თბილისის ახალი ტიტანი

თბილისის ახალი ტიტანი

ექსცენტრულმა მილიარდერმა და ეგზოტიკური ცხოველების კოლექციონერმა სულ ცოტა ხნის წინ არჩევნებში გასაოცრად მოიგო. მაგრამ არის ის იმდენად შეშლილი, რომ მართლაც მართოს ქვეყანა?

გარდა იმისა, რომ ზებრების მოშენებითა და ხელოვნების ნიმუშების შეგროვებითაა დაკავებული ბევრი არაფერი ვიცით ბიძინა ივანიშვილის შესახებ, რომლის კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა ორშბათის საპარლამენტო არჩევნებში. მაგრამ მისი გამარჯვების შემდეგ გამართული პრესკონფერენციით ერთი რამ ცხადი გახდა: ის ორატორი არ არის.

სამშაბათს, 2 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ სათავო ოფისის ჩახუთულ ოთახში მედიასთან ხანგრძლივი შეხვედრის დროს ივანიშვილი აბნეულად ლაპარაკობდა, ერთი და იმავეს იმეორებდა, თითქოს იქვე აყალიბებდა პოლიტიკას და ერთ-ერთი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტს ბრალიც კი დასდო, რომ მისი ოპონენტის, პრიზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო მოსყიდული. მას არც ის ფაქტი ახსოვდა, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ვიდრე მომავალ წელს საქართველოს კონსტიტუცია შეიცვლება, პრემიერმინისტრის კანდიდატურა დასამტკიცებლად, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, სააკაშვილმა უნდა წარადგინოს. თავიდან ის დამაჯერებლად კამათობდა ჟურნალისტებთან, რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ შემდეგ აღიარა რომ ცდებოდა.

ეს მომქანცველი წარმოდგენა იყო, რომელიც ადამიანებს ალბათ გაუჩენდა კითხვას იმის თაობაზე, თუ ვინ არის ადამიანი, რომელმაც სააკაშვილის რეფორმატორული და იმავდროულად ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო ტალღით ისარგებლა, და რა ტიპის მთავრობას ჩაუდგება ის სათავეში.

ბოლო თვეების მწვავე საარჩევნო კამპანია 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ გმირის, მიხეილ სააკაშვილის ხარვეზებსა თუ მიღწევებზე იყო ფოკუსირებული. მისი ექსცენტრული ოპონენტი დამატებით ატრაქციას წარმოადგენდა. ახლა ივანიშვილის კოალიცია წარმმართველი ძალა იქნება პარლამენტში, თუმცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში თავად ივანიშვილია, რომელიც ვიდრე პოლიტიკაში ჩაერთვებოდა კარჩაკეტილ ცხოვრების წესს მისდევდა.

გასულ წლამდე ცოტამ თუ იცოდა როგორ გამოიყურებოდა ივანიშვილი. მას მხოლოდ ერთი ინტერვიუ ჰქონდა მიცემული რუსული გაზეთის „ვედომოსტისთვის“ 2005 წელს; ივანიშვილი ყველანაირ საჯაროობას გაურბოდა. ის კატასავით უჩუმრად გადაადგილდებოდა, როდესაც თავის უსაფრთხო მინის ციხესამაგრეს ტოვებდა, რომელიც გორაზეა აღმართული და თბილისს ზემოდან გადმოჰყურებს. ის ხელოვანებისა და ინტელექტუალებისათვის ფულად დახმარებებს ჩუმად და ანონიმურად გასცემდა.

