მომავალი და ამჟამინდელი ბიუჯეტები - „ოცნების“ მთავარი სამიზნე

მომავალი და ამჟამინდელი ბიუჯეტები - „ოცნების“ მთავარი სამიზნე

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი მინისტრთა კაბინეტის შედგენაზე მუშაობას დღეიდან იწყებენ. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, შემადგენლობაზე ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, რადგან კოალიციაში არავინ იცის, ვის რას უპირებენ.

„ზუსტ დროს ვერ მოგახსენებთ, თუ როდის დავასახელებ. ამას დრო სჭირდება, თუმცა ეს სასწრაფო არ არის. კარგად გავიაზრებთ და თავის დროზე წარმოგიდგენთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ერთადერთი რაც „ოცნების“ ლიდერმა დაუფარავად განაცხადა, ისაა, რომ ვერც მერაბიშვილი და ვერცერთი მინისტრი მისი გუნდის წევრი ვერ გახდება.

არადა, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად სწრაფი ტემპით მოუწევს საქმეში გარკვევა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის ჩამოყალიბება. ერთი-ერთი უმთავრესი პრობლემა ამჟამინდელი ბიუჯეტის მდგომარეობა და მომავლის ფორმირებაა. 2012 წლის ბიუჯეტის სავალალო მდგომარეობაზე ივანიშვილი ჯერ კიდევ არჩევნებამდე აკეთებდა მინიშნებას. რაც შეეხება 2013 წლის ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, ჯერ მისთვის არავის მოუცლია.

არადა, იმ უამრავი დაპირების შესასრულებლად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის წინაშე დადო, სწორედ მომავალი ბიუჯეტი იქნება გადამწყვეტი. სხვათა შორის, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე მზადაა (უშუალოდ არჩევნების წინ დასრულდა მასზე მუშაობა), მაგრამ იგი ნაციონალი მოხელეების მიერ არის შედგენილი და ამიტომაც მის პარამეტრებს მომავალი ხელისუფლება ვერაფრით გაიზიარებს.

ცხადია, რომ 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცება მე-8 მოწვევის პარლამენტს მოუწევს. 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ყველა პრიორიტეტული სფეროს დაფინანსება. 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით ირკვევა, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 29,3%-ით და განისაზღვრება 2 339,5 მლნ ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის ფარგლებში:  მოსახლეობის სოციალურ დაცვასა და საპენსიო უზრუნველყოფაზე მიიმართება 1 830,5 მლნ ლარი. გათვალისწინებულია საპენსიო პაკეტის ზრდა 100 დოლარამდე, 1000-ლარიანი ვაუჩერები და სხვა სოციალური დახმარებები;

ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისთვის მიიმართება 450 მლნ ლარი, საიდანაც 323,6 მლნ ლარი მოხმარდება მოსახლეობის დაზღვევას. სახელმწიფო დაზღვევის არსებულ ბენეფიციარებს დაემატება ახალი კატეგორიის ბენეფიციარები და ჯამში 2013 წელს დაზღვეულთა რაოდენობა მიაღწევს 3 მლნ ადამიანს.

ცნობილი ხდება ასევე, რომ 2013 წლისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 22,4%-ით. გამოყოფილი თანხის ფარგლებში უფრო მეტი მოცულობით დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლება, სარწყავი სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და სხვა პროგრამები. სამინისტროს დაფინანსების ზრდის გარდა, სოფლის განვითარების მიზნით კიდევ უფრო დიდი მოცულობით გაგრძელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსება, მათ შორის, სოფლებთან დამაკავშირებელი და სოფლის გზების რეაბილიტაცია, სოფლების გაზიფიცირება და გამრიცხველიანება, წყლის სისტემების რეაბილიტაცია, სოფლების ინტერნეტიზაცია და სხვა პროგრამები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 6,5%-ით. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გაგრძელდება სერტიფიცირებული მასწავლებლების ხელფასების ზრდა, უფრო მეტი მოცულობით დაფინანსდება საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა. გაგრძელდება მომავლის კლასების გახსნა, სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, პროფესიული განათლების ვაუჩერების და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება.

რა თქმა უნდა, წარმოდგენილი ბიუჯეტს ახალი ხელისუფლება არაფრით დაეთანხმება. გამორიცხული არ არის, ივანიშვილმა საერთოდ უკუაგდოს ნაციონალების მიერ წარმოდგენილი პროექტი და თავის მთავრობას დაავალოს ქვეყნის უმთავრეს ფინანსურ დოკუმენტზე მუშაობა. ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, 2013 წლის ბიუჯეტის მიღება კანონიერ ვადებში (2012 წლის 30 დეკემბრამდე) ვერ მოხერხდება. შემდეგ რა მოხდება, ეს უკვე ძალიან ძნელი გასარკვევია...