გაზრდილი დანაშული, თუ ზუსტი აღრიცხვა?

გაზრდილი დანაშული, თუ ზუსტი აღრიცხვა?

გიორგი გახარიას განცხადებით, შს სამინისტრო პრინციპულად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება ჩვენს ქუჩებში, ასევე დანაშაულის მიმართულებით. შს მინისტრი ამბობს, რომ სტატისტიკა მძიმე დანაშაულებთან მიმართებაში კლებადია, ხოლო სტატისტიკაში რიგი დანაშაულებების მატებას სამინისტროს მხრიდან წარმოებული და გასაჯაროებული მონაცემებით ხსნის. თუმცა, მინისტრი ამბობს, რომ არსებობს მიმართულებები და დანაშაულები, სადაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლების საჭიროებაა.

„ერთი წლის წინ, როდესაც მივედით შს სამინისტროში, ვთქვით, რომ პრობლემა თუ გვინდა მოვაგვაროთ, ამას სჭირდება ობიექტური შეფასება და სწორედ ამიტომ ავიღეთ ვალდებულება, რასაც ბევრი არ იჯერებდა – სტატისტიკის სრული გამოქვეყნება, რაც გავაკეთეთ.

გარწმუნებთ, სრულად ვიზიარებდი რამხელა წნეხის საშუალებებს ვაძლევდით ოპონენტებს, მაგრამ ეს გავაკეთეთ, რადგან სხვანაირად პრობლემის გრძელვადიანი მოგვარება შეუძლებელია. რაც შეეხება მდგომარეობას, მძიმე დანაშაულში გვაქვს ან უცვლელი მდგომარეობა ან კლება. დანაშაულები როგორიცაა მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა, ყაჩაღობა, სხეულის მძიმე დაზიანება – გვაქვს კლება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ოპოზიციის განცხადებას, რომ ქვეყანაში კრიმინალის ზრდა შეიმჩნევა, არ იზიარებს პრემიერ–მინისტრი. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლების ანტიკრიმინალური რეფორმების და ქმედებების მიზანი არის სწორედ ხარისხობრივად ახალი და გაუმჯობესებული საპოლიციო საქმიანობა.

„შსს–ში ჩვენ ვახორციელებთ კრიმინალური პოლიციის რეფორმას, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. „ქურდული სამყაროს“ და „კანონიერი ქურდების“ შესახებ კანონში შევიდა ცვლილება და დანაშაულად გამოცხადდა ქურდული შეკრების ორგანიზება. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა და ა.შ. გამკაცრდა სანქციები „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის.

პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონი ქუჩური გარჩევების და ძალიან მაინტერესებს იმ ოპონენტების პოზიცია როგორი იქნება ამ კანონთან დაკავშირებით, ვისგანაც ასეთი ემოციური გამოსვლები ვიხილეთ. ჩვენი ანტიკრიმინალური რეფორმების და ქმედებების მიზანი არის სწორედ ხარისხობრივად ახალი და გაუმჯობესებული საპოლიციო საქმიანობა, ანალიზზე, პრევენციაზე ორიენტირებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დანაშაულის კლებაზე ამახვილებს ყურადღებას უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე, რომლის განცხადებით, საერთო ჯამში გაზრდილია დანაშაულის სტატისტიკა, მაგრამ ე.წ. საშიშ და მძიმე დანაშაულზე არსებობს კლება. როგორც დეპუტატი აცხადებს, სტატისტიკის მატება ძირითადად აღრიცხვიანობისა და მომართვიანობის გაზრდამ განაპირობა.

„არსებობს ასევე ტენდენცია, რომ გუშინ, პირობითად, მედიით საერთოდ არ შუქდებოდა კრიმინალი და დღეს სპეციალურად ამისთვის მიძღვნილი სამჯერ და ათჯერ მეტი ახალი ამბავია. სტატისტიკის ზრდა განპირობებულია სტატისტიკის გაუმჯობესებით, თუმცა არსებობს გარკვეული დანაშაულები, რომელთა დაკავშირებითაც მომატებულია სტატისტიკა, მაგალითად – ქურდობა, ოჯახში ძალადობა, ეს მომართვიანობის გაზრდის ხარჯზეა“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

ხელისუფლებისგან განსხვავებით მძიმე კრიმინალურ ვითარებაზე საუბრობს ოპოზიცია და ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ყველა სახის დანაშაული გაორმაგდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ კრიმინალმა აიშვა, რაშიც თავად მთავრობას მიუძღვის დიდი წილი.

