სარედაქციო წერილი
კარჩაკეტილი მილიარდერის გასაოცარი გამარჯვება პროდასავლელი პრეზიდენტის პარტიაზე საქართველოში, მთელ რიგ კითხვებს აჩენს. თუმცა მანამ, სანამ ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, თავად არჩევნები აღფრთოვანებას იმსახურებს. უზარმაზარი მიღწევა გახლავთ ის, რომ ორშაბათს ამ პატარა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით გამორჩეულად თავისუფალი და სამართლიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სულ უფრო და უფრო დესპოტურ გზებს მიმართავდა, და „ვარდების რევოლუციიდან“ ცხრა წლის შემდეგ ამ არჩევნების შედეგები ორივე მხარემ აღიარა.
მიუხედავად ამისა, შემდეგ ნაბიჯებს უამრავი საფრთხე ახლავს. ქვეყანა გარდამავალ პოლიტიკურ ფაზაშია და ამ დროს გამარჯვებულმა და დამარცხებულმა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ის ერთობლივად უნდა მართონ; ასევე საქართველომ ჯერ კიდევ უნდა იპოვოს თავისი ადგილი დასავლეთს და რუსეთს შორის. ამ უკანასკნელთან 2008 წელს თბილისს ხანმოკლე და საშინელი ომი ჰქონდა.
ბ-ნი სააკაშვილი პრეზიდენტი იქნება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, მაშინ როცა ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებული „ქართული ოცნების“ კოალიცია საპარლამენტო უმრავლესობა გახდა და როგორც ჩანს პრემიერმინისტრად ივანიშვილს დაამტკიცებს. შემდეგ შემოდგომაზე, ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, რომლის თანახმად ძალაუფლების დიდი ნაწილი პრეზიდენტიდან პრემიერმინისტრს გადაეცემა.
მანამდე, მეტოქეებმა როგორმე უნდა მოიშუშონ მანკიერი წინასაარჩევნო კამპანიის იარები იმ კულტურაში, სადაც კომპრომისს ადგილი არ აქვს. მაშინაც კი, როდესაც დიდსულოვნად აღიარა დამარცხება, სააკაშვილმა აღნიშნა: „ჩვენ გვჯერა, რომ მათი შეხედულებები უკიდურესად მცდარია“. ბ-ნმა ივანიშვილმა კი სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა მოგვიანებით მოთხოვნა უარყო.
ახალი მთავრობის კიდევ ერთი გამოწვევა რუსეთთან დაძაულობის შემცირებაა ისე, რომ ქვეყანამ უარი არ თქვას დასავლურ ამბიციებზე. ბ-ნ სააკაშვილს, რომელმაც მტკიცედ პროდასავლური კურსი აიღო, მოსკოვი სრულად გაემიჯნა, განსაკუთრებით რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის შემდეგ. რუსეთმა ბოიკოტი გამოუცხადა ქართულ ღვინოს და სხვა პროდუქტებს, რამაც ქართველებს დარტყმა მიაყენა, ხოლო რუსეთის მხრიდან ორი ქართული რეგიონის – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, ღრმა ჭრილობად რჩება.
ბ-ნ ივანიშვილს, რომელმაც რუსეთში უზარმაზარი ქონება იშოვა, თავად ქართველებიც კი ფაქტობრივად არ იცნობდნენ მანამ, სანამ ერთი წლის წინ პოლიტიკაში არ შეაბიჯა, და დღემდე გამოცანასავით რჩება. მან პირობა დადო, რომ რუსეთთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს, და ასევე ამბობს, რომ განაგრძობს მუშაობას ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისთვის.
კამპანიის დროს, ვაშინგტონმა ბრძნულად აარიდა თავი რომელიმე მხარის მხარდაჭერას. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უნდა განაგრძონ ქართველების წახალისება დემოკრატიის მშენებლობისა და დასავლურ ინსტიტუტებში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისკენ. ღია ჩარევა მხოლოდ ფუჭი დაძაბულობის და ეჭვების საფუძველი გახდება.
რუსეთმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები აღადგენს „კონსტრუქციულ და ურთიერთპატივისცემაზე“ აგებულ ურთიერთობებს. რუსეთისთვის, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ თავი დაანებოს ეკონომიკურ ზეწოლას და გააცნობიეროს, რომ საქართველოს თავისი იმედები და ოცნებები აქვს.
foreignpress.ge