„ოცნება“ ეკოლოგიური ოცნებების ახდენას იწყებს

„ოცნება“ ეკოლოგიური ოცნებების ახდენას იწყებს

„ქართულმა ოცნებამ“ დიდი ჰესების მშენებლობას პირველი დღეებიდან შეუტია. ზოგადად კი გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის სფეროში რეფორმის დაწყებას პარლამენტის პირველივე სხდომებიდან გეგმავს. 

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე, რომელიც პარლამენტში „ოცნების“ სიით მოხვდა, აცხადებს, რომ პირველ რიგში პარლამენტის მიერ 20 მარტს მიღებული კანონის გაუქმება მოხდება, რის მიხედვითაც ეკოციდის მომწყობებს მხოლოდ ფულადი ჯარიმები ეკისრებათ.

გაჩეჩილაძის თქმით, გაძლიერდება გარემოს დაცვის სამინისტრო, აიკრძალება ატომური სადგურების, რადიაციული ნივთიერებების, ასევე გენმოდიციფიცირებული პროდუქციის შემოტანა და პროდუქციის ევროპულ დონეზე მარკირება მოხდება. მისი განცხადებითვე, ქვეყანაში მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები აღარ აშენდება, ხოლო უკვე გაცემული ლიცენზიები უმკაცრეს ექსპერტიზებს დაექვემდებარება.

მართალია, დარიალი ჰესის ძალიან მსხვილი ჰესი არ არის, მაგრამ ის ძალიან დიდ პრობლემას უქმნის იმ ლანდშაფტს, სადაც მისი მშენებლობა მიმდინარეობს, ანუ ყაზბეგის ეროვნულ პარკს.  ამის შესახებ გარემოს დამცველები კარგა ხანია დაუფარავად საუბრობენ და ჰესის მშენებლობის შეჩერებასაც ითხოვენ, თუმცა ამაოდ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი გამოწვლილვით შეისწავლონ.

„ვფიქრობ, რომ ყაზბეგში, დარიალი ჰესის მშენებლობა გარემოს მართლაც უქმნის პრობლემას. პარლამენტში მუშაობის დაწყებისთანავე აუცილებლად მოვითხოვ იმის გარკვევას, ახდენს თუ არა გარემოზე უარყოფით ზეგავლენას ამ ჰესის მშენებლობა“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ ყაზბეგის მაჟორიტარმა დეპუტატმა მირიან წიკლაურმა.

„ფაქტობრივად, შესწავლის გარეშე, ძალიან სწრაფ ტემპებში დაიწყო დარიალი ჰესის მშენებლობა. ადგილობრივ მოსახლეობასთან და გარემოს დამცველებთნ შეხვედრა ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდათ მისი მშენებლობა და არ ითვალისწინებდნენ გარემოსდამცველების აზრს. ამიტომ, დღის წესრიგში სერიოზულად უნდა დადგეს ამ საკითხის გარკვევა.

ვფიქრობ, ამ ჰესის მშენებლობა გარემოს მართლაც უქმნის პრობლემას, თუმცა დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. პარლამენტში რომ შევალ, აუცილებლად მოვითხოვ იმის გარკვევას, ახდენს თუ არა გარემოზე უარყოფით ზეგავლენას ამ ჰესის მშენებლობა“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას.

ამჟამად მოქმედი „დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონით, ეროვნული პარკის სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა საქმიანობაა დაშვებული. კანონში არ არის განსაზღვრული რა სახის საქმიანობაა აკრძალული, მაგრამ წერია, რა არის დაშვებული. კანონით, ჰესის მშენებლობა არ შედის დაშვებულ საქმიანობათა ნუსხაში.

„სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე მდინარეში დარჩება მხოლოდ საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10 პროცენტი. პროექტი აბსოლუტურად შეცვლის დარიალის ხეობის ლანდშაფტს, რის გამოც ის დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობას. პროექტს ასევე ექნება ძალზე მნიშვნელოვანი შეუქცევადი ზეგავლენა „წითელ წიგნში“ შეტანილ სახეობაზე“, - აღნიშნავენ არასამთარობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში”.

2011 წლის სექტემბერში დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, 110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით, 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის - 90%-ის მოქცევას ჯერ სადერივაციო მილსადენში და შემდგომ სადერივაციო გვირაბში.

არასამთავრობოების ინფორმაციით, პროექტს ექნება შეუქცევადი ზეგავლენა მდინარეზე დამოკიდებულ სახეობებზე, მათ შორის, წითელ ნუსხაში შეტანილ ნაკადულის კალმახზე და გამოიწვევს თერგში ამ პოპულაციის გაქრობას.