„კრიმინოგენური ვითარების გამწვავება ისეთივე ვირტუალურია, როგორი ვირტუალურიც აქამდე კეთილდღეობა იყო“

„კრიმინოგენური ვითარების გამწვავება ისეთივე ვირტუალურია, როგორი ვირტუალურიც აქამდე კეთილდღეობა იყო“

რუსთავში, „მეგობრობის გამზირზე“ მდებარე მინი-მარკეტი წუხელ ღამით გაძარცვეს. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და კრიმინალური სამსახურები მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციით, ობიექტის ძარცვის შედეგად 200 ლარია წაღებული. მარკეტი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული. მეზობლებს ხმაური არ გაუგიათ.

4 ოქტომბერს დილით თბილისში „პროკრედიტ ბანკის“ დიღმის მასივის მე–3 კვარტალში მდებარე სერვისცენტრი გაძარცვეს. ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განმარტა, რომ მძარცველი ფილიალში რიგითი კლიენტის რანგში შევიდა, შესაბამისად, ის არც შეიარაღებული ყოფილა და არც ნიღაბი ეკეთა. „პროკრედიტბანკის“ ინფორმაციით, ბანკში შესვლიდან დაახლოებით ერთ წუთში მძარცველმა მოახერხა ერთ-ერთი უჯრიდან ფულის გატაცება და სავარაუდოდ ეს მცირე თანხა იყო.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ კრიმინალური შემთხვევებისა, რაც უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში დაფიქსირდა. ამიტომ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ ვიღაცას აწყობს კრიმინოგენული ვითარების დამძიმება და შესაძლოა, ამის ინსპირირებასაც უწყობს ხელს. ასევე საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ შესაძლოა მმართველი გუნდის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ ძალაუფლების მშვიდობიან და უმტკივნეულო გადაბარებაში გარკვეული ხრიკი იყოს ჩადებული. კერძოდ, ამ ვერსიის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს, რომ ძალაუფლების „ქართული ოცნებისთის“ სრულად გადაბარების შემდეგ მმართველი ძალის დისკრედიტაცია მოახდინოს, ანუ თქვას, რომ კოალიცია ქვეყანას ვერ მართავს და როგორც სულ გვიკიჟინებდნენ, ქვეყანაში ქურდები და კრიმინალები დაბრუნდნენ. შემდეგ კი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გზით ეცადოს, ისევ მოვიდეს ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ასეთი რამ შეუძლებელია, მაგრამ ამ ვერსიას არსებობის უფლება მაინც აქვს.

რას ფიქრობენ ამ საკითხზე ქართველი ექსპერტები და თავად „ქართული ოცნების“ წევრები, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ აქვს გარკვეული შიში, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შესაძლოა ამგვარი სტრატეგია ჰქონდეს და დასძენს, რომ ანალოგიური სტრატეგია ამჟამინდელ მმართველ გუნდს შევარდნაძის პერიოდში ჰქონდა.

