ეროვნული ბანკი თითოეული ჩვენგანის პლასტიკურ პარათებს აკონტროლებს

ეროვნული ბანკი თითოეული ჩვენგანის პლასტიკურ პარათებს აკონტროლებს

ორიოდე კვირის წინ for.ge წერდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლითაც საქართველოს პროკურატურას მიმდინარე წლის 13-დან 20 ივლისის ჩათვლით პერიოდში არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საბანკო ანგარიშებზე მიმდინარე ნებისმიერი სახის ტრანზაქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების უფლება მიენიჭა. მაშინ ამ განჩინებამ იურისტების სერიოზული აღშფოთება გამოიწვია, რადგან იგი ბანკის ფუნდამენტალურ პრინციპს, კლიენტის კონფიდენციალობას აბსოლუტურად უგულებელჰყოფდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში პროკურატურას ამგვარი ინფორმაციის შეგროვება დროის გარკვეულ მონაკვეთში (13-დან 20 ივლისის ჩათვლით) განხორციელებულ ტრანზაქციებზე შეეძლო. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანებით საქართველოს კომერციულ ბანკებს 15 სექტემბრიდან ბანკების ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი საგადახდო ბარათებით ოპერაციების განხორციელებისას ბარათის მფლობელის სახელისა და გვარის წაკითხვისა და შენახვის უზრუნველყოფის შესახებ მიეცათ დავალება. ამის შესახებ „ქართუ ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც იგი იუწყება, რომ ეროვნული ბანკის ამ ბრძანების შესრულებას ვერ შეძლებს.

„2012 წლის 29 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებს გაეგზავნა წერილი ა.წ. 15 სექტემბრიდან ბანკების ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი საგადახდო ბარათებით ოპერაციების განხორციელებისას ბარათის მფლობელის სახელისა და გვარის წაკითხვისა და შენახვის უზრუნველყოფის შესახებ. ბანკი „ქართუ“-ს საპროცესინგო ცენტრის საბარათო ბიზნესის მუშაობა დაფუძნებულია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის ACI Worldwide Ltd.-ის პროგრამულ უზრნველყოფაზე, რომლის მოქმედი ვერსია არ ითვალისწინებს საპროცესინგო ცენტრის ქსელში ჩართულ ბანკომატებსა და ტერმინალებში გამოყენებული უცხოური ბარათების საიდენტიფიკაციო მონაცემების (კლიენტის სახელის და გვარის) რეგისტრაციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბანკის მიერ გამოყენებული ბარათების პროცესინგის პლატფორმა - BASE 24 - არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, მაღალდაცული და მსოფლიოში აპრობირებული სისტემა, რომელიც შექმნილია საერთაშორისო საგადახდო სისტემების სტანდარტების შესაბამისად და რისკ მენეჯმენტის ყველა მოთხოვნის სრული დაცვით. ბანკი „ქართუ“-ს საპროცესინგო ცენტრი ერთადერთია საქართველოში, რომელიც  ინტერნეტული ტრანზაქციების  უსაფრთხოების დაცვის მიზნით თავის მომხმარებელს სთავაზობს ერთჯერადი, დინამიური პაროლის გამოყენებას. ბუნებრივია, რომ იგი არ ითვალისწინებს ნაკლებადმნიშვნელოვანი, პროცესინგისთვის მეორეხარისხოვანი ინფორმაციის წაკითხვასა და მით უფრო -  შენახვას. ამდენად, ეროვნული ბანკის მოთხოვნებისა და ინსტრუქციების შეუსრულებლობით განპირობებული ნებისმიერი სანქციების თავიდან აცილების მიზნით, სს ბანკი „ქართუ“ იძულებული გახდა ა.წ. 15 სექტემბრიდან გაეთიშა ბანკის ქსელში ჩართულ ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი ბარათების განაღდების შესაძლებლობა. (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ბანკი „ქართუ“-ს მიერ გამოშვებულ პლასტიკურ ბარათებზე). ბანკი ბოდიშს უხდის საერთაშორისო ვიზა და მასტერქარდ ბარათების მფლობელებს დროებითი შეფერხებისა და შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია „ქართუ ბანკის“ განცხადებაში.

