სადაც არ უნდა იყოს ჩიორა, ის მაინც ყვავის ბახალად რჩება

სადაც არ უნდა იყოს ჩიორა, ის მაინც ყვავის ბახალად რჩება

არჩევნები მშვიდობიანად დამთავრდა, გამარჯვებულ-დამარცხებულიც ცნობილია, თუმცა ცესკო სამი საათის დასათვლელს სამი დღეა, ითვლის. როგორც ჩანს, თითოეულ პროცენტზე მიდის ომი - რაც ნაკლები პროცენტით მოვა უმრავლესობა, მით ნაკლები უფლებებით ისარგებლებს და ყოფილ მმართველ გუნდს სიტუაციის მართვის მეტი შანსი ექნება. დასავლეთი კი მოგვიწოდებს, რომ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ითანამშრომლოს და ამით კიდევ ერხელ დაამტკიცოს, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს ქვეყანაში. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების შემდეგ პირველი ბრიფინგიც გამართა - სულ თითის ქნევით ემუქრებოდა გამარჯვებულ კოალიციას და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ყოფილი მმართველი პარტია თანამშრომლობისთვის ნაკლებად არის მზად. რამდენად შესაძლებელია ამ ორი ძალის პოლიტიკური თანაცხოვრება და მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში არეულობის შემოტანისა და პროვოკაციების მცდელობა, ამ თემებზე პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთა „ქართული ოცნების“ მიმართ.  „ნაციონალური“ სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ თითის ქნევით აღნიშნა, რომ რომ მოსვენებას არ მისცემს ახალ ხელისუფლებას და სათითაოდ მოითხოვს იმ დაპირებების შესრულებას, რაც არჩევნებამდე გასცეს. ჯერ პარლამენტიც არ შეკრებილა და საინტერესოა, რა შეუსრულებელ დაპირებაზეა ლაპარაკი. გვახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ პირად მტრად აღიქვამდა და მტერსაც ეძახდა, როგორ ფიქრობთ, დღესაც მსგავს დამოკიდებულებასთან ხომ არ გვაქვს საქმე?

- ბაქრაძე არასოდეს მიმაჩნდა გულმავიწყ ადამიანად და მიკვირს, რომ ის მოქმედებს პრინციპით - „მურა შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდა“. ვიდრე შეამოწმებს ვინ ვის რას დაპირდა, ჩახედოს საკუთარ, და იმ პოლიტიკური გუნდის პოლიტიკურ ბიოგრაფიას, რომელსაც ის მეხოტბედ უდგება. სჯობს აღიდგინოს ის კარგი თვისებები, რომლითაც იგიუფრო ახალგაზრდა ასაკში ხასიათდებოდა.

საუბარი იმაზე, რომ ვინმე ვინმეს ჩაუსაფრდება, ხომ იცით, ნათქვამია, „ისეთმა ფურმა ჩამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველიდესო“, ძუძუგამშრალ „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვის წველადობაზე საუბრის უფლება არ აქვს.

საზოგადოებაში უკვე გაჩნდა ეჭვი, რომ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან სხვადასხვა პროვიკაციებსა და მავნებლობებს ექნება ადგილი, კოალიციის დისკრედიტაციისთვის, თქვენი შეფასებით, ეს მოსალოდნელია?

- აბა რას იზამენ! პატარა მავნებლობებზეც და დიდ მავნებლობაზეც მზაობას აცხადებს გუნდი, რომლის გენერალური მდივანი რატომღაც არ ჩანს. რა იქნა მიშა მაჭავარიანი, ნაწყენი ხომ არ არის, რომ თეტრის რეჟისორმა აჯობა ამ შეუცვლელ პოლიტიკოსს? ასე თუ ისე, სატკივარი ბევრი აქვს მოსაშუშებელი „ნაციონალურ მოძრაობას“. თუ ეყოფათ გონიერება, რომ იყვნენ კონსტრუქციულნი, ისინი კიდევ შეიძლება გარკვეული დროის მანძილზე დარჩნენ პოლიტიკურ არენაზე. თუ არა და, არც იმას გამოვრიცხავ, რომ „ახალი მემარჯვენეების“ და „თავისუფალი საქართველოს“ ბედი გაიზიარონ - საკუთარი პარტიების პოლიტიკურ საქმიანობას სამომავლოდ უფრო კრიტიკულად შეხვდნენ და შემოქმედებითი შვებულება ამჯობინონ.

