ვინ არის ოპოზიცია?

ვინ არის ოპოზიცია?

 

„ქართული ოცნება“ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო უმცირესობას შექმნის - ამის შესახებ თავად „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ. დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. აქვე მან აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური კრიზისის შექმნა შეუძლიათ, მაგრამ ქართველი ხალხის ნებას პატივს სცემენ და ამიტომ ასეთ რამეს არ გააკეთებენ.

"კონსტიტუციურად პრეზიდენტ სააკაშვილს არაფერი უშლის ხელს, წარადგინოს ვანო მერაბიშვილის მთავრობა, რომელსაც ახალი პარლამენტი არ დაამტკიცებს, ამას პოლიტიკური კრიზისი და 6 თვეში რიგგარეშე არჩევნები მოყვება. კონსტიტუციით ამის გაკეთება შესაძლებელია. მაგრამ ამას არ ვაკეთებთ, რადგან ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს და პატივს ვცემთ ქართულ დემოკრატიას. ამიტომ ველოდებით, რომ ჩვენი ოპონენტები ელემენტარულ პატივისცემას გამოიჩენენ ქართული სახელმწიფოსადმი", - აღნიშნა ბაქრაძემ.

მართალია, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამგვარ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ უახლოესმა წარსულმა გვიჩვენა, რომ მათი განცხადებები არც თუ ისე სარწმუნოა. ამიტომ ქართულ პოლიტიკაში მოვლენები რამდენიმე სცენარით შეიძლება განვითარდეს. პოლიტიკური პროცესების განვითარების შესაძლო ვარიანტებზე for.ge-ს კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე ესაუბრება.

ირაკლი კობახიძე: საკითხს ფორმალურად რომ შევხედოთ, კონსტიტუციის მიხედვით, პროცედურა ასეთია - ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ საქართველოს მთავრობა უფლება-მოსილებას იხსნის. აქედან შვიდი დღის განმავლობაში პრეზიდენტი ფრაქციებთან კონსულტაციებს აწარმოებს და ამ კონსულტაციების საფუძველზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შეარჩევს. თუ ამ ნორმას მკაცრად წავიკითხავთ, გამოდის ისე, რომ პრეზიდენტისთვის ეს კონსულტაციები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს არ ატარებს, კონსულტაციები სავალდებულო ხასიათის არის, მათ შორის შედეგების თვალსაზრისითაც.

ამდენად, ჯერ შეირჩევა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ხოლო შემდეგ ეს ადამიანი პრეზიდენტთან შეთანხმებით არჩევს მინისტრობის კანდიდატებს. კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად, მინისტრობის კანდიდატები 10 დღის ვადაში შეირჩევიან. ამის შემდეგ უკვე სამი დღის ვადაში მთავრობის შემადგენლობა დასამტკიცებლად ერთიანად შედის პარლამენტში. რაც შეეხება მოვლენების შესაძლო განვითარებას, აქ სხვადასხვა სცენარი შეიძლება განვიხილოთ. ყველაფერი მხარეების პოლიტიკურ ნებაზე არის დამოკიდებული. ყველაზე ცუდი ვარიანტი შეიძლება ის იყოს, რომ პრეზიდენტმა არჩევნების შედეგებს საერთოდ იგნორირება გაუკეთოს. მას აქვს საშუალება, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის სამჯერ ნდობის არგამოცხადების შემდეგ, მთავრობის შემადგენლობა თავად დაამტკიცოს. ეს არის ყველაზე რადიკალური ვარიანტი, თუმცა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, ეს ასე არ მოხდება.

მეორე ვარიანტი არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ აძლევს საშუალებას, ახალი მთავრობა მთლიანად მან ჩამოაყალიბოს. მესამე ვარიანტი კი ის არის, რომ შეიძლება პრეზიდენტი მინისტრობის კონკრეტულ კანდიდატურებს არ დათანხმდეს, რამაც შეგნებულად თუ შეუგნებლად (გააჩნია პოლიტიკურ ნებას) პროცესი შეიძლება ჩიხში შეიყვანოს. ამდენად, ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

თავიდანვე ნათქვამი იყო, რომ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით პრემიერ-მინისტრი პრაქტიკულად ფიქტიური ფიგურაა. ამიტომ სავარაუდოა, რომ ივანიშვილი პრემიერობას ახლა არ მოისურვებს. აქედან გამომდინარე, რა შეიძლება მოხდეს?