„ქვეყანაში საშინლად გაიზარდა დანაშაული. დღე არ გადის, რომ ლამის, საომარ ქრონიკებში გვგონია თავი, როდესაც ვისმენთ ინფორმაციას ხან გაქურდვის, ხან დაყაჩაღების, ბანკის გაძარცვის შესახებ. სენაკში მაღაზია გაძარცვეს და შოკოლადები მოიპარეს. სიღატაკის უკიდურეს ზღვარზე არის მისული ქვეყანა. ამიტომ, დანაშაულის ზრდას განაპირობებს მრავალი ფაქტორი – ერთი მხრივ ხელისუფლებაში გამეფებული ატმოსფერო, როდესაც კრიმინალმა აიშვა, ვინაიდან გაჩნდა დაუსჯელობის შეგრძნება.

გაჩნდნენ ასე ვთქვათ, საკუთარი დამნაშავეები და სხვა დამნაშავეები და ამ საკუთარი დამნაშავეების მიმართ ლოიალური მდგომაროება და წახალისება, კრიმინალის მხარდაჭერა იმის გამო, რომ ისინი სჭირდებათ სხვადასხვა მიზნით, მათ შორის საარჩევნო მიზნით გამოყენებისთვის. ხელისუფლება ვერ ებრძვის გაზრდილ დანაშაულს, რადგან თვითონ არის კრიმინალის წამახალისებელი. სტატისტიკა არის საშინელი. 2018–ში რატომ გაორმაგდა 2017–თან შედარებით? უკლებლივ ყველა სახის დანაშაული, განსაკუთრებით, მძიმე დანაშაულები, ფაქტობრივად, გაორმაგდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კრიმინალის ზრდაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომლის შეფასებით, გაზრდილი კრიმინალი, შერჩევითი სამართალი, ზეწოლა ბიზნესზე და ჩრდილოვანი ეკონომიკა – ეს არის მიზეზი, რამაც დეპუტატის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალის ზრდა გამოიწვია. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ნათელია, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არსებობს. ამის მაგალითად დეპუტატს მარნეულის მერის, თეიმურაზ აბაზოვისა და კიდევ რამდენიმე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის საქმე მოჰყავს.

„დიახ, „ქართული ოცნებისთვის“ დამნაშავე აბაზოვია მთავარი და არა ის ადამიანი, რომელსაც შარდი წაუსვა სახეზე. დიახ, „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი არის ადამიანი ფარცხალაძე, რომელსაც სარდაფში ჩაჰყავს ადამიანები და იქ ივანიშვილის დავალებით ურჩევს საქმეს, მთავარი არის ადამიანი გეგეშიძე, რომელიც სცემს ადამიანებს ხან კორცხელში და ხან - საჭიდაო დარბაზში და არა ის ადამიანები, რომლებიც ადამიანი გეგეშიძის მიერ იჩაგრებიან“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კრიმინალის ზრდაზე და გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, რომლის განცხადებით, კრიმინალი, გარკვეული დოზით ყველა ქვეყანაში არსებობს და სამართალდამცავი სტურქტურები მეტ–ნაკლებად წარმატებით მოქმედებენ. ქართულ სინამდვილესთან განსხვავება საინფორმაციაო პოლიტიკა არის, როდესაც პირველი ნიუსი ნებისმიერი ჯიხურის ქურდობის ფაქტით იწყება.

„არა მგონია, რომ ეს საზოგადოებისთვის მომგებიანი იყოს. ვნახოთ როგორ იწყება მსოფლიოს საინფორმაციო გამოშვევები – პირველი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამბებით, შემდეგ ეკონომიკა, საზოგადოებრივი ნიუსები და შემდეგ მოდის კრიმინალური ქრონიკა. ჩვენ პირიქით გვაქვს, მუდმივად ვსაუბრობთ, რომ ხელისუფლება და პოლიცია უძლურია და ა.შ.

