ბიუროს სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ორი კანონპროექტი დარეგისტრირდა. ერთი პროექტი პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლობის 6 დეპუტატის მიერ არის მომზადებული. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა.
რაც შეეხება მეორე პროექტს, რომელიც ეკა ბესელიას და 13 დეპუტატის მიერ არის მომზადებული, კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა. გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
კანდიდატთა შერჩევის მეორე ეტაპზე სწორედ აღნიშნული ჯგუფი იმუშავებს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გადაინაცვლებს. გარდა ამისა, ეკა ბესელია მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერების და უვადოდ უკვე გამწესებულ მოსამართლეთა სტატუსის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს, საკონსტიტუციო ცვლილებას, პარლამენტის სიითი შემადგენლობის 76 დეპუტატის ხმა სჭირდება, რის გამოც მმართველი პარტიის უკვე ყოფილი წევრი, მომავალი კვირიდან პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავს, ხოლო ინიციატივის დაზღვევის მიზნით, პარალელურ რეჟიმში მოქალაქეთა ხელმოწერებს შეაგროვებს.
„ჩვენ ინიციატივას, რომელიც მოსამართლეთა არჩევის წესის გადახედვასა და უვადოდ გამწესების შეჩერებას გულისხმობდა, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა იმ საბაბით, რომ თითქოს, ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა – ეს იყო საბაბი და არა მიზეზი.
ლუსტრირებისთვის და იმისთვის, რომ გამოჩნდეს არის თუ არა პარლამენტი მზად მოსახლეობის და საზოგადოების განწყობის დიდ ნაწილს უპასუხოს, დავიწყოთ ახალ საკონსტიტუციო ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხზე ახალი კონსტიტუციური ცვლილების მომზადებას გულისხმობს. პარალელურ რეჟიმში იმისთვის, რომ დავაზღვიოთ ეს პროცესი, ჩვენ შევაგროვებთ 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ პრობლემა არა უვადოდ არჩევის წესის არსებობა, არამედ ისაა, ვინ და როგორ ინიშნება მოსამართლედ. შესაბამისად, ჩუგოშვილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის გაუქმების წინააღმდეგია.
„იმის გამო, რომ პროცესში რაღაცებით უკმაყოფილო ვართ, ასე ერთი ხელის მოსმით საკონსტიტუციო ნორმის გაუქმება, შესაფერისი არ არის იმის, რაც წლებია ქვეყანას აქვს და ასეთ სისტემაზე გადასვლას ახლა იწყებს. მთავარი პრობლემაა, ვინ და როგორ ინიშნება მოსამართლედ და არა ის, რომ ქვეყანაში მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესი არსებობს. ვფიქრობ, ეს შესანარჩუნებელია. არ ვიცი, ეკა ბესელიას პროექტში რა წერია, პროექტი არ მაქვს ნანახი“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
ბესელიას არაკონსტიტუციური კანოპროექტის შემუშავებაში სდებს ბრალს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რომლის განცხადებით, ბესელიამ თავადვე დაადასტურა, რომ მათი ინიციატივა არაკონსტიტუციური იყო, რაც ნიშნავს უსერიოზულეს პოლიტიკურ, იურიდიულ შეცდომას და აღიარებას, რომ არაკონსტიტუციური კანონის მხარის არდაჭერის გამო გავიდნენ საპარლამენტო უმრავლესობიდან.
„უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა უსერიოზულესი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს. არც უნდა წამოსცდენოდათ მსგავსი რამ, რომ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყვნენ. ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ რამენაირად შეინარჩუნონ პოლიტიკური აქტიურობა, შეინარჩუნონ კანონთან მიმართებით ინიციატივების უფლება, აქტივობა და ზოგადად აქტუალურობა. ამ მიზნით სასაცილო მდგომარეობაში თავის ჩაყენება არ არის სწორი პოლიტიკური სვლა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე კანონპროექტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ კობახიძის და ბესელიას ინიციატივები ძალაში ტოვებს „კლანის“ ძალაუფლებას, რომელიც წარმოდგენილია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. როგორც დოლიძე აცხადებს, არც ერთი კანონპროექტი არ ცვლის იმ სამწუხარო რეალობას, რომელიც დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს. ამასთან დოლიძე აკრიტიკებს ბესელიას და სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, რომლის თანახმად, ერთი წელი დასჭირდა იმისათვის, რომ მკვეთრი პოზიცია დაეფიქსირებინა სასამართლოს სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ანა დოლიძეს განცხადებით, სულ მცირე, ბესელიას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ნანახი ექნება ის უმწვავესი განცხადებები და დებატები, სწორედ ადეიშვილის ნარჩენებზე, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო და ბევრ ასეთ დებატებს ის პირადადაც ესწრებოდა.
„ადრე რომ ამოეღოთ „ქართული ოცნების“ წევრებს ხმა და ჩვენთვის მოესმინათ, არ გვექნებოდა ეს ძალიან მძიმე, ტრაგიკული სიტუაცია, რომელიც დღეს გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოფხიზლება სჯობია მუდმივად „კლანის“ ტყვეობაში ყოფნას, როგორშიც დღესაც იმყოფება „ქართული ოცნების“ ბევრი წევრი. ასე რომ, ორივე ინიციატივის მიხედვით, „კლანი“ ათი წევრით ასახელებს სიას და ამ სიასთან დაკავშირებით შემდეგ ხდება პარლამენტში განხილვა. არც ერთი ეს ინიციატივა არ წარმოადგენს რაიმე რადიკალურ ცვლილებას იმ სამწუხარო რეალობიდან, რაც გვაქვს. როგორც ეკა ბესელიას, ისე ირაკლი კობახიძის კანონპროექტში გარკვეული პროგრესული ცვლილებებია შეტანილი, რომელიც ვფიქრობ, ჩემი და ნაზის ინიციატივიდანაა წაღებული.
ეს, რა თქმა უნდა, სჯობია იმ რეალობას, რომელიც გვქონდა დეკემბერში, ე.წ. ფურცელზე დაწერილ სიას, მაგრამ ორივე ინიციატივაში დატოვებულია ათი ხმა, რომელიც საჭიროა სიის შესადგენად. ორივე ინიციატივაში 2/3–ით ჩემი და ნაზი ჯანეზაშვილის მონაწილეობა საერთოდ არ არის საჭირო, ისევე როგორც დღევანდელ, მძიმე რეალობაში იყო ეს.
შედგება სია, რომელთან დაკავშირებითაც პარლამენტი იწყებს განხილვას. ანუ პარლამენტს საშუალება არ ექნება იმსჯელოს კანდიდატურებზე, რომელიც არ იქნება არჩეული მურუსიძე–ჩინჩალაძის მიერ. გამოდის, რომ ორივე კანონპროექტი გზას იტოვებს, მოლაპარაკებები წარიმართოს „კლანთან“, ათ ხმასთან, რომლებიც საბჭოშია, რათა იმ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მისაღები იქნება „ოცნება ერთისთვის“ ან „ოცნება ორისთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.