აფხაზეთის ომის ფინალური ქრონიკა: 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერი

აფხაზეთის ომის ფინალური ქრონიკა: 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერი

აგვისტო მძიმე პერიოდია საქართველოს უახლეს ისტორიაში: ზაფხულის ამ

უკანასკნელ თვეს ორი ჩვენს ქვეყანაში ორი ომი დაიწყო, თანაც, ისე მოვახერხეთ, რომ ორივეს დამწყების სტატუსი გვერგო; ორივეში დავმარცხდით და, ამის შედეგად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის, სულ რაღაც, 67 000 კვადრატული კილომეტრიდან, 80-პროცენტიღა დაგვრჩა.

მიუხედავად გულზე მჯიღების ცემისა, ქვეყნის არც ერთი პეროდის ხელისუფლებას არც ერთი ომი არ გაუანალიზებია, არათუ დამნაშავეები დაუსჯია. მხოლოდ იმას არკვევენ, როდის უფრო მწარედ დავმარცხდით და ვინ იყო უფრო ფეხმარდი მტრისგან გამოქცევისას. შესაბამისად, სავსებით ლოგიკურია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შეცდომები გავიმეორეთ, რაც იმ არაოპტიმისტური ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ მსგავსი შეცდომებისგან არც მომავალში ვართ დაზღვეული.

აფხაზეთის ომის შემდეგ საქართველოს სამხედრო პროკურატურა იძიებდა აფხაზეთის ომში დამარცხების მიზეზებს. დასკვნაც დადო, თუმცა ის დახურულ თათბირზე განიხილეს, რომელსაც იმდროინდელი და ომის მონაწილე სამხედრო პირებიც ესწრებოდნენ. როგორც, თავის დროზე, სამხედრო პროკურორმა, გამოძიების ავტორმა, პირად საუბარში მითხრა - ჯემალ ჭუმბურიძეს პრივატულ საუბარში უთქვამს, იმავე თათბირზე უთქვამს, ყველანი დასახვრეტები ვართო.

ჩვენი მიზანი არც დამნაშავეების გამოაშკარავებაა და არც მათი დასჯა, უბრალოდ შევეცდებით, თვითმხილველთა და მონაწილეთა ნაამბობებით, აღვადგინოთ 1993 წლის სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში აფხაზეთში განვითარებული მოვლენები, უფრო ზუსტად, ტრაგედია; იმ იმედითაც, რომ თითოეულის სიმართლის გადაკვეთაზე, ადრე თუ გვიან, ჭეშმარიტებას მივაგნებთ.

ინფორმაცია განსჯისთვის: 1993 წლის პირველ სექტემბერს სოხუმში სწავლა დაიწყო (საქართველოს დანარჩენ ტერიტქრიაზე კი – 15 სექტემბერს!) სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე დევნილებს აქტიურად მოუწოდებდა დაბრუნებისკენ და არწმუნებდა, რომ 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების თანახმად, მშვიდობა გარინტირებული იყო. აქვე შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა, რის მიხედვითაც, მხარეებმა მძიმე ტექნიკისა და შეიარაღებული ძალების დაშორიშორებისა და ცეცხლის განუახლებლობის ვალდებულება აიღეს. იმ მარტივი მიზეზით, რომ მოწინაღმდეგე მხარე, სეპარატისტები, აფხაზეთის ტერიტორიის მიღმა თავიანთ შეიარაღებას ვერ გაიტანდნენ, აშკარა იყო, რომ ქართული მხარე არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებოდა. რადგან აფხაზეთი-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მძიმე ტექნიკის გატანა ვერ მოხერხდებოდა, ქართული მძიმე ტექნიკა ზღვით გაიტანეს ფოთში, სხვათა შორის, რუსული სამხედრო გემებით, რაშიც თბილისმა ფულიც გადაიხადა. აფხაზეთიდან გამოვიდნენ ისედაც არაორგანიზებული ქართული შეიარაღებული ფორმირებები. მათ მხოლოდ მხოლოდ მცირე ოდენობის მძიმე ტექნიკის გადამალვა მოახერხეს. ერთი სიტყვით, ის მცირერიცხოვანი ქართული შენაერთებიც კი, რომლებიც 27 ივლისის ხელშეკრულების შემდეგ დარჩნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, მხოლოდ მსუბუქი შეიარაღების ამარა დარჩნენ.

საინტერესოა, რომ საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 24 ივლისის სხდომაზე, რომელიც 27 ივლისის ხელშეკრულების საკითხს იხილავდა, ხმათა უმრავლესობის მოგროვება ვერ მოხერხდა, ამიტომ სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ საკუთარი პასუხისმგებლობით გაიტანა ეს საკითხი, თუმცა მას შემდეგ, რაც 1993 წლის 16 სექტემბერს მოწინააღმდეგემ სოხუმის მასირებული შეტევა დაიწყო, სახელმწიფოს მეთაურს თავისი პასუხისმგებლობა აღარ გახსენებია, სხვათა შორის, არც მის ამომრჩეველს – არც ერთ შემდგომ არჩევნებზე.

1993 წელი, 9 -30 სექტემბერი, სოხუმი ვერსია I - ისეთი სიჩქარით მოდიოდა მძიმე ტექნიკა, რომ ფეხით მომავალ მოსახლეობას ასწრებდა

აკაკი გასვიანი: „ჩვენ უფრო ვგრძნობდით, რომ რუსები დაარღვევდნენ ხელშეკრულებას, ვიდრე სადაზვერვო ინფორმაციას ვეყრდნობოდით. შინაგანად გვეშინოდა ამის...

9 სექტემბერს ბატონმა ჟიული შარტავამ მინისტრთა საბჭოს სხდომა ჩაატარა, დაბარებული ჰყავდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები... მე, ბუნებრივია, ვარ ჩემს კაბინეტში ვიყავი. ბატონმა ჟიულიმ დამირეკა და მითხრა: ჩამობრძანდით, სხდომას უნდა დაესწროთო. ჩავედი... ბატონი ჟიული ამბობს, მოსალოდნელია შეთანხმების დარღვევა, საბაბი არ მივცეთ მოწინააღმდეგეს, ტექნიკა გასაყვანია, მაგრამ სხვა მხრივ მოიქეცით საკუთარი შეხედულებებისამებრო. ანუ დიპლომატიურად ამბობს სათქმელს. შემდეგ იქვე აცხადებს, რომ დღეიდან ძალოვან სტრუქტურებს უხელმძღვანელებს ბატონი აკაკი გასვიანი. ჩემთვის ცოტა არ იყოს მოულოდნელი იყო მისი განცხადებები. ავდექი თუ არა, ხელით მანიშნა, გაჩუმდიო და მითხრა — ყველაფერი განზე გადადე, დღეიდან თადარიგი უნდა დავიჭიროთ, რადგან, შესაძლოა, რომ სოჭის ხელშეკრულებამაც წინა ხელშეკრულებების ბედი გაიზიაროს, დანარჩენზე ცალკე მოვითათბიროთო.

რადგან ხელშეკრულების თანახმად, მხოლოდ მძიმე ტექნიკის გაყვანაზე იყო ლაპარაკი, ადგილზე რჩებოდნენ ადგილობრივი ბატალიონები, 23-ე ბრიგადა, აფხაზეთის ქართული მილიცია. არსებობდა თავდაცვის სამი ზღუდე. პირველი, ბუნებრივია, გადიოდა ფრონტის წინა ხაზზე. ხელშეკრულების თანახმად, პირველი ხაზები უნდა დაგვეშორიშორებინა, ამდენად, იქ, ბუნებრივია, თავდაცვის ზღუდეებს ვერ მოვაწყობდით, მაგრამ, სამაგიეროდ, გვრჩებოდა მეორე და მესამე ზღუდეები. ადგილობრივი ბატალიონები, მოსახლეობისგან და მილიციისგან შექმნილი ჯგუფები დღე და ღამ მორიგეობდნენ. მე და ბატონმა ჟიულიმ სოხუმი ორ ნაწილად გავყავით. აღმოსავლეთი ნაწილი შეგნებულად დავუთმე ბატონ ჟიულის, იმიტომ რომ შედარებით უსაფრთხო იყო: ომში პირველი პირის სიცოცხლის შენარჩუნება ყოველთვის მნიშვნელოვანია.

