ქართველ მენავთობეებს ბევრი არ უფიქრიათ და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს. ერთდღიანი ანალიზის შემდეგ სასწრაფოდ გაიზიარეს “ქართული ოცნების” მოწოდება საწვავის გაიაფების შესახებ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ნაბიჯმაც მათი ნეგატიური მხარე უფრო გამოავლინა, ვიდრე პოზიტიური.
აქამდე ნავთობიმპორტიორები დღენიადაგ იმას გაიძახოდნენ, რომსაქართველოში საწვავზე ფასები საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე მოვლენების ადეკვატური იყო. ახლა კი აღმოჩნდა, რომ მსოფლიო და ადგილობრივ ფასებს შორის მინიმუმ 20-30-თეთრიანი სხვაობაა. ეს ნიშნავს, რომ მენავთობეები მინიმუმ მოსახლეობას უსინდისოდ ატყუებდნენ, მაქსიმუმ კი უკანონო შემოსავლებს ურიცხავდნენ ნაციონალურ ხელისუფლებას.
სხვათა შორის, თითოეულ გაყიდულ ლიტრში “ნაციონალური მოძრაობის” ჩაწილების შესახებ ინფორმაციები დიდი ხანიავრცლდებოდა. დაწესებული არაოფიციალური ტარიფიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა - 12 თეთრიდან 25 თეთრამდე. გამოდის,რომ ბიზნესმენები ამ “ბეგარის” მოხსნას გულისხმობდნენ, როცა კი საწვავის გაიაფებაზე საუბრობდნენ.
ასეა თუ ისე, საქართველოში მოქმედი ნავთობიმპორტიორები”ქართული ოცნების” დაპირების შესრულებას საწვავის გაიაფებისშესახებ შესაძლებლად მიიჩნევენ.
“გალფის” გაყიდვების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტის ოთარ ქათამაძის განცხადებით, საწვავზე ფასის 20 თეთრით შემცირება რთული იქნება, თუმცა “ერთობლივი გადაწყვეტილებით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია”. იგი თვლის, რომ, ზოგადად, “ქართული ოცნების” მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ძალიან ბევრი რეალურია.
“რომპეტროლი საქართველოს” გაყიდვების მენეჯერმა გიორგი ჩაჩხიანი კი აღნიშნავს, რომ საწვავზე ფასების, დაახლოებით, 30 თეთრით შემცირებაც კი თავისუფლად შეიძლება.
“თუ ბაზარზე მონოპოლია არ იქნება და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში აღმოვჩნდებით, ფასების შემცირება თავისუფლად შეიძლება. ჩვენ ვადასტურებთ, რომ დაახლოებით 30 თეთრით ფასის კლება რეალურია”, - განაცხადა ჩაჩხიანმა.
მოგვიანებით, “რომპეტროლის” კომერციულმა დირექტორმა თენგიზ ჭიჭინაძემ ნაწილობრივ უარყო ჩაჩხიანის განცხადება. მისი თქმით, დღესდღეობით არანაირი საშუალება, რომ ქსელში არსებული საწვავი 30 თეთრით შემცირდეს არ არსებობს.
“რომპეტროლი” საქართველოში ევრო 5-ის მარკის საწვავის 100 პროცენტით იმპორტს რუმინეთიდან ახორციელებს და მინიმალურ მარჟაზე მუშაობს. კომპანია დღესდღეობით არათუ 30, 10 თეთრით გაიაფების შემთხვევაშიც კი ზარალზე იმუშავებს.
ჭიჭინაძის თქმით, კომპანიის წამომადგენლის შალვა ჩაჩხიანის განცხადება, რომელიც დღეს გავრცელდა მედიით არაკომპეტენტური და უსაფუძლოა, რადგან მას არა აქვს კომპანიაში შესაბამისი პოზიცია, რომ ინფორმაცია ჰქონდეს თვითღირებულებაზე, მოგების მარჟაზე და ფასებზე. საქართველოში საწვავზე ფასების ფორმირება ბაზრის სხვა მოთამაშეებთან მიმართებაში ხდება და კონკურენტუნარიანია. ფასები მსოფლიო ბაზარზე დამოკიდებული და შიდა ფაქტორების გავლენა მინიმალურია.
თუმცაღა ჭიჭინაძე ბოლომდე არ უარყოფს, რომ საწვავის გაიაფება საქართველოში შეუძლებელია. თუკი კოალიციის მხრიდან მსგავსი განცხადება გაკეთდა, ეს ნიშნავს, რომ მათ ამისთვის შესაბამისი მექანიზმი ექნებათ - ამბობს “რომპეტროლის” კომერციული დირექტორი.
კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრის ლევან იზორიას თქმით, მათი ხელისუფლებაში ოფიციალურად მოსვლის შემდეგ საწვავის ფასი, საშუალოდ, 20 თეთრით შემცირდება. ბაზარზე საწვავის ფასი ხელოვნურადაა გაზრდილი და მონოპოლიური სიტუაცია საწვავის ღირებულების შემცირების საფუძველს არ იძლეოდა.
იზორიას განმარტებით, მათი ხელისუფლებაში ოფიციალურად მოსვლის შემდეგ ბაზარზე მონოპოლია აღარ იარსებებს და კონკურენტუნარიანი გარემო კომპანიებს იძულებულს გახდის მომხმარებელს საწვავი გაცილებით დაბალ ფასად შესთავაზონ.
საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს და მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, რომ არჩევნების გზით ერთი ხელისუფლების მეორეთი ჩანაცვლება ქვეყნის იმიჯზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.