„არასწორი ქმედება მაშინ დაიწყო, როდესაც დავით ჭიჭინაძე გააგდეს პარტიიდან“

„არასწორი ქმედება მაშინ დაიწყო, როდესაც დავით ჭიჭინაძე გააგდეს პარტიიდან“

მმართველ გუნდში დაპირისპირების ახალი ტალღა იწყება. დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მისი სალანძღავი მესიჯბოქსი, რომლის გაგზავნაც სხვებისთვის უნდოდა, შემთხვევით მას გაუგზავნა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოტივით, დეპუტატი კონკრეტული გზავნილის გასაჯაროებისგან თავს იკავებს, მაგრამ აცხადებს, რომ სწორედ ამიტომ კეთდებოდა მის საწინააღმდეგოდ დღეს ერთნაირი განცხადებები საკანონმდებლო ორგანოში. საუბარია დეპუტატების ანრი ოხანაშვილის და გია ვოლსკის განცხადებებზე. დეპუტატის განცხადებით, მათ საჯარო კომენტარებში ზედმიწევნით გაიმეორეს ის გზავნილები, რაც მდინარაძის სმს–ში ეწერა.

„მამუკა მდინარაძემ შემთხვევით ჩემთან გამოაგზავნა ჩემი სალანძღავი ტექსტი, რომელსაც სხვებს უგზავნიდა. მივწერე მამუკას და დაიწყო ბოდიშების მოხდა, მაგრამ არ მჭირდება მე არც მისი და არც პარლამენტის თავმჯდომარის ბოდიში. სამარცხვინოა რაც ხდება, სახე აქვთ დაკარგული. როგორც ჩანს, ამიტომ დამწკრივდნენ და აკეთებდნენ დღეს ერთნაირ განცხადებებს.

გავხსენი ეს გზავნილი. მივწერე მე მიგზავნით–თქო ჩემზე, რომ გავახმოვანო–თქო? ასე იწყებოდა – ეკა ბესელია ხომ იცით, ვინ არის, მერე, ის, რაც თქვა კობახიძემ. პირველი – ხელი უნდა გავუწოდოთ, მეორე – ოხანაშვილმა რაც თქვა, პოლიტსაბჭოდან გამოიყვანეს, მესამე – რაც ვოლსკიმ თქვა, აბზაცებად იყო“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ მესიჯბოქსი ბესელიას შეცდომით ნამდვილად მისწერა, თუმცა ამტკიცებს, რომ გზავნილი პარტიული არ იყო და ეკა ბესელიას სალანძღავი არ იყო.

„ეს არ იყო სპიკერებისთვის გასაგზავნი მესიჯი.15 საათსა და 38 წუთზე გაიგზავნა ეს მესიჯი შეცდომით – ნინო წილოსანთან გასაგზავნი, ეკა ბესელიასთან. ეკამ ვერ გაუძლო ელემენტარულ ტესტს, შეიძლება ადვილად ვივარაუდოთ, მთელი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და შეიძლება წლების განმავლობაშიც, ვინ დარბოდა „რუსთავი 2“– თან მესიჯებით და ვის გაჰქონდა შიდა მესიჯები გარეთ.

თუმცა ასევე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი ისეთი იქ არ ეწერა, იყო მთელი დღის ამონაკრები, თუ რა მესიჯები გახმოვანდა ჩვენი მხრიდან. ნინო წილოსანმა მკითხა, თუ რა გახმოვანდა ჩვენი მხრიდან, რადგან მან ვერ მიადევნა თვალყური, ვუთხარი რომ ჩამოწერილი გვქონდა და გადავუგზავნიდი. შეცდომით ეს გაიგზავნა ეკა ბესელიასთან. მას ახლა ახალი საქმე მიეცა“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობდნენ, რომ ეკა ბესელია მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება და მას დახმარება სჭირდება. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეკა ბესელიას ერთადერთი პრიორიტეტი ცხოვრებაში ძალაუფლებაა, რაც დაკარგა და ახლა მას ნუგეშისცემა სჭირდება.