რაც შეეხება დანაშაულის ზრდას, ერთია სტატისტიკა და მეორეა მოსახლეობის აღქმა. მოსახლეობის აღქმას ორი ფაქტორი ეხმარება, ერთია რასაც საკუთარი თვალით ხედავს და მეორე, რა ფონი არის შექმნილი კრიმინალთან დაკავშირებით საინფორმაციო სივრცეში. ეს ორი ფაქტორი მოქმედებს საზოგადოების აღქმაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი. არ მინდა გამიგოთ ისე, რომ მხოლო აღქმაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, კრიმინალი გაზრდილია და ეს იგრძნობა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ამირან სალუქვაძე.

მისი თქმით, კარგად არის გასაანალიზებელი რა ტიპის დანაშაულებები არის გაზრდილი, რა ტიპის დანაშაულებებთან ბრძოლაში არიან ეფექტურები სამართალდამცავი სტრუქტურები და რომელი ტიპის დანაშაულში არიან ნაკლებად ეფქტიურები.

„ეს საკითხი სიღრმისეულად უნდა გვაწუხებდეს, უნდა ვმუშაობდეთ და ვაანალიზებდეთ. მესმის, რომ პოლიტიკურ ძალებს ნებისიერ თემაში აქვთ დაპირისპირება, მაგრამ ჩვენ, ექსპერტები და ჟურნალისტები ამ საკითხს უნდა ვუყურებდეთ უფრო პროფესიულად და სიღრმისეულად. ამას ანალიზი სჭირდება და, რა თქმა უნდა, მკურნალობა. იმ პრობლემებს, რაც არსებობს საზოგადოებაში, მხოლოდ შსს ვერ უმკურნალებს.

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა არის და ამას ჩვენ ვხედავთ. როცა კანონმდებლობაში არის ხვრელი, კრიმინალი იქ პოულობს სუსტ წერტილებს. არასრულწლოვანს ვერ დასჯი, კრიმინალი ამას იყენებს და ეს ჩვეულებრივი თემაა და ჩვენ რას ვშვრებით, რა ბავშვებს ჩავყრით ციხეში, თუ შევეცდებით როგორმე პროფილაქტიკა მოვახდინოთ. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მეტი მუშაობა არის საჭირო“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ამირან სალუქვაძემ.

იურისტ ლევან ალაფიშვილის შეფასებით, დანაშაულს ყველა საზოგადოებაში აქვს თავისი განმაპირობებლები, რომელშიც ძალიან დიდი ნაწილი უკავია კონკრეტული სახელმწიფოს სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას.

„ჩვენთან სოციალურ–ეკონომიკური მდგომარება სამწუხაროდ არ არის გაუმჯობესებული, შეიძლება ვთქვათ, რომ არის გაუარესებული, რაც არის ნოყიერი ნიადაგი იმ დანაშაულთა ზრდისთვის, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად თვალს ვადევნებთ, იქნება ეს ავტომანქანების გატეხვა და იქიდან ნივთების მოპორვა, თუ არასრულწლოვანთა მიერ გაზრდილი დანაშუალი და უმეტეს შემთხვევაში მათი გამოყენებით.

ასე რომ, თუკი ვისაუბრებთ მიზეზზე, ეს უფრო სწორი იქნება, ვიდრე საუბარი სტატისტიკაზე. თუ ამ კონტექსტში ვიმსჯელებთ, საქართველოში დანაშულთა რიცხოვნება არის გაზრდილი. მართალია ხელისუფლება ამბობს, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშულებები არ არის გაზრდილი, მაგრამ ეს მანუგეშებელი სულაც არ არის. იმიტომ, რომ საერთო რიცხოვნება ისეთი დანაშაულისა, როგორიც არის ქურდობა არასრულწლოვანთან მეშვეობით, ქონებრივი დანაშაული, ყაჩაღობა, ძარცვა, არის გაზრდილი და ეს არის ფაქტი“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.