"პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაში მონაწილეობას არ მიიღებს"

 

ხელისუფლების გადაბარება მშვიდობიან ვითარებაში უნდა მოხდეს, - ასეთი განცხადებები გაკეთდა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შორის დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა, მასში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, პავლე კუბლაშვილი და გიგი უგულავა მონაწილეობდნენ, „ქართული ოცნების“ მხრიდან კი - დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი.

შეხვედრიდან გამოსულმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ორივე მხარის პასუხისმგებლობის საკითხია, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს.

"ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბნეულია და აინტერესებს, როგორ გააგრძელებს სახელმწიფო არსებობას. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის პოლიცია, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. ჩვენი მიზანია, არ დავუშვათ არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ჩამოშლა და დემორალიზაცია. ჩვენ ერთად ვართ პასუხისმგებელნი, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა და უსაფრთხოება. საბედნიეროდ, საქართველო ის სახელმწიფო აღმოჩნდა, რომელიც ამ სირთულეებს უძლებს",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ კი აღნიშნა, რომ საქართველო პირველად თავის ისტორიის მანძილზე ხელისუფლების დემოკრატიული ტრანზიციის პროცესს გადის.

"ბუნებრივია, შეხვედრა შეეხო ყველა მნიშვნელოვან საკითხს იმ დემოკრატიული ტრანზიციისა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა, თავისი ისტორიის მანძილზე პირველად გადის. უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ორშაბათს შედგება მორიგი შეხვედრა, იმისთვის, რომ ეს ტრანზიცია ნორმის ფარგლებში სწრაფად, მშვიდობიანად და ასეთ საქმიან გარემოში დასრულდეს", - განაცხადა ბოკერიამ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიას განცხადებით, ახალი პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის მოემზადება.

"ვისაუბრებთ ყველაფერზე იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და ყველაფერი გაგრძელდეს კანონის ჩარჩოებში, ახალი პრემიერი კი მოემზადება იმისთვის, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად გადაიბაროს და პროცესები იყოს უმტკივნეულო", - ამბობს ირაკლი ალასანია.

მოქმედი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეხვედრის შესახებ for.ge შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს, სოზარ სუბარს ესაუბრა.

სოზარ სუბარი: „შეხვედრა ჩვეულებრივ სამუშაო ვითარებაში წარიმართა. ჩვენ იქ კონკრეტული ამოცანებით მივედით. ჯერ ერთი გარდამავალი პერიოდი რამდენიმე დღე გაგრძელდება, კონსტიტუციის გათვალისწინებულ ვადებში და ამ პერიოდში რაიმე სახის ექსცესები არ უნდა მოხდეს. შევთანხმდით იმაზე, რომ ორშაბათისთვის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი გუნდი უკვე მზად იქნება იმისთვის, რომ მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო შემადგელობა გამოვაცხადოთ და ის ადამიანები დავასახელოთ, რომლებიც უკვე ორშაბათიდან სახელმწიფო უწყებებში სიტუაციაში გასაცნობად მივლენ. საუბარია ჯერ ვითარების გაცნობაზე, რომ ერთ დღეში კი არ მოხდეს იქ მისვლა, არამედ ნელ-ნელა რომ მოხდეს ხელისუფლების გადმობარება. მთავარი თემა იყო ეს. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, რომ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა გუშინ, რა ხდება დღეს და რაც მოხდება ხვალ, აკისრია იმას, ვინც ამ წუთში არის ხელისუფლებაში და ეს პასუხისმგებლობა თვითონაც კარგად აქვთ გაცნობიერებული.

გარდა ამისა, ჩვენი საუბრის ერთ-ერთი თემა იყო იმ ადამიანთა ბედი, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულები. მათ ნაწილს 10-15 დღე აქვს მისჯილი, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც 90 დღიანი პატიმრობაც აქვთ შეფარდებული. ამ პირთა უმეტესობა აბსოლუტურად უკანონოდ არის დაპატიმრებული, ხოლო იმ შემთვევებში, სადაც დაკავებას რაიმე საფუძველი ჰქონდა, ძირითადად ეს იმ არაჯანსაღი ვითარებით იყო გამოწვეული, რასაც წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ჰქონდა ადგილი. ჩვენ დავაყენეთ წინადადება, რომ ეს ადამიანები ადმინისტრაციული პატიმრობიდან სასწრაფოდ უნდა განთავისუფლდნენ და იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება.

