მეგობარმა ჩარლზმა, რომელთანაც WeChat-ში საუბრობდა, უთხრა რომ მარ-ალაგოზე ჩამოსულიყო და დონალდ ტრამპის ოჯახის წევრებთან აშშ-ჩინეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ესაუბრა.
დაკავებისას ქალს უპოვეს ოთხი მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, მყარი დისკი და მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი ვირუსების შემცველი პროგრამები. ამასთან, ჩჟანის ნივთებს შორის საცურაო კოსტიუმი არ იყო.