ევროკომისიაში აცხადებენ, რომ საქართველოს, რუსეთის მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის, დაბლოკვის ეკონომიკური მოტივი არ აქვს. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მსო-ში რუსეთს მხარს მაშინ დაუჭერს, თუ რუსეთი შესაძლებლობას მისცემს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლი განახორციელოს.
„მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია პოლიტიკური გაერთიანება არ არის. შესაბამისად, ის რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ რუსეთს მსო-ში გაწევრიანებას მხარი არ დავუჭიროთ“, - განაცხადეს ევროკომისიაში.
კითხვაზე, არის თუ არა ეკონომიკური მოტივი ის, რომ საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო კონტროლს ვერ ახორციელებს, ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ეს პოლიტიკური პრობლემაა, რასაც სავაჭრო ორგანიზაცია ვერ გაითვალისწინებს.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ეკონომიკური მოტივი იქნება ის, თუკი რუსეთი საკუთარი პროდუქტის ექსპორტს აკრძალავს საქართველოში ან პირიქით. ანუ, თუკი, რუსეთი ორგანიზაციის წევრი გახდება ეს ნიშნავს იმას, რომ ემბარგო გაუქმდება და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბარიერები აღარ იარსებებს. თუმცა, ევროკომისიაში იმასაც აცხადებენ, რომ საქართველოს მხარდაჭერის გარეშე რუსეთი მსო-ს წევრი ვერ გახდება, ვინაიდან რუსეთის გაწევრიანებაზე ყველა ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
ქართველი ექსპერტების განცხადებით, ამ დროისთვის მიდის ვაჭრობა რა მოგება შეიძლება მიიღოს, საქართველომ მსო-ში რუსეთისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ. ვაჭრობაში რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებს გამორიცხავს. არ არის გამორიცხული ეს იყოს ფინანსური დახმარების ისეთივე მსხვილი პაკეტი, რომელიც საქართველომ აგვისტოს ომის დროს ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ მიიღო.
თუმცა, ამერიკამ ცალსახად დააფიქსირა, რომ არ აპირებს რუსეთის მსო-ში გასაწევრიანებლად საქართველოს რაიმე შესთავაზოს. გამოცემა Foreign Policy-ის მიმომხილველი ჯონ როგინი აღნიშნავს, რომ ქართველები ობამას ადმინისტრაციისგან მიმზიდველი წინადადების მიღებას ელოდნენ.
„რუსეთის ამ ორგანიზაციაში მიღება შეიძლება ნებისმიერმა მისმა წევრმა დაბლოკოს და საქართველო ამ თვალსაზრისით მთავარი კანდიდატია. შესაძლოა, რუსეთი იმას ელოდა, რომ ვაშინგტონი საქართველოზე ზეწოლას მოახდენდა მისი პრეტენზიების გაუქმებისთვის. ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მხარეებს ასეთი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ვაშინგტონი ამ საკითხებში ჩარევას არ გეგმავს“, - აღნიშნავს როგინი.
ოფიციალურ რუსეთი აღიარებს, რომ საქართველოს პოზიციამ, შესაძლოა, რუსეთს მსო-ში შესვლის პროცესი გააჭიანუროს. რუსეთის ფინანსთა მინისტრის ალექსეი კუდრინის განცხადებით, ეს პერიოდი შესაძლოა გაგრძელდეს იმაზე მეტ ხანს, რისი მოლოდინიც რუსეთის ხელისუფლებას ადრე ჰქონდა.
„გარკვეული წინააღმდეგობები ჯერ კიდევ არსებობს. როცა ვამბობდი, რომ დოკუმენტების ბოლომდე შემუშავებას ოთხი თვე დასჭირდებოდა, გათვალისწინებული არ მქონდა ისეთი წინააღმდეგობები, როგორიც საქართველოა“, - აღნიშნა კუდრინმა.
ასე რომ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისთვის საქართველოს მხარდაჭერა გადამწყვეტია. თუმცა ქართული მხარის განცხადებით, მსო-ში რუსეთის გაწევრიანებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ იგი ამავე ორგანიზაციის მოთხოვნებს დაკმაყოფილებს, კერძოდ კი საქართველოს ხელისუფლებას მისცემს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივად გაკონტროლების საშუალებას. შეგახსენებთ, რომ რუსეთი მსო-ში გაწევრიანებას 1993 წლიდან ცდილობს.
ამ დროისთვის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის აზერბაიჯანიც იბრძვის, თუმცა აზერბაიჯანს ისეთივე პრობლემა აქვს, როგორიც რუსეთს. მას მხარს სომხეთი არ დაუჭერს, რომელიც დიდი ხანია მსო-ს წევრია. აზერბაიჯანისთვის სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა საბაჟო შეღავათების მისაღებად, ახალი სავაჭრო ურთიერთობების დასამყარებლად მნიშვნელოვანია.
ექსპერტი დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, რომ შეიძლება სავაჭრო ორგანიზაციას ბევრი უარყოფითი და დადებით ჰქონდეს, მაგრამ როდესაც ამ ორი ფაქტორის შედარება ხდება, უარყოფითს ყოველთვის დადებითი წონის. „ამიტომ აზერბაიჯანის ამ ორგანიზაციისკენ მისწრაფება გასაგებია“, - ამბობს გიორხელიძე.