სულ ცოტა ხნით ადრე მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი დამარცხებას აღიარებდა, ერთმა აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ საქართველოს პრეზიდენტს სანერვიულო არაფერი აქვს. ის ერთადერთი ადამიანი არ არის, რომელიც შეცდა. თბილისიდან დაწყებული ვაშინგტონით დამთავრებული ცოტა თუ ელოდა ოპოზიცური მოძრაობის „ქართული ოცნების“ ასეთ გასაოცარ გამარჯვებას. ამ კოალიციას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, რომელმაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში თავისი გამარჯვების შესახებ განაცხადა.
კავკასიაში მომხდარი ამ გეოპოლიტიკური მიწისძვრიდან დიდი დრო არ გასულა. ეს მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი რეგიონია, რომელსაც ხშირად დიდ ყურადღებას უთმობენ. ის ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს და რუსეთისკენ დერეფანია ირანის, თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებისთვის.
ივანიშვილს ძალიან წარმატებული ბიზნესი ჰქონდა რუსეთში, ამიტომ მოსალოდნელია, რომ თბილსს და მოსკოვს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდება. მეტიც, შესაძლოა რუსეთმა დაუშვას საკუთარ ბაზარზე ქართული ღვინო და მინერალური წყალი „ბორჯომი“. მაგრამ იმავდროულად, საეჭვოა ახალმა მთავრობამ კარდინალურად შეცვალოს პოზიცია რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე. და არავინ ფიქრობს იმას, რომ ქართველი ხალხის მოსაზრება ამ ოკუპაციაზე უმალ შეიცვლება.
ასევე ძალიან ადრეა იმის პროგნოზირება, უარს იტყვის თუ არა „ქართული ოცნების“ მთავრობა ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სააკაშვილის ამოცანებზე. ჯერჯერობით საქართველოს მეგობრები იმედოვნებენ, რომ თბილისი დარჩება დემოკრატიის და საბაზრო რეფორმების საყრდენად შორეულ კავკასიაში. ივანიშვილის ორი საგარეოპოლიტიკური მრჩეველი – საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია და ვეტერანი დიპლომატი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თედო ჯაფარიძე მყარად პროდასავლურ პოზიციებზე დგანან.
თუმცა, რუსეთი როგორც ჩანს ზეწოლას განახორციელებს საქართველოს ახალ მთავრობაზე, შეეცდება რა აიძულოს ქვეყანას გაერთიანდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ), კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში, ან შესაძლოა, ევრაზიულ კავშირშიც კი, რომელიც ვლადიმერ პუტინის ტვინის კვაზი-იმპერიული პროდუქტია.
რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი საქართველო შეძლებდა მისთვის სახმელეთო დერეფნის დათმობას ირანისკენ სომხეთის გზით. ასეთი სატრანსპორტო არტერიის გაკონტროლება რთულია და ამ გზით გაცილებით მეტი ტვირთის გადატანა შეიძლება, ვიდრე ჰაერით.
მაგრამ ეს არჩევნები ყველაზე მეტად შთამბეჭდავია ქვეყნის შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით. ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან მმართველმა პარტიამ ოპოზიციას გამარჯვების უფლება მისცა. ასეთი არჩევნები პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი იშვიათობაა.
პოლიტიკური ძალადობა კავკასიის მთებში საუკუნეების ტრადიციაა, თუმცა საქართველოში მსგავსი არაფერი შეიმჩნევა. ასევე ჩანს, რომ არჩევნებში არ ჰქონდა ადგილი მასშტაბურ გაყალბებას, რასაც ადასტურებს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დელეგაცია, რომელმაც მას „ძალიან კონკურენტული“ უწოდა.
არჩევნები მართლაც კონკურენტული იყო და მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობდნენ კამპანიაში მთელი მისი მსვლელობის განმავლობაში. მაგრამ არჩევნების წინ სიტუაცია იყო დაძაბული, ხოლო საზოგადოება პოლარიზებული, დროდადრო ძალადობის შემთხვევებიც დაფიქსირდა. კამპანია ხშირად კონცენტრირებული იყო ერთი მხრივ მოქმედი ხელისუფლების უპირატესობებზე და მეორე მხრივ – კერძო კაპიტალზე, რჩებოდა რა ხშირად ყურადღების მიღმა კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმები და პროგრამები.
გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები დიდწილად სრულდებოდა. მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად სიტუაციას აფუჭებდა პარტიული აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების დევნისა და დაშინების შემთხვევები, რაც ხშირად მთავრდებოდა დაპატიმრებებითა და ჯარიმებით, რომელსაც აკისრებდნენ კამპანიის იმ მონაწილეებს, რომლებიც ოპოზიციასთან იყვნენ დაკავშირებულნი. ეს უნდობლობის ატმოსფეროს აჩენდა რბოლაში მონაწილეთა შორის.
მაგრამ რეალური სანახაობა ახლა იწყება, რადგან საჭიროა საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბება. არჩევნებში დამარცხება სააკაშვილის პოლიტიკურ კარიერაში შესვენებას უნდა ნიშნავდეს. ივანიშვილმა მას გადადგომისკენ მოუწოდა, მაგრამ ეს მოწოდება უარყოფილ იქნა. სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს სრულდება, როდესაც ქვეყანა ახალ პრეზიდენტს აირჩევს.
გარე დამკვირვებლებისთვის საქართველოს საპარლამენტო არჩევენები ერთგვარ გამოცდად იქცა ამ ქვეყნის დემოკრატიული მართვისა და სააკაშვილის რეფორმებისადმი ერთგულების გზაზე. საქართველომ ეს ტესტი წარმატებით ჩააბარა და გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ბელორუსი, რუსეთი და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნები. ეს კონტრასტი განსაკუთრებით მკვეთრია, თუკი გასულ არჩევნებს რუსეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს შევადარებთ, სადაც უამრავი დარღვევა დაფიქსირდა. აქ არაფერია პუტინი-მედვედევის სტილში.
სააკაშვილი ამერიკის მტკიცე მოკავშირეა. 2003 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან აქცენტი დასავლური ტიპის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და კორუფციასთან ბრძოლაზე გააკეთა. მან დაამტკიცა, რომ მის მიერ დაწყებულმა რეფორმებმა შეიძლება ნაყოფი გამოიღოს. მართალია, ივანიშვილმა ამ არჩევნებში საკუთარი კაპიტალიდან ასობით მილიონი დოლარი ჩადო, თუმცა საქართველოს მმართველ პარტიას, როგორც ჩანს არც უცდია ხმების დათვლის კორექტირება.
„ქართულმა ოცნებამ“ გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სექტემბრის ბოლოს, როდესაც გავრცელდა ქართულ ციხეებში პატიმრების შეურაცხყოფისა და მათზე ძალადობის ვიდეოკადრები, რამაც ნაციონალური მასშტაბის სკანდალი გამოიწვია. ციხიდან გამოტანილი ვიდეომასალა ნაციონალური ტელევიზიით გაავრცელეს, და ყველამ იხილა ის, თუ როგორ სცემენ და სექსუალურ ძალადობას ახორციელებენ პატიმრებზე ციხის მცველები. კვლევების თანახმად, მმართელი პარტიის მხარდაჭერა უმალ 20%-ით შემცირდა.
მაგრამ ეს ისტორია ჯერ არ დასრულებულა. წინ ძალაუფლების გადაცემის პროცესია და სწორედ ის გახდება ნამდვილი გამოცდა საქართველოსთვის, რომლის პოლიტიკურმა ელიტამაც ქვეყანაში მშვიდობა უნდა უზრუნველყოს. მთავარია ქვეყანაში არ დაუშვან კორუფციის და უკანონობის აყვავება, რაც უკრაინაში ხდება. გარდა ამისა, 2010 წელს იმ დარტყმის შემდეგ, რაც უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერებს, პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს და პრემიერმინისტრ იულია ტიმოშენკოს მიაყენა, მოსკოვის გავლენა კიევზე გაძლიერდა.
სააკაშვილს, რომელიც შეიძლება ახლავე ფიქრობს ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, ურჩევნია ელეგანტურად დატოვოს პოლიტიკური სცენა მომავალ შემოდგომაზე. მან განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს „ქართულ ოცნებასთან“ საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე. თუკი ეს ასეა, ის განიმტკიცებს წარმატებული რეფორმატორის რეპუტაციას, რომელიც მისი უძველესი და უმშვენიერესი ქვეყნის გარდაქმნას ცდილობდა.
foreignpress.ge