ძალიან მალე საქართველოსთვის ძალზე რთული და საინტერესო პროცესი დაიწყება, ახალი პარლამენტი, ახალი მთავრობა, სავარაუდოდ, ორხელისუფლებიანობა. იწყება პერიოდი, როდესაც სამართლებრივი სახელმწიფოს შენებას უნდა ჩაეყაროს საფუძველი, რომლის შემდეგაც ყველა ის სიკეთე, რაც აკლდა ქვეყანას, ლოგიკურად და თავისთავად უნდა დადგეს. ძალზე საინტერესოა, როგორ შედგება ძველი და ახალი ხელისუფლების თანამშრომლობა ან როგორ შეეგუება ქვეყნის მმართველი შეჩვეულ ერთმმართველობასთან გამოთხოვებას. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ბევრ მნიშვნელოვან თემაზე მოგვიწევს საუბარი, თუმცა დღეს ისევ საინტერესოა, შევაფასოთ, რა მოხდა ისეთი, რამაც აიძულა ქვეყნის პირველი პირი, პირველად საკუთარი მოღვაწეობის მანძილზე, ხალხის ნება გაეთვალისწინებინა. ამ თემაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
ბევრისთვის მოულოდნელად, ეგზიტპოლების გამოქვეყნებისთანავე, მიხეილ სააკაშვილმა წაგება აღიარა, მაშინ როდესაც ბოლომდე ამბოდა, რომ თავის აშენებულ ქვეყანას არავის დაუთმობდა და ყველა საშუალებით იბრძოლებდა. ქართული საზოადოება 8 წელია, უყურებს მას და ასეთ ნაბიჯს ყველაზე ნაკლებად ელოდა, რას ფიქრობთ, რა მოხდა?
- მოულოდნელი იყო იმ საერთო ემოციური ფონიდან გამომდინარე, რაც ყველას გვქონდა, თორემ სააკაშვილის განვლილ გზას თუ თვალს გადავავლებთ, მისი ერთ-ერთი მთავარი შტრიხი იყო უმაღლეს დონეზე განვითარებული თვითგადარჩენის ინსტიქტი.
საზოგადოებაც ემოციის პიკზე იყო და რაციონალურობა ნაკლებად გვქონდა, ალბათ ბიძინა ივანიშვილი იყო გამონაკლისი ამ საერთო ემოციური აფეთქებიდან და ნაბიჯ-ნაბიჯ, რაციონალურად თვლიდა საკუთარ და მოწინააღმდეგის ნაბიჯებს. თორემ მიშას ნატურიდან გამომდინარე, იმდენად, რამდენადაც ის იყო ემოციური, პოპულიზმზე მიბმული და ა.შ. ასევე გამოკვეთილად ჩანდა, რომ ეს იყო ტიპაჟი, რომელშიც ყიოდა ყოველთვის ეს თვითგადარჩენის ინსტიქტი. კრიტიკულ სიტუაციებში ემოციაზე ყოველთვის იმარჯვებდა რაციონალიზმი. აქედან გამომდინარე, რაც მან გააკეთა, ამაში უჩვეულო არაფერი არ არის. ეს არის იგივე სააკაშვილი, რასაც ვხედავდით მთელი ამ წლების განმავლობაში.
უცნაური ის იყო, რომ სააკაშვილმა, თავისი გუნდისგან განსხვავებით, უცებ გააცნობიერა რაც მოხდა. სავარაუდოდ, ჩიორა თაქთაქიშვილს და, ალბათ, დანარჩენებსაც დღემდე არ სჯერათ, რომ არჩევნები წააგეს...
-ამ თემაზე გვისაუბრია სხვა დროსაც და ისევ მივუბრუნდები. როდესაც 2003 წელს, როდესაც მოქალაქერთა კავშირის საარჩევნო სია დადო შევარდნაძემ, მაშინ ვთქვი, რომ ეს ჩასაძირად განწირულ გემში შეყრილ სიას ჰგავდა. ყველა შეყარა ამ სიაში და თავისუფალ ცურვაში გაუშვა.
საინტერესოა, იგივე პრინციპით ხომ არ მიუდგა სააკაშვილიც ამ სიის დაკომპლექტებას? - სავარაუდოდ, სწორედ ასეთ მიდგომასთან გვაქვს საქმე და მან, უპირველესად,ს საკუთარ იმიჯის გადარჩენაზე იზრუნა. მოხდა ისე, რომ ამ შემთხვევაში საკუთარი იმიჯის გადარჩენა ქვეყნის იმიჯის გადარჩენაც აღმოჩნდა.