ბანკის ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ „ქართუ ბანკი“ იძულებული გახდა ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, რათა ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ბრძანების შეუსრულებლობის გამო არ დაჯარიმებულიყო.

„საუბარია იმაზე, რომ ერთის მხრივ, ეს არის შეუსრულებელი ბრძანება, ხოლო მეორეს მხრივ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება კლიენტის კონფიდენციალობის საკითხი. ამიტომ რადგან ეროვნული ბანკი ასეთ გაუგებარ დავალებებს გვაძლევს, იმისათვის, რომ ეროვნულმა ბანკმა არ დაგვაჯარიმოს, გადავწყვიტეთ ამ ბარათებით მომსახურება საერთოდ შევწყვიტოთ. ამიერიდან მხოლოდ „ქართუ ბანკის“ პლასტიკურ ბარათებს მოვემსახურებით“, - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

მისი თქმით, საქართველოში ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება უპრეცენდენტოა, მაგრამ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში იგი სწორედ ამგვარ გადაწყვეტილებებს ღებულობს. აქვე „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ამბობს, ამ ინფორმაციის მოპოვება რომც შეგვეძლოს, რატომ უნდა გავცეთ, ეს ხომ კონფიდენციალური ინფორმაციააო.

„აღსანიშნავია, რომ ამ მოთხოვნაში არის ასევე უცხო ქვეყნების მიერ გაცემული პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია. აბსოლუტურად არ არის ჩვენი ხელისუფლების საქმე, თუ ვინმე მაგალითად ინგლისში, ან ამერიკაში ფულს ათეთრებს. ეს იმ ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების საქმეა“, - ამბობს ჯავახიშვილი.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რისთვის უნდა ეროვნულ ბანკს ამგვარი ინფორმაციის შენახვა და საერთოდაც რა სამართლებრივი საფუძვლით გასცა მან ეს ბრძანება, ვინაიდან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოგადად საბანკო სისტემის უმთავრესი პრინციპი კლიენტის კონფიდენციალობის დაცვაა. ამის გასარკვევად საქართველოს ეროვნულ ბანკს დავუკავშირდით, სადაც ჩვენი კითხვების გადაგზავნა წერილობით მოგვთხოვეს. რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს კითხვა გავუგზავნეთ. კითხვა ასეთი იყო - „გთხოვთ განგვიმარტოთ, რამ გამოიწვია ეროვნული ბანკის მიერ ასეთი ბრძანების გაცემის აუცილებლობა, რას ემსახურება ამ მონაცემების შეგროვება და რის საფუძველზე გასცა ეროვნულმა ბანკმა ასეთი ბრძანება (კონკრეტული ნორმა ქართული კანონმდებლობიდან, სასამართლოს გადაწყვეტილება თუ სხვა რამ)“. ათდღიანი ლოდინის და ჩვენის მხრიდან მათთვის რამდენჯერმე თავის შეხსენების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკიდან პასუხი ვერ მივიღეთ. ასე რომ, მხოლოდ ის დაგვრჩენია, ვივარაუდოთ, რომ ეროვნული ბანკის ამ ბრძანების მეშვეობით ხელისუფლება ცდილობს, არჩევნებამდე ქვეყანაში ნებისმიერი თანხის მოძრაობის მკაცრი კონტროლი განახორციელოს. თუმცა მას ავიწყდება, რომ ამით პრაქტიკულად საერთაშორისო დანაშაულს სჩადის, ვინაიდან პლასტიკური ბარათების საერთაშორისო ოპერატორი კომპანიების, „ვიზასა“ და „მასტერქარდის“ ბარათებზე მათ გარეშე კონტროლს აწესებს და ამ ბარათების მფლობელთა შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას ინახავს, ხოლო რისთვის გამოიყენებს ამ ინფორმაციას, სრულიად გაუგებარია.