„ანალოგიური სტრატეგია მათ შევარდნაძის პერიოდში ჰქონდათ და მართალია მაშინ ჩაბნელებები, თუ კრიმინალური სიტუაციები ისედაც უფრო მეტი იყო, მაგრამ შიგადაშიგ მათ სიჭარბეს ხელს უწყობდა ეს ჯგუფიც, რომელსაც მოსახლეობაში კრიზისის განცდის უფრო გაძლიერება სურდა. ასე რომ, მათთვის ეს სტრატეგია უცხო არ არის. ჩვენში არსებულ ამ შიშს კიდევ უფრო აღვივებს ის გარემოება, რომ ამ კრიმინალური მოვლენებისკენ თავად ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიშვირეს თითი, გააკეთეს აქცენტი, რომ ქურდები მოდიან. შინაგან საქმეთა სამინისტომ ამას უპასუხა, რომ ეს დანაშაულები აქამდეც ხდებოდა, ვიძიებდით და განსაკუთრებული არაფერი მომხდარაო. ასე რომ, მათი ასე უცებ საქმის კურსში ყოფნა და ამისკენ მითითება გაფიქრებინებს, რომ ან ინფორმაცია საიდან მიუვიდათ ასე სწრაფად, ან ამაზე აქცენტებს რატომ აკეთებენ, ისე რა ცოტა საქმე აქვთ? ამიტომ ჩნდება კითხვა, თვითონ ამათი დირიჟორობით ხომ არ მიმდინარეობს ეს პროცესი?“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, გამორიცხული არაფერია, თუმცა პირდაპირ ვერავის ვერაფერს დააბრალებს, რადგან საამისო მტკიცებულებები არ გააჩნია. აქვე იგი აღნიშნავს, რომ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისთვის იგივე პირობები არ არის, რაც შევარდნაძის დროს იყო, რადგან მაშინ პარტიის ლიდერები სახელისუფლებო სტრუქტურებში იყვნენ, ზოგი პარლამენტში, ზოგი კი - მინისტრთა კაბინეტში და გარკვეული გავლენის ბერკეტები ჰქონდათ. ახლა კი, როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ უცნობია. რამაზ საყვარელიძე ასევე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები თანდათან ქვეყანას ტოვებენ.

„რომ წარმოვიდგინოთ, რომ ვინც გასაქცევია, ყველამ ბილეთი აიღო და წავიდა (ასეთი მინიმუმ 90% აღმოჩნდება), სწორი სტრატეგია იქნება თუ არა მათთვის ეს? ჩემის აზრით, მათთვის ეს არ იქნება სწორი სტრატეგია, რადგან თუ აქ ძალაუფლება მთელი სისრულით „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, მას ელემენტარულად შეუძლია სასამართლო პროცესებით იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ მათ ქონებაში ბევრი უკანონო წილია და ინტერპოლით სათითაოდ დააბრუნოს ეს ხალხიც და მათი ქონებაც. შესაბამისად, მათთვის უფრო მომგებიანი იქნება, რომ აქ გაიმყარონ პოზიციები, რათა მოვლენების ამგვარ განვითარებას ხელი შეუშალონ. ამიტომ, რა თქმა უნდა, იქნებიან ვიღაცეები, ვინც გაიქცევიან, მაგრამ არ მგონია რომ გაქცევა ზოგად სტრატეგიად ჩამოაყალიბონ. მათი სტრატეგია ალბათ, უფრო ის იქნება, რომ აქ გაიმყარონ პოზიციები“, - ამბობს ექსპერტი.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ოპოზიციის ფუნქცია არის ის, რომ ხელისუფლების მიმართ მუდმივად კრიტიკული იყოს. ამიტომ, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას „ქართულ ოცნებას“ აბარებს, მას ხელისუფლება მუდმივ კონტროლზე ეყოლება.

„მე რასაც ვუყურებ, ხელისუფლების ასეთი მშვიდობიანი გადაბარების მთავარი მიზეზი არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური მომავალი სჭირდება. ამ არჩევნების შედეგად ჩვენ მივიღეთ არა მხოლოდ ის, რომ ხელისუფლების გადაბარება დემოკრატიულად პირველად მოხდა, არამედ ისიც, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ხელისუფლებაში მყოფი ძალა პოლიტიკაში რჩება. იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების ცვლილება ყოველთვის რევოლუციის და სახელმწიფო გადატრიალების გზით ხდებოდა, მმართველი ძალა პოლიტიკიდან საერთოდ მიდიოდა, რადგან რეპრესიებს ექვემდებარებოდა და ა.შ. ეს ყველა შემთხვევაში იყო პოლიტიკური სისტემის, სახელმწიფო სისტემის დამანგრეველი. პოლიტიკურ სისტემაში მემკვიდრეობითობის არარსებობა იყო ერთ-ერთი მთავარი, რაც სახელმწიფოს დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნიდა. არ ყალიბდებოდა მწყობრი პოლიტიკური სისტემა, რომელსაც ექნებოდა გამოცდილება, ექნებოდა მემკვიდრეობითობა და ა.შ.“, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

