პირი, რომელმაც დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელა, მირიან მჟავანაძეა. მისი დაკავება ბათუმში საკუთარ სახლში მოხდა. დაკავებულის ოჯახი ამბობს, რომ მათთვის უცნობია როგორ აღმოჩნდა დაკავებულთან ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში მირიან მჟავანაძის სახელით ორი კვირის წინ აიტვირთა, თუმცა შს სამინისტრომ ინფორმაცია ამის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადების შემდეგ მიიღო. გახარიას უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარებს, მაგრამ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ არ იცოდა საგამოძიებო უწყებამ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2 კვირის წინ აიტვირთა და რატომ არ მოხდა მასალის დაბლოკვა.
შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ მირიან მჟავანაძისგან ამოღებულია მობილური ტელეფონი, რომლის ექსპერტიზა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მეზვრიშვილი ამბობს, რომ აქ პირადი ინტერესი არ იკვეთება. დაკავებულია რიგითი მოქალაქე, რომელმაც ვიდეო youtube ატვირთა.
„არ იკვეთება შემკვეთი. როგორც ცნობილია, ამ საქმის ფარგლებში არაერთი პირი დავაკავეთ და სამწუხაროა, როდესაც საზოგადოების და ზოგიერთი პარტიის მხრიდან ისმის მოწოდებები იმის შესახებ, თითქოს გარკვეული ქმედებები არ უნდა ისჯებოდეს, რომ თითქოს გადაგზავნა არის უფრო ნაკლები დანაშაული, ვიდრე youtube-ზე ატვირთვა.
ამ ადამიანებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ეს შეიძლება დანაშაულის წამახალისებელი აღმოჩნდეს. შენახვა, გადაგზავნა, ატვირთვა ეს არის დანაშაული და როგორც კი ასეთი ფაქტი მოხდება, სამინისტრო რეაგირებას მოახდენს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნათია მეზვრიშვილმა.
გამოძიების მიმართ კითხვები აქვს თავად ეკა ბესელიას და საგამოძიებო უწყებებს გამოძიებისთვის ერთთვიან ვადას აძლევს. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ დრომდე საგამოძიებო უწყებებს მთავარ კითხვებზე პასუხი არ გაუციათ, კერძოდ, ვინ არის აღნიშნული ვიდეოჩანაწერების გავრცელების ორგანიზატორი. ეკა ბესელია ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული კადრების ხელმეორედ გავრცელება საეჭვოდ ემთხვევა მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ შტურმს, რომელსაც მმართველი პარტია ახორციელებს.
„გასაოცარია, რომ ამ პერსონალური მორიგი თავდამსხმების და ჩემს წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი შტურმის ფონზე კვლავ გააქტიურდა და გამოჩნდა ეს უკანონო ჩანაწერები. ესეც შემთხვევით ხდება? როდესაც მედიის მეშვეობით გავიგე ამის შესახებ, მე თავად დავუკავშირდი შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა მათ არ ჰქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია და ეს გუშინ ჩემგან შეიტყვეს.
ჩემგან უნდა გაეგოთ ეს ამბავი? მოქალაქეები უფრო მეტად უნდა იყვნენ თუ არა ასეთი რამეებისგან დაცული? მე არ მადარდებს მხოლოდ ჩემი თავი, ვინაიდან მსგავს შეტევას გავუძელი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ახლაც ბოლომდე გავყვები ამ საქმეს. უბრალოდ, ყურადსაღებია, რომ ამ ყველაფრით არც ერთი მოქალაქე არ არის დაცული და ამაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში აქტუალურია ოპონენტების წინააღმდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვა. ეკა ბესელია არ არის ერთადერთი, რომლის წინააღმდეგ პირადი ცხოვრების კადრები სწორედ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ. არც ერთ შემთხვევაში გამოძიებას არ უთქვამს, ვინ დგას ამ დანაშაულის უკან.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უკან ხელისუფლება დგას, ხელისუფლების არგუმენტი ასეთია – კადრები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არის გადაღებული, მაგრამ არ აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ არ ჰყავს არც ერთ შემთხვევაში გამოვლენილი დამკვეთი.
აქიდან გამომდინარე სახალხო დამცველი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო არის უძლური, დაადგინოს ვინ დგას ამ კადრების, შანტაჟის უკან. ნინო ლომჯარიას განცხადებით, საგამოძიებო ორგანოებთან არსებობს პასუხგაუცემელი შეკითხვები, თუ ვინ დგას კადრების გავრცელების უკან.
„დღესაც პროკურატურასთან გვაქვს შეკითხვები პირადი ცხოვრების კადრების გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც წლების წინ გავრცელებულ კადრებს ეხება, სადაც დაუდგენელია ვინ ატვირთა, ვინ არის ინიციატორი კადრების ატვირთვის და გავრცელების, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მთავარ პროკურორსაც, როდესაც პარლამენტში მოხსენებით წარსდგება, დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში გამოსავალი თავად საზოგადოებაშია, მან უნდა გაკიცხოს ეს საქციელი, იმიტომ რომ თეა წულუკიანის განცხადებით, პირადი ცხოვრება დაცული ღირებულებაა.
