საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღიარა მისი მმართველი პარტიის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება, რაც ნაწილობრივ ციხის წამების ამსახველი ვიდეობის ჩვენებამ განაპირობა, იმ ციხისა, რომელსაც ერთ დროს TIME-ის კორესპონდენტი სტუმრობდა.
საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან #8 საპყრობილემდე მანქანით მისვლას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა, რომლის დროსაც, ძირითადად, ვსაუბრობდით კალიფორნიის კოლეჯებზე და მოსკოვის საგზაო საცობებზე, და არა ქართულ ციხეებზე, რომელიც ეროვნული დებატების მთავარ თემას არ წარმოადგენდა. ეს იყო 2010 წლის ზაფხულში, ბევრად ადრე, ვიდრე ტელევიზიით #8 საპყრობილეში პატიმართა წამებას უჩვენებდნენ, და ბევრად ადრე, ვიდრე ეს ვიდეოები ამ კვირის საპარლამენტო არჩევნების კურსს შეცვლიდა.
როდესაც სამშაბათს ხმათა მეოთხედი დაითვალეს, ცხადი გახდა თუ რამდენად დააზარალა ციხის სკანდალმა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: ის იძულებული გახდა ეღიარებინა საკუთარი პარტიის დამარცხება იმ ოპოზიციურ პარტიასთან, რომელიც არჩევნებამდე 6 თვით ადრე ჩამოყალიბდა. ეს მოულოდნელი შედეგი იყო, და, როგორც ჩანს, ეს ახლად შექმნილ „ქართულ ოცნებას“ საშუალებას მისცემს ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და აირჩიოს პრემიერმინისტრი. ასეთი შედეგი წარმოუდგენელი იქნებოდა ორი წლის წინ, როდესაც სააკაშვილს რეალური პოლიტიკური ოპონენტები არ ჰყავდა და ძალიან ცოტა ქართველმა თუ იცოდა რაიმე #8 საპყრობილის შესახებ. მაშინ 2010 წელს, ადამიანი, რომელიც თან მახლდა, საქართველოს პენიტენციური სისტემის წარმომადგენელი, ვერ გაიგებდა რატომ სურდა ამერიკელ ჟურნალისტს მთელი დღის გატარება გლდანის ამ ციხეში. ამის ზუსტ მიზეზს ვერც მე ვხვდებოდი.
ჩემი იქ წასვლა სააკაშვილის იდეა იყო. რამდენიმე თვით ადრე, 2010 წლის მარტში, სპეცოპერაციის დროს დასავლეთ ევროპაში ეჭვმიტანილ ქართველ ქურდთა ჯგუფი დააკავეს, ძირითადად, ესპანეთში, სადაც ისინი აკონტროლებდნენ პროსტიტუციასა და ნარკოტიკებით ვაჭრობას საკურორტო ქალაქ მაიორკასა და სხვა ადგილებში. სტატიის დასაწერად თბილისში წავედი, იქ, საიდანაც ეჭვმიტანილები იყვნენ და იმის ასაღწერად თუ როგორ დაასრულეს მათ საქმიანობა დამნაშავეთა სამყაროში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ეს იყო ერთ-ერთი თემა, რომელზე საუბარიც სააკაშვილს გამორჩეულად სიამოვნებდა. იგი ამაყობდა მისი მთავრობის ბრძოლით იმ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ, რომელიც ეკონომიკის დიდ ნაწილს აკონტროლებდა ვიდრე სააკაშვილი 2003 წლის „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოვიდოდა. როგორც ჩანს, მისი ბავშვობა ჰგავდა სცენას ფილმიდან „განგსტერები“. „ყველა სკოლის ბავშვს უნდოდა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიებაძა,“ მითხრა მან, და იყენებდა სლენგს თუ რას ნიშნავდა ადგილობრივი ბანდიტებისათვის „ქურდული სამყაროს წევრობა“. „ყველამ იცოდა მათი სახელები. ყველა მათ გარშემო ტრიალებდა.“