უცხოელებისგან მოდის მესიჯები, რომ მათ სურთ ერთად იხილონ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებიც ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯებს ერთობლივად გადადგამენ. „ნაციონალთა“ ბუნებიდან გამომდინარე ეს რამდენად მოხერხდება?

- ძალიან სამართლიანი და დროულია ჩვენი დასავლელი მეგობრების მოწოდებები აუცილებლობის შესახებ, რომ იყოს ერთიანობა ქვეყნის პერსპექტივის ერთობლივად გასაკვალად. მითუმეტეს, როცა დაპირისპირებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის საგარეო ვექტორების თანხვედრა 100%-იანია. საუბარი იმაზე, ვინ რომელ დღეს ვისი მისამართით რა თქვა, მხოლოდ დაგვაშორებს საერთო მიზანს, რადგან კინკლაობის დრო წავიდა. ახლა მართლა საქმეა საჭირო ლაპარაკის ნაცვლად, რასაც თავის დროზე დაგვპირდნენ, მაგრამ არ შეასრულეს „ნაციონალებმა“. ამიტომაც გადაიყვანეს ჩოქბჯენში საქართველოს ამომრჩევლებმა ეს პოლიტიკური მოძრაობა.

რასაკვირველია ეს საქართველოსთვის კეთილგანწყობილი ძალების მოწოდებაა, რადგან სურთ იხილონ საქართველო ცივილიზებულ ქვეყნად და სრულიად გაცნობიერებული ინტერესი აქვთ იმისა, რომ ისეთ ქვეყანასთან ითანამშრომლონ, რომელიც სანდოა, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის განვითარებაში.

ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს. რამდენად სარწმუნოა, მისი მშვიდობიანი ტონი და განცხადება, მოდით ერთად ვიმუშაოთ?

- ეს არის განცხადება იმ ადამიანების გასაგონად, ვინც აიძულა გამოსულიყო ასეთი მიმართვით. ეს არ არის არც მისი ინიციატივა, ტექსტიც სხვისი დაწერილია. გუნება-განწყობაც შექმნილია განსხვავებული ადამიანისგან, იმ ადამიანისგან განსხვავებული, რომელიც აქამდე აღმგზნებ საშუალებებს აძლევდა პრეზიდენტს დასახმარებლად. ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა ადამიანი, ვინც სააკაშვილს დამამშვიდებელი აბი მისცა. ეს იყო წინაპირობა იმისა, რომ ის ყოფილიყო ადექვატური, ზრდილობიანი და სასიამოვნოდ მოსასმენი. თუმცა, რეალობა უფრო მკაცრია, ვიდრე თითოეული ჩვენთაგანის ოცნება, ამიტომ ზედმეტი ოპტიმიზმის საფუძველი არ უნდა ვიქონიოთ.

სამწუხაროდ, კვლავ მოწმენი ვართ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ განურჩევლად იმისა, ის ხელისუფლებაშია თუ უმცირესობაში, არ იცვლის არც ნირს, არც ფერს და პრაქტიკულად, ყველაფერს წარმოაჩენს არა რეალობის, არამედ საკუთარი სარგებლის მიხედვით ანუ – „მეტი სარგებელი მე“ როგორც იყო, ასევე დარჩა „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითად დევიზად.

ამის თქმის საფუძველს ახლა რა გაძლევთ?