არავისგან არ შეგვხვედრია წინააღმდეგობა. თითოეული დგებოდა იქ, სადაც ვანაწილებდით. ალბათ, შინაგანად ყველა გრძნობდა საფრთხის არსებობას. ორი საათი თუ გვეძინა დღე-ღამის განმავლობაში, რადგან არ ვიცოდით, როდის აფეთქდებოდა ჭურვი. მოგვდიოდა ინფორმაციები და ვიცოდით, რომ ისინი დაარღვევდნენ ამ ხელშეკრულებას, მაგრამ არ ვიცოდით, როდის.

14 სექტემბერს ღამით მოწინააღმდეგემ მოძრაობა დაიწყო გუმისთის მხრიდან. მალულად შემოჰყავდათ რაზმები. 15-ში უკვე დიდი ძალა შემოიყვანეს და 16 სექტემბერს გამთენიისას შემოგვიტიეს.

ძირითადად, იყვნენ რუსეთის მოქალაქეები: რუსი სამხედროები, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნეს ქალაქში ბრძოლებისთვის, ეგრეთ წოდებული მცოცავი-მოიერიშე ბრძოლებისთვის: ისინი იყოფიან ჯგუფებად, ერთი ჯგუფი ხოხვით მოიწევს წინ, მეორე კი ცეცხლს ხსნის და ყურადღება თავისკენ გადააქვს. ამასობაში კი, პირველი ჯგუფი დგება და გიტევს. იმავდროულად, ასეთივე ჯგუფები მოდიან სხვადასხვა მიმართულებიდან. ასეთი გახლავთ ქალაქში ბრძოლის ტაქტიკა. სწორედ ასეთი ჯგუფები მოამზადეს ჩვენ წინააღმდეგ. ამ ფუნქციას ასრულებდნენ რუსეთის სადესანტო-მოიერიშე ბატალიონები, რომლებსაც ჩვენ ვიზუალურად ვხედავდით. მათ ახლდნენ ჩრდილოკავკასიელი კონფედერატები...

16 სექტემბერს ისინი ტანკებით მოადგნენ გუმისთას და მთელი გადამალული ტექნიკა ერთბაშად წამოვიდა სოხუმზე, ჩვენ კი მხოლოდ ერთი ძველი ტანკი გაგვაჩნდა. ცოცხალი ძალა კი, დაახლოებით, ხუთი ათას კაცამდე, მხოლოდ ავტომატებით და ნაღმმტყორცნებით შეიარაღებული. ტყვია-წამალი გვქონდა, მაგრამ არა ყველასთვის სამყოფი. არ გაგვაჩნდა ტანკსაწინააღმდეგო არანაირი შეიარაღება, მაგრამ მაინც უძლებდნენ ბიჭები. კოლესნიკოვმა, რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა, სადაც დამუშავდა სოხუმზე შეტევის გეგმა, განაცხადა კიდეც, რომ 16 სექტემბერს სოხუმი დაეცემოდა. ესე იგი, მათ ეგონათ, რომ 16-ში ერთბაშად შემოიჭრებოდნენ ქალაქში. მოგეხსენებათ, სწავლა დაწყებული იყო, მოსახლეობა ბრუნდებოდა და რომ არა ჩვენ მიერ გამაგრებული ზღუდეები, სოხუმის მთელი ქართული მოსახლეობა ერთ დღეში, 16 სექტემბერს, მთლიანად ამოწყდებოდა.

26 სექტემბერს, საღამოს სამთავრობო აგარაკზე შტაბის სხდომა გაიმართა. ბატონი ჟიული დაღვრემილი იყო, ხმას არ იღებდა, იგრძნობოდა, რომ მძიმე განწყობა ჰქონდა. ყველა სამხედრო ხელმძღვანელი იქ იყო. ვერ მოვითმინე: მთავრობის სახლს რა ვუყოთ, დავრჩეთ, თუ გამოვიდეთ-მეთქი. არაფერი მიპასუხა. სხდომას ესწრებოდნენ: გია ყარყარაშვილი, ჯაბა იოსელიანი, ზაურ უჩაძე, პაატა დათუაშვილი. გაანაწილეს პოზიციები. გენო ადამია (23-ე ბრიგადის მეთაცრი) წინააღმდეგი იყო, ქალაქს ვერ დავიცავთ და მე არ დავიკავებ პოზიციასო. ჯაბა იოსელიანი და გენო ადამია იმ სხდომაზე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ამის გამო. გენო წავიდა, მაგრამ ამის შემდეგ გამოვიდა ბატონი ედუარდი და თქვა: გენო დაიკავებს ამ ადგილს და მის ნაცვლად მე მოვაწერ ხელსო. ყველა მეთაურმა მოაწერა ხელი ობიექტების დაცვის გადაწყვეტილებას.

ამასობაში შემოგვათენდა; დილის ექვსი საათისთვის, კანცელარიის უფროსი ჯუმბერ ბეთაშვილი მეუბნება: ბიჭებმა დამირეკეს, მინისტრთა საბჭოს შენობა დაიცალა, დაცვა წავიდაო. მართლაც, დაცლილი იყო. დილის ცხრა საათზე ბატონი ედუარდი მოდის, გარეთ ვხვდები მას. მეუბნება: მთავრობამ უნდა იმუშავოს, ხალხი რეკავს, მას ხელმძღვანელობა სჭირდება. დამემშვიდობა და დაპირდა, დაცვას მოგაშველებო. ნახევარ საათში მოვიდა „ავღანელთა“ 32-კაციანი ჯგუფი გურამ ჯანიაშვილის ხელმძღვანელობით.

ბატონი ჟიულიც მოვიდა. დავიწყეთ ბატალიონების ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. სოხუმში სამარისებური დუმილი იყო გამეფებული. ხალხი გაუთავებლად რეკავდა. ყველას ვეუბნებოდი, აიღეთ, რაც გაქვთ და სასწრაფოდ წადით ქალაქიდან-მეთქი.

და დაიწყო ხალხის ნაკადმა ნება. ორი ქუჩით მიდიოდა მოსახლეობის ტალღა.

დილის თერთმეტ საათზე მტერმა მინისტრთა საბჭოს შენობას შემოუტია. შენობაში ვიმყოფებოდით: თანამშრომლები, დაცვის 14-კაციანი ჯგუფი და „ავღანელები“. ძლიერ ცეცხლს ჭურვები მოჰყვა. შენობაში ხანძარი გაჩნდა, ტელეფონები გაუჩერებლად წკრიალებდა. ხალხი გამუდმებით რეკავდა და პასუხს ითხოვდა. ყველას ვეუბნებოდით, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქალაქი. უკვე აშკარა იყო, რომ ბატალიონებმა არ შეასრულეს ბრძანება და ვერ გაამაგრეს პოზიციები. მინისტრთა საბჭო, ფაქტობრივად, დაუცველი აღმოჩნდა. მინისტრთა საბჭოს დაცლა დამარცხებას ნიშნავდა, ამიტომ ბოლო წუთებამდე ველოდით მაშველ ძალებს. კოორდინატები გადავეცით, მაგრამ მაშველი ძალა არ ჩანდა. როდესაც ქალაქიდან მოსახლეობის გასვლა შეწყდა, ბატონმა ჟიულიმ გასცა ბრძანება: დავცალოთ შენობა და დავიხიოთ უკან. გურამ ჯანიაშვილმა შემოგვთავაზა, ჯგუფებად გავნაწილებულიყავით და ცალ-ცალკე გავსულიყავით შენობიდან, რადგან ერთიანად მტერი ადვილად ამოგვიღებდა მიზანში. ვიდრე სატელეფონო კავშირი არ გაწყდა, ჩემი კაბინეტი არ დამიტოვებია. შემდეგ გამწარებულმა დავანარცხე ტელეფონი და ჯგუფს ჩამოვყევი.

