ხანგრძლივი კონსულტაციის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური ქორწინება შედგა. შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი გუნდით წარსდგებიან. for.ge–სთან საუბრისას შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოში“ ხედავენ სტრატეგიულ მოკავშირეებს და კოალიციის სახით თანამშრომლობა ნამდვილად გადაწყვეტილი აქვთ.
შალვა შავგულიძის განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის არის თანხვედრა ღირებულებათა ხედვაში. ეს არის: მკაფიოდ ევროატლანტიკური ორიენტაცია; სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენება. მისი თქმით, ორივე პოლიტიკური ძალა მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროატალანტიკურ ინტეგრაციაშია.
„ასევე, ამ ორივე პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელია სახელმწიფოს ავტორიტარული მართვა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის მომავალი არის დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაში, სადაც მოქმედებს ინსტიტუციური მმართველობა. ამ თანხვედრიდან გამომდინარე ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა თემატურ საკითხებზე და რა თქმა უნდა, ვხედათ პოლიტიკური თანამშრომლობის პერსპექტივას. პოლიტიკურ თანამშრომლობაში იგულისხმება ბლოკის სახით არჩევნებზე გამოსვლა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას შალვა შავგულიძემ.
შავგულიძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის სტილი არის საერთო და ალიანსი სხვადასხვა კონტექსტში აქვთ.
„აქ ვიტყვი ერთს – რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მინუსი და რა რჩება დღეს. ეს არის ავტორიტარული მმართველობა, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ შემთხვევაში. ამ პოლიტიკური ძალების ორივე ლიდერი, როგორც მიხეილ სააკაშვილი, ასევე ბიძინა ივანიშვილი არიან ჩამოყალიბებული ავტორიტარი მმართველები. მათი ლიდერობის ქვეშ გაერთიანებული პოლიტიკური ძალა ერგება ამ ავტორიტარულ მმართველობას. ეს მიუღებელია ჩვენთვის. ყოფილი „ნაცმოძრაობის“ იმ ნაწილმა, რომელიც დღეს „ევროპული საქართველოს“ სახით არის ჩამოყალიბებული, სწორედ ეს უარყო. აქედან გამომდინარე, ავტორიტარიზმის მიუღებლობა ჩვენთვის დასაფასებელია.
დღეს, როდესაც ქვეყანა რუსეთის საფრთხის წინაშე დგას, ღირებულებითი გაერთიანება აუცილებელია. დამოუკიდებლობა რომელიც მოვიპოვეთ 90–იან წლებში, მისი 80% დავკარგეთ და მოსალოდნელია ესეც დავკარგოთ, თუ არ მოხდება იმ ძალების კონსოლიდირება, რომლებიც ქვეყნის მომავალს ვხედვათ დასავლურ ორიენტაციაში, ევროატლანტიკურ ორინეტაციაში და ასევე დემოკრატული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაში. აი, ამიტომ მიგვაჩნია „ევროპული საქართველო“ პარტნიორ პოლიტიკურ ძალად. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას შალვა შავგულიძემ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ გაერთიანება კარგი იქნება პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებისთვის. მისი თქმით, უნდა შეიქმნას ისეთი კონფიგურაცია და საზოგადოების წინაშე ისე უნდა წარსდგენ, რომ ყველა მხრიდან საერთო ღირებულებებისთვის მებრძოლი ადამიანები უნდა გაერთიანდნენ.
„მარტივად რომ ვთქვათ, მდინარის სხვადასხვა ნაპირზე მყოფი, სხვადასხვა პოლიტიკური ბიოგრაფიის მქონე, მათ შორის შესაძლოა, დაპირისპირებული, მაგრამ საერთო ღირებულებებისთვის მებრძოლი ადამიანები უნდა გაერთიანდნენ. ეს წარსული „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდის, თუ „ქართული ოცნების“ კოალიციიდან, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ თვალსაზრისით ჩვენთვის, „ევროპული საქართველოსთვის“ „თავისუფალი დემოკრატები“ ღირებულებით ყველაზე ახლო პარტიაა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოს“ ალიანსები სხვადასხვა კონტექსტში აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მისი თქმით, ერთ–ერთი რაც „ევროპული საქართველოსთვის“ ამ გაერთიანებაში საინტერესოა, არის ის, რომ ჩამოიხსნას „ნაციონალური მოძრაობის“ იარლიყი.
„ამიტომ, ეს გაერთიანება მომგებიანია „ევროპული საქართველოსთვის“. რეიტინგის თვალსაზრისით მომგებიანი იქნება „თავისუფალი დემოკრატებისთვის“, რადგან „ევროპულ საქართველოს“ რეიტინგი უფრო მეტი აქვს, ვიდრე „თავისუფალ დემოკრატებს“. ასე რომ, რაღაცა ინტერესები ორივე მხარეში იკითხება. გაერთიანება ხელისუფლებისთვის შეიძლება თავსატეხი აღმოჩნდეს იმდენად, რამდენადაც ეს მანევრი „თავისუფალ დემოკრატებთან“ გაერთიანებისა მოახდენს გავლენას „ევროპული საქართველოს“ რეიტინგზე.
იმ შემთხვევაში, თუ ამ გაერთიანებამ მოსახლეობაში „ევროპულ საქართველოს“ ჩამოუხსნა „ნაციონალების“ იარლიყი, მაშინ გარკვეული თვალსაზრისით, „ევროპული საქართველოს“ გაძლიერება პრობლემა იქნება, მაგრამ არა ისეთი პრობლემა, რომ ხელისუფლების დაკარგვის რისკი შეექმნას მმართველ პარტიას“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ ასეთი გაერთიანება პოლიტიკაში არ არის უცნაური, მაგრამ რა გამოვა მათი გაერთიანებისგან, ეს 2020 წლის არჩევნებზე გამოჩნდება.
„ეს არის იდეოლოგიური გაერთიანების მაგალითი, იმიტომ, რომ საერთო ღირებულებები აქვთ. არ მგონია, რომ ამ გაერთიანებას დიდი შანსი ჰქოდეს, მოახერხოს ხელისუფლების ჩანაცვლება, მაგრამ გარკვეული წარმატება ექნებათ. „ევროპულ საქართველოს“ გარკვეული რეიტინგი აქვს, ამ მხრივ ბევრს ვერაფერს შემატებენ „თავისუფალი დემოკრატები“.
ის, რომ საერთო შეხედულების ორგანიზაციები ერთიანდება, ეს პოზიტიური მოვლენაა. ჯობია, ეს გამსხვილება სხვა პარტიებსაც გადაედოს, რამდენიმე სუბიექტი დარჩეს, რომელსაც მეტ-ნაკლებად წონა ექნება საზოგადოებაში, ვიდრე 200–მდე მოჩვენებითი პარტია გვყავდეს. რაც მეტი პარტიების გამსხვილება მოხდება, მით უკეთესია პოლიტიკური გაერთიანებისთვის“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.