- ის, რაც ხდება საარჩევნო ოლქებში, უბნებში. რა მაძლევს და ნაბრძანები დუმილი იმის შესახებ, რაც მოხდა ხაშურში და კატეგორიული უარყოფა სპეცრაზმის შესვლის შესახებ საარჩევნო უბნებში. თქვეს, რომ არ ყოფილა ეს ფაქტი და ამ სიტყვას არ გადადიან. როდესაც იმას, რაც თვალსაჩინოა, ასე უტიფრად უარყოფ, გამოდის, რომ სადაც არ უნდა იყოს ჩიორა, ის მაინც ყვავის ბახალად რჩება.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ყველა მიმართულებით პრობლემები შეიქმნება. მან საგარეო მიმართულებაზეც გაამახვილა ყურადღება და მოსალოდნელ შიდა პრობლემაზეც -არ თქვან, ბიუჯეტი დაგვხვდა ცარიელი და დანაპირებს ვეღარ ვასრულებთო. ეს ყველაფერი რას ნიშნავს?

- ეს იმას ნიშნავს, რომ ბატონმა ბაქრაძემ თავზე ხელი აიღო, ითმინა, ითმინა, და თვითონაც გაგვიჩიორდა. სირცხვილია ამ განცხადებების კეთება. როგორც მახსოვს დათო თავმოყვარე ადამიანი იყო და ახლა როგორც ჩანს, თავმოყვარეობა და სინდისი დღეგამოშვებით რეჟიმში გადაიტანა.

მედიაში გავრცელდა ინტერვიუ რუს პოლიტოლოგთან, ალექსეი არბატოვთან, რომელიც ამბობს, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც სააკაშვილია, კაპიტულაციას უბრალოდ არ აცხადებენ. როგორც ჩანს, სააკაშვილის ნატურა მათთვისაც საკმაოდ კარგად ნაცნობია. არბატოვი ამბობს, რომ ამ პერიოდს სააკაშვილი ძალების აღსადგენად და პოზიციების გასამყარებლად გამოიყენებს. რამდენად რეალური პროგნოზია?

- რასაკვირველია, ეს ზუსტი პრონოზია და გარდა იმისა, რომ ალბათობაა, სწორედ ეს სურდეს სააკაშვილს. კიდევ უფრო მეტი ალბათობაა იმისა, რომ სხვა სახის ქმედებების უფლებას მას თავისი დანაშაულებრივი გარემოცვა არ აძლევს.

სხვათა შორის, გიგა ბოკერიამაც დაგვიქნია თითი - ნუ გავიწყდებათ რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს არის და მანამდე არავინ იცის, რა მოხდებაო. როგორც ჩანს ყოფილი ხელისუფლებიდან თანამშრომლობას არავინ აპირებს და ეს სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება ახალი ხელისუფლებისთვის...

- უნდა გავაცნობიეროთ, რომ როდესაც ქვეყანაში უშიშროების საბჭოს მდივანი არის ოპოზიციონერი, ის უკვე აღიქმება, როგორც საშიშროების საბჭო. ამიტომ ამ საშიშროებას უინდა დაუპირისპირდეს ისევ გონივრული ნაბიჯები თავდაჭერილობა, სიმართლე სიცრუის ნაცვლად, რამაც მოუტანა გამარჯვება „ქართულ ოცნებას“.

თუ თანამშრომლობა ვერ შედგა, მიხეილ სააკაშვილის გაზრდილი უფლებამოსილებები არ იქნება ხელისშემშლელი კოალიციის მუშაობისთვის?

- სწორედ ამიტომ არის თავგამოდებული მცდელობა, რომ ვიდრე კიდევ შესაძებელია, აყალბონ და აყალბონ ხმები, დარჩენილ საარჩევნო უბნებში, რომ სიმრავლე შესძინონ საკუთარ თავს. სწორედ ამისი ბრალია, რომ თავს იკლავს ცესკო, როგორმე 60% არ მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“. იმისათვის, რომ ვერ შეძლონ პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს იგნორირება და მეორე განხილვით მიიღონ კანონი. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია, რომელიც ფლობს ზემოქმედების ყველანაირ საშუალებას და ძალოვან სტრუქტურებს, არის რეალური მმართველი სიტუაციისა ქვეყანაში, სადაც დაშინება, შანტაჟი, პროვიკაცია არის წლების განმავლობაში დახვეწილი ფორმა ნაციონალ-სადისტური მოძრაობისა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიღომში ვიღაცეებმა ავტომანქანები დააზიანეს. როდესაც პატრული გამოიძახეს, იმის ნაცვლად რომ დამნაშავეების დაკავება ეცადათ, განაცხადეს, აბა, რა გეგონათ, მაგათ რომ აძლევდით ხმასო. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს პროვიკაციას...