მისი თქმით, წამება ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებში „ვარდების რევოლუციამდე“ მიღებული პრაქტიკა იყო. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს საქართველოში გამუდმებით წყდებოდა ელექტროენერგიის მიწოდება, „ყველა პოლიციის განყოფილებას საკუთარი გენერატორი ჰქონდა ხალხთან დასაკავშირებლად,“ თქვა მან. „ერთადერთი გზა პოლიციისათვის ზოგიერთი დანაშაულის გამოსავლენად იყო წამება, რადგან ხალხი არ თანამშომლობდა, არავის სურდა თანამშრომლობა, რადგან ორგანიზებული დანაშაულის ყველას ეშინოდა.“ შემდეგ დაფიქრდა და დასძინა: „რა თქმა უნდა, აქ ახლა აღარავინ აწამებს.“
სააკაშვილის თანახმად, წამება, კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აღმოიფხვრა, რომელმაც დაასრულა საბჭოთა მოხელეების, როგორიც მაგალითად ედუარდ შევარდნაძე იყო, მმართველობა და საქართველო ევროკავშირში გაერთიანების გზაზე დააყენა. ახალგაზრდა, ამერიკაში განსწავლული სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტი 36 წლის ასაკში გახდა, ძალიან დასცილდა საკუთარ რეფორმებს. მისი ერთ-ერთი თამამი ნაბიჯი იყო ის, რომ პოლიციური ძალების თითქმის მთელი შემადგენლობა დაითხოვა, პოლიციის, რომელიც კორუფციის გამო ძალიან დისკრედიტირებული იყო. მაგრამ 2008 წელს მისმა პოპულარობამ იკლო, როდესაც საქართველოს რუსეთთან ომი ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი დაუჯდა; მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადა მომავალი წლის ოქტომბერში იწურება. ვადის გასვლის შემდეგ მას ჰქონდა შანსი პრემიერმინისტრად დაბრუნებულიყო – მაგრამ ამისათვის საჭირო იყო, მის პარტიას პარლამენტში უმრავლესობა მოეპოვებინა, რისი გაკეთებაც ორშაბათს ვერ შესძლო. ახლა სააკაშვილი მისი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს დააკვირდება იმას, თუ როგორ განამტკიცებს ძალაუფლებას ოპოზიცია. ეს საქართველოსთვის საეტაპო მნიშვნელობის მოვლენაა, რადგან ამ ქვეყნის ისტორიის მანძილზე არჩევნების გზით ხელისუფლება პირველად შეიცვალა.
ორი წლის წინ, ბევრად ადრე ვიდრე საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ პარტიას ჩამოაყალიბებდა აპრილში, ვერცერთი ოპოზიციური ძალა სააკაშვილს სერიოზულად ვერ უპირისპირდებოდა. მას ბევრი რამით შეეძლო ეამაყა, პირველ რიგში, პოლიციისა და პენიტენციური სისტემის რეფორმებით, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირში საუკეთესოდ მიიჩნეოდა. როდესაც დავასრულეთ ინტერვიუს ჩაწერა პრეზიდენტის სასახლეში, რომელიც ზემოდან გადმოჰყურებს ქალაქს, მისმა თანაშემწეებმა პენიტენციური სისტემის პრესსამსახურს დაურეკეს და მომდევნო დღისთვის ჩემს იქ გამგზავრებას გაუკეთეს ორგანიზება, რათა მენახა ის, რაც ქართული სამართალდამცავი ორგანოების სიამაყის საგანი და სამაგალითო დაწესებულება იყო. გლდანი თბილისის უსიცოცხლო უბანი აღმოჩნდა, რომელიც სავსე იყო ახლად შეღებილი სათამაშო მოედნების გარშემო განლაგებული მაღალი საცხობრებელი კორპუსებით. #8 საპყრობილე, დაბალი და განიერი შენობების კომპლექსი, რომელსაც მაღალი ბეტონის კედელი იცავდა, ქალაქის განაპირას მდებარეობდა;
