დემოკრატიული გარდატეხა საქართველოში

დემოკრატიული გარდატეხა საქართველოში

სარედაქციო წერილი

პატარა კავკასიურმა ქვეყანამ, საქართველომ, რომელიც დასავლეთში თავისი ინტეგრაციის სურვილით, უკვე ათ წელზე მეტია, რაც შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ყურადღების ცენტრშია, იმ რეფორმატორებზე უარის თქმის ფასად, რომლებიც ქვეყანას 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მართავდნენ, დემოკრატიული გარღვევა მოახდინა. ორშაბათის საპარლამენტო არჩევნებში, ოპოზოციურმა კოალიციამ, რომელსაც მილიარდერი და პოლიტიკური ახალბედა უდგას სათავეში, დაამარცხა მმართველი პარტია და პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა. ამ არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლებმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე კონკურენტული და სანდო არჩევნები უწოდეს.

სამშაბათს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ქარიზმატულმა და სადავო ფიგურამ, რომელსაც ოპონენტები ხშირად ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ, დაადასტურა, რომ მისი ერთგულება ლიბერალური დემოკრატიისადმი რეალურია. სატელევიზიო გამოსვლაში მანამდე, სანამ ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდებოდა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის აღიარებს მისი პარტიის დამარცხებას არჩევნებში და დასძინა, რომ ის ნებას მისცემს გამარჯვებულ კოალიციას აირჩიოს ახალი პრემიერმინისტრი და ჩამოაყალიბოს კაბინეტი – მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმის პირობებში, ის აღმასრულებელ ძალაუფლებას მომავალ წლამდე შეინარჩუნებს.

როგორც სააკაშვილის მთავრობა, ასევე ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური მოძრაობა “ქართული ოცნება”, დამნაშავეები არიან კამპანიის დროს დარღვევებსა და ექსტრემისტული რიტორიკის გამოყენებაში. არსებობდა შიში, რომ ოპოზიციის დამარცხებას ქუჩის დემონსტრაციები და ძალადობა მოჰყვებოდა. მაგრამ კენჭისყრის დასრულების შემდეგ ორივე მხარის პასუხისმგებლიანმა საქციელმა (ბ-ნმა ივანიშვილმა საკუთარ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საპარლამენტო ოპოზიციასთან იმუშავებს) იმის იმედი გააჩინა, რომ საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა კავკასიაში და პირველი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ბალტიის ქვეყნების შემდეგ, რომელიც შექმნის სტაბილურ, ქმედით დემოკრტიას.

მოხდება ეს თუ არა, დიდწილად ბ-ნ ივანიშვილზეა დამოკიდებული, რომელმაც თავისი $6 მილიარდიანი ქონება რუსეთში დააგროვა და ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ ერთი წლის წინ შეაბიჯა. მან უამრავი ფული დაახარჯა 5 მილიონიან ქვეყანას, სადაც ჩამოაყალიბა კოალიცია, რომელშიც შედიან, როგორც ლიბერალი, პროდასავლელი რეფორმატორები, ასევე კონსერვატორი ნაციონალისტები, რომლებიც ქვეყნის ეთნიკური უმცირესობების უკმაყოფილებაზე თამაშობდნენ. ივანიშვილის აცხადებს, რომ ის განაგრძობს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის სააკაშვილისეულ პოლიტიკას, მაგრამ უარს ამბობს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრიტიკაზე, რომელმაც 2008 წელს საქართველოში ინტერვენციის ბრძანება გასცა და მიხეილ სააკაშვილის დამხობა კრემლის პრიორიტეტად აქცია.

ბ-ნი ივანიშვილი, როგორც ჩანს არ არის კრემლის მარიონეტი. მაგრამ იმავდროულად მას თითქოს არ აქვს შეთვისებული ისეთი დასავლური დემოკრატიული ღირებულბები, როგორიცაა, ტოლერანტობა კრიტიკული მედიის მიმართ და ოპონენტებთან კომპრომისი. საფრთხე ის არის, რომ საქართველო უკრაინის გზას დაადგება, სადაც 2004 წლის “ნარინჯისფერი რევოლუციის” ლიდერებმა 2010 წლის თავისუფალ არჩევნებში დამარცხების შემდეგ პოზიციები ოპოზიციას დაუთმეს , რის შემდეგაც ახალმა რეჟიმმა დამარცხებული საპრეზიდენტო კანდიდატი დააპატიმრა. ეს ახალი რეჟიმი იხრება რუსული სტილის ავტოკრატიისკენ, რაც გავრცელებულია პოსტ-საბჭოთა ევრაზიაში.

ბ-ნმა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა საქართველოს ექსტრაოდრინარული იმპულსი მისცეს დასავლურ დემოკრატიებთან მიერთებისთვის – ეკონომიკის მოდერნიზება, კორუფციის უდიდესი შეზღუდვა და მილიარდობით საგარეო ინვესტიციის მოზიდვა. ახლა მათ რეალურად კონკურენტული არჩევნები ჩაატარეს და დათანხმდენენ გამარჯვებულისთვის ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე. ბ-ნ ივანიშვილმა შეძლო მთავრობის ხარვეზებით იმედგაცრუების გამოყენება (მათ შორის არის წამება პენიტენციარულ სისტემაში და მაღალი უმუშევრობა). მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიული მემკვიდრეობა დატოვა; შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უნდა მოითხოვონ, რომ ახალი რეჟიმი ამაზე დაფუძნდეს და აშენდეს.
foreignpress.ge