მინისტრთა საბჭოს წინ სროლები იყო. კიბეზე იდგნენ: ბატონი ჟიული, რაულ ეშბა, გურამ გაბისკია და დაცვის ბიჭები... ბოტანიკური ბაღისკენ გადავინაცვლეთ, მაგრამ იქაც მტერი იყო გამაგრებული და ცეცხლი გაგვიხსნეს. ასე აღმოვჩნდი შენობის გარეთ. ბატონი ჟიულისგან მინისტრთა საბჭოს შენობა გვყოფდა. გადავწყვიტეთ, როგორმე კომენდატურამდე მიგვეღწია. იქ მეომრები მეგულებოდა. მე, როგორც მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესა და ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორს, ბრძანების გაცემის უფლება მქონდა. რათა ზღვისპირა ქუჩებიდან ერთი ტანკი ან ჯავშანტრანსპორტიორი დაძრულიყო მინისტრთა საბჭოს მიმართულებით, გაეკეთებინა დერეფანი და შენობაში დარჩენილები გამოეყვანა. ამის გაკეთებას, სულ რაღაც, ათი წუთი სჭირდებოდა.

ჯვარედინ ცეცხლში ხტუნვა-ხტუნვით გადავჭერი ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილი. მინისტრთა საბჭოს შენობის კიბეზე გურამ ჯანიაშვილი იდგა რამდენიმე მეომართან ერთად. ხელი დავუქნიე. შვიდი კაცი გარღვევაზე წამოვიდა. ბატონმა ჟიულიმ და დანარჩენებმა ვერ შეძლეს, რომ მათ გამოჰყოლოდნენ. ასე მოვწყდით ძირითად ჯგუფს და გეზი კომენდატურისკენ ავიღეთ.

კომენდატურაში სამი კაცი დაგვხვდა. გვითხრეს, რომ წითელ ხიდთან გააფთრებული ბრძოლა მიდიოდა და კომენდანტი მერაბ გამზალია იქ იყო გამაგრებული. როდესაც გამოვედი, გურამ ჯანიაშვილი და მისი ჯგუფი იქ აღარ დამხვდა და მარტო წავედი წითელი ხიდისკენ. მთელ ქალაქში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა. ამასობაში შევეყარეთ მერაბ გამზარდიას, ნუგზარ ქოიავასა და კოტე ზაქარაიას. ერთად წავედით წითელი ხიდისკენ... გზაზე მივადექით რუსეთის სამხედრო-საჰაერო თავდაცვის ბაზას, ვაჩვენეთ საბუთები და ვთხოვეთ, რომ გავეტარებინეთ, მაგრამ უარი მივიღეთ. მოვნახეთ ვიწრო ბილიკი და შევუერთდით გენერალ ვალერი ქვარაიას ჯგუფს. ავუხსენი მდგომარეობა და გადავეცი კოორდინატები, თუ რა მიმართულებით უნდა ემოძრავა მძიმე ტექნიკას, რათა გაკეთებულიყო დერეფანი და მინისტრთა საბჭოში დარჩენილი ხალხი გამოგვეყვანა.

ამის შემდეგ გადავედი სინოპში, სადაც გია ყარყარაშვილი და ირაკლი ბათიაშვილი ვნახე. ვუთხარი, რომ მინისტრთა საბჭო ალყაში იყო მოქცეული. დამპირდნენ, რომ ყველაფერს იღონებდნენ ალყის გასარღვევად. გია ყარყარაშვილს, მართლაც, გაუგზავნია ერთი ავტობუსით მეომრები, მაგრამ წითელ ხიდზე ვერ გადასულან. ვიცოდი, რომ პრეზიდენტი აგუძერაში იმყოფებოდა, ამიტომაც მისკენ გავემართე, რომ მთავარსარდლისთვის ვითარება მომეხსენებინა. პრეზიდენტი მარტო იყო შენობაში. მან მითხრა, რომ დაურეკა ბორის პასტუხოვს და იგი დაჰპირდა, რომ საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანებს შეაგზავნიდა და ასე გამოიყვანდა ბატონ ჟიული შარტავასა და მის თანმხლებ პირებს. დავმშვიდდი. ვირწმუნე, რომ პასტუხოვი სიტყვას შეასრულებდა, მით უფრო, რომ კომკავშირული და პარტიული წარსულიდან გამომდინარე, იგი თავს ბატონი ჟიულის მეგობრად აცხადებდა... კოდორის ხეობაში წავედი, რათა 100 კაციანი ჯგუფი მაინც წამომეყვანა, რომ მდინარე მაჭარაზე გავმაგრებულიყავით. მეორე დღეს, როდესაც გასვლას ვაპირებდით, ჩვენ გავხდით ქართველთა იძულებითი უკუქცევის მოწმენი. ისეთი სიჩქარით მოდიოდა მძიმე ტექნიკა, რომ ფეხით მომავალ მოსახლეობას ასწრებდა. სისხლგამშრალი ვიდექი და ვუყურებდი ჯარს: სად იყვნენ ისინი 27-ში? სად იყო ეს მძიმე ტექნიკა სოხუმის დაცემის დღეს? 27 სექტემბერს სოხუმი ცარიელი იყო...

კოდორის ხეობაში გავიგე შემზარავი ამბავი: ბორის პასტუხოვმა სიტყვა არ შეასრულა. მიუხედავად ჩემი ამდენი მცდელობისა, ვერ მოიძებნა ერთი ტანკი თუ ჯავშანტრანსპორტიორი, რომ ეს კაცი-ლეგენდა გამოეყვანათ ალყიდან.

მტრის ბატალიონებმა მინისტრთა საბჭოს შენობა აიღეს. ტყვედაყვანილები ორ ჯგუფად გაყვეს და ორი ავტობუსით გაიყვანეს შენობიდან... ბატონი ჟიული დახვრიტეს უახლოეს და ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან. იგივე ბედი ეწია მეორე ჯგუფსაც... მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა — იური გაავა, იგი ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. იური გაავა მისმა აფხაზმა მეომრებმა იხსნეს, რომლებიც მტრის მხარეს იბრძოდა.

ჟიული შარტავაზე ზეგავლენა ვერ მოახდინა ვერც ერთმა მაფიოზურმა კლანმა, იგი არაფერს ცნობდა, გარდა თავისი სამშობლოსი. ბატონმა ჟიულიმ ძალიან ბევრი რამ იცოდა აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შესახებ; იბრძოდა ბოლომდე და აღესრულა მოწამეობრივი სიკვდილით.

ვერსია II - ქობალია, სხვათა შორის, ეგრეთ წოდებული სამთავრობო ჯარის ნაწილებმა მიატოვეს მარჯვენა ფლანგიდან...“

ფელიქს ტყებუჩავა (ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების კავშირგაბმულობის მინისტრი, აფხაზეთის ომის დროს –სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი): „ სინდისი სუფთა მაქვს, იმიტომ რომ ყველას ვაფრთხილებდი, სოხუმში არ დაბრუნებულიყვნენ 1993 წლის სექტემბერში, რადგან ხალხი, ფაქტობრივად, ხაფანგში მიდიოდა. ვამბობდი, რომ მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მომხდარიყო, ხოლო ისინი, ვისაც სოხუმის დაცვა შეეძლო, იქ უნდა დარჩენილიყვნენ.

