„ხომ არ იტყვიან, ქვეშაფსიები ვიყავით და ვერ გავბედეთ ჩართვაო“

„ხომ არ იტყვიან, ქვეშაფსიები ვიყავით და ვერ გავბედეთ ჩართვაო“

ქართულ საზოგადოებას ჯერ არ დავიწყებია თეფშებთან და ანტენებთან მებრძოლი სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიის სახელით ცდილობდა, ქვეყანა ინფორმაციულ ვაკუუმში მოექცია. არჩევნებამდე ორი თვით ადრე მხოლოდ არასამთავრობო სექტორისა და დასავლეთის ზეწოლის შედეგად მოხერხდა და საქართველოს რეგიონებში ალტერნატიული, ბევრი მათგანისთვის კი - ობიექტური ინფორმაციის გავრცელება.

„მასთ ქერი“ ანუ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხელმისაწვდომია. თავისთავად იგულისხმება, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანს ყველანაირი ინფორმაციის მიღების უფლება აქვს და არც ერთ ქვეყანაში საკამათო არ არის, რომელიმე ტელეკომპანიის მაუწყებლობა უნდა აიკრძალოს თუ არა.

ჩვენ გვახსოვს „ვარდების რევოლუციაც“, რომელიც, ფაქტობრივად, 2003 წელს ტელეკომპანია „რუსთავი2-მა“ მოახდინა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო სააკაშვილმა თავისუფალ სიტყვასთან ბრძოლა და ებრძოდა იქამდე სადამდეც შეეძლო. ებრძოდა იმიტომ, რომ ყველაზე უკეთ იცოდა თავისუფალი სიტყვის ფასი.

ფაქტია, რომ ტელეკომპანიები „კავკასია“ და „მაესტრო“, მოგვიანებით კი „მეცხრე არხი“, რომლებიც ობიექტური ინფორმაციის მიწოდებით გამოირჩეოდნენ ნაციონალური არხებისგან, მთელი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი არ იყო. სააკაშვილის ხელისუფლება ამ არხებზე კონტროლს ვერ ახერხებდა, თუმცა იმას კი მიაღწია, რომ მათი გავრცელების არეალი რაც შეიძლება, მცირე ყოფილიყო.

საკაბელო ტელეკომპანიებს მართალია, არაოფიციალურად, მაგრამ აკრძალული ჰქონდათ ამ სამი არხის გავრცელება. ერთადერთი აღმოჩნდა „სუპერ TV“, ყოფილი „აიეტი“, რომელსაც „მაესტრო“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ არ გამოურთავს, თუმცა „მეცხრე არხის“ „მასთ ქერის“ ამოქმედებამდე ბადეში ჩართვა მაინც ვერ მოახერხა.

„სილქნეტი“ კი საერთოდ ისე შემოვიდა ბაზარზე, რომ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და მოთხოვნადი არხი, „მაესტრო“ ბადეში არ ჩასვა, თუმცა ეს იქამდე მოხდა, ვიდრე პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა. „მაესტრო“ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე რამდენიმე რეგიონულ საკაბელო ტელევიზიასაც ჰქონდა თავის ქსელში, თუმცა სავარაუდოდ, შესაბამისი მითითებების მიღების შემდეგ, ის ბადიდან ამოიღეს და მხოლოდ მაშინ დააბრუნეს, როდესაც სავალდებულო გახდა.

ასევე ცნობილია, რომ ხელისუფლება აფრთხილებდა ყველა საკაბელო მაუწყებელს „მასთ ქერის“ ამოწურვისთანავე გამოერთო ეს სამი ტელეკომპანია, თუმცა ეს მითითება მხოლოდ ოზურგეთის საკაბელო ტელევიზიამ შეასრულა, მაგრამ როგორც კი ნახა, რომ მმართველი პარტია არჩევნებში დამარცხდა, ეთერი მაშინვე განაახლა.