- გარკვეული რისკები არსებობს, ვინაიდან პრემიერის უფლებამოსილებები შეზღუდულია, თუმცა აქ შეიძლება პრობლემა პოლიტიკურად გადაწყდეს. კერძოდ, პრეზიდენტს შეუძლია ღიად განაცხადოს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებაში იგი საერთოდ არ ჩაერევა. ამის პრეცედენტები ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკებში არსებობს. მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ საპფრანგეთი, სადაც პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის, ან პრეზიდენტისა და მთავრობის კომპეტენციები კმაფიოდ გამიჯნული არ არის. აქედან გამომდინარე, როდესაც ორი სუბიექტს (პრეზიდენტსა და პრემიერს) შორის ინტერესები იყოფა, იქ საკითხი პოლიტიკურად წყდება ხოლმე. ასეთი გადაწყვეტა საფრანგეთში არის ის, რომ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში საერთოდ არ ჩაერევა და თავის თავზე მხოლოდ საგარეო უფლებამოსილებებს იღებს. ამდენად, არსებობს ასეთი პრეცედენტები, როდესაც პრობლემა პოლიტიკურად გვარდება და არა ზუსტად ისე, როგორც ეს შეიძლება კონსტიტუციით იყოს გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ასეთი შეთანხმება კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, თუმცა კონსტიტუცია ამას პირდაპირ არ ითვალისწინებს.

ასეთი რამ საქართველოზე რომ გადმოვიტანოთ, შეიძლება აქაც ასე მოხდეს, ანუ პრეზიდენტს შეუძლია თქვას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში ის საერთოდ არ ჩაერევა, რაც ვითარებას მეტ-ნაკლებად კარგად დაალაგებდა, ანუ რეალურად ამომრჩევლის ნების შესაბამისად „ქართული ოცნება“ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად თავის თავზე აიღებდა. თუ პრეზიდენტის მხრიდან ასეთი განცხადება გაკეთდება, ეს იქნება ყველაზე კარგი პოლიტიკური გამოსავალი, თუმცა რეალურად პრეზიდენტის პოლიტიკური ნება როგორია, ეს ჯერ არ ვიცით.

როგორ ფიქრობთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს იმის მზაობა, რომ „ქართულ ოცნებას“ აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად გადააბაროს?

- ჯერ-ჯერობით ისეთი განცხადებები კეთდება, თითქოს ასეთი მზაობა არსებობს, თუმცა ერთია ზოგადი განცხადებები, რომლებიც დღემდე კეთდება, და აქვე უნდა ითქვას, რომ ეს განცხადებები ცოტა ბუნდოვანიც არის, ანუ ამ განცხადებებიდან ზუსტი შინაარსის გამოტანა ჯერ-ჯერობით რთულია. ყველაფერი მას შემდეგ გამოჩნდება, რაც მთავრობის ფორმირების პროცესი დაიწყება, გამოჩნდება რეალურად პრეზიდენტს აქვს თუ არა იმის სურვილი, რომ აღმასრულებელი უფლება-მოსილებები ახალ საპარლამენტო უმრავლესობას გადასცეს. დღეს კონსტიტუცია ისე არის ჩამოყალიბებული, რომ პრეზიდენტს რჩება საშუალება, აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი იყოს, მაგრამ პოლიტიკური ნება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მან ასეთი სტატუსი დათმოს.

დავით ბაქრაძემ განცხადა, რომ მათ პოლიტიკური კრიზისის შექმნის საშუალება აქვთ და უბრალოდ მათი კეთილი ნებაა, რომ ამას არ აკეთებენ. მოდით ასე ვთქვათ, რისი გაკეთების რესურსი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ?

- თუკი „ქართულ ოცნებას“ აღმასრულებელი უფლება-მოსილებები მთლიანად გადაეცემა, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს გამოიწვევს იმ სისტემის მთლიანად ჩამოშლას, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო აგებული. მათ შორის, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით, ან მაჟორიტარული წესით პარლამენტში მოხვედრილი დეპუტატების „ქართულ ოცნებაში“ გადასვლასაც კი გამოიწვევს. ამდენად, თუ „ქართულ ოცნებას“ აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად გადაეცემა, მოვლენების ასეთ განვითარებას ველი. სისტემა, რომელზეც სააკაშვილის ძალაუფლება იყო დამყარებული, თავის თავს ვეღარ შეინარჩუნებს. საუბარი მაქვს იგივე ძალოვან სტრუქტურებზე, რაც განსაკუთრებული პრობლემა იყო.

ამდენად, პროცესების შემდგომი განვითარება მთლიანად ამ საკითხზე არის დამოკიდებული?

- დიახ, ამ ეტაპზე მომავალი ერთი წლის ბედი არის გადასაწყვეტი. 2013 წლის ოქტომბერში ახალი პრეზიდენტი აირჩევა, რომელსაც უფლება-მოსილებები არსებითად აქვს შეზღუდული, ანუ ის საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მსგავსი სუბიექტია. ამის შემდეგ პრობლემა უკვე მთლიანად გვარდება, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა პოლიტიკური პროცესების მართვასა და განვითარებაზე მთლიანად იქნება უფლებამოსილი. ამდენად, საუბარია ერთწლიან მონაკვეთზე ამ თვიდან 2013 წლის ოქტომბრამდე პერიოდში.

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ ცნობილია, რადგან ფაქტია, რომ მათი ძალაუფლება მთლიანად ძალოვან უწყებებზე იყო დაფუძნებული. პროგნოზი რომ გავაკეთოთ, როგორ ფიქრობთ, წავლენ ისინი ასეთ დათმობებზე?

