ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყანაში უშუქობის პრობლემის მოსაგვარებლად ელექტროენერგიის 30-დღიანი განაწილების გეგმა წარადგინა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
სატელევიზიო მიმართვაში მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ერთთვიანი პერიოდი ელექტროენერგიის სტაბილურობისა და წყლის ინფრასტრუქტურის აღსადგენად იქნება გამოყენებული.
გეგმის თანახმად, 30 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შესამცირებლად სამუშაო დღე შემცირდება და დროებით სკოლები დაიხურება.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვენესუელის შტატების უმრავლესობაში ელექტროენერგია სამჯერ გაითიშა. ვენესუელაში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა 7 მარტიდან შეიქმნა, რაც სამოქალაქო ობიექტებს დაბრკოლებას უქმნის. მომხდარში მადურო შეერთებულ შტატებსა და ოპოზიციას ადანაშაულებს.
ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.