როგორც ამ ტელეკომპანიების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას, დღეს ყველა საკაბელო ტელევიზიით გადის მათი მაუწყებლობა და სავარაუდოდ, მალე ყველა მათგანთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

„სუპერ TV“-ის იურისტი სოფიო ნემსაძე: „ძალზე მარტივად წყდება ეს საკითხი, „მასთ ქერი“  გვავალდებულებდა, 60 დღით ადრე ჩაგვერთო ყველა სამაუწყებლო არხი, რომელსაც ჰქონდა ლიცენზია. ჩვენ მოვახერხეთ და ჩავრთეთ, ყველა ვინც მოგვმართა. მას შემდეგ რაც „მასთ ქერის“ ვადა გასდიოდა უკვე შეგვეძლო, ტელეკომპანიის სურვილისა და ჩვენი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე ჩაგვერთო სასურველი არხი. შესაბამისად, ჩვენს ქსელში მოვახდინეთ მთელი რიგი ცვლილებები და დავტოვეთ ის არხები, რომელზეც იყო მოთხოვნილება“.

„სუპერ TV“-ში აცხადებენ, რომ „მაესტრო“ და „კავკასია“ ყოველთვის იყო მათ ქსელში, დაამატეს „მეცხრე არხი“, „25-ე არხი“ და „ობიექტივი“.

კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა „მეცხრე არხის“ ჩართვა იქამდე, ვიდრე ეს სავალდებულო გახდებოდა, „სუპერ TV“-სგან ასეთი განმარტება მივიღეთ: „საკაბელო ოპერატორის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს უცხოური არხების ჩვენება, ზოგადი პრინციპია, რომ რაც შეიძლება მეტი არხი იყოს ჩვენს ქსელში, როგორც ვთქვი, „მაესტრო“ და „კავკაასია“ ისედაც გვქონდა ჩართული, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ამის გამო სერიოზული კომერციული ზრდა გვქონდა, თუმცა იქიდან ამომდინარე, რომ საზოგადოებაში „მეცხრე არხზე“ არსებობდა მოთხოვნა, ჩვენ გავაგრძელეთ მისი გავრცელება. მანამდე არავისგან არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია, რომ რომელიმე არხი არ გაგვეშვა. „მეცხრე არხმა“ რამდენჯერმე მოგვმართა მოთხოვნით, თუმცა მაშინ ავუხსენით, რომ ბადე სრულად გვქონდა დაფარული და ყველა არხი იყო დაკავებული. იმისათვის, რომ არხი ჩაგვერთო, გვჭირდებოდა დრო. არხებში თანხას ვიხდით, შესაბამისად უნდა ამოგვეგდო არხი, რომელშიც ფული გვქონდა გადახდილი. ჩვენი მხრიდან იყო ეს შეფერხება რადგან ადგილი არ გვქონდა. როდესაც ცნობილი გახდა, რომ ერთი თუ ორი თვის თავზე უნდა მოვმზადებულიყავით, რადან სავალდებულო წესით გვიწევდა ჩართვა, ბადეში მთელი რიგი ცვლილებები მოვახდინეთ. რაღაც არხები ამოვაგდეთ და ასე მოხდა მეცხრე არხის ჩართვა“, - ამბობს სოფიო ნემსაძე.

ფოთის საკაბელო მაუწყებლის მენეჯერი მერაბ გოგავა, აღშფოთებულია, იმით, რომ ცილს სწამებენ და ვიღაცამ არასწორად გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ფოთის საკაბელო ტელევიზიამ არჩევნების დღეს ტელეკომპანია „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ ქსელიდან გათიშა.

„არც ჩვენ და არც მეორე საკაბელოს არ შეგვიწყვეტია ფოთში ამ არხების ჩვენება“,- ამბობს გოგავა. მისივე განმარტებით, „მასთ ქერის“ პრინციპის ამოქმედებამდე მათ მიმართ არ განხორციელებულა არანაირი მუქარა ან გაფრთხილება ხელისუფლების მხრიდან.

„მე ვარ ფოთელი ადამიანი და არა ციდან ჩამოვარდნილი, რატომ ამოიჩემეს ეს ფოთი ვერ გავიგე, არ გამოგვირთავს ეს არხები და არც ვაპირებთ“, - ამბობს გოგავა. მისივე განმარტებით, „კავკასიის“ ჩართვა ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.