- ბევრი რამ ასევე საერთაშორისო „მოთამაშეებზე“ იქნება დამოკიდებული. შეიძლება პროცესები საერთაშორისო არენაზეც ისე წარიმართოს, რომ სააკაშვილმა საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ვეღარ შეძლოს. ამდენად, პრობლემას ამ კუთხითაც შეგვიძლია შევხედოთ. თუ დასავლეთის მხრიდან პოლიტიკური პროცესების მიმართ სათანადო მხარდაჭერა იქნება, ამ შემთხვევაში მოვლენები შეიძლება უმტკივნეულოდ წარიმართოს და აღარ შეიქმნება ის კრიზისი, რომლის წარმოშობის საფუძველსაც კონსტიტუცია იძლევა. მოგეხსენებათ, 2004 წელს კონსტიტუცია შეგნებულად დამახინჯდა სწორედ იმისთვის, რომ მოქმედი პრეზიდენტი სწორედა ასეთი ვითარებისგან ყოფილიყო „დაცული“. ამდენად, თუკი ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც ამ არჩევნებში საკუთარი ნება გამოხატა, იქნება სათანადო მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ასეთ შემთხვევაში პრობლემები უფრო მარტივად მოგვარდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი მხარდაჭერა იქნება.

სააკაშვილის მიერ ძალაუფლების დაკარგვაში პრეზიდენტის პოსტს გულისხმობთ, თუ მის დასაყრდენს, ვთქვათ იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით?

- პოსტს არა, ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რომელიც მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა. ამ ძალაუფლებაში შედის ყველაფერი, პირველ რიგში სახელისუფლო ბერკეტები, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურები, რომლებსაც ეს პოლიტიკური ძალა დღემდე ფლობდა. შეიძლება სააკაშვილმა პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნოს, თუმცა ამ შემთხვევაში იგი ერთი წლის განმავლობაში ისეთივე ფიგურა იქნება, როგორც დავუშვათ, საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანუ მას პოლიტიკური ძალაუფლება არ იქნება.

ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს გადადგომისკენ და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა. ივანიშვილმა განაცხადა, - სააკაშვილისთვის არის უკეთესი, თავად გადადგეს, ვიდრე ჩვენ დავიწყებთ პროცედურებსო. როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია „ქართული ოცნება“ პარლამენტში ისეთი უმრავლესობით მოვიდეს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დასვას?

- არჩევნების შედეგებს თუ შევხედავთ, „ქართული ოცნება“ 101 მანდატს სავარაუდოდ ვერ მოიპოვებს, მაგრამ მე უკვე ვახსენე, რომ შესაძლოა ერთი პოლიტიკური ძალიდან მეორეში დეპუტატების გადასვლა მოხდეს. ასეთ შემთხვევაში უკვე სრულიად შესაძლებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი მოიპოვოს. ყველაფერი მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. თუ სისტემას ბზარი გაუჩნდა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში თავისი წარმომადგენლობა გაზარდოს.

ისევ ბაქრაძის განცხადებას რომ დავუბრუნდეთ, სანამ „ქართული ოცნება“ პარლამენტში შესვლის შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, რასაც თქვენ სრულიად არ გამორიცხავთ, შესაძლებელია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვითარება პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანოს?

- თეორიულადაც და პრაქტიკულადაც ეს შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტში მთავრობის შემადგენლობას დასამტკიცებლად სამჯერ შეიტანს, არ გამოცხადდება ნდობა და შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას თავად პრეზიდენტი თავიდან ბოლომდე დააკომპლექტებს. ეს თავისთავად პოლიტიკურ კრიზისს ნიშნავს, რადგან იქნება ისეთი მთავრობა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ინტერესებს არ ასახავს. ამდენად, ასეთი შედეგიც არის მოსალოდნელი, მაგრამ ყველაფერი პოლიტიკურ ნებასა და ზოგადად პროცესების განვითარებაზე არის დამოკიდებული.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუკი საქმე პოლიტიკურ კრიზისამდე მივიდა, ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს?

- ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში უმრავლესობას ფლობს, მაინც ოპოზიციის როლში გამოდის. ამდენად, რეალურად ის იქნება ოპოზიცია. ამ შემთხვევაშიც ორ ვარიანტზე შეიძლებ ვიფიქროთ, ან „ქართულმა ოცნებამ“ ერთი წელი უნდა დაიცადოს, სანამ 2013 წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო ცვლილებები ამოქმედდება, ანუ როდესაც მთავრობის ჩამოყალიბების უფლებამოსილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას გადაეცამა.

მეორე ვარიანტი არის ის, რომ შეიძლება კოალიციამ ალტერნატიულ მექანიზმებზე იფიქროს, რაც ბოლო დროს ნახსენებიც იყო, მათ შორის იმპიჩმენტის პროცედურაზეც. თუ პრეზიდენტი იმპიჩმენტის საფუძველზე იქნება გადაყენებული, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, სადაც ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ კანდიდატს გამარჯვების გაცილებით მეტი შანსი ექნება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს.“