„არ არის ეს ირონიით ნათქვამი, ის უნდა გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის არის. მე ეს მანამდეც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ის არის აღმოჩენილი რთულ მდგომარეობაში. შესაბამისად, მას სჭირდება არა პოლემიკა ჩვენი მხრიდან, არამედ პირიქით, დახმარება და თანადგომა. მას აქვს თავისი პრიორიტეტები ცხოვრებაში, ეს არის ძალაუფლება პირველ რიგში და მან დაკარგა მთავარი, რაც არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ემოციურ ფონზე ის აკეთებს არასწორ განცხადებებს. არის ტანდემში, მათ შორის თქვენ ტელევიზიასთან, „რუსთავი 2“–თან. ჩვენ ვნახეთ არაერთი გადაცემა, რომელიც ერთობლივად მოამზადეს და ეს არის ძალიან მარტივი შეცდომები, რომელიც არის თვალსაჩინო საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავის მხრივ ეკა ბესელია აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დასრულდა და კობახიძის მიერ გაწვდილ ხელს არასდროს მიიღებს.

„ჯალათებისა და მოძალადეებისგან გამოწვდილ ხელს მე არასდროს მივიღებ. დავასრულე კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. დავასრულე იმ სხდომაზე, როდესაც ხელჩაკიდებული მოიყვანა პარტიის თავმჯდომარემ ჩემთან და არ მივიღე მისი ბოდიში, რომელიც იმიტომ მოიხადა, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. ასეთი პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავს ქვეყანას.

ახლა დარჩენილია მისი ფორმალური წასვლის საკითხი და ვიდრე გადაწვავს პარლამენტს, იქნებ უშველოს მისმა პატრონმა და ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ, ოღონდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც ძალიან მალე დავასრულებ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარეს არაეთიკურობაში ადანაშაულებს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი და პარტიის თავმჯდომარეს მოუწოდებს კობახიძეს კარისკენ მიუთითოს.

„პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს და უნდა უთხრას, გეყოს პარლამენტის თავმჯდომარეობა, სერიოზულ პრობლემებს მიქმნი და მოდი ახლა, წადი სადმე. აიღოს და გადადოს. ის გამოირჩევა ხოლმე არაეთიკურობით, წაუუზრდელებს. ეს პარტიის თავმჯდომარის პრობლემაა, ეს მისი თავის ტკივილია. როგორც წესი, კობახიძე „მამაცია“ და ქალებთან ასეთი განცხადებებით გამოირჩევა ხოლმე. ამიტომ უნდა აიღოს და გადადოს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ეკა ბესელიას არაკორექტულობაში ადანაშაულებს ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი, რომლის შეფასებით, ბესელიამ გადაწყვიტა, ბიძინა ივანიშვილზე შეტევა თავის მთავარ ნარატივად გაიხადოს. მისი თქმით, ყოფილი თანაგუნდელის მწვავე შეფასებები მიმართულია არა უშუალოდ ირაკლი კობახიძის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული ბესელია პოლიტიკურ ასპარეზზე ნიშის დამკვიდრებას ცდილობს. ეს აქვს აღებული თავის მთავარ პოლიტიკურ მიმართულებად. გული მწყდება, რომ ეკა ბესელიამ, საკმაოდ გამოცდილმა იურისტმა, მებრძოლმა ადამიანმა თავისი პოლიტიკური ისტორიით გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილზე შეტევა გაიხადოს თავის მთავარ ნარატივად, რომ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე პოზიციები გაიმაგროს და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ სტრატეგიაში ჩაჯდა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის გრძელდება. დეპუტატები ერთმანეთის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან. ვითარება იქამდე მივიდა, რომ ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს უზრდელი უწოდა. დაპირისპირებას, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადავიდა, ჯანსაღ პროცესად არ თვლის პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, არასწორი ქმედება მაშინ დაიწყო, როდესაც დავით ჭიჭინაძე გააგდეს პარტიიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ მან უმრავლესობისთვის მიუღებელი განცხადება გააკეთა.

„ბესელიამ პარტიისთვის მიუღებელი განცხადებები გააკეთა, ამ პროცესს აგრძელებს დღეს და სრულიად ბუნებრივია, რომ დაიწყო ბრძოლა. ის, რომ კობახიძე არ მოსწონს ბესელიას და თქმა, რომ ივანიშვილი არის კობახიძეო, მეჩვენება, რომ არასწორი ხერხია. ივანიშვილი დგება დარტყმის ქვეშ. არც ისე მომგებიანი ფიგურაა კობახიძე და მის გადასარჩენად იყენებენ ივანიშვილის სახელს, მაგრამ ეს ხომ ივანიშვილის გაწირვაა“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, დეპუტატები დაბნეულები არიან, მაგრამ ამ დაბნეულობის კომპენსაცია შეიძლება. მისი თქმით, ბევრი შეცდომა დაუშვა კობახიძემ და ამ გუნდმა, ახლა მთავარია მისი აღიარება და გამოსწორება.