ის ათი დღე, რომლის განმავლობაშიც სოხუმი ვითომდაც თავს იცავდა, სინამდვილეში იყო გათამაშებული. ის ნაწილები, რომლებიც იმ დროს სოხუმში იმყოფებოდნენ, ათი დღის განმავლობაში ქალაქს ვერ დაიცავდნენ. ეს იყო გაკეთებული იმისათვის, რათა შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ მტერი შეესია სოხუმს და მოწინააღმდეგემ ომით აიღო ქალაქი. ამიტომაც დაარქვეს ამას სოხუმის დაცემა, რათა არ გამოჩენილიყო ის გაუგონარი ვერაგობა, რომ განიარაღებულ ქალაქს დაეცა მოწინააღმდეგე და გაჟლიტა მოსახლეობა. ასეთი გახლდათ მხარეებს შორის შეთანხმება, რაოდენ საშინლადაც უნდა ჟღერდეს ეს სიტყვები. ეს ისტორიის ერთ-ერთი ფურცელია. სწორედ ამან მისცა შევარდნაძეს საშუალება, გაფრენილიყო სოხუმში და თავი გმირად გამოეცხადებინა — რომ ათი დღის განმავლობაში, თურმე, ის სხვებთან ერთად სოხუმს იცავდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო...

16 სექტემბერს ჩვენი მთავრობა ზუგდიდში იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ იმწამსვე გავიგეთ, რომ სოხუმზე შეტევა დაიწყო და ჩვენი ნაწილები მაშინვე დაიძვრნენ სოხუმის დასახმარებლად, მაგრამ სწორედ მაშინ შეასრულა ტყვარჩელმა ფატალური როლი. იქ ხომ მოწინააღმდეგის ბაზა იყო?! სწორედ ტყვარჩელიდან ჩამოსულმა შეიარაღებულმა რაზმებმა გადაკეტეს სოხუმი-ოჩამჩირის გზა. მართალია, ჩვენმა რაზმებმა მაინც შესძლეს ტამიშამდე მისვლა, იქ ერთი პერიოდი თითქოს დაიწყო კიდეც ერთგვარი თანამშრომლობაც, ყველამ დაინახა, რომ საერთო უბედურება იყო კარს მომდგარი და გამომდინარე აქედან, ეგრეთ წოდებულმა სამთავრობო ჯარმა და ჩვენმა ნაწილებმა ოჩამჩირეში ერთობლივი გეგმა შეიმუშავეს; ქობალიამ შეასრულა კიდეც მასზე დაკისრებული ამოცანა და, სხვათა შორის, ყარყარაშვილმა, მართლაც, შეიყვანა ორასი კაცი სოხუმში, მაგრამ მან ეს გააკეთა ქობალიას დახმარებით, ვინაიდან ქობალიამ შეასრულა თავისი ამოცანა. მაგრამ ამას უკვე არავითარი აზრი არ ჰქონდა, რადგან წაგებულის მოგება უკვე შეუძლებელი იყო. ქობალია, სხვათა შორის, ეგრეთ წოდებული სამთავრობო ჯარის ნაწილებმა მიატოვეს მარჯვენა ფლანგიდან და დღეს ამის არც რცხვენიათ, პირიქით, აცხადებენ — ჩვენ, ქართველები მშიშრები ვართო.

იმ დროს ჩვენი შეიარაღებული შენაერთები და ასევე სამთავრობო ნაწილებიც ოჩამჩირეში იმყოფებოდნენ. ვითარებას კრიტიკულს ხდიდა ის, რომ, ერთი მხრივ, ეს გახლდათ ტრაგედია, რადგანაც მტერი უკვე სოხუმში იყო და მეორე, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჯერ კიდევ შეიძლებოდა მდგომარეობის გამოსწორება.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შენაერთები ოჩამჩირეში ერთმანეთს შეხვდნენ, არ არსებობდა ერთიანი გეგმა და ყველა ბატივით იყო დაბნეული. ხოლო ჯარი, რომელსაც არ ჰყავს ხელმძღვანელობა, არის ბრბო, როგორებიც არ უნდა იყვნენ ჯარისკაცები. სამთავრობო ჯარს, მართლაც, არ ჰყავდა ხელმძღვანელობა. ამდენად, საჭირო იყო ერთიანი ხელმძღვანელობა, რათა ჯარს სცოდნოდა, რომ ემორჩილება ერთ სარდალს. ამიტომაც ჩავიდა ბატონი ზვიადი ოჩამჩირეში. მას არ აუღია თავის ხელში სამხედრო სარდლობა, მაგრამ ჯარს უნდა სცოდნოდა, რომ ეყოლებოდა ხელმძღვანელი და სწორედ ზვიად გამსახურდიას მიერ დანიშნული ხელმძღვანელობა უნდა ყოფილიყო გაერთიანებული ჯარების მეთაური. ყოველ შემთხვევაში, მთავარი იყო, ყველას კოორდინირებულად ემოქმედა. და უნდა ითქვას, რომ ის ხალხი, შევარდნაძის ჯარის ნაწილებს ვგულისხმობ, ვინც გაიგო ვითარების ტრაგიკულობა, რომ განგებ მიჰყავთ ომი წაგებისკენ, დათანხმდა ერთიან სარდლობაზე და იმაზეც, რომ ეცნოთ ზვიად გამსახურდია უმაღლეს მთავარსარდლად. მაგრამ, სამწუხაროდ, აქედან არაფერი გამოვიდა, იმდენად კარგად იყო ომის წაგება დაგეგმილი, რომ მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელი იყო ჯარების იმ ნაწილით, რომლებიც ჩვენს ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ. როდესაც ჩვენი სამხედრო შენაერთები მზად იყვნენ ნებისმიერი სამხედრო ამოცანის შესასრულებლად და შეასრულეს კიდეც, სამთავრობო ჯარმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ამოცანა.

ჩვენი შენაერთები უნდა წასულიყვნენ მარცხენა ფლანგზე, ზღვის მიმართულებით და შესულიყვნენ ტამიშ-კინდღამდე, სხვები კი მარჯვენა ფლანგით უნდა წამოსულიყვნენ, შეერთებოდნენ ქობალიას ხალხს კინდღთან და ერთობლივად შეეტიათ სოხუმისთვის. მაგრამ რეალურად, ეგრეთ წოდებული სამთავრობო ჯარების შენაერთები არ მივიდნენ კინდღამდე. ახლა ისინი ერთმანეთს აბრალებენ და აცხადებენ, რომ თითქოს მოულოდნელად ლოთი ქობალიას მხრიდან მათი პოზიციები დაიბომბა, რამაც გამოიწვია არეულობა და ასე შემდეგ. რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ისინი ბატებივით იყვნენ დაბნეული, დატოვეს თავიანთი პოზიციები, ამასთან, მიატოვეს ლოთი ქობალიას ნაწილებიც, რის შედეგადაც მოწინააღმდეგეს თავისუფლად შეეძლო მათი ალყაში მოქცევა. მართლაც, შეთანხმებულად რომ ემოქმედათ, შესაძლებელი იყო ოჩამჩირე-სოხუმის გზის გახსნა და კიდევ ვიმეორებ, ეს პრობლემაც იმიტომ შეიქმნა, რომ ტყვარჩელის პლაცდარმი თავის დროზე არ იყო განადგურებული.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო, ბოლო მომენტშიც კი შეიძლებოდა სიტუაციის ნაწილობრივ გამოსწორება მაინც. მაგრამ ისინი დღეს აღიარებენ, რომ კურდღლებივით გამოიქცნენ.

