მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს ახალ მთავრობას დააკომპლექტებს, რადგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა.
სატელევიზიო მიმართვაში, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) დამარცხდა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ კოალიციასთან. მან ქართველებს შედეგების პატივისცემისკენ მოუწოდა. „ვფიქრობ მათი [ოპოზიციის] შეხედულებები მცდარია, მაგრამ დემოკრატია ასე მუშაობს“, განაცხადა მან.
ჩინოვნიკებს ციფრები ჯერ არ დაუდასტურებიათ, თუმცა სამთავრობო წყაროების ცნობით კოალიციას ერგება 84 საპარლამენტო მანდატი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 66. ივანიშვილის ექვსპარტიულმა კოალიციამ, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა ხმების 51% მოიპოვა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 41%, დანარჩენმა პარტიებმა ერთად – 9%.
შედეგებმა დარტყმა მიაყენა სააკაშვილს, რომელიც საქართველოს 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მართავს. ეს არის ასევე ექსტრაორდინარული მომენტი ქვეყნის პოსტ-საბჭოთა ისტორიაში, როდესაც პირველად, მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალებს შორის, ხელისუფლების გადაცემა დემოკრატიულად და ჯერჯერობით მშვიდობიანად მოხდა.
საქართველომ ახლა ახალ, უსიამოვნო და არამდგრად გარდამავალ ეპოქაში შეაბიჯა.
ახალი პარლამენტი პრემიერმინისტრად ივანიშვილს წარადგენს. სააკაშვილმა უნდა მოიწონოს კანდიდატურა და თეორიულად მას შეუძლია ამ კანდიდატურის ორჯერ უარყოფა, რითაც ხელს შეუწყობს კონსტიტუციურ კრიზისს.
თუმცა, სამაშაბათს, პრეზიდენტის წამყვანმა მრჩეველმა რაფაელ გლუკსმანმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ივანიშვილს ხელს არ შეუშლის. „სააკაშვილი [შედეგებით] ძალიან იმედგაცრუებულია. მაგრამ ერთი რამ, რაშიც ის დარწმუნებულია არის ის, რომ ლიდერებმა არ უნდა ითაღლითონ არჩევნებში, და არ უნდა წავიდნენ ხალხის ნების წინააღმდეგ“, განუცხადა მან Guardian-ს, დასძინა რა, რომ „პოლიტიკური დინამიკა“ არის ოპოზიციის მხარეს.
ყველაზე დიდი პოლიტიკური შეკითხვა ის არის, თუ როგორ შეძლებენ თანამშრომლობას სააკაშვილი და ივანიშვილი იმ საარჩევნო კამპანიის ფონზე, რომელიც ურთიერთმტრობით ხასიათდებოდა. სამთავრობო წყაროები ივანიშვილს, რომელმაც მისი $6.4 მილიარდიანი (4 მილიარდი ევრო) ქონება რუსეთში დააგროვა, კრემლის მარიონეტად ხატავენ; ოპოზიცია სააკაშვილს ტირანს უწოდებს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს რჩება აღმასრულებელი ძალაუფლება და შეინარჩუნებს მას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მომავალი წლის ოქტომბრამდე.
ამის შემდეგ საქართველო საპრეზიდენტო სისტემიდან საპარლამენტო სისტემაზე გადადის. შემდეგი 12 თვის განმავლობაში, სააკაშვილს მოუწევს, სავარაუდო პრემიერმინისტრ ივანიშვილთან მჭიდრო თანამშრომლობა, მასთან საგარეო პოლიტკის საკითხებზე კონსულტაცია და მისი სახელმწიფო ბიუჯეტის მოწონება.
ყოფილმა განათლების მინისტრმა გია ნოდიამ, რომელიც ახლა თბილისის ერთ-ერთ კვლევით ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, განაცხადა: „ჩვენ გვაქვს ერთი მხრივ სააკაშვილის ემოციურობა და მეორე მხრივ ივანიშვილის ექსცენტრულობა. მაგრამ თანამშრომლობა ორივეს ინტერესებში შედის.
„თუკი ივანიშვილი გაიზიარებს ძალაუფლების ამგვარ განაწილებას, ის ამას მიიჩნევს გარდამავალ ეტაპად სრული ძალაუფლების მიღებამდე“, განაცხადა მან. „რაც არ უნდა მოხდეს მომავალში სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ შესაძლოა ის საუკეთესო დემოკრატი არ არის, მაგრამ ის მაინც უფრო დემოკრატია, ვიდრე ავტოკრატი. ავტოკრატიაში ოპოზიცია არჩევნებში ვერ იმარჯვებს“.