„მასთ ქერის“ ამოქმედებამდე დამირეკა თვითონ აქუბარდიამ და მთხოვა ჩამერთო „კავკასია“, ვუთხარი, აპარატურა მომაწოდე და ჩავრთავ მეთქი. რასაც თანამგზავრიდან ვღებულობთ, იმას ვუშვებთ და რაც მარტო თბილისში ვრცელდება, ფოთში მისი გავრცელების ტექნიკური საშუალება არ გვაქვს. რაც შეეხება  „მაესტროს“ და „მეცხრე არხს“, მოსახლეობაში გამოკითხვა ჩავატარეთ, რომელი არხი ერჩივნათ, რომ დაგვეტოვებინა და მათი მოთხოვნის მიხედვით მოვიქეცით. არა, რას ამბობთ მანამდე ვის უნდა დაერეკა, მიშა დამირეკავდა თუ ვანო“.

ქუთაისის საკაბელო ტელევიზიის დირექტორი გელა მეფარიშვილი ამბობს, რომ არავის გაუთიშავს არჩევნების დღეს ეს არხები და არც არავინ აპირებს მის გათიშვას. როგორც მეფარიშვილი ამბობს, თავად ტელეკომპანიებს არ მიუმართავთ მათთვის „მასთ ქერის“ ამოქმედებამდე და რომ მიემართათ ალბათ ჩართავდნენ. მისივე განმარტებით მანამდე ხელისუფლებისაგან რაიმე მითითება არ ყოფილა.

„ტექნიკურადაც არ გვქონდა საშუალება, როდესაც „მასთ ქერი“ ამოქმედდა, რამდენიმე არხს შევუწყვიტეთ ხელშეკრულება და ეს სამი არხი ჩავსვით ბადეში“, - აცხადებს მეფარიშვილი.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი ამბობს, რომ წესით, ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, ყველა საკაბელო მაუწყებელს უნდა აწყობდეს რეიტინგული არხის ქსელში ჩართვა.

„რას იტყვიან აბა ახლა, გვიკრძალავდნენ, ქვეშაფსიები ვიყავით და ვერ გავბედეთ ჩართვაო? ჰკითხეთ აბა, როდესაც უფასოდ გაქვს ძალიან კარგი პროდუქტი და იმას არ იყენებ, რას ნიშნავს - ორჯერ ორია, რაც უფრო მეტი ტელევიზია გაქვს, მით უფრო კარგი საკაბელო ხარ, ხომ ასეა - მითუმეტეს, „მაესტრო“ რომელიც ძალზე რეიტინგული ტელეკომპანია იყო, ასეთ ტელევიზიაზე უარს რატომ ამბობდნენ თუ ბიზნესმენები არიან? მათ საკაბელოს რაც უფრო ცოტა არხი აქვს მით უკეთესია მათთვის? ახლა ხომ არ იტყვიან, რომ მშიშარა ვიყავი და იმიტომ არ ვრთავდიო. საინტერესოა, რატომ გამორთეს თელავმა და რუსთავმა თავის დროზე, რომლებსაც ადრე ჩართული ჰქონდათ „მაესტრო“. კიდევ უკეთესს გეტყვით, არჩევნები რომ მორჩა, სანამ შედეგები გამოცხადდებოდა, ოზურგეთის საკაბელომ გამორთო არხები და მერე რომ დაინახეს, ოპოზიცია იგებდა, ადგნენ და ისევ ჩართეს.

უმრავლესობა ამათგანი არის მშიშარა ადამიანი, რომლებსაც ჯერ მიშა სააკაშვილის ეშინოდა, ახლა კი იმის ეშინია, აღიაროს რომ ეშინოდა. ორჯერ საჯარო თხოვნა გავავრცელეთ - ჩვენ, „მეცხრე არხმა“ და „კავკასიამ“ ვთხოვეთ, რომ არ გამოერთოთ „მასთ ქერის“ დასრულების შემდეგ და არც გამოურთავთ, დღეს ყველას ჩართული აქვს“ ,-აცხადებს მამუკა ღლონტი.