საბანკო ექსპერტი გიორგი ხელაია for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ეს ბრძანება კონკრეტულ რისკებს შეიცავს.

„მოგეხსენებათ, როდესაც პლასტიკური ბარათი ბანკომატში შედის, ხდება მისი მფლობელის იდენტიფიკაცია. თვითონ „ვიზასა“ და „მასტერქარდის“ რეგულაციები არ ითხოვს იმას, რომ ეს მონაცემები შენახული იქნას. ეროვნული ბანკი კი კომერციული ბანკებისგან ითხოვს, რომ ამ ინფორმაციის დაარქივება მოხდეს. ამით უნდა შეიქმნას მონაცემთა ბაზა. ეს შეიცავს რისკს, რომ შესაძლოა ეს ინფორმაცია მესამე პირის ხელში აღმოჩნდეს, რითაც პიროვნების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის რისკი დგება. ამიტომაც საზღვარგარეთ ამგვარი რამ არ კეთდება“, - აცხადებს გიორგი ხელაია.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მესამე პირი, რომელსაც შეიძლება ამგვარი ინფორმაცია ხელში ჩაუვარდეს.

აქვე იგი ამბობს, რომ როდესაც მარეგულირებელი ორგანო, ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი, რაიმე ბრძანებას გასცემს, მასში ამ გადაწყვეტილების მოტივაციაც უნდა იყოს მითითებული. ამ შემთხვევაში კი ეროვნული ბანკი არანაირ განმარტებას არ აკეთებს, თუ რისთვის გახდა ამგვარი ბრძანების გამოტანა საჭირო. ამასთანავე, გიორგი ხელაია ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ ეროვნული ბანკის ბრძანებაში არც ის ვადა არის მითითებული, რა დროის განმავლობაში უნდა მოხდეს კომერციული ბანკების მიერ ამ ინფორმაციის შეგროვება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ესეც გარკვეულ კითხვებს აჩენს. ამასთანავე, მთავარ საფრთხედ ხელაიას ამ მონაცემთა ბაზის განსაჯაროვების საფრთხე მიაჩნია.

„როდესაც არსებობს რაიმე მონაცემთა ბაზა, ყოველთვის არსებობს მისი განსაჯაროვების საშიშროება. აქვე როდესაც მარეგულირებელი არ განმარტავს, რისთვის სჭირდება მას ეს ბაზა, გამოდის, რომ ერთ მხარეს არის დიდი რისკი, ხოლო მეორე მხარეს კი - არაფერი. ანუ ამ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს რაიმე პოზიტივი, რითაც ამ რისკის დაბალანსება უნდა მოხდეს, ხოლო თუ ეს მოტივაცია არ ჩანს, რისკის დაბალანსებაც არაფრით არ ხდება“, - ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლება ქვეყანაში ყველანაირად აკონტროლებს საბანკო სფეროს, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების გატარებითაც. ამიტომ საქართველოში საბანკო სფეროს კონფიდენციალობა და სანდოობა დიდი კითხვნის ნიშნის ქვეშ დგას.

იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება თავად ბანკის უმთავრეს პრინციპს - კონფიდენციალობას.

„გამოდის, რომ ეროვნული ბანკი, რომლის უპირველესი ფუნქცია არის, ხელი შეუწყოს საბანკო სექტორის რეგულირებას, მის განვითარებას და მისი სანდოობის ამაღლებას, გამოსცემს ბრძანებას, რომელიც საბანკო სექტორისადმი მისი კლიენტების ნდობას პირდაპირ ძირს უთხრის. ამასთანავე, საუბარია უცხოელ კლიენტებზე და უცხოეთის იმ ბარათების მქონე ადამიანებზე, რომლებიც ქართულ საბანკო სისტემაში ყოველდღიურად არ შემოდიან. აქედან ვაკეთებ ერთ დასკვნას - როგორც ჩანს, როდესაც ჩვენ ყველანი ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში მყოფი საბანკო სისტემის მეშვეობით რაიმე ტრანზაქციებს ვახორციელებთ, მთელი ეს ინფორმაცია ინახება, დაარქივებულია და როცა უნდათ, მას მაშინ გამოიყენებენ“, - ამბობს ლია მუხაშავრია.