1993 წელი, სექტემბრის ბოლო-ოქტომბრის დასაწყისი, ოჩამჩირე. ვერსია III - ბრძანება მოვიდა: რუსებს უკან დაუბრუნეთ წართმეული ტექნიკა!“

ელგუჯა თოხაძე, ოჩამჩირის 24-ე ბრიგადის მეთაური (24-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულება არ შეეხო, რადგან ის ადგილობრივი მოსახლეობისგან იყო დაკომპლექტებული, თუმცა მძიმე შეიარაღება მათაც ჩამოართვეს): „ ოფიციალურად მივწერეთ ყველა ინსტანციას, რომ, თუკი საქართველოს ჯარები გადიან, ჩვენ, რა, არ ვართ ქართველები, მაშინ ჩვენც გაგვიყვანეთ, ოღონდ, ჩვენი ტექნიკიანადო. სხვათა შორის, ამ გზით ერთი კვირა მოვიგეთ, ანუ, როდესაც გენო ადამიას ბრიგადა განაიარაღეს, ჩვენ კიდევ ერთი კვირა დავრჩით შეიარაღებულები. წარმოიდგინეთ, ამდენი ხნის განმავლობაში ერთმანეთს ვესროდით და შემდეგ უცებ განგვაიარაღეს, ადამიანი კი არა, ძაღლიც იგრძნობდა ინსტინქტით, რაც შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა და ცუდად რომ იქნებოდა საქმე. რად უნდა იმას თქმა, რომ შინაგანად ვგრძნობდით საშიშროებას, როდესაც ძალები დააშორიშორეს და დამკვირვებლები ჩააყენეს. ეს დამკვირვებლები რუსები იყვნენ და ზედმიწევნითი სიზუსტით წერდნენ, ვინ რა დააშავა, რა გადამალა, როგორ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და ასე შემდეგ... ჩვენს ბრიგადას ერთი დარღვევაც კი არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკა გადამალული გვქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ხელშეკრულების გაფორმებიდან რაღაც დროის შემდეგ, ადამიანებმა დაიჯერეს, რომ, მართლაც, სასიკეთოდ შემოტრიალდა ყველაფერი, რომ ზემოთ მორიგდნენ და საბოლოოდ დამყარდა მშვიდობა. სხვათა შორის, რუსების ერთი ბრიგადა იდგა პორტში, რომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ასევე კარგი ურთიერთობა გვქონდა რუსების სასაზღვრო რაზმთან. ერთი სიტყვით, რუსების ორი ნაწილი იდგა ოჩამჩირეში ომის დროს. საბჭოთა დროს თურქეთის მთელ საზღვარს სწორედ ოჩამჩირის სამხედრო ნაწილიდან აკონტროლებდნენ რუსები.

ოჩამჩირის პორტში ისეთი რაოდენობის ძალა და ტექნიკა იყო გალაგებული, რომ მათ, ბუნებრივია, ძალით ვერ მოვერეოდით, მაგრამ ვეშმაკობდით; ხან წყალს გადავუკეტავდით, ხან პურს აღარ ვაწვდიდით, მათ გარშემო ხომ ჩვენი ბატალიონები იდგა?! ხანაც, სიგარეტები მიგვქონდა. ერთი სიტყვით, ასე თუ ისე, მაინც ჩვენზე იყვნენ დამოკიდებული, რადგან რუსეთიდან მომარაგებას ვერ იღებდნენ.

16 სექეტმბერს იყო ღალატი... რუსებმა და აფხაზებმა დაარღვიეს ხელშეკრულება და, მართლაც, მუხანათურად დაგვესხნენ თავს. სხვათა შორის, რუსი დამკვირვებლებიც, რომლებიც ოჩამჩირეში იყვნენ, არ ელოდნენ ამას, ფერი არ ედოთ სახეზე, როდესაც შეიტყვეს, რომ სოხუმზე შეტევა დაიწყო. 24–ე ბრიგადა, ბუნებრივია, განიარაღებული იყო და ჩვენი კუთვნილი იარაღის საკეტები ოჩამჩირის პორტში ჰქონდათ რუსებს. არადა, სერგეი, მათი მეთაური, რომელიც ჩვენთან მეგობრობდა, თურმე, წინა ღამით გადაუყვანიათ და მის ნაცვლად, მისი პირველი მოადგილე, უბედურის ერთი, დაუნიშნავთ. ჩვენ, ბუნებრივია, ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. არადა, იმედი მქონდა, რამე რომ მომხდარიყო, სწორედ ის დამიბრუნებდა საკეტებს და, შესაბამისად, ჩვენს ტექნიკასაც დავიბრუნებდით. 16 სექტემბერს, დილით, დაგვიკავშირდნენ შტაბში და გვითხრეს, რომ სოხუმზე შეტევა დაიწყო, ცაგერა უკვე აიღო მოწინააღმდეგემ და უკვე არადუშიც შემოიჭრნენო. მაშინვე პორტში გავიქეცი საკეტების დაბრუნების იმედით. მივედი, მაგრამ სერგეი აღარ დამხვდა და, საერთოდაც, არ შემიშვეს პორტის ტერიტორიაზე. მივხვდი, რომ საქმე ცუდადაა: ან უნდა გავიქცეთ, ან უნდა შევაკლათ თავი. არადა, ჩვენი ტექნიკა აქვეა... როგორც იქნა, მოვახერხეთ და შევედით პორტის ტერიტორიაზე. მე და ნაურმა, ჩემმა პირველმა მოადგილემ ასეთი რამ გავითამაშეთ: ერთი „გრადი“ გაგვაჩნდა, რომელსაც, მართალია, ყველაფერი მოხსნილი ჰქონდა და ბრძოლაში ვერ გამოიყენებდი, მაგრამ ბიჭებმა მოახერხეს და ისეთ მდგომარეობაში მოიყვანეს, რომ ერთი მიმართულებით გასროლა მაინც შეეძლო. ანუ „გრადი“ გამართული იყო. არც კი ვიცი, როგორ გამორჩათ რუს დამკვირვებლებს. ერთი სიტყვით, სწორედ ეს „გრადი“ დავუმიზნეთ პორტს. ამას გარდა, სერგეის დროს რუსების შტაბიდან ჩვენს შტაბამდე სპეციალური კაბელი გავიყვანეთ, რათა პირდაპირ დავკავშირებოდით ერთმანეთს, თუკი რამე დაგვჭირდებოდა, სერგეის მოადგილე ამის შესახებ არაფერი სცოდნია. როდესაც შევედი მასთან და მოვთხოვე საკეტები, ცხადია, მათ გადმოცემაზე უარი მითხრა. მაშინვე დავავლე ხელი ტელეფონს, ნაური გამოვიდა ხაზზე, გადავეცი ყურმილი რუსს და ვუთხარი, ეს არის ჩემი არტილერიის უფროსი და უსმინე, რასაც გეტყვის–მეთქი. ნაურ ჯიქიამ უთხრა, რომ „გრადი“ პორტზეა დამიზნებული, პორტში კი უამრავი იარაღია და ერთი გასროლა იქნებოდა საკმარისი და ჰაერში ავიწეოდით ყველა. ამ დროს ჩემი პისტოლეტიც დავუდე მაგიდაზე, რადგან დასაკარგი უკვე არაფერი მქონდა. რუსის მეთაურმა ნაურის უთხრა, ამის გაკეთებას ვერ შეძლებთო. ეს ჩემი საქმეა, როგორც გავაკეთებო, უპასუხა ნაურმა... ერთი სიტყვით, წავართვით საკეტები. მაგრამ ჩვენი ტექნიკაც პორტის ტერიტორიაზე იდგა, ხომ გინდა გაყვანა?! არადა, ჩვენს მანქანებს იქ არ შეუშვებდნენ, ამიტომ პორტის შესასვლელთან მივაყენეთ „ურალები“ და იქ მივაყვანინეთ ჩვენი ტანკები. ამასთან, საკეტი უამრავია და ზუსტად არ ვიცით, რომელი რომლისაა. დრო კი მიდის... არც საწვავია ტანკებში... ხალხს ვედროებით მოჰქონდა, რის მოტანაც შეეძლო... მძიმე ტექნიკაც დავიბრუნეთ და დღის ორი საათისთვის დაკარგულ ტერიტორიებსაც უკვე ჩვენ ვაკონტროლებდით. იმ ბრძოლებში 32 მებრძოლი დაგვეღუპა და 72 დაგვეჭრა... გვირეკავენ თბილისიდან, გვილოცავენ... ჯილდოც შემომთავაზეს, უარი ვთქვი; გენერლის ჩინიც — მასზეც უარი ვთქვი... სოხუმიდან დაგვიკავშირდნენ შევარდნაძე და ჯაბა იოსელიანი, ვითხოვე კონტრშეტევაზე გადასვლა. დამთანხმდნენ, ოღონდ, შორს არ მისდიოთ, არ შეგიტყუონ და არტილერიით დაბომბეთ მათი პოზიციები, შენს საზღვრებს ნუ გასცდებიო.

