აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება, აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა. ანგარიშში საქართველოს სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების შერჩევის პროცედურის ხარვეზებზეც არის საუბარი.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოში კანონმდებლობა უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, თუმცა სასამართლოს მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები ისევ რჩება. ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობდნენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა საქართველოში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. როს უილსონის განცხადებით, დიდი ხანია, საქართველო ლიდერია რეგიონში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის კუთხით და რჩება ლიდერად. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აქვე ამბობს, რომ როგორც საქართველოსა და მისი მთავრობის ძლიერი მეგობრები, ვალდებულნი არიან ანგარიში მოამზადონ აღნიშნულ საკითხებზე.
„საქართველოს შესახებ ანგარიში კრიტიკულია და ასეთიც უნდა იყოს. როგორც ამ ქვეყნისა და მისი მთავრობის ძლიერი მეგობრები, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ანგარიში მოვამზადოთ აღნიშნულ საკითხებზე. უკვე დიდი ხანია, საქართველო ლიდერია რეგიონში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით და რჩება ლიდერად.
ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ ხელისუფლებასთან, ყველა თუ არა, უმეტესობა შემთხვევებზე ანგარიშიდან. ჩვენ მოველით, რომ განვაგრძობთ მტკიცე, მეგობრულ და ნაყოფიერ დიალოგს ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის და ამერიკელი ხალხისთვის, რომლისთვისაც საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებები ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა როს უილსონმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ამ ანგარიშში არ არის ამერიკის მხრიდან შეფასება. დავით ზალკალიანის შეფასებით, ანგარიშში ასევე საუბარია წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზე და იმ განაჩენებზე, რომელიც უკვე სასამართლოებშია გამოტანილი.
„ყველა ეს რეკომენდაცია და ის შეფასება, რაც ანგარიშშია, ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებები არ არის. ეს არის ის შეფასებები, რომელიც მათ საქართველოში მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა მიაწოდეს“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.
როგორც წესი, კრიტიკულია ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი თვლის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერ მიაღწევს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ანგარიშის თანახმად, ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც მოქალაქეებს არ აქვთ თავისუფალი არჩევანი. ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც სუს–ი ერევა პირად სივრცეში, ახორციელებს მოქალაქეებზე თვალთვალს და ზეწოლას, როგორც მას სჭირდება.
„რას ნიშნავს ეს ანგარიში? ეს ანგარიში ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერანაირად ვერ მიაღწევს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რადგან ნატო და ევროკავშირი არის დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანება.
ჩვენ გვითხრეს, რომ ჩვენს სახელმწიფოში დემოკრატია ფაქტობრივად არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო დარჩება ღარიბ და განუვითარებელ სახელმწიფოდ, რადგან არც ერთი ინვესტორი, რომელიც წაიკითხავს ამ ანგარიშს, არ ჩადებს ფულს და ინვესტიციას ქვეყანაში, სადაც არ არის დამოუკიდებელი სასამართლო“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი ფიქრობს, რომ ხელისუფლება არა ანგარიშის წყაროებს, არამედ საქართველოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების მიზეზებს უნდა ებრძოდეს. როგორც დეპუტატი აცხადებს, დასკვნა მწვავეა და მიამიტურია განცხადებები, რომ დეპარტამენტს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მხოლოდ ერთი წყაროდან აქვს.
„განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ტრადიციულ საკითხებთან ერთად, რაც ადამიანის უფლებებს ეხება, კიდევ უფრო გამწვავებულია განსაკუთრებით არჩევნების შეფასება, ასევე მედია გარემო, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ახლა იმის თქმა, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მხოლოდ ერთი წყაროსგან აქვს და ამაში არასამთავრობო სექტორი დავადანაშაულოთ, რა თქმა უნდა, ძალიან მიამიტურია. ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიშია და მას ბევრი წყარო ჰყავს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
მმართველ გუნდში დასკვნას კრიტიკულად არ აფასებენ და აცხადებენ, რომ ოპონენტები აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მათთვის სასურველ ადგილებს კითხულობენ. ოპონენტებს ურჩევენ, ის ადგილები წაიკითხონ, სადაც საუბარია მედია პლურალიზმზე, კანონის უზენაესობის დაცვაზე, იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რასაც ამერიკის მტკიცე მხარდაჭერით ვახორციელებთ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანი, ხელისუფლება მსგავს დასკვნებს აანალიზებს და მუშაობს იმაზე, რომ კანონმდებლობა სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.