ეს სააკაშვილის დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ? არსებობდა უარესი სცენარიც, და არა მხოლოდ ქართული საზოგადოების უმეტესობას სწორედ ამ უარესი სცენარის მოლოდინი ჰქონდა...
- მაინც ვფიქრობ, რომ უმთავრესი მოთამაშე, ვინც ამაში წვლილი შეიტანა, საქართველოს საზოგადოებაა, რომელიც აღმოჩნდა სააკაშვილის რაციონალიზმზე დიდი მოულოდნელობა და სიურპირიზი - ეს საქართველოს ამომრჩეველმა გააკეთა.
მაღალი მოქალაქეობრივი საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ასეთ სიმწიფეს ბევრი არ ელოდა, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ქართველმა ხალხმა მოახერხა ის, რაც ვერავინ ვერ შეძლო პოსტსაბჭოთა სივრცეში - პირველებმა გადავაბარეთ ხელისუფლება უსისხლოდ და კონსტიტუციის ფარგლებში არჩევნების გზით, მონსტრი ხელისუფლებიდან სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას.
თანაც, მთელი ერთი წლის მანძილზე ეს ყველაფერი სრული ისტერიის ფონზე მიმდინარეობდა. განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის მანძილზე, ყოველ საატში იყო საფრთხე, რომ რაღაც მსხვერპლით დამთავრებულიყო.
ეს საზოგადოების მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს და, რა თქმა უნდა, აქ ბიძინა ივანიშვილის წვლილი არის შეუდარებელი. ადამიანმა უმძაფრესი სტრესული ერთწლიანი პერიოდი უშეცდომოდ განვლო. ძალიან ძნელია გაგახსენდეს, რომელიმე პოლიტიკოსი, რომელსაც ერთწლიანი უმძიმესი პერიოდი უშეცდომოდ გაევლო, თანაც - პოლიტიკაში ახლად შემოსულს. მან არა იმდენად საკუთარი კოალიცია, არამედ ქვეყანა მიიყვანა გამარჯვებამდე.
ექსპერტულ წრეებში ხშირად ამბობდნენ ხოლმე, რომ სააკაშვილი იყო საკუთარი გარემოცვის მძევალი... დღეს თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მართლაც ასე იყო?
- ამაზე საუბარი ზედმეტია. ისე, როგორც შევარდნაძე არ ყოფილა თავის დროზე არავისი მძევალი, ასევე სააკაშვილი არ ყოფილა ვინმეს მძევალი და ის გაცილებით მაღლა იდგა თავისი კლასით „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა დანარჩენ სახესთან.
შედეგის თვალსაზრისითაც რომ ვიმსჯელოთ, თუ ვინმეზე დადებითად აისახება სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით. თუ ვინმეს წვლილზე იქნება საუბარი, იქნება უდავოდ მიხეილ სააკაშვილის წვლილზე და არც ერთზე მისი გარემოცვიდან.
სააკაშვილმა ეს ძალიან კარგად გათვალა და თუ დამსახურებებზე ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში, კიდევ ერთი დიდი ფიგურანტია აშშ. განსაკუთრებით ბოლო ერთი თვე იყო მძიმე - ამდენი დაპატიმრებების ფონზე დემოკრატიის ფლაგმანი, აშშ, გაყურსული იყო და არანაირ რეაგირებას არ ახდენდა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა ამ სტრესულ სიტუაციას. ჩვენ ხომ შეჩვეულები ვიყავით - აი, რას გადაწყვეტს ამერიკა, ევროპა... ისინი კი ხმას არ იღებდნენ.
ფაქტობრივად, ჩვენ მარტომ გავაკეთეთ ეს არჩევანი, ყველას დახმარების გარეშე შევცვალეთ ხელისუფლება, მაგრამ ის, რომ აშშ ხმას არ იღებდა და პოზიციას არ აფიქსირებდა ღიად, სულაც არ ნიშნავს, რომ ძალზე მნიშვნელოვანი წვლილი არ მიუძღვის იმაში, რაც ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ.