 შევარდნაძე და ჯაბა იოსელიანი... ამ დროს კი, გულუა და ადამია კოდორის ხიდთან იბრძვიან და მათ საერთოდ არ ჰყავთ ტექნიკა. ამასობაში ჩვენ დავაპატიმრეთ რუსების „დშბ“–ის ბატალიონი, ბატალიონი ერქვა, თორემ, გენერალი არენიხინი იყო მათი მისი მეთაური, რომელიც ახლა, სხვათა შორის, კოლესნიკოვის მოადგილეა, იმის თქმა მინდა, რომ დააწინაურეს, მაშინ, როდესაც ჩვენ პირიქით, ერთმანეთს ვჭამთ...

ერთი სიტყვით, რუსებს ჩვენი ტექნიკაც წავართვით და მათიც, მოვაქციეთ ალყაში და ვუთხარით - აბა, ბიჭებო, თუ წყნარად იქნებით, ცოცხლებიც დარჩებით, და დავურეკე პრეზიდენტს სოხუმში. ვეუბნები, რომ მყავს ტექნიკა და ვეკითხები, როგორ ვასარგებლო ამ ტექნიკით სოხუმი. ამას გარდა, რუსებთან ერთად ტყვედ ავიყვანე ცხრა აფხაზი დამკვირვებელი, ტყვარჩელში კი ჩვენი დამკვირვებლები იყვნენ და ამიტომ იცოდნენ აფხაზებმა, იმათთვის რომ რამე დაეშავებინათ, მე მათი ცხრა კაცი მყავდა. რუსი კი, თავის მხრივ, ხედავდა, რომ გამოჭერილი იყო, რადგან არ იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა, არანაირი ბრძანება არ ჰქონდა... მოკლედ, დიდ ტექნიკასა და საუკეთესო შეიარაღებაზე იყო ლაპარაკი. ეს ყველაფერი ვუთხარი შევარდნაძეს. ერთ საათში გეტყვი, როგორ უნდა მოიქცეო, მიპასუხა...

ბრძანება მოვიდა - რუსებს უკან დაუბრუნეთ წართმეული ტექნიკა, არადა, ბიჭებს უკვე დანაწილებულიც კი ჰქონდათ

რუსების ერთი მანქანა გამექცა, ვითომ სოხუმისკენ წავიდა, მაგრამ, ხომ ვიცი, რომ გზაზე ჩვენები არიან. დავურეკე გულუას და ადამიას და ვუთხარი, რომ მათი მიმართულებით მიდიოდა შეიარაღებით სავსე მანქანა და დაეკავებინათ. მართლაც, გააჩერეს და წაართვეს მთელი შეიარაღება. ერთი დღე და ღამე იმ შეიარაღებით ებრძოდნენ აფხაზებს.

ერთ საათში მოვიდა შევარდნაძის ბრძანება, რომ პორტში მიგვეცილებინა რუსები, იქ შემოვიდოდა გემი და ამ ტექნიკას წაიღებდა. მე ბრძანება შევასრულე. რაღაც ფანტასტიკური გემი მოადგა ოჩამჩირის სანაპიროს, საჰაერო ბალიშები ჰქონდა, პირდაპირ ნაპირზე ამოვიდა, ჩატვირთეს მთელი ის ტექნიკა და, ალბათ, სოხუმისკენ წაიღეს. სამი „კრაკადილის“ ტიპის ვერტმფრენი აცილებდა...

ჩვენს ბრიგადას ტამიშამდე ეკავა პოზიციები, ტამიშს იქით პირველი კორპუსი იდგა, კინდღიდან კი — 23-ე ბრიგადა. როდესაც გუჯარ ყურაშვილი ჩამოვიდა, მითხრა, ხომ იცი, თბილისიდან გამომგზავნეს და უნდა დამემორჩილოთო. იმ დროსვე შემოიყვანეს ლოთი ქობალიას ნაწილებიც, ესე იგი, გამოვიდა, რომ ერთსა და იმავე ადგილას და დროს იყო ორი გვარდია და გვარდიის ორი სარდალი: ძველი და ახალი — ქობალია და ჭუმბურიძე. გუჯარი მეუბნება, ახლა არ დაიწყოთ იმის გარკვევა, ვინ ზვიადისტია და ვინ — არაო. არადა, ჩვენ, ოჩამჩირლებს ეს პრობლემა არასდროს გვქონია, ჩვენ არც ვყოფილვართ ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებულნი, არც იარაღი აგვიღია ხელში ერთმანეთის წინააღმდეგ; ან ვინ მეკითხებოდა მე, ქობალიას ოჩამჩირეში შემოშვებას?!

ერთი სიტყვით, ქობალიას ნაწილები კინდღში დადგნენ. ყურაშვილმა მითხრა: აგერ არის ლოთი, მე ჭუმბურიძის გვარდია მყავს, თქვენ ოჩამჩირეში იდექითო. ვუთხარი, რომ ჩემს ორ ბატალიონს სოხუმში წასვლის სურვილი აქვთ-მეთქი, რადგან ვიცოდი, რომ ბიჭები არ გაჩერდებოდნენ. არავითარ შემთხვევაშიო, - მიპასუხა.

დაიწერა ყველაფერი, ვის რა ვალდებულება ჰქონდა, რა ამოცანა უნდა შეესრულებინა. შტაბი ცაგერაში გვქონდა. ერთი სიტყვით, ბრძანების თანახმად - 24–ე ბრიგადას ინგირის ხიდიდან ცაგერამდე პერიმეტრი უნდა გაგვეკონტროლებინა (ეს ზურგი იყო); ცხენისწყლიდან კოდორამდე — პასუხისმგებელი იყო პოლკოვნიკი ბარბაქაძე; გარღვევაზე კი — ყურაშვილი, ქობალია და ჭუმბურიძე; ანუ თავის თავზეც დაწერა ბრძანება ყურაშვილმა. ყველას გვესმოდა, რა იყო ჩვენი ამოცანა, ისიც ვიცოდით, რა რაოდენობის რეზერვი გვყავდა და რა რაოდენობის ხალხის გაშვება შეგვეძლო სხვების დასახმარებლად. ამ დროს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პაატა დათუაშვილიც ოჩამჩირეშია. დათუაშვილის ბრძანებით ვასრულებდი ყურაშვილის ბრძანებებს. ყურაშვილმა მოითხოვა, კავშირის ჩემი საშუალება მინდა მქონდესო და გამოვუყავით „სვიაზის“ მანქანა, „კაშეევკას“ რომ ეძახიან. მოითხოვა ერთი ბატარეა.