თუ არ ჩავთვლით ბალტიის ქვეყნებს, ერთადერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყანა, სადაც მოქმედმა ლიდერმა არჩევნების შედეგები ცნო არის უკრაინა, სადაც პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ აღაიარა დამარცხება 2010 წელს. თუმცა, მას შემდეგ, გამარჯვებულმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, უკრაინის დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟი მოახდინა, ყურად არ იღო რა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების შეშფოთება.
სამშაბათს ზოგიერთი პესიმისტი აცხადებდა, რომ ისინი შიშობენ ივანიშვილს იანუკოვიჩის მიბაძვის ცდუნება არ გაუჩნდეს და დამარცხებული პოლიტიკური მტრების სამართლებრივი დევნა არ დაიწყოს. „ქვეყანაში არსებული ღრმა განხეთქილება საფრთხის შემცველია. მე ვგრძნობ, რომ შურისძიების განცდა აქვთ არამხოლოდ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში არიან, არამედ [ქართული ოცნების] პოლიტიკოსებსაც, რომლებიც ახალ პარლამენტში იქნებიან“, განაცხადა ნოდიამ.
შემდეგი პასუხგაუცემელი კითხვა არის ივანიშვილის პოლიტიკა რუსეთის მიმართ.
მაგნატი აცხადებს, რომ მისი საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები სააკაშვილის პრიორიტეტების ანალოგიურია, და მოიცავს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას. მაგრამ მან ასევე განაცხადა, რომ გააუმჯობესებს ურთიერთობებს ვლადიმერ პუტინთან და რუსეთთან, რაც 2008 წლის დამანგრეველი რუსულ-ქართული ომის შემდეგ შეწყვეტილია. თუკი ივანიშვილი განაგრძობს ნატოს წევრობის მიმართულებით მუშაობას, ეს საქართველოს კრემლთან დაპირისპირების გზაზე დააყენებს.
რუსეთი მიესალმა სამშაბათს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, განაცხადა რა რომ 2008 წლის ომის შემდეგ გაყინული კავშირები შეიძლება აღდგეს სააკაშვილის დამარცხების შემდეგ.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით ახალ, არა მტრულად განწყობილ, საღ ხელისუფლებას საქართველოში“, უთხრა Guardian-ს პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. ახალი ხელმძღვანელობა „ჩვენთვის ძალიან კარგი, ძალიან პოზიტიური“ იქნება, თქვა მან. „თუკი ახალ ხელისუფლებას მეტი პოლიტიკური სიბრძნე აღმოაჩნდება, მაშინ ქვეყნისთვის შეიძლება ძალიან, ძალიან ბევრი ახალი გზა გაჩნდეს“.
რუსეთმა სააკაშვილთან კავშირები 2008 წელს სამხრეთ ოსეთის ირგვლივ გაჩაღებული ომის შემდეგ გაწყვიტა, და ორივემ, პუტინმაც და მოქმედმა პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმაც, რომელიც ომის დროს პრეზიდენტი იყო, სააკაშვილთან საუბარზე უარი განაცხადა.
როგორც მოსალოდნელია, ივანიშვილის პირობებში ეს ურთიერთობა გაუმჯობესდება. მან ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა. პესკოვი აცხადებს, რომ არჩევნებამდე კრემლს არ ჰქონია კონტაქტი ივანიშვილთან. „ჩვენ მას არ ვიცნობთ“, განაცხადა მან. „ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით არჩევნების წინასწარ შედეგებს საქართველოში, სადაც ხალხი მხარს არ უჭერს მოქმედ ხელისუფლებას და შესაბამისად ის შეიცვლება“.
საქართველოს სამთავრობო წყაროები აცხადებენ, რომ ისინი არ ელოდნენ ორშაბათის არჩევნებში დამარცხებას. საზოგადოებრივი კვლევების მიხედვით, სააკაშვილის პარტია ლიდერობდა.
მათ აღიარეს, რომ 19 სექტემბერს გავრცელებული ვიდეო, რომელიც ასახავდა იმას, თუ როგორ სცემენ და აუპატიურებენ ცოცხის ტარებით პატიმრებს ციხის მცველები საზოგადოებრივი აზრი ხელისუფლების წინააღმდეგ შეაბრუნა. ამომრჩევლებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან, რომლებსაც არ მოსწონთ მთავრობის სოციალურად ლიბერალური პოლიტიკა, ასევე სერიოზული რაოდენობით დაუჭირეს მხარი ოპოზიციას, ამბობენ ისინი.
ორშაბათს ღამით, გამარჯვების აქციაზე გამოსვლისას, ივანიშვილმა მისი პოლიტიკური გეგმა ძალიან მარტივად ახსნა. „როდესაც ჩვენი გამარჯვება ოფიციალურად დადასტურდება, მე ვიმედოვნებ… რომ პარლამენტი პრემიერმინისტრად დამამტკიცებს“, უთხრა მან ტელეკომპანია „მე-9 არხს“, რომლის მფლობელიც არის.
foreignpress.ge