მას შემდეგ რაც განაცხადა, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც სააკაშვილს დაუპირისპირდებოდა, მას საჯარო გამოსვლებსა და მედიისთვის ინტერვიუების მიცემასთან სწრაფად შეგუება მოუხდა. მის პოლიტიკურ გამოსვლებს, თან ახლდა მისი ალბინოსი, რეპერი შვილის წარმოდგენები. როდესაც მასთან ორი თვის წინ ინტერვიუ ჩავწერე მის რეზიდენციაში შავი ზღვის სანაპიროზე, ის თავად მართავდა გოლფის წითელ ბაგის, რომელშიც ჩართული იყო სინატრას My Way და ვიდრე სასაუბროდ დავსხდებოდით მოულოდნელი ტურიც მომიწყო მისი ეგზოტიკური ცხოველების კოლექციის დასათვალიერებლად. მისი კოლექცია მოიცავს ფლამინგოებს, თუთიყუშებს, ფარშავანგებსა და ორ ზებრას. სხვა ჟურნალისტი, რომელიც მის სხვა რეზიდენციას სტუმრობდა, იქ ნახა კენგურუ და რამდენიმე პინგვინი (მაშინ იანვარი იყო, ისინი გუბურის გარშემო დაცურავდნენ და არ გრილდებოდნენ, როგორც ეს ზაფხულობით ხდება).

„მთავარი პრობლემა ის არის, რომ მან არ იცის რა არის სიყვარული,“ მიპასუხა ივანიშვილმა როდესაც ვკითხე თუ რა არ მოსწონდა სააკაშვილში. GQ-ის რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, მან შემდეგი რამ თქვა: „სააკაშვილისგან განსხვავებით მე მიყვარს ხალხი, და ისინი ამას გრძნობენ. სააკაშვილს მხოლოდ სექსი და ჭამა უყვარს.“

ივანიშვილი ლაღი, მაგრამ ამავე დროს უცნაური ხასიათის მქონე ადამიანია. ის სიამოვნებით ლაპარაკობდა მის ორსულ ზებრაზე, ზელდაზე და იმაზე, რომ არსებობს ფარშავანგების რვა სახეობა. ის ასევე გატაცებით ყვებოდა იმის შესახებ თუ როგორ იქცა ქართველი სოფლელი ბიჭი რუს მილიარდერად და როგორ უმკლავდებოდა საშიშროებებს 1990-იანი წლების მოსკოვის ბიზნეს გარემოში. ის ნაკლებ დამაჯერებელი იყო სპეციფიკურ საკითხებზე საუბრისას და ოპონენტის ნაკლოვანებებზე საუბარი ერჩივნა. (სააკაშვილის ხალხი თავის მხრივ მას ექსცენტულ და კრემლის მარიონეტს უწოდებს.) ის ასევე დაიბნა, როდესაც ცნობისმოყვარე ჟურნალისტებმა მისი ბიზნესის შესახებ კითხვები დაუსვეს. ჩვენი ინტერვიუს ბოლოს მან ხელი დამიქნია და მითხრა: „იცი რა უნდა გამოიყენო და რა არა, ასე არ არის? დარწმუნებული ვარ ხვდები რა უნდა დაწერო და არა.“

ახლა როდესაც ინტერვიუების მიცემა ათეულობით სატელევიზიო კამერის წინ უწევს, მისი დაბნეულობა უფრო ადვილი შესამჩნევია. სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე Bloomberg-ის ჟურნალისტმა ფრიად გონივრული შეკითხვა დაუსვა – მას შემეგ რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა რამდენად შესაძლებელია ე. წ. კანონიერი ქურდები საქართველოში დაბრუნდნენ. ამ შეკითხვამ ივანიშვილი წონასწორობიდან გამოიყვანა. „ვინ გთხოვათ ამ შეკითხვის დასმა? სააკაშვილმა? ბოკერიამ?“ ის პრეზიდენტსა და მის მთავარ მრჩეველს, გიგა ბოკერიას გულისხმობდა. „ეს არ არის მართებული შეკითხვა. და მასზე პასუხს არ გავცემ,“ განაცხადა მან.