სულ მცირე, ხუთასკაციანი რეზერვის გაგზავნა შეგვეძლო სოხუმში

ვერც ჩემი ბიჭები ისვენებენ და ვერც ჩამოსულები, სოხუმისკენ მიიწევენ. განსაკუთრებით, ორი ბატალიონი - სოსო სილაგაძის, მიუხედავად იმისა, რომ იმჟამად დაჭრილი იყო და რუზგენ გოგოხიასი აქტიურობდნენ. სულ რვა ბატალიონი მყავდა. დათუაშვილის ბრძანებით, დავთვალეთ რეზერვი, რომ გაგვერკვია, საჭიროების შემთხვევაში რა ძალით შეგვეძლო მივშველებოდით სოხუმს. აღმოჩნდა, რომ 500–კაციან რეზერვს ვაგროვებდით. ყოველდღე იკრიბებოდა შტაბის წინ ეს ხალხი, თანაც, საუკეთესო შეიარაღება ჰქონდა და ელოდა ბრძანებას! როგორც იქნა, შევთანხმდით, ისიც დიდი ხვეწნა–მუდარის შემდეგ, იმაზე, რომ პოლკოვნიკ ალანიას 50, ზურაბ ძოწენიძის 47 და რუზგენის 160 კაცს ზღვიდან გადავსხამდით.

1993 წელი, სექტემბრის ბოლო-ოქტომბრის დასაწყისი, სოხუმი-ჩამჩირის გზა.

ვერსია IV - ოჩამჩირე-სოხუმის გზაზე, რომელიც, თურმე, ვერა და ვერ გავარღვიეთ, მხოლოდ 80 აფხაზი იდგა და ერთი ტანკი ჰქონდათ

რუზგენ გოგოხია (24-ე ბრიგადის ბატალიონის მეთაური): „სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ასეთი ვითარება შეიქმნა — ბატალიონები თითქმის იშლებოდა, ხალხი მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვუხსნიდი მათ, რომ ომი ჯერ არ იყო დამთავრებული. ვინც დამიჯერა, დარჩა, ვინც არა — ბუნებრივია, წავიდა. 16-ში, დილით, აწ განსვენებული სოსო გოგიძე მირეკავს და მეუბნება, რომ სოხუმზე შეტევა დაიწყო. მაშინვე დავბრუნდი ჩემს ბატალიონში, მიუხედავად იმისა, დანარჩენების მსგავსად ჩვენც წაგვართვეს საკეტები, ოთხი ტანკი მაინც მქონდა გადამალული. ათ წუთში ისინი სრულ მზადყოფნაში გვყავდა. 30 კაცი ბატალიონში დავტოვე, დანარჩენი 40 კი თან წავიყვანე. რაციით დავუკავშირდი პოზიციებზე მყოფ ჩემს ბიჭებს იმის გასაგებად, თუ რა ხდებოდა. დაზვერვაზეც გვყავდა ხალხი გაშვებული, სერიოზული არაფერიაო. იმის თქმა მინდა, რომ ჩემს პოზიციებზე კი არ გავედი, როგორც ეს ნაბრძანები მქონდა, არამედ, იმ ადგილებში, საიდანაც უფრო ძლიერი სროლის ხმა ისმოდა. ტყვარჩელის გზაზე შედარებით სიმშვიდე იყო, მაგრამ სროლები თანდათანობით მერკულასთან გაძლიერდა და დავინახეთ, რომ ცაგერა იწვის... ამიტომაც იმ მიმართულებით წავედით...

როდესაც მივედით, დავინახეთ, რომ ქალი და კაცი, ბავშვი და მოხუცი, იარაღიანი და უიარაღო, ერთი სიტყვით, ყველა გამორბის. სამხედროებმაც მიატოვეს თავიანთი პოზიციები. მათ მეთაურს, სოსო სილაგაძეს ვუთხარი, ნუ გეშინიათ, მომყავს 40 კაცი და 2 ტანკი. ამასთან, ჩემი ბატალიონის დანარჩენი წევრებისთვისაც მქონდა ნათქვამი, რომ ჩვენი გასვლიდან ერთ საათში უკან გამოგვყოლოდნენ და დარჩენილი 2 ტანკიც წამოეყვანათ. რაც შეგვეძლო, ვხოცეთ მოწინააღმდეგე...

ჩვენ ერთი მებრძოლი დაგვეღუპა, მაგრამ ძალიან ბევრი დაგვეჭრა. მოწინააღმდეგეს ერთი ტანკი და ერთი „ბმპ“ ჰყავდა. ჩვენმა ბიჭებმა ტანკი დააზიანეს, მაგრამ მოძრაობა მაინც შეეძლო, „ბმპ“ კი მწყობრიდან გამოიყვანეს, მაგრამ ტანკი უკნიდან მიაწვა და გაათრია. ერთი „ბმპ“ ჩვენ დაგვრჩა, ახლაც მახსოვს „აფსნი-1“ ეწერა. დაჭრილი მექანიკოსი ამოვიყვანეთ და როგორც წესი და რიგია, დავაწვინეთ. შემდეგ ვხედავთ, რომ დაახლოებით 15-20 აფხაზს გზაზე გადარბენა უნდა და თან ერთი დაჭრილიც მიჰყავთ. ცხადია, არ მივეცით გზაზე გადასვლის საშუალება, დაჭრილი მიატოვეს და გაიფანტნენ., შემდეგ სწორედ ის 15-20 კაცი გვებრძოდა ჩვენ ოჩამჩირე-სოხუმის გზის იმ მონაკვეთზე. ამის შესახებ ტყვეობაში ყოფნისას გავიგე და ეს მითხრა იმ დაჭრილი აფხაზი ბიჭის ძმამ, რომელიც იმ გზაზე მიატოვეს.

რამდენიმე დღის განმავლობაში შევინარჩუნეთ ჩვენი პოზიციები. 24 სექტემბერს ზვიად გამსახურდია ჩამოვიდა ოჩამჩირეში და შეიძლება ითქვას, რომ ორხელისუფლებიანობა დამყარდა. ზოგი გენერალი იქით დადგა, ზოგი - აქეთ, ჩვენ კი, გავიხლიჩეთ.

ახალდაბა, მართალია, ოჩამჩირის რაიონია, მაგრამ 11-ე ბრიგადას ეკუთვნოდა და აფხაზებს იგი უკვე აღებული ჰქონდათ. მტრისას რაც იქ მოხდა; გადაუარეს ქალებს და ბავშვებს... ვიცით, რომ იგივე ბედი ელის ხვალ-ზეგ კინდღსაც. მაგრამ კინდღს ჯერჯერობით იცავს ის, რომ იქვეა რკინიგზა, რომელიც მაღლობზეა, სადაც ჩვენები არიან გამაგრებულნი და აფხაზებს არ აძლევენ სოფელში შესვლის საშუალებას. ანუ სამი მხარე იყო დასაცავი, თუმცა ზღვიდან, პრინციპში, საშიშროება არ გველოდა, რადგან აფხაზებს ზღვიდან შეტევის საშუალება არ ჰქონდათ, ეს რუსებს უნდა გაეკეთებინათ.