თუ რამე მიხარია ამ სიტუაციაში, გარდა იმისა, რომ მართლაც საოცრება მოხდა - არჩევნების გზით გადაბარდა ხელისუფლება ერთი პოლიტიკური ძალიდან მეორეს - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამერიკისთვის საქართველო აღმოჩნდა არა მხოლოდ საკუთარი ინტერესების ობიექტი, არამედ მართლაც სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი, ის დასაყრდენი, რომელმაც ყველაზე კრიტიკულ მომენტში გააკეთა არჩევანი ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ.
არ დაგვავიწყდეს - ეს ის ამერიკაა, რომელმაც, ფაქტობრივად, 2008 წლის არჩევნებში გარკვეულწილად, ქართველი ხალხის ნება არ ცნო. როდესაც აშშ-ზე ვლაპარაკობთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო მისთვის ოყო ერთგვარი იარაღი დემოკრატიის გავრცელებისთვის დანარჩენ მსოფლიოში. ამიტომ შექმნეს დემოკრატიის შუქურის ფანტომი მიხეილ სააკაშვილისა და ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობისგან“. ეს სჭირდებოდათ იგივე არაბულ ქვეყნებში დემოკრატიის საფარქვეშ თავიანთი სტრატეგიული ინტერესების განსახორციელებლად.
ბოლო წლებში, განსაკუთრებით - ბოლო ორი წელიწადი, სააკაშვილმა დემოკრატიის შუქურის ფანტომობა ვეღარ „გაქაჩა“. ამიტომ აშშ-სთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, სააკაშვილი ისე წასულიყო ხელისუფლებიდან, რომ მისი ეს წასვლაც ყოფილიყო დამაგვირვინებელი შტრიხი საქართველოსი, როგორც დემოკრატიის შუქურისა და ამერიკამ ეს მოახერხა.
ეს მოახერხა სააკაშვილმაც, ამაში მისი გარკვეული წვლილიც არის, თუმცა, რომ არა გარე ზეწოლა, ეს ვერ მოხერხდებოდა. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი და ქართველი ხალხი, მეორე მხარეს სააკაშვილის თვითგადარჩენის ინსტიქტი და აშშ-ს რაციონალიზმი. ამ ყველაფრის ერთობლიობამ მოგვცა ის, რაც მივიღეთ.
ფაქტობრივად, ორპარტიულ, წინა წლებთან შედარებით, შეუდარებლად დაბალანსებულ პარლამენტს მივიღებთ და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ორივე პოლიტიკური ძალის სიფხიზლისთვის.
ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი იქნება, ძნელად წარმოსადგენია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობა, თუმცა სააკაშვილი მზადაა თანამშრომლობისთვის - განაცხადა, რომ დაეხმარება მთავრობის დაკომპლექტებაში და ა.შ. წარმოსადგენია მათი ერთად მუშაობა - იქიდან გამომდინარე, რომ ძალზე ბევრი ეჭვი არსებობს მის სისხლის სამართლებრივ საქმეებში მონაწილეობის შესახებ, შესაძლოა მისი იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს?
- ამაზე საუბარი მაშ შემდეგ შეიძლება, რაც საბოლოოდ დაიდება არჩევნების შედეგები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნაკლებად უნდა ჰქონდეს საკუთარი მაჟორიტარების იმედი - მათი უმეტესობა რეკრუტირების წესით, იძულებით იყო მივლენილი მაჟორიტარად. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი მინიმუმ, დამოუკიდებელი მაჟორიტარების რანგში გააგრძელებენ მოღვაწეობას და არა „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით. ასე რომ, ძალზე ბევრი ფაქტორი იქნება განმსაზღვრელი.
გარდა ამისა, ალბათ საერთაშორისო კონიუქტურაც გარკვეულწილად გასათვალისაწინებელი იქნება - აწყობს კი დასავლეთს ამ შემთხვევაში სააკაშვილის იმპიჩმენტი? თუ პირიქით - ამ დემოკრატიის შუქურის სცენარში ეს ამოვარდნილი რგოლი იქნება?
იყო პერიოდი როდესაც ივანიშვილს და სააკაშვილს საკმაოდ ეფექტურად შეეძლოთ თანამშრომლობა. თუ ქვეყნის ინტერესი, მათ შორის, საერთაშორისო კონიუქტურა ამას მოითხოვს, ალბათ არც ეს ვერსიაა გამორიცხული.
