რა ეშველება პირწმინდად გამოცარიელებულ ბიუჯეტს?

რა ეშველება პირწმინდად გამოცარიელებულ ბიუჯეტს?

უმთავრესი პრობლემა, რომელიც “ქართულ ოცნებას” გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება დაუდგეს, პირწმინდად ცარიელი ბიუჯეტია.  ამის თაობაზე კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ მიანიშნა.

“ქართული ოცნების” ლიდერის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საჯარო მოხელეების აბსოლუტური უმრავლესობა შეინარჩუნებს საკუთარ სამუშაო ადგილებს. მეტიც, მათ გაუჩნდებათ შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობა. არსებული ხელისუფლების შენარჩუნების პირობებში კი, 1-2 წელიწადში საჯარო მოხელეებს ხელფასებს ვეღარ გადაუხდიან.

თუმცა, სანამ ეს მოხდება კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად ის აფიქრებს რა მდგომარეობაში დახვდება ის ბიუჯეტი, რომელსაც ნაცმოძრაობა მთელი ეს პერიოდი თავისი სურვილით განკარგავდა.

პირველ რიგში, “ქართული ოცნება” ხელისუფლებისგან 2013 წლის ბიუჯეტის წარმოდგენას ითხოვენ, რადგან შემდგომი წლის ბიუჯეტი წინა წლის სექტემბრისთვის უკვე დამტკიცებული უნდა იყოს.

“გვაჩვენონ ბიუჯეტი. ბიუჯეტი არის კატასტროფული. შეიძლება პენსიები ვერ გაიცეს ამ ბიუჯეტით და შეიძლება საჯარო მოხელეებზე ხელფასები ვეღარ გაიცეს”, - აღნიშნა ივანიშვილმა და დაამატა, რომ ვინც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა საჯარო სამსახურში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოუწევს.  მისი განცხადებით, ეს არ იქნება პოლიტიკური დევნა.

“თუ გნებავთ ცალკე აღვნიშნავ პოლიციელებს, სპეცსამსახურებს... იქ ბევრი პროფესიონალი მუშაობს. კუდ-ს რომ ეძახიან და სხვა სპეცსამსახურებშიც აბსოლუტური უმრავლესობა სამსახურს შეინარჩუნებს და მიიღებს უკეთეს ხელფასს. მათ პერსპექტივა გაუჩნდებათ.

ესენი ბიუჯეტს ვერ აჩვენებენ. ყველაზე მეტად, რაც დღეს მადარდებს, არის ის დანგრეული ბიუჯეტი, რაც დაგვხვდება.  არავითარი პერსპექტივა ამათ ხელში საჯარო მოხელეებს არ ჰქონდათ, ახლა მათ ხელფასების ზრდის პერსპექტივა გაუჩნდებათ”, - განაცხადა ივანიშვილმა.

ამ მთავრობის პირობებში კი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ არსებობს. ამიტომაც რა მდგომარეობაშია ქვეყნის ხაზინა და რა ინიციატივები შეიძლება გაატაროს მომავალში მთავრობამ, ამ ეტაპზე ციფრებით საუბარი გამორიცხულია.

“ქართული ოცნების” წევრის ნოდარ ხადურის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტი დახურულია, არ არსებობს დეტალური ინფორმაცია საბიუჯეტო თანხის ხარჯვის შესახებ, შესაბამისად, კოალიცია დაპირებების ნაწილს ვერ აკონკრეტებს.

“ერთი რამ არის ცალსახა, ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტი არის გაუმჭვირვალე. ნათელია, რომ ხელისუფლება ბიუჯეტს არაეფექტურად ხარჯავს. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რა დაგვხვდება ხაზინაში ან რა მდგომარეობაშია ეკონომიკა, სტატისტიკური მონაცემები ასევე საჭიროებს გადახედვას.

მაგალითად, მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებში 100 მილიონი ლარია გაწერილი, თუმცა ზაფხულში, როდესაც კახეთი დაისეტყვა, სტიქიის სალიკვიდაციოდ სარეზერვო ფონდები უკვე გახარჯული იყო.

ფინანსთა სამინისტრომ ვერ შეძლო ზუსტი მონაცემების წარმოდგენა, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა შევამოწმოთ თუ რა მდგომარეობაშია ბიუჯეტი. ამიტომ დაპირებების ნაწილი, გარდა ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობისა დაკონკრეტებული არ არის”, - ამბობს ხადური.

ექსპერტი დავით ნარმანია კი პრესასთან საუბრისას მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შეიძლება სამი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთოს: არ არის გამორიცხული ბევრ ბიზნესმენებს გადასახადი წინასწარ ჰქონდეს გადახდილი და შემდეგში საგადასახადო შემოსავლები შემცირდეს. მეორე - ბოლო პერიოდში საგარეო და განსაკუთრებით საშინაო ვალები მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად, ბიუჯეტის დიდი ნაწილი ამ ვალდებულების გასტუმრებას მოხმარდება. მესამე - მიმდინარე პერიოდში ხელისუფლება ბევრ ვალდებულებას აფინანსებს, ამიტომ შეიძლება ვარაუდის გამოთქმა, რომ ხაზინაში გარდამავალი ნაშთი აღარ დარჩება.