ერთი სიტყვით, გზა იყო გასახსნელი. არავისთვის არაფერი მიკითხავს, ისე წავიყვანე ჩემი ბატალიონი, 160 კაცი, ამასთან, თან წამომყვნენ რუსთაველი, გორელი და ხაშურელი ბიჭები. ვერ გეტვით, რომ გზაში დიდი წინააღმდეგობა შეგვხვდა, მაგრამ, როგორც კი მივადექით ანუასყურს, აფხაზებმა ზემოდან გაგვიხსნეს ცეცხლი... იქიდან ერთ კილომეტრში კი ტანკი აგვიფეთქეს. არავინ არ ყოფილა იმ გზაზე ჩვენ გარდა, შემდეგ გამოჩნდნენ იქ ყურაშვილი და სხვა გენერლები. არავის არ უნდოდა წინა ხაზზე წასვლა... ბატალიონი ორ ნაწილად გავყავი, 80 კაცი მე დავიტოვე, 80 კი, ჩემს მოადგილეს, მურმან გურჩიანს დავუტოვე. ჩვენ ზღვისპირეთით წავედით, ზღვის მხრიდან გვინდოდა კინდღის გათავისუფლება. ორი კილომეტრიც არ გვქონდა გავლილი, რომ შორს ადამიანის სილუეტი დავინახე. დურბინდში გავხედე, ჯარისკაცია, მაგრამ არ გინდა იმის გარკვევა, აფხაზია, ქართველი, თურქი თუ ოსმალი?! წავედი მის შესახვედრად. მხარზე ავტომატი მაქვს გადაკიდებული. გავიგე, როგორ თქვეს, რუზგენიაო. რომელი ხარ-მეთქი, დავუძახე, წირღვავა ვარო. გამიხარდა, ზვიადისტი იყო, მაგრამ ომში რამ გაყო ზვიადისტი და შევარდნაძისტი, ომი ომია და ერთად უნდა დავიცვათ საქართველო. 80–ნი იყვნენ. გზა არ ვიცით და დილამდე აქ უნდა დავიცადოთო, მითხრეს. არავითარი გაჩერება, ჩემთან ერთად წამოდით-მეთქი. წამომყვნენ.

ლოთმა მითხრა, ორი ბიჭი მყავს, ერთს დაგიტოვებთ, მეორე კი თან უნდა წავიყვანო ფოთშიო. ზვიადისტებს ვეუბნები, რომ გავიდეთ მთავარ გზაზე, საიდანაც აფხაზები მოდიან-მეთქი. უკვე გვესმის ხმა, რომ ჩვენებმა ალყა გაარღვიეს. მაგრამ მიპასუხეს, რომ ლოთისგან ნაბრძანები გვაქვს, ზღვისპირიდან უნდა შევუტიოთო. ჩვკე კინდღელები შემოგვიერთდნენ და გავედით ცენტრალურ გზაზე. შემხვდა გენერალი ყურაშვილი და მითხრა, ტყვარჩელისკენ უნდა შახვიდეთო. ჩემი ბატალიონის ბიჭები მოვიწვიე და ვუთხარი, რაც ყურაშვილმა მითხრა, რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავით. კინაღამ გაგიჟდნენ, არც მათ უნდოდათ უკან დაბრუნება. გუჯარმა ისიც მითხრა, ხომ ხედავ, რუზგენ, რამდენი ხალხია, ნემსი რომ ჩააგდო, მიწაზე არ დაეცემაო — არანაკლებ 5 000 კბილებამდე შეიარაღებული კაცი იყო...

გუჯარმა მითხრა, ერთ საათში ჩვენები სოხუმში იქნებიანო. 26 სექტემბერს, დილით, მივედით შტაბში და რას ვხედავთ - შტაბი სავსეა გენერლებით, რომლებსაც იქ, სოხუმში ველი... დათუაშვილი, კიტოვანი, ნიკოლაიშვილი და კიდევ ორი თუ სამი გენერალი იყო. სწორედ იმ დღეს ესროლა კიტოვანმა დათუაშვილს და კინაღამ მოკლა...

მივხვდი, რომ საქმე ცუდადაა. გამოვედი შტაბიდან და ვუთხარი ბიჭებს, მივდივარ ტყვარჩელის ასაღებად და გვერდში ვინ ამომიდგებით–მეთქი. სამასი კაცი გამომყვა. მეთაურობა საკუთარ თავზე ავიღე, შტაბი კი ოხურეიში შევქმენით. ტყვარჩელისკენ ტანკებით წასვლაზე უარი ვთქვი, რადგან აუცილებლად აგვაფეთქებდნენ აფხაზები და ფეხით წავედით. იმ მიმართულებით სამი სიმაღლეა, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ვერ ავიღეთ, ხოლო ჩვენ კი ნახევარ საათში მოვახერხეთ ამის გაკეთება და ტყვედ ავიყვანეთ აფხაზების შტაბის უფროსი ნური ბოლქვაძე.

ვბრუნდები უკან, პოზიციაზე და რას ვხედავ - ის ბიჭები, რომლებიც ერთ-ერთ სიმაღლეზე დავტოვე, აგერ არ ჭამენ კონსერვებს?! ვკითხე, ვინმე თუ დატოვეთ-მეთქი ზემოთ; არავინ, შენი ბრძანება მოვიდა, რომ სიმაღლე დაგვეტოვებინაო. მაშინ, როდესაც მსგავსი ბრძანება არ გამიცია. დავტაცე ხელი ავტომატს და მარტო დავიწყე ასვლა. 5 კაცი გამომყვა. თურმე, აფხაზებს და ჩვენ ერთდროულად დაგვიწყია იმ სიმაღლეზე ასვლა, ალბათ, იგრძნეს, რომ იქ ჩვენები აღარ იყვნენ.

ბილიკით ავდიოდით, ავედი თუ არა, სილუეტი დავინახე, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ვკითხე - რომელი ხარ? საპასუხოდ ცეცხლი გაგვიხსნეს. ამ დროს დავიჭერი, თუმცა არაფერი არ მიგვრძნია, პირი გამებერა და სიმხურვალე ვიგრძენი, მივხვდი, სისხლი იყო და ამოვანთხიე. მთელი ტანით ავდექი, ხომ არ ვიტყოდი, რომ დაჭრილი ვიყავი და უკან გადავკოტრიალდი. ამ დროს დანარჩენები შემომხვდნენ, ვუთხარი, რომ დაჭრილი კი ვარ, მაგრამ არაფერი მიჭირს, მე გავალ, დანარჩენებს მიეხმარეთ-მეთქი. ორმა კაცმა მტაცა ხელი, ჩამსვეს ტანკში და წამიყვანეს. ორიენტაციით მივხვდი, სადაც ვიყავით. ამომიყვანეთ-მეთქი, მოვითხოვე და გავხედე სოხუმი-ოჩამჩირის გზას, რომელიც ორი დღის წინათ ხალხით იყო გაჭედილი, აღარავინ აღარ იყო... მიგვატოვეს.

როდესაც ტყვეობაში ვიყავი, მაშინ გავიგე, რომ ოჩამჩირე-სოხუმის გზაზე, რომელიც, თურმე, ვერა და ვერ გავარღვიეთ, მხოლოდ 80 აფხაზი იდგა და ერთი ტანკი ჰქონდათ, რომელიც მიწაში იყო ჩაფლული, რადგან მოძრაობა არ შეეძლო და რომლის ლულა არც კი ტრიალებდა, ამიტომ პირდაპირ ჰქონდათ დამიზნებული და ისე ისროდნენ. თუმცა, გზა დანაღმული იყო, რათა ჩვენი ტანკები, თუკი იმ გზაზე გაივლიდნენ, აფეთქებულიყვნენ! ეს იყო და ეს! გეკითხებით, ჩვენს 5 000 კაცს 80 კაცი შეაჩერებდა?! მოკვდებოდა ჩვენი, ვთქვათ, ორასი, სამასი, ათასი კაცი, მაგრამ ოთხი ათასი ხომ დარჩებოდა?!“