ქრისტიან დემოკრატები მათი პარტიის მიერ ბარიერის ვერ გადალახვის და მარცხის მთავარ მიზეზს ინგა გრიგოლიას დემარშში ხედავენ, ხოლო ნაციონალები უდროო დროს ციხის მამხილებელ კადრების ჩვენებას უკავშირებენ საკუთარ მარცხს. ქრისტიან დემოკრატების პოზიციით გამოდის, რომ საზოგადოებამ საკუთარი, დიდიხნის ფორმირებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე კი არ თქვა მათზე უარი, არამედ ინგა გრიგოლიამ დაამარცხა ისინი, თავისი უდროო სისუსტით. არადა, ინგა გრიგოლიას ქმედება იყო მხოლოდ მისი პირადი დისტანცირება იმაზე, რაზეც უკვე ცალსახა იყო საზოგადოების უარყოფითი პოზიცია.
ნაციონალები გვარწმუნებენ, რომ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არის იმის დასტური თუ რამდენად დემოკრატები არიან ისინი. თუმცა, როდესაც საკუთარ მარცხს მათზე ხალხის ფორმირებულ პოზიციას კი არ მიაწერენ, არამედ ორი კვირის წინ, „უდროოდ“ გამომზეურებულ ციხის კადრებს, ამით, თავისდაუნებურად საეჭვოდ ხდიან „საკუთარ დემოკრატიას“. თუ დემოკრატიულმა პროცესებმა განაპირობეს მათი მარცხი, მათ უნდა აღიარონ, რომ საზოგადოებამ გამოუტანა განაჩენი და არა ვიღაცამ, მამხილებელი კადრების ბოლო მომენტში გაშვებით. მათ ისე გამოსდით, რომ ჩვენ დაჰიპნოზებულებმა, ემოციურად მივიღეთ გადაწყვეტილება (ეს ამომრჩეველთა შეურაცყოფაა).
ციხის კადრებმა მართლაც გადამწყვეტი როლი ითამაშა არჩევნების ბედზე, მაგრამ ცოტა სხვა კუთხით ვიდრე ეს სხვისგან მომისმენია. ფიზიკის ენაზე ვიტყვი: ციხის კადრებმა საზოგადოების პოტენციურ ენერგიაზე იმოქმედა და არა იმდენად კინეტიკურზე. ამ კადრებმა არა იმდენად ამომრჩეველთა პოზიციის შეცვლა განაპირობა (ნაციონალების მხარდამჭერებს არ შეუცვლიათ კადრების ჩვენების შემდეგ პოზიცია მასიურად ოცნების სასარგებლოდ. ეს რომ ასე ყოფილიყო გაცილებით ბევრი ორიენტაციის შეცვლის საჯარო განცხადებები იქნებოდა, ვიდრე ჩვენ ვნახეთ მედიით. 29 სექტემბერს არ გამოსულა თვისობრივად უფრო მეტი ხალხი 27 მაისთან მიმართებაში. ახალგაზრდების პროტესტი მათი გამოფხიზლების ილუსტრაცია კი არ იყო, არამედ, უბრალოდ, კარგახნის „გაიასნებულთა“ პროცესებში ეფექტურად ჩართვა), არამედ უფრო მეტი პოტენციით აღავსო ოცნების მომხრეები და აგრესიის/წინააღმდეგობის პოტენცია გამოაცალა (დემორალიზაცია მოახდინა) ნაციონალების ძალოვან მისწრაფებებს. ხელისუფლებას, მის მომზადებულ იძულების მანქანას (ძალოვანები, ზონდერები, აგიტატორები და სხვა) ძალადობისთვის აუცილებელი „მორალური“ ენერგია გამოაცალა ნანახმა. შესაბამისად, ნაციონალებს უფლება არ აქვთ დაიტრაბახონ დამდგარი შედეგით (უპრობლემოდ არჩევნებში დამარცხების აღიარება), მათ უბრალოდ ძალადობით ხელისუფლების შენარჩუნების უნარი დაკარგეს.