„ეს არ არის შეფასებითი დოკუმენტი, ეს არის თავმოყრა იმ შეფასებების, რომელიც არის ეუთო–ს დასკვნაში, ასევე სახალხო დამცველის რეკომენდაციებში ასახული. ჩვენთვის დეპარტამენტის ნებისმიერი შეფასება ღირებულია და მას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. არის გამოწვევები და მის გადაჭრაზე ვმუშაობთ“, – აცხადებს ანრი ოხანაშვლი.
რაც შეეხება სასამართლოს კუთხით არსებულ ანგარიშს, სადაც სასამართლო სისტემა გაკრიტიკებულია, არ იზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომლის განცხადებით, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აწვდიან.
„პირდაპირ არის დასკვნაში ის წყარო მითითებული, რაზე დაყრდნობითაც აკეთებენ ანგარიშის ავტორები ამ დასკვნებს. ეს წყარო არის კოალიცია და არასამთვრობო ორგანიზაციები, რომლებიც გასაგებია, რომ სასამართლო სისტემის მიმართ ერთი და იგივე პრეტენზიებს გამოთქვამენ, ელექტრონული განაწილების სისტემაა მითითებული და მასში არსებული ხარვეზები“, – აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანაგარიშსს სხვა რაკურსით უყურებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ერთი შეხედვით არის პოზიცია, რასაც ხშირად ავლენს აშშ–ი, ეს არის რეკომენდაციები, ასეთი დამოკიდებულება მეტ–ნაკლებად ჰქონდა ყველა ხელისუფლებას. მისი თქმით, ანგარიში არ არის ისეთი სიგნალი, როგორი ჟღერადობის მიცემას ცდილობენ ოპოზიციური პარტიები.
„მთავარია, რომ ეს შენიშვნები არ არის პესიმისტური ხასიათის. როგორც მოხსენებაში, ისე ელჩის კომენტარშიც ჩანს იმედი იმისა, რომ ეს შენიშვნები მომავლისთვის აღარ იქნება. წინასაარჩევნოდ მოხდა საკითხების გამწვავება. არის პრობლემები, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, სხვა ამას ვერავინ ვერ გადაწყვეტს. ამერიკა ამ შენიშვნების გამო საქართველოზე უარს არ იტყვის, მაგრამ იმის უფლებას არ მისცემს თავის თავს, რომ თუ გავრცელდა ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე ინფორმაცია, თვითონ დატოვოს ეს ინფორმაცია რეაგირების გარეშე. ამერიკა ძალიან პოლიტიზირებული ქვეყანაა, რაც ბუნებრივია ამხელა ქვეყნისთვის, მას ხშირად უწევს ურთიერთობა ისეთ ქვეყნებთან, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები პრობლემურია, მაგრამ ეს პრობლემები ხელისუფლებას არ ანაცვლებს. ამერიკა გვაფრთხილებს, რომ ჯერჯერობით ეს არ არის აგრესიული გაფრთხილება“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელის, ზურაბ აგლაძის განცხადებით, ისეთი სახელმწიფო, როგორიც არის აშშ–ი, რომელიც საქართველოს ყველაზე დიდი პარტნიორია, მათი განცხადებები და შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაუთმოს. ზურაბ აგალაძეს განცხადებით, ეს ანგარიში არის სიგნალი იმისა, რომ რაღაცა უნდა შევცვალოთ.
„ასე გაგრძელება და ასეთი მეთოდებით არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. იმიტომ, რომ ჩვენ გვქვს ამბიცია გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი, ევროპის წევრი, ამიტომ ასეთი ჩატარებული არჩევნებით და ასეთი დასკვნებით ჩვენ ვერ გავხდებით დასავლეთის ნაწილი. რაც შეეხება რეაგირებას, ცოტა ავწონ–დავწონოთ და ისე გავაკეთოთ შეფასება. აშშ–ზე იმის დაბრალება, რომ ვიღაცამ ისინი მოატყუა და არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, სულ მცირე უხერხულია. აშშ–ი არ არის ის ორგანო, რომელიც მონაჭორზე რაღაცას წერდეს.
ხელისუფლებამ ალბათ უნდა გაითვალისწინოს, რომ ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ოპოზიციაში მყოფი პარტია მოდის ხელისუფლებაში და შემდეგ აპელირება კეთდება არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომ მიკერძოებულები არიან.
არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ მართლები იყვნენ და ახლა არ არიან მართლები? ის, რომ თურმე მოსამართლეები მაშინ ცუდი იყვნენ და ახლა კარგები არიან, ეს არ არის სწორი მიდგომა. ამიტომ, განსაკუთრებით ყურადღება უნდა მივაქციოთ რჩევებს და კრიტიკასაც, რადგან კრიტიკა არ არის ყოველთვის ცუდი. ყურადღება მივაქციოთ და გამოვასწოროთ ის შეცდომები რაც გვაქვს“, – აცხადებს ზურაბ აგლაძე.