„ეს არის დანაშაული და საზოგადოებამაც უნდა გაკიცხოს ეს საქციელი იმიტომ, რომ პირადი ცხოვრება არის დაცული ღირებულება, ამას იცავს კონსტიტუცია, ამას იცავს ჩვენი კანონი. ისღა დაგვრჩენია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა სხვა ადამიანის პირადი ცხოვრება დავიცვათ. როდესაც არ ხდება ამის დაცვა ინდივიდების მიერ იქ უკვე ერევა საგამოძიებო ორგანო, ხდება დაკავება, ხდება სისხლის სამართლებრივი დევნა და ეს არ უნდა იწვევდეს რაიმე სახის უკმაყოფილებას“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
უმავლესობის ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ფარული კადრების გავრცელება საეჭვოდ იმ შტურმს ემთხვევა, რაც ეკა ბესელიას მიმართ ხორციელდება. დეპუტატის განცხადებით, შტურმის შემდეგ ვიღაც ცდილობს, დესერტად პირადი ცხოვრების კადრები გაავრცელოს. მისი თქმით, ეს საეჭვო ორგანიზებულობაზე მიუთითებს და პირდაპირი მნიშვნელობით გიორგი გახარიას ურტყამს.
„ვიღაცამ შეიძლება, თქვას, კადრების გავრცელება რატომ უნდა აწყობდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამოცანაა, რომ კონკრეტული დეპუტატის დისკრედიტაცია და მისი ჩამოშლა მოხდეს, რადგან ბევრმა შეიძლება, ადამიანურად ამას ვერ გაუძლოს. ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმეა. ბესელია ძლიერი ქალია, რადგან კადრები გაწყალდა, მაგრამ ვიღაც ჯიუტად ცდილობს, შტურმის შემდეგ დესერტად კადრები გაავრცელოს.
ეს საეჭვო ორგანიზებულობაზე მიუთითებს და პირდაპირი მნიშვნელობით გიორგი გახარიას ურტყამს. შსს საქმეს რომ ვერ იძიებს, ეს შს სამინისტროს რეპუტაციას ურტყამს. ძალოვანი უწყება კიბერდანაშაულზე რამდენ მილიონ ლარს ხარჯავს და ეს თანხები სად მიდის, თუ უწყება ვერ ახერხებს, რომ პოლიტიკური ფიგურის საქმეზე გამოძიება ჩაატაროს და დაიცვას? სად არის გარანტია, რომ მოქალაქეები დაცულები არიან? რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა გიორგი გახარიაზეა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
დეპუტატის წინააღმდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ ერთიანი პოზიცია არ აქვთ მმართველ გუნდში. ვიცე–სპიკერ თამარ ჩუგოშვილისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება მიუღებელია და თვლის, რომ განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ პირები, რომლებიც ინფორმაციის პირველწყაროები არიან.
„ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გაიგონ, რომ სხვისი პირადი ცხოვრების გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია და მიუხედავად იმისა, ქალი ხარ, კაცი, ახალგაზრდა თუ ხანდაზმული, ამაზე არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მსგავსი რამ დაუშვებელია, მიუღებელია და მოჰყვება საპატიმრო სასჯელი.
როგორც ვიცი, ეს გამოსაძიებლად საკმაოდ მძიმე დანაშაულია. შსს მზად იყო, გამოეყენებინა მეგობარი ქვეყნების ექსპერტიზა, რომლის საგამოძიებო უნარები და შესაძლებლობები ბევრად განვითარებულია. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ზუსტად ვიცი, რომ ამ პირველწყაროს გამოსავლენად მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდა შსს. გასახსნელად, ალბათ, რთული დანაშაულია, მაგრამ იმედი მაქვს, უფრო გამოცდილი გამომძიებლების ჩართულობით იქნება შანსი, რომ პირველწყაროს მივაკვლიოთ“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
განსხვავებულია უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის პოზიცია. დეპუტატი ამბობს, რომ ორი დღეა, ეკა ბესელიასგან ზღვარსგადასული, ძალადობით გაჯერებული ტერმინოლოგია ისმის, რაც სამწუხარო მოსასმენია. დეპუტატი ბესელიას და მისი თანამოზრეების გასაგონად ამბობს, რომ ყველამ თავი უნდა შეიკავოს, სახე არ უნდა დაკარგოს და ისე უნდა გააგრძელოს პოლიტიკურ ბატალიებში მონაწილეობა.
„არ მგონია, რომ საზოგადოება ასეთი ტერმინოლოგიით საუბრის მომხრე იყოს და ვინმეს სიამოვნებდეს ის, რაც ბოლო რამდენიმე დღეა ისმის. ეს არ არის სწორი და ჯანმრთელი მიდგომა, მით უმეტეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ერთი გუნდის შემადგენელი ნაწილი იყო.
უნდა არსებობდეს ზღვარი ეს იგულისხმა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეიძლება დახმარება დასჭირდეს, რადგან ორი დღეა რაღაც ზღვარსგადასული, ძალადობით გაჯერებული ტერმინოლოგია ისმის, რაც სამწუხარო მოსასმენია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.