„ფაქტიურად საპარლამენტო უმრავლესობის გაყოფა მათი მოღვაწეობის შედეგია, რომლის გამო ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში. თუ უმარავლესობამ სხვა გამოსავალი ვერ ნახა, ისევ გააგრძელა კობახიძის ახალგაზრდულ გუნდის რადიკალიზმში ხელის შეწყობა, მაშინ ეს გუნდი კიდევ უფრო დაიშლება, ან წააგებს. გუნდი კარგად ვერ ხვდება რა არის მისი ფუნქცია.

მათი ფუნქცია არ არის რომელიმე ლიდერის სურვილების შესრულება, მათი, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ფუნქცია არის ეძებონ გზები და გააუმჯობესონ თავიანთი პოლიტიკური პარტია. თუ ამას არ აკეთებენ, ეს უკვე ავტორიტარიზმია, არაფერი საერთო საპარლამენტო პოლიტიკასთან არ აქვს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტ, გია ხუხაშვილის განცხადებით, ბუნებრივია, რომ ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომები ბრალდება ბიძინა ივანიშვილს. თუმცა, ბესელიას ტონალობაში ეს არ იგრძნობდა. კობახიძესთან დაპირისპირებაში ცდილობდა გარკვეული საზღვარი გაეტარებინა კობახიძესა და ივანიშვილს შორის. თუმცა, როგორც ხუხაშვილი აცხადებს, დღეს უკვე შეიმჩნევა, რომ მან ეს ზღვარი გადაკვეთა და ბესელიას კრიტიკაში უკვე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის ფიგურა.

„მიუხედავად მწვავე დაპირისპირებისა, ბებსელია ცდილობდა ბიძინა ივანიშვილის კრიტიკისთვის თავი აერიდებდა და ეს პრეტენზია იყო მასთან. ეს პროცესი წავა ძალიან შორს და მარტო ბესელიასგან არა. დღეს პარლამენტში 80% არის ბესელია და არა კობახიძის. ეს ადამიანები დღეს ჩუმად არიან სხვადასხვა მიზეზებით, იმიტომ რომ, ჯერ კიდევ კეთილი მეფის იმედად არიან, რომ რაღაცა მომენტში ის დაალაგებს ყველაფერს. როგორც კი ეს ილუზია გაქრება, ბუნებრივია, ასეთს ბევრს ვიხილავთ“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

რაც შეეხება პარტიულ „მესიჯბოქსებს“, რაც უმრავლესობის შიგნით დაპირისპირების ახალი მოტივი გახდა, ხუხაშვილი ამბობს, რომ თვითონ ტექნოლოგია ისეთია, რომ მესიჯობის ფორმირება და მერე მისი დისტრიბუცია, ისეთივე უხარისხოა, როგორც დღევანდელი ხელისუფლება.

„თავისთავად ამ მესიჯბოქსის თემა გახდა კომედიური. შეცდომით პირში მთქმელი კაცია მდინარაძე. გასაგებია, რომ რაღაცა მესიჯი უნდა ყალიბდებოდეს პარტიაში, მაგრამ თვითონ ტექნოლოგია ისეთია, რომ მესიჯობის ფორმირება და მერე მისი დისტრიბუცია ისეთივე უხარისხოა, როგორც დღევანდელი ხელისუფლება. ვიღაცა მესამეხარისხოვანი ადამიანი სადღაც ზის, რაღაცას აყალიბებს და პრემიერ–მინისტრიდან დაწყებული ყველა ამ სისულელეს იმეორეს, ეს ხომ კომედიაა და ძალიან კარგად მეტყველებს მმართველობითი სისტემის კრიზისზე. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბაბილონის გოდოლის ნგრევის პროცესში მეტი სიკეთე გადავარჩინოთ და მაქსიმალურად რბილად გავიაროთ ეს პროცესი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.

 

Serapina ნუ, რადგან "წერილების კვირეულია" დამწერმა გამოაქვეყნოს ვაჟკაცურად, რა ეწერა იმ მესიჯში(შეტყობინებაში). უკეთესი არგუმენტი, არც არის საჭირო... აგერ, ეს მივწერე და ნახეთ,სად არის ლანძღვა-გინების ტექსტიო...
ჰო, თავად მდინარაძემ გამოაქვეყნოს. ჩვენც დავიჯერებთ რომ რა თქვან(კარგი,თუ ცუდი), არავისთან ათანხმებენ.
ნუ, ცოტა თავისი აზრი რომ აქვთ და გამოთქმა შეუძლიათ,ეს დაამტკიცონ მხოლოდ.
5 წლის უკან