მისი თქმით, ამ ბრძანებაში უცხოური ბარათების მფლობელ პირებზეც არის საუბარი და ამიტომ საჭიროა, რომ საერთაშორისო კომპანიებმა „ვიზამ“ და „მასტერქარდმა“ იცოდნენ, რომ საქართველოში მათი ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ინახება და მათი კლიენტების კონფიდენციალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამ მოტივით, ლია მუხაშავრია თვლის, რომ ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

„აღმოჩნდა, რომ ჩვენი შიდა საბანკო სისტემის მომხმარებლების უფლებები უკვე დიდი ხანია დარღვეულია. ახლა ეროვნული ბანკი უკვე ისე გათავხედდა, რომ გადაწყვიტა ეს თავისი ბარბაროსული მეთოდი უცხოური საფინანსო ინსტიტუტების კლიენტებზეც გაავრცელოს. დარწმუნებული ვარ, ამ ფაქტს საერთაშორისო საბანკო სისტემიდან შესაბამის სანქციები მოჰყვება, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩავვარდებით. ამ სამართლებრივი ანალიზის შემდეგ, პირადად მე ვეცდები, საბანკო მომსახურებით არ ვისარგებლო, მაგრამ როგორ გინდა 21-ე საუკუნეში ამის გარეშე იცხოვრო? საერთო ჯამში გამოდის, რომ სახელმწიფომ, რომელიც საგადასახადო ორგანოების მეშვეობით ისედაც კარგად იყურება ჩვენს ჯიბეებსა და საფულეებში, ახლა გადაწყვიტა რომ საქართველოში ჩამოსულ უცხოელებზეც დააწესოს კონტროლი. ალბათ ვინც მათთვის საინტერესო გახდება, იმათ საფულეებშიც უნდა ჩაიხედონ და თუ იქ საკმარისზე მეტი თანხა აღმოჩნდება, ეს ფულიც ამოიღონ“, - ამბობს მუხაშავრია.

მისი თქმით, საქართველო არის სახელმწიფო, რომლის მიზანი არის ნებისმიერი პირისთვის ფულის წაგლეჯვა. მუხაშავრია ამბობს, რომ ალბათ უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების საფულეები და ჯიბეები დაიცალა და ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამგვარი კონტროლი ახლა უკვე უცხოეთის მოქალაქეებზე დააწესოს. იურისტი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება, რადგან პოლიტიკოსებს ფული ყველაზე მეტად სწორედ საარჩევნოდ სჭირდებათ. აქვე ლია მუხაშავრია სხვა კომერციული ბანკების დუმილზეც საუბრობს და ამბობს, რომ ვინაიდან ჩვენ მუდმივი ტერორისა და სახელმწიფო რეკეტის პირობებში ვცხოვრობთ, ამიტომ ყველა კომპანია საკუთარ თავს უფრთხილდება.

„ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც საკუთარ ფინანსებს დაჰკანკალებენ, არავითარი სურვილი არ აქვთ, რომ რისკი გაწიონ და ხელისუფლებას შეეწინააღმდეგონ“, - ამბობს ლია მუხაშავრია.     

ამდენად, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ბრძანება მხოლოდ „ქართუ ბანკმა“ გააპროტესტა, სხვა ბანკები კი ბრძანების უხმოდ შესრულებას ამჯობინებენ, სრულიად ნათელია, რომ დღეს თითოეული ჩვენგანის მიერ ბანკიდან ბანკომატის მეშეობით ნებისმიერი თანხის გამოტანის დროს ჩვენი სახელი, გვარი და სავარაუდოდ გამოტანილი თანხის მოცულობაც შესაბამის მონაცემთა ბაზაში აისახება და ვინ, როდის და რა მიზნით გამოიყენებს ამ ინფორმაციას, უცნობია.