ამასთან, გვახსოვს სააკაშვილი, რომელსაც ურთულეს სიტუაციებში გადაურჩენია თავი და იმიჯი. შეიძლება მან იმუშავოს იმაზე, რომ მისი პარტიის პოზიციები გაძლიერდეს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მართლაც არასასურველი პარტნიორი იყოს ივანიშვილისთვის, რადგან სააკაშვილი, შესაძლოა, აღმოჩნდეს უფრო პრობლემების შემქმნელი და არა ის პრეზიდენტი, რომელთან ერთადაც შეიძლება ამ საკმაოდ რთულ მომავალ თვეებში ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯების გადადმა.
ისედაც ბევრ რამეს განსაზღვრავს, სადამდე მივა სააკაშვილის რაციონალიზმი და სადამდე არის ის მზად, რომ საკუთარ პიროვნულ ამბიციაზე მაღლა ქვეყნის ინტერესი დააყენოს და ერთობლივად რაღაც ნაბიჯები გადაიდგას.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ყოველთვის მოესწრება, მაგრამ არის კიდევ რაღაცეები და მგონია, რომ საერთაშორისო კონიუნქტურა ბევრს გადაწყვეტს.
თუმცა ივანიშვილი პირველ რიგში სამართლიანობის აღდენას დაგვპირდა და სავარაუდოდ, იმ პრეზიდენტთან თანამშრომლობა, რომლის მიმართაც საზოადოებაში ბევრი ეჭვი არსებობს, ან უნდა გაქარწყლდეს ან დაისაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ სწორედ სამართლიანობა დაადგება ეჭვქვეშ...
- როდესაც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობაზეა ლაპარაკი, ძალიან ბევრი მძიმე თემა გასდევს. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი, დღეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი წამოიწევს და ეს ბუნებრივია... თუ სამართლებრივ სახელმწიფოზე იქნება საუბარი, ალბათ არსებობს ადამიანების კატეორია, რომელმაც საკუთარ ქმედებებზე უნდა აგოს პასუხი. ისიც საინტერესოა, ამ დილემას როგორ გადაწყვეტს „ქართული ოცნება“.
გარდა ამისა, იყო გია ნოდიას ერთი საინტერესო რეპლიკა სოციალურ ქსელში, რომ ფულმა დაამარცხა დემოკრატია და დემოკრატიის გადარჩენისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბერკეტები უნდა აამოქმედოს.
ერთი - რომ ნოდია, რომელიც თავს დებს ლიბერალობასა და დემოკრატობაზე (თავს საჯაროდ დებს თორემ შიგნით რა არის, მასზე უკეთესად ვინ იცის...) იმდენს უნდა ხვდებოდეს, რომ ფულის თავისუფალი მიმოქცევის, თავისუფალი ბაზარის გარეშე დემოკრატია წარმოუდგენელია.
იგივე ნოდიას მაგალითი ავიღოთ, როდესაც ის წლების მანძილზე კომფორტში ცხოვრობდა და შეეძლო ხოტბა ესხა საკუთარი ხელისუფლებისთვის, მის გვერდით მისი კოლეგები, განსაკუთრებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, შანტაჟისა ტერტორის პირობებში ცხოვრობდა მთელი ოჯახით.
თითოეული ჩემი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ ჩემი ოჯახის შანტაჟი და ტერორი არ ცხრებოდა, როგორ შეიძლება, ნოდიამ ილაპარაკოს იმაზე, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობდა? ან რომელ დემოკრატიაზე შეიძლებოდა ასეთ პირიობებში საუბარი - მე ხომ არ ვიყავი არც ერთი მხარის წარმომადგენელი, ვცდილობდი, რომ ვყოფილიყავი მაქსიმალურად ობიექტური. ეს უბრალოდ, მაგალითისთვის, ნოდიას კომენტარს მოვაყოლე - ბერკეტების ამოქმედების სურვილი რომ კიდევ ვერ ჩაიცხრო, თორემ ბევრი ასეთი თემა წამოტივტივდება, ძალიან ბევრი საკითხი დადგება დღის წესრიგში, რომელსაც დარეგულირება დასჭირდება და ამ პროცესში, ვიღაცეების პასუხისმგებლობის საკითხიც დაისმება - რა თქმა უნდა, ახლა ნოდიას უკვე აღარ ვგულისხმობ. ძალზე რთული თვეები ელის „ქართულ ოცნებას“ სახელისუფლებო პარტიის რანგში, ვნახოთ, როგორ გადალახავს ის ამ სირთულეებს.