მისი თქმით, ახლა ეს ტრადიცია დაირღვა. ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი კრიმინალური ნაწილისგან გაიწმინდება, რადგან ძალიან ბევრი პირი, ვინც ამ რვა წლის განმავლობაში ქვეყნის ტერორსა და ძარცვაში მიიღო მონაწილეობა, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, ხოლო იმ ნაწილს, რაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ დარჩება, ექნება შანსი, რომ პოლიტიკაში დარჩეს, როგორც ერთ-ერთი გამწევი ძალა. ამიტომ, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ის, რასაც დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს სწორედ აქეთ არის მიმართული - ეს არის საკუთარი პოლიტიკური მომავლის გადარჩენაზე ზრუნვა, რათა ისინი ისევე არ გაქრნენ ქართული პოლიტიკიდან, როგორც თავის დროზე ჯერ ზვიად განსახურდიას გარშემო შემოკრებილი პოლიტიკური გუნდი, ხოლო შემდეგ „მოქალაქეთა კავშირი“.

„დასავლეთის ფაქტორი, როგორც ყოველთვის, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია და „ნაციონალური მოძრაობა“ უპირველეს ყოვლისა ცდილობს, დასავლეთის თვალში ჰქონდეს ისეთი პოლიტიკური იმიჯი, რომლის პოლიტიკურ მომავალსაც, რბილად რომ ვთქვათ, ჯვარს არ დაუსვამენ. ბუნებრივია, მათ აქვთ ისეთი და იმდენწლიანი კავშირები დასავლეთთან, რომ დასავლეთისთვისაც  და მათთვისაც საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია, რომ თავისი პოლიტიკური არსებობა დაასრულონ. თუმცა იმ ფორმით, როგორც დღეს არის, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შენარჩუნდება, ანუ იგი საკუთარი კრიმინალური ნაწილისგან დაიწმინდება“, - აღნიშნავს ექსპერტი.

„ქართული ოცნების“ წევრი დავით ზურაბიშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კრიმინალური სიტუაციის გამწვავება ისეთივე ვირტუალურია, როგორი ვირტუალურიც აქამდე ქვეყნის წინსვლა იყო.

„ეს მავნებლობები ისეთივე ვირტუალურია, როგორი ვირტუალურიც იყო კეთილდღეობა. თუკი ადრე „რუსთავი2“ და „იმედი“ აჩვენებდა აყვავებულ საქართველოს, რომ ეს ყველაფერი ბზინავს, ბრწყინავს და გადარეულია მთელი მსოფლიო სინგაპურიდან დანიამდე, ახლა იგივე ტელევიზიები, იგივე მეპატრონეების ზეგავლენით აჩვენებენ, რომ ყოველდღე რაღაც კრიმინალური ფაქტი ხდება. თითქოს აი, რადგან სააკაშვილი წავიდა, სიტუაცია აირია. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ისინი ოპოზიციაში გადავიდნენ, ბუნებრივია, ყოველთვის იტყვიან, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მართავს ქვეყანას და ისევ თავად აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას. რაიმე სერიოზული საბოტაჟის საფრთხეს კი მათგან ვერ ვხედავ“, - ამბობს ზურაბიშვილი.

რაც შეეხება ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას, მისი თქმით, თუკი ვინმეს ამ პროცესთან დაკავშირებით რამე კითხვები უჩნდება, დავით ზურაბიშვილი მათ პასუხობს - როდესაც არსებობს ორი ფაქტორის ერთობლიობა (გარე ფაქტორი-დასავლეთის განწყობა და შიდა ფაქტორი-ქართული საზოგადოების განწყობა), ასეთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი არაფრის გამბედავი არ არის.