როგორც „მეცხრე არხის“ დირექტორი კახა ბექაური ამბობს, „მასთ ქერის“ ვადა რომ იწურებოდა, ყველა საკაბელოსთან გააგზავნა თხოვნა, თანამშრომლობის გარძელების შესახებ.

„აქამდე არა, მაგრამ ახლა უკვე მოვიდა რამდენიმე საკაბელოსგან პასუხი, რომ მათაც აქვთ თანამშრომლობის სურვილი და ხელშეკრულებებს ვაფორმებთ. ჯერ სულ სამი-ოთხი კომპანია გამოგვეხმაურა, მაგრამ როგორ  ვიცი, პროცესი გაგრძელდება“.

ბექაური ამბობს, რომ „მასთ ქერის“ ამოქმედებამდეც მიმართეს ყველას და უმეტესობისგან პასუხი არ მიუღიათ.

საკაბელოები კი ცალსახად ამტკიცებენ, რომ ტელეკომპანიებისგან წერილები არ მიუღიათ, არც არავინ დამუქრებია, რომ ეს არხები არ გაეშვათ და არც არავისი შეშინებიათ.

„ძალიან ცუდია, რომ ამას ამბობენ, კარგი იქნება თუ ეყოფათ ვაჟკაცობა და იტყვიან კონკრეტულად რომელი ადამიანები ახდენდნენ მათზე ზეწოლას, ვინ ურეკავდა, ვინ ხვდებოდა და ვინ ეუბნებოდა, რომ „მეცხრე არხი“ გამორთეთო. ძალიან კარგი იქნება თუ ამას ღიად და საჯაროდ იტყვიან. ასეთი ფაქტები იყო ნამდვილად, რამდენიმე მათგანი პირად საუბრებში გვეუბნებოდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღე ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, ხომ იცით, 30-ში ღამით უნდა გამორთოთ „მეცხრე არხიო“. ასევე წინა დღეებში, როდესაც ჩვენი საინფორმაციო გამოშვებები ან რომელიმე რეიტინგული გადაცემა გადიოდა, ეუბნებოდნენ, რომ სიგნალი გაეფუჭებინათ. ზოგჯერ ხმა არ მიდიოდა, ზოგჯერ ვიდეოგამოსახულებას ამახინჯებდნენ და ა.შ. ასეთი ზარები მათთან იყო, ურეკავდნენ მარეგულირებლის წარმომადგენლები, ხან ხელისუფლების, ზოგიერთ მათგანთან უშიშროების წამომადგენელი რეკავდა. რეგიონალურებთან ადგილობრივი ხელისუფლებისა და უშიშროების წარმომადგენლები „მუშაობდნენ“. ამიტომ, კარგი იქნება თუ ესენი იტყვიან და დაასახელებენ იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, საიდანაც ხორციელდებოდა მათზე ზეწოლა“, - მიიჩნევს ბექაური და იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან ყველა ყველაფერს იტყვის.

„მასთ ქერის“ ამოქმედებამდეც ყველას უნდფოდა „მეცხრე არხის“ ჩართვა, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ ჩაგვრთო, გარდა „გლობალ ტვ“-სა. მათ უნდოდათ, მაგრამ ხორციელდებოდა ზეწოლა და არ ართვევინებდნენ. მალე ამასაც იტყვიან. ჯერჯერობით მაინც რაღაც საფრთხეებს გრძნობენ ალბათ და სრულად დაზღვეულები რომ იქნებიან - მათ ბიზნესს არაფერი დაემუქრება და პირიქით ხელშეწყობა აქვთ, საქმიანობაში თავისუფლები იქნებიან და სახელმწიფო სტრუქტურებიდან არანაირი ზეწოლა არ იქნება, მას შემდეგ რაც ამ ყველაფერში დარწმუნდებიან, ამ ყველაფერს აუცილებლად იტყვიან“,-ამბობს ბექაური.