მიუხედავად მის გარშემო თავმოყრილი ურიცხვი მრჩევლებისა, ის, როგორ ჩანს, ცუდად არის ინფორმირებული და მისი განცხადებები ადრე მიცემულ ინტერვიუებს არ შეესაბამება. როდესაც სამშაბათს ჰკითხეს თუ რა დაუჯდა კამპანიის წარმოების დაფინასნება, მან თქვა: „$2 მილიიონი. ზუსტად არ ვარ დარწმუნებული. დაახლოებით $1-დან $3 მილიონამდე.“ ივლისში მიცემულ ინტერვიუში კი მან თქვა, რომ უკვე $10 მილიონამდე ჰქონდა დახარჯული.

მას, როგორც ჩანს, მეტი პოლიტიკური გამჭრიახობა სჭირდება. თავის მიკიბ-მოკიბულ შესავალ სიტყვაში, ოთხჯერ გაიმეორა ერთი და იგივე, ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიტანს სარჩელს იმ მოსამართლის წინააღმდეგ, რომელმაც მისი თქმით, საშინელი განაჩენები გამოიტანა ოპოზიციის წინააღმდეგ. განაცხადა, რომ თუკი სააკაშვილი ოპოზიციაში ყოფნას შეძლებს, მათ შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ პრესკონფერენციის დაწყებიდან ორი საათის შემდეგ, ივანიშვილმა უცებ შოკის მომგვრელი განცხადება გააკეთა, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს და აღარ უნდა დაასრულოს დარჩენილი ერთწლიანი საპრეზიდენტო ვადა. „ახლა მისთვის ყველაზე სწორი იქნება კალამი აიღოს და განცხადება დაწეროს,“ თქვა ივანიშვილმა. „ეს კარგი იქნება მისთვის და მისი მომავლისთვის.“ ამ განცხადებამ უცხოელ ჟურნალისტებში უამრავი კითხვა გააჩინა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილმა დიდსულოვანი სიტყვა წარმოთქვა პოზიციების დათმობის შესახებ. „ეს მოწოდება მიუღებელია და ეს არის პირდაპირი შეტევა დემოკრატიასა და კანონის აღსრულებაზე,“ აღნიშნა თავის განცხადებაში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა, ვილფრედ მარტენსმა, რომელიც სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული. რუსეთთან საქართველოს ურთიერთობის რთული საკითხი იყო ერთადერთი თემა, რომელზეც ის დამაჯერებლად საუბრობდა. მისი თქმით, ის ეცდება გააუმჯობესოს ურთიერთობა ჩრდილოელ მეზობელთან სავაჭრო და კულტურული კავშირების გამყარებით, მაგრამ ამავე დროს აღნიშნა, რომ არ გადაუხვევს სააკაშვილის მიერ არჩეული კურსიდან, რათა საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდეს.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია პოლიტიკოსების გაბოროტებული სიტყვიერი თავდასხმების ფონზე მიმდინარეობდა, ქართული დემოკრატიისათვის შესანიშნავი განაცხადით დასრულდა; რეგიონში არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომლის ძლიერი პრეზიდენტიც ასე ადვილად დათმობდა პოზიციას საარჩევნო ყუთის საშუალებით. მაგრამ ქართულ პოლიტიკას მესიის მანტიით მოსილი პირების განდიდების ხანგრძლივი ისტორია აქვს, და გარკვეული დროა საჭირო ვიდრე ისევ იმედგაცრუება დაისადგურებს. ცოტა ხნის წინ მუდმივად ვკითხულობდით სათაურებს, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ ვარდები დაჭკნა.

ივანიშვილისთვის გამოცდა იქნება შეინარჩუნოს ლიბერალებისა და ულტრანაციონალისტებისგან შემდგარი გამარჯვებული კოალიციის ერთობა იმ პირობებში, როდესაც მათ აღარ მოუწევთ საერთო მტერთან ბრძოლა. რამდენ ხანში ვიხილავთ პირველად ასეთ სათაურს „ქართული ოცნება კოშმარად იქცა“? არც ისე გვიან, თუკი ივანიშვილი სწრაფად არ გამოიმუშავებს პოლიტიკოსისთვის საჭირო უნარებს.
foreignpress.ge