"ავერსის" მფლობელი: მე ამ რვა წელიწადში რამდენჯერმე მაქვს გადახდილი თანხა(VIDEO)

ბიძინა ივანიშვილსა და ბიზნესმენებს შორის შეხვედრის დროს, დღეს, 5 ოქტომბერს, ცხარე კამათი გამოიწვია ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" დამფუძნებლის პაატა კურტანიძის გამოსვლამ, რომელიც ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მისი ფირმა არ არის მონოპოლისტი საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე.

პაატა კურტანიძის განცხადებით, არც ერთ პიროვნებას, არც ერთ კომპანიას არ ჰქონია შეზღუდვა მედიკამენტების იმპორტთან დაკავშირებით, რასაც ივანიშვილი არ დაეთანხმა და კონკრეტული მაგალითი დაუსახელა, თუ როგორ ვერ შეძლო საჩხერის საავადმყოფოსთვის, რომელიც მან ააშენა, მედიკამენტების საკუთარი სახსრებით შემოტანის უფლების მოპოვება.

კურტანიძის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში წამლის 456 იმპორტიორი და 2500 აფთიაქია:

"როდესაც საუბრობენ მედიკამენტების ბაზრის მონოპოლიზაციაზე, ერთ-ერთ მონოპოლისტად "ავერსი" მოიაზრება, ავერსი 18 წელია არსებობს და მთელი ბაზრის 20%-ს შეადგენს მისი წილი," - განაცხადა კურტანიძემ და იქვე დასძინა, რომ მისი კომპანიის რენტაბელობა 5%-ს შეადგენს. 

ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა, თუ როგორ ახერხებს ის ასეთი რენტაბელობის შენარჩუნებას, როდესაც მან რუსეთში, გაცილებით დიდ ბაზარზე ვერ მოახერხა ფარმაცევტულ ბაზარზე საკუთარი კომპანიით ანალოგიური შედეგის მიღწევა:

"მე მსგავსი ბიზნესი მქონდა რუსეთში და დანაკარგებით გამოვედი. ეს არარენტაბელური, რთული ბიზნესია და თქვენ ასე პატარა ბაზარზე, საქართველოში 5% გაქვთ რენტაბელობა".

კურტანიძის თქმით, მისი კომპანიის რენტაბელობა განპირობებულია იმით, რომ ერთდროულად აქვს სააფთიაქო ქსელი, დისტრიბუცია და წარმოება.


ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მონოპოლიური და კარტელური შეთანხმება ბაზარზე ვერ იქნება დაშვებული და გამართლებული.

პაატა კურტანიძემ განაცხადა, რომ მის კომპანიას კანონი არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის მთავრობის დროს დაურღვევია, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე მას არ დაუმალავს, რომ ბოლო რვა წელიწადში რამდენჯერმე აქვს გადახდილი თანხა, რომელზეც სასამართლოში აპირებს დავას.

"მე ამ რვა წელიწადში რამდენჯერმე მაქვს გადახდილი თანხა, ისე როგორც ბევრს, ყოველგვარი საჭიროების გარეშე," - განაცხადა კურტანიძემ, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის თანხის გაღება მოუხდა.

ოფიციალურად კი პაატა კურტანიძემ წლევანდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 60 ათასი ლარი შეწირა აგვისტოს ბოლოს. ფულადი შემოწირულობები "ნაციონალების" სასარგებლოდ ასევე გაიღეს მისმა ოჯახის წევრებმა - მეუღლემ - ნინო ჭარხალაშვილმა (5 ათასი ლარი), ძმამ - მალხაზ კურტანიძემ (60 ათასი ლარი), დამ - მაია კურტანიძემ (35 ათასი ლარი) და სიძემ - კახაბერ კილაძემ (10 ათასი ლარი), საერთო ჯამში - 170 ათასი ლარი.