თქვენ ამბობთ, რომ ორშაბათიდან სახელმწიფო სტრუქტურებში მივლენილი იქნებიან ადამიანები, ვინც არსებულ სიტუაციასთან გაცნობას დაიწყებენ. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, ეს უკვე მინისტრობის კანდიდატები იქნებიან, თუ უბრალოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები?

-ცხადია, ჩვენ ამაზე გარკვეული ხედვა გვაქვს, მაგრამ უკეთესი იქნება ამ თემაზე უფრო დეტალურად ორშაბათს ვისაუბროთ.

თქვენი თქმით, ორშაბათიდან უკვე სამუშაო პროცესი დაიწყება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კოალიციაში უკვე არსებობს შეთანხმება მინისტრების სავარაუდო ვინაობებთან დაკავშირებით?

- ბატონმა ბიძინამ საჯაროდ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით აქვს თავისი ხედვა. ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ ამ რამდენიმე დღეს კონსულტაციებს მოვანდომებთ. ბატონი ბიძინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია და ცხადია, მინისტრების ვინაობასთან დაკავშირებითაც მას უნდა ჰქონდეს საკუთარი ხედვა, ხოლო კონსულტაციები უკვე გუნდის შიგნით გაიმართება და თითოეულ კანდიდატურაზე შეჯერება მოხდება.

მართალია, ამასთან დაკავშირებით გარკვეული განცხადებები გაკეთდა, მაგრამ იქნებ დაგვიზუსტოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან თუ არსებობს იმის მზადყოფნა, რომ მინისტრთა კაბინეტი მთლიანად „ქართულმა ოცნებამ“ დააკოპლექტოს?

- ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ ითქვა ის, რაც მანამდე საჯაროდ იქნა გაცხადებული. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს სერიოზულ უფლებებს მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაში მონაწილეობა მიიღოს და გარკვეულ სფეროებზე კონტროლი დაიტოვოს, ეს უფლებები პრეზიდენტის მხრიდან გამოყენებული არ იქნება.

ამგვარი შეხვედრები კიდევ გაიმართება, თუ ორშაბათიდან უკვე სამუშაო პროცესი დაიწყება?

- არა, შეხვედრები იქნება, რადგან ძალიან ბევრი საკითხია გასარკვევი და შესაბამისად, ყველა ეს საკითხი ნელ-ნელა იქნება გადაჭრილი მანამ, სანამ ხელისუფლების სრული გადაბარება მოხდება.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამგვარი შეხვედრა გაიმართებოდა, საზოგადოება და მათ შორის მედიის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ ეს შეხვედრა მედიისთვის და შესაბამისად, საზოგადოებისთვის ღია ყოფილიყო. იქნებ განგვიმარტოთ, ვისი ინიციატივით დაიხურა მედიისთვის ეს შეხვედრა და მომავალშიც დახურულ კარს მიღმა გაიმართება ამგვარი შეხვედრები?

- უბრალოდ შეუძლებელია ეს შეხვედრები იყოს ღია, რადგან ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი და მთავარია, რომ მოლაპარაკების შედეგი ყოველთვის იქნება საჯარო და არაფერი იქნება საზოგადოებისგან დამალული. ამგვარი შეხვედრა რომ საჯარო იყოს, ეს თვითონ პროცესს შეუშლის ხელს. როცა შეხვედრა ღიაა, შესაძლოა რომელიმე მხარემ რაღაც საკითხებისგან თავი შეიკავოს. ამიტომ ჩვენთვის მთავარია პროცესი. ქართველმა ხალხმა უდიდეს გამარჯვებას მიაღწია, როდესაც მიუხედავად უამრავი გართულებისა, ხელისუფლების მშვიდობიანად შეიცვალა. ახლა კი ძალაუფლების გადაბარება რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს.“