პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი სახეების უმეტესობა მოხვდება

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი სახეების უმეტესობა მოხვდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით პროპორციული სიით „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 54.9% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 40.3, დანარჩენმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა კი ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს. „ქართული ოცნება“ ლიდერობს მაჟორიტარულ ოლქებშიც. კერძოდ, ამ დროისათვის არსებული ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობა“ 35 ოლქში, „ქართული ოცნება" კი 38 საარჩევნო ოლქში ლიდერობს. რაც შეეხება თბილისის ოლქებს, აქ ათივე ოლქს „ქართული ოცნება“ იგებს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 77-ზე და გაიყოს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

ამდენად, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ პარლამენტში პროპორციული სიით 42 მანდატს მიიღებს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი - 35 მანდატს. ამას თუ მაჟორიტარული ოლქების მიხედვით მიღებული შედეგებს დავუმატებთ, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 80 დეპუტატი ეყოლება, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ – 70. ეს მონაცემები ექსპერტმა საარჩევნო საკითხებში კახი კახიშვილმა დაიანგარიშა.

„ბუნებრივია, ეს არის წინასწარი შედეგები, რადგან ოლქები შედეგებს აჯამებენ. იქნება სასამართლო დავები, ხოლო საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია მე-18 დღეს დადებს. დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის არჩევნების შედეგების გაჭიანურებული პროცესი. არსებობს ოლქები, სადაც ჩანს, რომ ოქმი თავიდან ერთი კალმით არის შევსებული, შემდეგ კი არჩევნებში მონაწილეთა რაიოდენობა და სუბიექტების მიერ მიღებული ხმები სხვა კალმით არის გადასწორებული. იყო ისეთი ოქმებიც, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობაზე მეტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ხმები იყო. ჩვენ ვნახეთ, რომ თურმე სპეც-რაზმიც აჯამებს არჩევნებს. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობას შორის სხვაობის შემცირებას მაქსიმალურად ცდილობენ, რათა ერთის მხრივ იყოს უმცირესობა, მაგრამ მაინც გარკვეული კონტროლი დაიტოვონ“, - აცხადებს კახი კახიშვილი.  

რაც შეეხება მაჟორიტარებს, რომლებმაც თავიანთ ოლქებში გაიმარჯვეს და პროპორციულ სიებშიც არიან, კახი კახიშვილის თქმით, ასეთი კანდიდატი მაჟორიტარული სიით ხვდება პარლამენტში, ხოლო მის ადგილს პროპორციულ სიაში მისი პარტიიდან შემდგომი კანდიდატი იკავებს. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტში შემდეგი კანდიდატები მოხვდებიან:

კახა კალაძე, მანანა კობახიძე, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, გუბაზ სანიკიძე, გოგი თოფაძე, ზვიად ძიძიგური, ვანო კიღურაძე, დავით საგანელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, კობა დავითაშვილი, გია ჟორჟოლიანი, გია გაჩეჩილაძე, მაია ფანჯიკიძე, დავით ბერძენიშვილი, ნოდარ ხადური, ნინო გოგუაძე, გელა ხვედელიძე, გია ხეჩინაშვილი, თედო ჯაფარიძე, ზურაბ ტყემალაძე, სოზარ სუბარი, გიგა ბუკია, ლაშა ნაცვლიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ირინა იმერლიშვილი, გიგლა აბულაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, გოგლა ჟვანია, ანი მიროტაძე, გუგული მაღრაძე, თამაზ ყაჭეიშვილი, გიორგი ვოლსკი, ბიძინა გუჯაბიძე, თამაზ ავდალიანი, ალი მამედოვი, ალექსანდრე პეტრიაშვილი, რუსლან პოღოსიანი, შალვა კიკნაველიძე, კარლო კოპალიანი, დემურ ბაშელეიშვილი, ნანა ყეინიშვილი.

ეს არის „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი 42 კანდიდატი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამ სიიდან რამდენიმე პირმა მაჟორიტარულ ოლქებში გაიმარჯვა, მათ ნაცვლად პარლამენტში კოალიციის პროპორციული სიიდან სხვა კანდიდატებიც მოხვდებიან. კერძოდ, კახი კალაძის ნაცვლად სავარაუდოდ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შემდეგი კანდიდატი, მირიან ოდიშარია მოხვდება, მანანა კობახიძის ნაცვლად - ირაკლი სესიაშვილი, დავით უსუფაშვილის ნაცვლად - რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი, გუბაზ სანიკიძის ნაცვლად - ფორუმელი სოსო ვახტანგიშვილი, ზვიად ძიძიგურის ნაცვლად - კონსერვატორი მერაბ კაჭახიძე.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი პროპორციული სიის პირველი 35 კანდიდატები არიან: დავით ბაქრაძე, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ბარამიძე, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი თევდორაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია, გიორგი გაბაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, სერგო რატიანი, გიორგი ოჩიაური, ნიკოლოზ ყიფშიძე, ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, პავლე კუბლაშვილი, გიორგი კარბელაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აკაკი ბობოხიძე, გივი თარგამაძე, ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მახარაძე, გიორგი მელაძე, კობა სუბელიანი, გიორგი ღვინიაშვილი, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, გიორგი ხაჩიძე, დავით დარჩიაშვილი, გიორგი კანდელაკი, შოთა მალაშხია.

ამ სიიდან საკუთარ მაჟორიტარულ ოლქში (გურჯაანში) გაიმარჯვა გიორგი ღვინიაშვილმა, შესაბამისად, მის ადგილს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციულ სიაში 36-ე ნომრად მყოფი ეკატერინე ხერხეულიძე დაიკავებს, ლევან ბეჟაშვილის ადგილს ლევან თარხნიშვილი დაიკავებს, აკაკი ბობოხიძეის ადგილს - ბადრი ბასიშვილი. ამდენად, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ახალი მოწვევის პარლამენტში ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და „საყვარელი“ ისეთი სახეები მოხვდებიან, როგორებიც არიან ნუგზარ წიკლაური, ბადრი ბასიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, აკაკი მინაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ეკა ხერხეულიძე, გია ბარამიძე, პეტრე ცისკარიშვილი და ა.შ. ამასთანავე, არჩევნებში გაიმარჯვეს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა, რომლებიც პარლამენტში უკვე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, მაგალითად მარნეულში - აზერ სულეიმანოვმა, დმანისში -კახაბერ ოქრიაშვილმა, თეთრიწყაროს რაიონში - დავით ბეჟუაშვილმა, ახალქალაქში - სამველ პეტროსიანმა, ნინოწმინდაში - ენზელ მკოიანმა, ამბროლაურში - გოჩა ენუქიძემ, ლენტეხში - გოგი ლიპარტელიანი, ბაღდათში - თემურ კოხოძემ, ასევე ბოლნისში - კობა ნაყოფიამ („ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებულმა ბიზნესმენმა), თუმცა შეგახსენებთ, რომ ვინაიდან ცესკო-ს საბოლოო მონაცემები ჯერ არ დაუდია და კიდევ არსებობს სადავო უბნები, შესაძლოა დღეს არსებული სურათი შეიცვალოს.