ციხის ადმინისტრაციის უფროსი თამაზ მელაძე ციხის შიგნით გველოდა. ეს იყო ჩასკვნილი, პირქუში მამაკაცი გამოწყობილი მუქ, წვრილზოლიან კოსტიუმში, რაც აშკარად დიდი ჰქონდა, საუბრობდა რუსულად, ცუდი აქცენტით და ხშირად სიტყვები ავიწყდებოდა. ის პენიტენციურ სისტემაში 1986 წლიდან მუშაობდა, მათ შორის სახელგატეხილ #5 საპყრობილეში, რომელიც 2006 წლის ციხის არეულობის შემდეგ დახურეს. ციხის ბოლოდროინდელ სკანდალამდე, რომელმაც 18 სექტემბერს იფეთქა, როდესაც სატელევიზიო არხებმა წამების ამსახველი ვიდეოები უჩვენეს, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ეს ყველაზე მუქი ლაქა იყო. იმ დღეს პოლიციამ 9 პატიმარი დახოცა და სულ ცოტა 19 დაჭრა; სააკაშვილი ამ ინციდენტის შესახებ საუბარს არ გაურბოდა. „რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან ეს არაპოპულარული ნაბიჯი იყო,“ მითხრა პრეზიდენტმა. „საბოლოო ჯამში კი სასარგებლო იყო, რადგან ეს მოხდა და ისინი მიხვდნენ, რომ ჩვენ მათ არ ვეხუმრებოდით.“
ასეთივე მედიდური ტონით საუბრობდა მელაძეც, რომელიც ამაყობდა თავისი როლით, რომ მთავრობის მიერ კრიმინალის წინააღმდეგ გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტონის“ დაცვის სადარაჯოზე იდგა. კრიმინალთან ბრძოლის ამ პოლიტიკამ შედეგად გამოიღო 98-პროცენტიანი გამამტყუნებელი განაჩენები ქართულ სასამართლოებში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. „მე არ ვარ პოლიტიკოსი,“ მითხრა მან #8 ციხის შიგნით მოწყობილ ასკეტურად მოკრძალებულ ოფისში, „მაგრამ ვიცი ერთი რამ: მათ უნდა ებრძოლო.“ ის გულისხმობდა ეჭვმიტანილ ქურდებს, როგორიც იყო მაგალითად ლაშა შუშანაშვილი, რომელიც ესპანეთის პოლიციის რეიდს ხელიდან დაუსხლტა სულ რაღაც სამი თვით ადრე. მელაძის თქმით, საქართველომ წარმატებას მიაღწია, მაშინ როცა ევროპის მიერ წარმოებული ბრძოლა მაფიასთან ჩავარდა. „ეს სისხლიანი საქმე იყო, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ,“ თქვა მან.
შემდეგ მან დიდი მონდომებით დამათვალიერებინა ციხე და იქ გამეფებული სანიმუშო წესრიგი. სამზარეულოში მან მაცივრის მინის კარი გამოაღო; ციხის პროდუქტის ნიმუშები ქილებში ეწყო, რომლებსაც ეტიკეტები აკურატულად ჰქონდა მიკრული. მან ახსნა, რომ თუ რომელიმე საკვები გაფუჭდებოდა, სამზარეულოს თანამშრომლები ადვილად დაადგენდნენ იმას, თუ რომელი საჭმელი იყო მოწამლული. იქვე მდებარე პროდუქტების მაღაზია კიდევ ერთხელ ადასტურებდა თუ როგორ კარგად ეპყრობიან პატიმრებს. მაღაზია სავსე იყო დავიდოვის სიგარეტებით, ახალი გაზეთებითა და შოკოლადის ფილებით. მელაძემ სააბაზანო ოთახებიც მაჩვენა, რომელსაც ყოველი პატიმრისთვის ინდივიდუალური კაბინა ჰქონდა, შემდეგ იზოლირებული საკნებიც დავათვალიერეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მისვლამდე, დიდი მონდომებით დაესუფთავებინათ საკნები, ქლორისა და ამიაკის სუნიდან მაინც იპარებოდა მყრალი სუნი. ყოველ საკანს ჰქონდა სქელი ლითონის კარი, ტუალეტი, პირსაბანი და კედელზე მიმაგრებული ლითონის საწოლი. იატაკზე ცემენტი იყო დასხმული და შუაში წყალსადინარი იყო მოთავსებული.