- ამას პატრულისა და მისი მანქანისთვის სურათის გადაღება და პირდაპირ საჩივრის შეტანა უნდოდა ნებისმიერ ორგანოში, რომლებშიც ამ პატრულისთვის სოლიდარობის გამოცხადების შემთხვევაში სულ მალე უმუშევრები დარჩებოდნენ.

ფაქტია, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა, შემთხვევითი არ არის ბოლო დღეებში მომხდარი ქურდობებიც. რაში ხედავთ გამოსავალს, კოალიციას ისევ იმისი იმედი უნდა ჰქონდეს, რომ შეიძლება მათ „ნაციონალური სიით“ გასული რამდენიმე მაჟორიტარი შეუერთდეს?

- ეს არ არის ერთადერთი იმედი, ცხადია. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, საკმაოდ რეალური - გამომდინარე, თავად ნაციონალური მოძრაობის აქტიურობის ფორმებიდან.

ცესკოში ელჩების ვიზიტი ვერ ჩააყენებს სიტუაციას ნორმალურ კალაპოტში?

- ეს იყო დახურული შეხვედრა, რაც საშუალებას აძლევდა გათარხნიშვილებულ ცესკოს თავმჯდომარეს, ელაპარაკა ტყუილები. ეს ადამიანი სანდო აღმოჩნდა მხოლოდ „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ევროპელი დემოკრატებისთვის“. ასევე – პასუხისმგებლობას თავარიდებული „ლეიბორისტებისთვის“. სხვას ამ ადამიანის ნდობა აღარ დარჩა და მასთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა მხოლოდ თავის მოტყუებაა.

ანუ, ცესკო იბრძვის იმისათვის, რომ როგორმე 60%-მდე არ მივიდეს „ქართული ოცნება“, რომ შემდეგ მუშაობაში უკეთესად შეუშალონ ხელი?

- ასეთ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა კანონის დაბლოკვა შეუძლია. ეტყვის თავისი საბჭოს თავმჯდომარე მიშას „არა“–ს და მიშაც იტყვის „არა“–ს. უკვე შეგვიძლია ბოკერიას საბჭოს ნამდვილი სახელი ვუწოდოთ - საშიშროების საბჭო, ნაცვლად უშიშროებისა.

თქვენ ამბობთ, რომ ბოკერია მართავს სააკაშვილს?

- არ მითქვამს, რომ ბოკერია მართავს... მიშას მმართველი ბევრი ჰყავს და ათი კაცი მაინც არსებობს მის ირგვლივ ისეთი, რომელიც მასზე ახორციელებს ზეწოლას და რომლის წინაშეც, დიდი ალბათობით, მიშა ალბათ თავს ვალდებულად თვლის, რომ იყოს გარკვეული ბალანსი შენარჩუნებული, რადგან თანამზრახველთა ჯგუფს სხვაგვარი წესები აქვს ურთიერთობისა განსხვავებული თანამოაზრეთა ურთიერთობებისგან.

ანუ უნდა მოველოდეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ პრობლემებს შეუქმნიან?

- ყოველ შემთხვევაში სურვილი რომ ექნებათ ამისი, ეჭვი არ მეპარება. გამოუვათ თუ არა, ყოველივე ეს,  შეძლებენ თუ არა, უკან დააბრუნონ დროის ბორბალი, ამაში მალე დავრწმუნდებით.

რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩათვალეს, თითქოს არჩევნების წაგების შემდეგ უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრობენ და აღარ არსებობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გაერკვევიან მათ ვერაგობაში და შესაბამისად, გაანონგრატებენ საკმაოდ დიდ რიცხვს „ნაციონალებისას“ - ექნებათ მხოლოდ ანაკლიადან წითელ ხიდამდე მოძრაობის საშუალება - ეს იქნება და ეს.