არჩევნებში გამარჯვებული ივანიშვილი: კრემლსა და ნატოს შორის

არჩევნებში გამარჯვებული ივანიშვილი: კრემლსა და ნატოს შორის

არჩევნებში გამარჯვებულმა ბიძინა ივანიშვილმა საგარეო პოლიტიკაში კანაფი უნდა გაჭიმოს: საქართველოს ახალი ძლიერი ფიგურა, ომში ყოფილ მოწინააღმდეგე რუსეთთან დაახლოების გზებს ეძებს, თუმცა იმავდროულად უნდა, რომ საკუთარ ქვეყანას ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით გაუძღვეს.

როდესაც 56 წლის მილიარდერსა და ორშაბათის შემდეგ საქართველოს უძლიერეს ადამიანს მიხეილ სააკაშვილთან მისი ურთიერთობის შესახებ ეკითხებიან, ოლიგარქი სიამოვნებით ყვება, როგორ ირიდებდა თავიდან ჯერ კიდევ პრეზიდენტის მხრიდან მასთან დაახლოების მცდელობებს. სააკაშვილი ხან თბილისში მინის სასახლეში ითხოვდა შეხვედრას, და სთავაზობდა, რომ ინკოგნიტოდ, ძველი „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანით, რომლის საჭესაც თვითონ მიუჯდებოდა სტუმრად ეწვეოდა, რათა ამის შესახებ არავის შეეტყო. შემდეგ ურეკავდა, რომ შემთხვევით იქვე იყო და მასთან საკუთარი ვერტმფრენით ჩაფრინდებოდა. როგორც ივანიშვილი დღეს აცხადებს, მაშინ ის დაემუქრა პრეზიდენტს, რომ მისი დაცვა ვერტმფრენს ჩამოაგდებდა:

„არ მინდოდა, ვინმეს მასთან ერთად ვენახე“, ამბობს ივანიშვილი. “ამის შესახებ პუტინი გაიგებდა”.

ეს კი საქმეზე ცუდად იმოქმედებდა. მილიარდერმა, რომელსაც მოსკოვში “ბორისად” იცნობდნენ და თავისი ქონების უდიდესი წილი რუსეთში დააგროვა, არ სურდა კრემლის გაღიზიანება. უპირველეს ყოვლისა კი ვლადიმერ პუტინისა, რომელსაც სააკაშვილი სძულს და ერთხელ დაემუქრა კიდეც, რომ ქართველს “კვერცხებით დაკიდებდა”.

ნიშნავს პუტინის განწყობის ასეთი უჩვეულო გათვალისწინება იმას, რომ ივანიშვილი პრო-რუსული კურსის გამტარებელია? გახდება თუ არა კავკასიის პატარა ერი, რომელიც გასულ წლებში რეგიონში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ნატოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი იყო და გეოსტრატეგიულად ხელსაყრელი მდებარეობა აქვს აზერბაიჯანის ნავთობით სავსე ველებსა და დასავლეთს შორის, მართული კრემლის ვასალის მიერ, როგორც ამას წინასაარჩევნო ბრძოლისას პრეზიდენტ სააკაშვილის ბანაკი ამტკიცებდა?

“ჩვენი მიზანია ევროატლანტიკური ინტეგრაცია”, ჯერ კიდევ არჩევნებამდე თქვა ივანიშვილმა. საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ალტერნატივა არ აქვს. მოწინააღმდეგე სააკაშვილმა 2003/2004 წლებში უფრო პრო-რუსული სახელმწიფო მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის ჩამოგდების შემდეგ, თავისი ქვეყანა მკაცრად დასავლური კურსით წაიყვანა. თუმცა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომის შემდეგ ალიანსში შესაძლო გაწევრიანების საკითხი გაიყინა.

დასავლეთთან დაახლოების ახალი ბიძგი

ივანიშვილის კოალიცია “ქართულ ოცნება” მართლაც შეძლებდა საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოების შეჩერებული პროცესისთვის ახალი ბიძგის მიცემას. ოდესღაც ამერიკის პრეზიდენტი უმცროსი ჯორჯ ბუში თავის კოლეგა სააკაშვილს ელოლიავებოდა. თუმცა ბუშის მემკვიდრე ბარაკ ობამამ ურთიერთობა ვაშინგტონსა და თბილისს შორის შესამჩნევად გააგრილა. ივანიშვილის პერიოდში საქართველოს სწრაფი გაწევრიანება დასავლურ თავდაცვით კოალიციაში ასევე საეჭვოა. საქართველო ნატოს ბირთვისგან ძალიან შორსაა, ქვეყანა ჯერ ძალიან ჩამორჩენილია, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლზე 2011 წლისათვის სვაზილანდისა და ეგვიპტის მონაცემებს შორის მერყეობს.

სააკაშვილის მეთაურობის შემთხვევაში ნატოს კარი ქვეყნისათვის უფრო მყარად ჩაკეტილი დარჩებოდა. სახელმწიფოს მეთაურს 5 დღიანი ომის შემდეგ ბერლინსა და ბრუსელში ცხელთავიანის, სიძულვილის გამღვივებლისა და ალიანსისთვის შესაძლო რისკფაქტორის სახელი აქვს.

ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს აღარ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები. უთანხმეობებმა საქართველოს ეკონომიკაზე მძიმედ იმოქმედა, კონფლიქტის გამო განსაკუთრებით დაზარალდა სოფლის მეურნეობა. ამიტომ არჩევნებში გამარჯვებულ ივანიშვილს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების გაუმჯობესება დღეს უფრო სურს, ვიდრე ხვალ. თუმცა ხაზს უსვამს, რომ ეს არ უნდა იყოს გაგებული, როგორც მანევრი დასავლეთის წინააღმდეგ. “ევროპელები და ნატო ასევე ცდილობენ რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას”, უთხრა ივანიშვილმა არჩევნების წინ „შპიგელს“.

თამაშის დემოკრატიული წესები

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით ივანიშვილთან მოლაპარაკების იმედი მოსკოვს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს. “ამ რეგიონების დამოუკიდებლობას ვერც ის და ვერც მთელი ქართველი ერი ვერასოდეს შეეგუება”.

ქვეყნის მომავალ საგარეო პოლიტიკაზე დიდ გავლენას იქონიებენ ირაკლი ალასანია და მაია ფანჯიკიძე. ალასანია სააკაშვილის მთავრობაში ყოფნისას საქართველოს ელჩი იყო გაეროში, ნიუ-იორკში. მისი მეუღლე მეგობრობს აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრ, ჰილარი კლინტონთან. ფანჯიკიძე ელჩი იყო ბერლინში. “დასავლური ორიენტაცია ივანიშვილის დროსაც უმთავრეს პრიორიტეტად რჩება“, ამბობს თბილისელი პოლიტოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

თუმცა დასავლეთთან დასაახლოვებლად ივანიშვილმა თამაშის დემოკრატიული წესები უნდა დაიცვას: ის არ უნდა აყვეს მის კოალიციაში პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ანგარიშსწორებისა და მის წინააღმდეგ პროცესის ხელშეწყობის მოთხოვნებს. სამაგიეროს გადახდის მიზნით პოლიტიკური პროცესი, ისეთი როგორიც უკრაინაში პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ გამართა “მისი მიზანი არ არის”, ამბობს ივანიშვილი. მას “სულ სხვა საზრუნავი ექნება”, უთხრა მან „შპიგელს“ არჩევნების წინ.

მისი ქმედებები ამ დანაპირების შესრულებით განიზომება.
foreignpress.ge