რადგანაც ჩვეულებრივ საკნებში რამდენიმე პატიმარი იყო განთავსებული, მან უარი მითხრა მათ ჩვენებაზე. ეს ის ადგილებია, სადაც წამების ამსახველი ვიდეოებია გადაღებული. ვიდეომასალა ასახავს იმას, თუ როგორ აწამებენ და შეურაცხყოფენ ციხის მცველები ფიზიკურად დაუძლურებულ პატიმრებს თავიანთ საკნებში. ყველაზე შემზარავ ვიდეოში ზედამხედველები პატიმარს ძველებური ცოცხით, რუსული „ვენიკით“, აუპატიურებენ. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ამან მთელ ქვეყანაში ქუჩის საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია და სააკაშვილის რეიტინგი სწრაფად დაეცა. ორი წლის შემდეგ ამ კადრების ყურებისას, ძნელი იყო, რომ თავი დამნაშავედ არ მეგრძნო იმის გამო, რომ მაშინ ძალადობის ნიშნები არ შემინიშნავს. როდესაც უკან ვიყურები, ამის ნიშნები, ცხადია, იყო. როდესაც ციხის ეზოსა თუ დერეფნებში გვერდზე ჩავუარეთ პატიმრებს, ისინი მორჩილად იხრებოდნენ მხრებში და თავს უკრავდნენ მელაძეს, მაგრამ არ უცდიათ მელაძისათვის ან ჩემთვის თვალებში შემოხედვა.
როდესაც ვცდილობდი მათ დავლაპარაკედობი, ისინი შიშისაგან დუმდებოდნენ და ჩემს შეკითხვებს მოკლედ, ბუტბუტით პასუხობდნენ. როგორ გეპყრობიან? კარგად. რაიმე ჩივილი ხომ არ გაქვთ? არა. „ვწუხვარ, რომ ისინი კეთილგანწყობილები არ არიან,“ მითხრა მელაძემ კიბეებზე ასვლისას, როდესაც მის ოფისში ვბრუნდებოდით. ჩვენი ინტერვიუს მეორე ნაწილში ის უფრო თავისუფლად საუბრობდა, და მიხსნიდა, რომ „შიში მნიშვნელოვანია“ პენიტენციურ სისტემაში, განსაკუთრებით როდესაც საქმე გაქვს მკვლელებთან და ქურდებთან. „ასეთები უნდა დაიჭირო,“ თქვა აღტყინებულმა. „და როდესაც დააკავებ, ისინი ცალკე საკნებში უნდა მოათავსო, რომ ბრძანებები არ გასცენ გარეთ. ეს არის მთავარი რამ.“
სააკაშვილიც იგივეს ფიქრობდა. ის ძალიან ამაყობდა, რომ ორგანიზებული კრიმინალი დაამარცხა, რაც, უდავოდ მისი ადმინისტრაციის დიდებული მიღწევაა. „ჩვენ ციხეებში პატიმართა რაოდენობა გასამმაგდა,“ თქვა მან. „მაგრამ სამჯერ შემცირდა კრიმანალის მაჩვენებელი.“ ეს ტენდენცია ჩემი ინტერვიუს შემდეგაც გაგრძელდა. ახლა საქართველოს ციხეებში თითქმის 25000 პატიმარია; ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში და ოთხჯერ მეტია ვიდრე ეს იყო 2004 წლამდე, ვიდრე სააკაშვილი პრეზიდენტი გახდებოდა. მაგრამ პრეზიდენტისთვის ეს სიამაყის წყარო ვეღარ იქნება და ცხადია ვერც მისი ხალხისთვის. როდესაც ქართველები ორშაბათს ხმის მისაცემად მივიდნენ წამების სცენები თვალწინ უტრიალებდათ. და ვიცი რამდენად რთული იქნებოდა მათთვის ამის დავიწყება გლდანის ციხეში ვიზიტის შემთხვევაში.
foreignpress.ge