ცესკოს ბოლო მონაცემებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები 38 მაჟორიტარულ ოლქში ლიდერობენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები კი - 33 ოლქში.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით, არსებობს უტყუარი ფაქტები, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების შედეგები შეიცვალოს. საგანელიძის მიერ დასახელებულ ოლქებში შედის წყალტუბოს საარჩევნო ოლქიც, სადაც უამრავი დარღვევა დაფიქსირდა.
წყალტუბოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ პაატა ზაქარეიშვილს ვთხოვეთ იმ დარღვევებზე ესაუბრა, რომელიც დაფიქსირდა და რომლის გასაჩივრებასაც აპირებს.
ბატონო პაატა ძირითადად რა სახის დარღვევებზეა საუბარი?
- იყო დარღვევების ფაქტები, ზოგი ექვემდებარება გასაჩივრებას, ზოგი - არა. ძალიან კონკრეტულად არ მინდა საუბარი, რადგან შესაძლოა, მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ დროზე ადრე გაჟონოს და გარკვეული ხელმოსაჭიდი მასალები დაიკარგოს.
სხვა რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები საუბრობენ მოსახლეობისთვის ფულის დარიგების ფაქტებზე, წყალტუბოშიც ხომ არ ხდებოდა ანალოგიური რამ?
- მასობრივი ხასიათი ჰქონდა ფულის დარიგებას და ეს ხდებოდა საჯაროდ. პირდაპირ ავტობუსებიდან და მიკროავტობუსებიდან საარჩევნო უბნიდან გამოსულ მოსახლეობას ურიგებდნენ ფულს. დაბევებული ამომრჩეველი, რომელიც გარანტირებულად მათ სასარგებლოდ აძლევდა ხმას, შემდეგ მათთან მიდიოდა და თანხას იღებდა. იყო ფაქტები, როდესაც თანხები პირდაპირ საარჩევნო უბნების წინ მდგარი მიკროავტობუსებიდან რიგდებოდა.
თითო ხმა რა ღირდა, არ გაქვთ ინფორმაცია?
- სხვადასხვა თანხას ასახელებენ, ზოგი 30 ლარს ამბობს ზოგი 50-ს ზოგი კი 100 ლარსაც ამბობს. როგორც ჩანს 30-40 ლარის ფარგლებში ტრიალებდა ეს ყველაფერი.
თუ გარანტირებული ხმები გამოჰქონდათ, ეს ნიშნავს, რომ ე.წ. სომხური კარუსელი დატრიალებულა და სავარაუდოდ, საარჩევნო უბნიდან გამოტანილ ცარიელ ბიულეტენებს ყიდდნენ ამ თანხად...
- როგორც ჩანს, ასეც იყო, რადგან საარჩევნო უბნებიდან გამოსულები ეგრევე სხდებოდნენ ავტომანქანებში და გარკვეული პერიოდის შემდეგ გადმოდიოდნენ უკან. ახლა მთავარია, ამ ყველაფერს სამართლებრივი ძალა მიეცეს.
რაც შეეხება ჩვეულებრივ კარუსელს, ანუ ერთი და იგივე ხალხი თუ აძლევდა ხმას?
- ნაკლებად, უფრო ფულზე იყო აქცენტი. წყალტუბოს რაიონის სოფლებში შეუძლებელია კარუსელის დატრიალება, რადგან აქ ყველა ერთმანეთს იცნობს.
თვითონ მოსახლეობის აქტივობა როგორი იყო?
- საკმაოდ მაღალი წყალტუბოს კვალობაზე.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ ბერკეტებს, მოსახლეობის დაშინების მცდელობები თუ შეინიშნებოდა?
- მე წერილიც კი გამოვაქვეყნე იმის შესახებ, რომ პოლიციამ დაურეკა 30 სექტემბერს ჩვენს კოორდინატორებს და სამშაბათს პოლიციაში იბარებდნენ, იმ მიზეზით, რომ თითქოს მათ „ქართული ოცნებისგან“ აღებული ჰქონდათ 250-250 ლარი. ეს იყო აშკარად ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რადგან არც ერთ მათგანს არ ჰქონდა ფული აღებული.
„ნაციონალური მოძრაობა“ კი არა, პოლიცია ურეკავდა მათ და ეს იყო გამიზნულად გადადგმული ნაბიჯები, რათა არჩევნების დღეს იმაზე ეფიქრათ, მეორე დღეს რა მოხდებოდა პოლიციაში. ეს იყო ტიპიური, კლასიკური გამოვლენა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა, როდესაც პოლიცია უტიფრად ჩაერია საარჩევნო პროცესში.
მეორე დღეს თუ გამოცხადდნენ ისინი პოლიციაში და რა უთხრეს?
- მივიდნენ პოლიციაში და არაფერი არ ყოფილა. ერთი რომ ეს იყო მათი დაშინების მცდელობა არჩევნების წინ, მაგრამ რაკი „ოცნებამ“ გაიმარჯვა, ამ გეგმამ უკვე დაკარგა ძალა. „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ გაემარჯვა, ალბათ, მაშინ უკვე სხვანაირად დაელაპარაკებოდნენ.