მედია: საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ჯამალ ჰაშაღის შვილებს დუმილისთვის ფული გადაუხადა

მედია: საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ჯამალ ჰაშაღის შვილებს დუმილისთვის ფული გადაუხადა

საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის შვილებს, კომპენსაციის სახით, ყოველთვიურად 10 ათას დოლარს უხდის. ამის შესახებ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით The Washington Post-ი ავრცელებს.

ჰაშაღის ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი ფულს იღებენ საჯარო სიტყვით გამოსვლისგან თავის შეკავებისთვის. გამოცემის წყაროს ცნობით, საუდის არაბეთში ეს ცნობილი პრაქტიკაა, როდესაც მსხვერპლის ოჯახის წევრებს დუმილისთვის კომპენსაციას უხდიან.

გარდა ამისა, ჟურნალისტის შვილებმა ქალაქ ჯიდაში მიიღეს სახლები, რომლებიც 4 მილიონ დოლარამდე ღირს. წყაროს ცნობით, განსხვავებით ქალიშვილებისგან, ჰაშაღის ვაჟებს მაქსიმალური სარგებლის მიღება სურთ. მისი თქმით, ერთ-ერთმა შვილმა საუდის არაბეთის ხელისუფლებას მოსთხოვა, რომ მას ლეონარდო და ვინჩის ნახატი „მსოფლიოს მხსნელი“ სურს, რომელიც საუდის არაბეთის მეფეს ეკუთვნის და 450 მილიონი დოლარი ღირს.

საუდელი ჟურნალისტი 2018 წლის 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა, სადაც ის მოკლეს.